"სცენა ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, რომელსაც ვერ ვთმობ" - გზაპრესი

"სცენა ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, რომელსაც ვერ ვთმობ"

ნახევარ საუკუნეზე მეტია, რაც საქართველოს დამსახურებული არტისტი, ვახტანგ ტატიშვილი ქართულ ესტრადას ემსახურება. მის მიერ შესრულებული სიმღერები საოცარი სითბოთი, სიკეთითა და სიყვარულითაა გაჟღენთილი. ჟურნალი "გზა" დაინტერესდა, რას ამბობს ათასობით ადამიანისთვის საყვარელი მომღერალი თავის წარსულსა და იმ ადამიანებზე, რომლებიც მის გვერდით იღვწიან:

- სცენა ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია: ბაღის ასაკიდან ვმღეროდი. მახსოვს, როგორ მივიღე მონაწილეობა ჩვენს საბავშვო ბაღში დადგმულ სპექტაკლში - "ჭრიჭინა და ჭიანჭველა". იქიდან მოყოლებული, მთელი ცხოვრება ვმღერი და სცენას ახლაც ვერ ვშორდები: სულ ახლახან ბათუმში გაიმართა რამდენიმე კონცერტი, რომელშიც ნუგზარ კვაშალთან და ზურაბ კობეშავიძესთან ერთად ვმონაწილეობდი. გაოცებული დავრჩი: ეს პატარა, 6-7 წლის ბავშვები რა კარგად მღეროდნენ და იქიდან ძალიან კმაყოფილი წამოვედი.

- ბატონო ვახტანგ, პროფესიით ფიზიკოსი ხართ. სცენას ამდენ ხანს როგორ უერთგულეთ?

- მართალია, კონსერვატორია არ დამიმთავრებია და პროფესიით ფიზიკოსი ვარ, მაგრამ ამას ჩემთვის მუსიკის სიყვარულში ხელი არ შეუშლია. სხვათა შორის, არც ბუბა კიკაბიძეს ჰქონია მუსიკალური განათლება, არც რობერტ ბარძიმაშვილს და არც ჩემს მეგობარ თემურ წიკლაურს, მაგრამ ისინი მთელ საქართველოს უყვარდა. ესტრადის მომღერლისთვის მთავარია, კარგი ხმა, სმენა და მსახიობური ნიჭი გქონდეს, კლასიკური ან საოპერო მუსიკის შემსრულებლებისგან განსხვავებით.

- თემურ წიკლაური ახსენეთ, რომელთანაც განსაკუთრებული ურთიერთობა გქონდათ. როგორ გაიცანით და როგორ გახსენდებათ თქვენი მეგობრობის პირველი წლები?

- 1960-70-იანი წლებიდან მოყოლებული, სულ ერთ საქმეს - ქართულ ესტრადას ვემსახურებოდით. თავდაპირველად, როგორც ნიჭიერი და კარგი მომღერალი, ისე გავიცანი. მერე უკვე დავახლოვდით და მისმა საოცარმა, ადამიანურმა თვისებებმა დაგვამეგობრა. თემურ წიკლაურზე ბევრი კარგი რამის თქმა შეიძლება, მაგრამ ახლა ერთი ამბავი მახსენდება, რომელიც მერე ყველამ შეიტყო: თემური კოჯრიდან მანქანით მოდიოდა. გზაზე ორსული გოგო იდგა, რომელმაც ხელი დაუქნია. რა თქმა უნდა, გაუჩერა და წამოიყვანა. სანამ კოჯრიდან თბილისამდე ჩამოვიდოდნენ, თანამგზავრს მშობიარობა დაეწყო. რა უნდა ექნა? თავიდან კი დაბნეულა, მაგრამ მერე იძულებული გახდა, მშობიარობა თვითონ მიეღო... გული მტკივა, ფიქრიც კი მიჭირს იმაზე, რომ ეს განუმეორებელი ადამიანი ასე უეცრად, "კოვიდმა" გამოგვაცალა ხელიდან. თემური სუფრასთან, პურმარილზე, ყველგან ზომიერი და სერიოზული იყო, მაგრამ ხუმრობაში საოცარი აყოლა იცოდა. თან, მისი გაცინება ძალიან ადვილი იყო: ცოტა განსხვავებული რამ რომ გეთქვა ან რაღაც კვიმატად გეხუმრა, მაშინვე სიცილი აუტყდებოდა ხოლმე. სიცილს ვერ იკავებდა და მერე, ეს სიცილი მთელ დარბაზში გადადიოდა. გადამდები სიცილის ამბავი ხომ იცით: დარბაზში ზოგმა არც იცოდა, ყველა რატომ იცინოდა, მაგრამ სხვებს აჰყვებოდნენ ხოლმე.

- ფაქტია, ყველა როლს შეუდარებელი იუმორით და იმპროვიზაციით ასრულებდით და თქვენი დუეტი სცენაზე განუმეორებელი იყო.

- ესტრადას ეს უპირატესობაც აქვს: აქ ისე მკაცრად არ არის შეზღუდული ტექსტი ან სცენარი, როგორც თეატრში. სცენაზე შეიძლება რაღაც ახლებურად თქვა, მაყურებელი გაახალისო და გააცინო. თემურ წიკლაური ამ მხრივაც უნიჭიერესი იყო: მას კარგი იუმორის გრძნობა ჰქონდა და მიუხედავად იმისა, რომ სერიოზულ სიმღერებს ასრულებდა, სცენაზე საოცარი სიმსუბუქის ატმოსფეროს ქმნიდა. ხალხს ჩვენი დუეტი ამიტომაც მოსწონდა. სულ ვხუმრობდი: თემური სცენაზე ხან მეფეა და ხან - არწივი, მე კი - ხან ჭრიჭინა, ხან - რწყილი, მაგრამ თანამშრომლობას მაინც ვახერხებთ-მეთქი. რაც შეეხება იმპროვიზაციას: დაგეგმილი ხუმრობა არ მიყვარს. სულ მიკვირს, კვირაში ერთხელ იუმორისტული გადაცემები რომ არის, იქნებ იმ დღეს წამყვანი ცუდ ხასიათზეა და არ ეხუმრება? მე იმპროვიზაცია და მოულოდნელი ხუმრობები მიყვარს, რადგან ასეთი ხუმრობა უფრო მოსწრებული და სხარტია. ხშირად უთქვამთ, გურულებისთვის დამახასიათებელი იუმორი გაქვსო... მე ნახევრად გურული ვარ - დედა გურული მყავდა. ამბობენ, გურულობა მეშვიდე თაობაზე გადადისო და როგორც ჩანს, მართლაც ასეა. აუცილებლად უნდა გითხრათ: "ივერიის" კონცერტებისა და მიუზიკლების პოპულარობა ჩვენი ბუთხუზ ბასილაიას დამსახურება იყო. ის ჩვენი ანსამბლის მთავარი საყრდენი გახლდათ.

- ალექსანდრე (ბუთხუზ) ბასილაიაზეც გვიამბეთ რამე...

- ბუთხუზი რბილი ხასიათის კაცი იყო. ჩვენ უფრო ემოციურები და "ფეთქებადები" ვიყავით, მაგრამ დროთა განმავლობაში, მისი სიწყნარე და სიმშვიდე ჩვენც გადმოგვედო, უფრო დინჯები გავხდით. ასე, თანდათან ჩამოყალიბდა "ივერია" ერთ დიდ ოჯახად, სადაც ორპირი და ცუდი კაცი დიდხანს ვერ გაჩერდებოდა. კამათი ოჯახშიც ხდება და ჩვენს ანსამბლში რომ მომხდარიყო, რა გასაკვირია? უბრალოდ, ჩვენ ერთმანეთი მართლა ოჯახის წევრებივით გვიყვარდა. ზოგჯერ ისე ვკამათობდით, უცხო თვალს რომ დაენახა, იფიქრებდა, რომ ერთმანეთს დავხოცავდით, მაგრამ ეს შემოქმედებით საკითხებზე კამათი იყო. სწორედ ბუთხუზი გახლდათ ის, ვინც ამ ოჯახს კრავდა და ადუღაბებდა. მას შეუდარებელი იუმორი ჰქონდა. ძალიან კარგად ჰყვებოდა ანეკდოტებს და ხუმრობებს. ზოგჯერ უბრალო ამბავსაც ისე მოჰყვებოდა, რომ სახუმაროდ გადააქცევდა ხოლმე. ნამდვილი შემოქმედი იყო: მისთვის უცხო გახლდათ ფულის დაგროვება და შენახვა, მოგებაზეც არ ფიქრობდა: ჰონორარს აიღებდა თუ არა, მეგობრებს ახარჯავდა. თავისი ლამაზი, სულში ჩამწვდომი სიმღერებით, ალექსანდრე ბასილაიამ შეძლო თავისი წვლილი შეეტანა თანამედროვე ქართული მუსიკის განვითარებაში.

iveriaa-copy-1685348501.jpg

- ანსამბლი "ივერია" ძალიან ბევრს მოგზაურობდა. უცხოეთში დარჩენაზე არ გიფიქრიათ?

- საბჭოთა კავშირის დროს მართლაც ბევრ ქვეყანაში ვმართავდით კონცერტებს. თითქმის მთელი მსოფლიო მოვიარეთ, მაგრამ მაშინ ბევრი რამ აკრძალული იყო. მაგალითად: თემურ წიკლაურს გრძელი თმა ჰქონდა და სთხოვეს, შეიმოკლეო. სულ ვცდილობდით, რაღაც ზედმეტი არ წამოგვცდენოდა, ცენზურა ყველგან იყო და თითქმის ყველაფერი აკრძალული გვქონდა. მაშინ ვინც საზღვარგარეთ დარჩებოდა, უკან დაბრუნების შანსი აღარ ჰქონდა, ეს სამუდამოდ დარჩენას ნიშნავდა. ახლა რომ მიდიხარ, იცი, რომ უკან დაბრუნდები, მაშინ კი შენს ოჯახს "სამშობლოს გამყიდველის ოჯახს" არქმევდნენ და საზოგადოებისგან გარიყავდნენ. სიმართლე გითხრათ, სადმე დარჩენაზე არასდროს მიფიქრია, რადგან საქართველოს არაფერი სჯობს, შენს სამშობლოზე უკეთესი ქვეყანა ადამიანმა სად უნდა იპოვო? მით უმეტეს, როცა აქ ოჯახი, შვილები გელოდებიან. ყველამ იცის, რომ "ივერიას" და მის წევრებს ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავდათ, ლამაზი ქალებიც გვეპრანჭებოდნენ, შეიძლება ფლირტი და ერთჯერადი ურთიერთობაც გვქონოდა, მაგრამ ბოლოს მაინც სამშობლოში, ჩვენს ოჯახებს ვუბრუნდებოდით - გული აქეთ მოგვიწევდა. ჩემს მეუღლესთან, ნინო ბოლქვაძესთან 50-წლიანი თანაცხოვრება მაკავშირებს და მას რომელი ლამაზი ქალი შეედრება? უკვე ექვსი შვილიშვილი და ერთი შვილთაშვილი გვყავს, ლამის მთელი ცხოვრება ერთად გავატარეთ და ამ გრძნობას სხვაზე როგორ გავცვლიდი?

- დაბოლოს, რას ინატრებდით დღეს, ყველაზე მეტად?

- მთავარია, მთელ მსოფლიოში მშვიდობა იყოს. არ არსებობს, რომ ჩვენ კარგად ვიყოთ მაშინ, როცა მეზობელ ქვეყნებში ომია. მე ყველანაირი ომის, შფოთის და არეულობის წინააღმდეგი ვარ, რადგან დაპირისპირება და მტრობა ყველაფერს ანგრევს. ინტერვიუს ბოლოს კიდევ ერთხელ უნდა გითხრათ "ჯადოსნური სიტყვები", რომელსაც მე და ნუგზარ კვაშალი უკვე 40 წელია, სცენიდან ვამბობთ: "მთავარია სამი რამე დედამიწაზე - სიყვარული, სიკეთე და სილამაზე". სიკეთისა და სიყვარულის გარეშე ცხოვრებას მტერსაც არ ვუსურვებ!

ხათუნა ჩიგოგიძე