"შორი გზიდან მოვუარე და იქ მოვხვდი, სადაც მინდოდა" - გზაპრესი

"შორი გზიდან მოვუარე და იქ მოვხვდი, სადაც მინდოდა"

დაახლოებით 1 წელია, რაც ანა ნოზაძე "ახალი შაბათის შოუს" გუნდს შეუერთდა. დღეს "გოგოების კლუბის" და "ახალი შაბათის შოუს" მსახიობია. გადავწყვიტეთ, ანა ჟურნალ "გზის" მკითხველებისთვის უკეთ გაგვეცნო...

- "ახალი შაბათის შოუს" გუნდის კასტინგზე მაშინ მივედი, როცა გადაცემა - "მთავარი გოგოები" გადიოდა. გუნდში ამიყვანეს და იმ დღიდან მოყოლებული, სხვადასხვა გადაცემაში ვმონაწილეობ... მანამდეც ტელევიზიაში ვიყავი, ჟურნალისტობა მინდოდა, მათ მუშაობას ვაკვირდებოდი... როცა შევიტყვე, ვანო ჯავახიშვილი კასტინგს ატარებდა, ბევრი ფიქრის შემდეგ (ვეჭვობდი, გამომივიდოდა თუ არა...), მივედი.

- მუშაობას იოლად აუღე ალღო?

- პროფესიით მსახიობი ვარ, მაგრამ არ ვიცოდი, კომედიის ჟანრში მუშაობა როგორ გამომივიდოდა. თეატრის სცენას ვიყავი მიჩვეული... გუნდში ისეთი კარგი სიტუაცია დამხვდა, არანაირი დაძაბულობა არ მიგრძნია, პირიქით - აბსოლუტურად ყველა დამეხმარა. ნელ-ნელა "გავიხსენი"... ალბათ, რაკი ეს საქმე ძალიან მინდოდა, იმიტომაც გამომივიდა.

- დღეს იუმორისტული როლების შესრულებისას თავს კომფორტულად გრძნობ?

- ძალიან! თავს ისე კარგად ვგრძნობ, რომ უკვე იმაზე დავიწყე ფიქრი, როგორ ტიპაჟებზე ვიმუშაო... ამ პროცესში ყოველდღიურად ჩართული ვარ. ისეთ ადამიანებთან ვმუშაობ, ვისაც ეკრანზე ვუყურებდი. მათგან ყოველდღიურად ბევრ რამეს ვსწავლობ.

- ყველაზე იოლი ვისთან პარტნიორობაა?

- მუშაობა ყველასთან კომფორტულია, მაგრამ გუნდში ახალმოსულებთან უფრო იოლად გამოვნახე საერთო ენა. მაგალითად, თაკო ბოგველი მაშინ შედარებით ახალი მოსული იყო... საკითხს პროფესიონალურად რომ მივუდგე, გუნდის ძველი წევრებიდან თათიასთან, თამუნასთან და ციაკოსთან მუშაობა ჩემთვის განსაკუთრებულად კარგია, რადგან როცა ახალ სკეტჩს "ვაკეთებთ", ყოველ ჯერზე რაღაცებს მასწავლიან.

- ხალხისგან როგორ დამოკიდებულებას გრძნობ?

- ჩემ მიმართ ინტერესი "მთავარი გოგოებიდან" დაიწყო. დღესაც ბევრი ადამიანი იმ გადაცემით მიხსენებს... მაგალითად, მეტროში რომ ჩავდივარ, ბავშვები მიყურებენ და ერთმანეთს ეკითხებიან, - ის არისო? ჩემს ფოტოს ნახულობენ და მადარებენ - ნაღდად ისააო (იცინის)! სულ ვფიქრობ, - ნეტავ, არ მოვიდნენ და ჩემთან ერთად, ფოტო არ გადაიღონ-მეთქი, რადგან მერიდება, მეუხერხულება... წარმოიდგინე, მეტროში რამდენი უფროსი ასაკის ადამიანია, რომლებიც შეიძლება, "იუთუბ"-გადაცემებს, რომლებშიც ვმონაწილეობ, საერთოდ არ უყურებენ... სულ ვცდილობ, თავი ავარიდო, მაგრამ საბოლოოდ, ფოტოს რომ გადაიღებენ და ნერვიულობა გადამივლის, მერე უკვე მსიამოვნებს (იღიმის)...

- "ახალი შაბათის შოუსა" და "გოგოების კლუბზე" მუშაობის სპეციფიკაზე რას გვეტყვით?

- "გოგოების კლუბში" შედარებით მოკლე სკეტჩებია, ვიდრე "ახალი შაბათის შოუში". "გოგოების კლუბში" გარდასახვაც დიდად არ გჭირდება მსახიობს - ერთი და იმავე ვიზუალით რამდენიმე როლს თამაშობ, "ახალი შაბათის შოუში" კი ხან მოხუცი უნდა განასახიერო, ხან - ახალგაზრდა, თინეიჯერი... ბევრ როლს ირგებ და უფრო მეტად საპასუხისმგებლოცაა. ნელ-ნელა ამასაც ვეჩვევი... ჩემთვის "გოგოების კლუბზე" მუშაობა უფრო მარტივია, რადგან მანამდე "მთავარ გოგოებში" ვმონაწილეობდი, რომელსაც დაახლოებით იგივე სპეციფიკა ჰქონდა. "ახალი შაბათის შოუ" ჩემთვის მაინც სიახლეა. ამიტომ, როცა ახალ სკეტჩს ვიღებთ, უფრო მეტად "მენერვიულება" ხოლმე...

- პროფესიით მსახიობი, ჟურნალისტის პროფესიით რატომ დაინტერესდი, ვიდრე "ახალი შაბათის შოუს" გუნდში მოხვდებოდი?

- ბავშვობიდან სამსახიობო სფეროში ჩართულi ვარ. 6 წლიდან თეატრალურ სტუდიაში ამიყვანეს. მას მერე, მსახიობობა მომწონს, მაგრამ ეკრანზე გამოჩენა ყოველთვის მინდოდა. ამიტომ მივაგენი გზას, რომ ჟურნალისტობა მესწავლა. თან, მაინტერესებდა, ჟურნალისტური საქმიანობის "შიდა სამზარეულო" როგორი იყო. "შორი გზიდან მოვუარე" და იქ მოვხვდი, სადაც მინდოდა.

- თეატრში მუშაობის გამოცდილება გაქვს?

- სტუდიაში დავდიოდი. რომ გავიზარდე, სპექტაკლებში ვიყავი დაკავებული, მაგრამ როცა უნივერსიტეტში ჩავაბარე, სპექტაკლებში თამაშს თავი დავანებე, რადგან სწავლის პარალელურად, ამისთვის ვეღარ ვიცლიდი. დრამის სამსახიობო და კინომცოდნეობის ფაკულტეტი მაქვს დამთავრებული...

- კასტინგზე ვანო ჯავახიშვილის დაინტერესება როგორ მოახერხე?

- კასტინგზე მისულს ჩვეულებრივად, სცენარი მომცეს, რომ წამეკითხა და გამეთამაშებინა. ძალიან თავისუფლად ვიყავი, რადგან თავად ვანო უშუალო ადამიანია. ტაშით, ოვაციებით გამამხნევეს. კასტინგზე გასვლამდე რჩევა-დარიგებებიც მომცეს... რაკი სცენაზე მუშაობის გამოცდილება მქონდა, საერთოდ არ მინერვიულია. თან, "ახალი შაბათის შოუს" გუნდში მოხვედრის ძლიერი სურვილი მქონდა. სიტუაციას თავი კარგად გავართვი - ნერვიულობამ არ ამიყოლია... წამოსვლიდან რამდენიმე საათში დამიკავშირდნენ, რაც მოულოდნელი იყო. იცი, რატომ? საერთოდ, მანამდე, სადაც კი კასტინგზე მივსულვარ, თუნდაც დადებითი პასუხის შემთხვევაში, იმ დღესვე არასოდეს დაურეკავთ... ჯერ კასტინგის ემოციიდან გამოსული არ ვიყავი, როცა დამირეკეს და მითხრეს, რომ გუნდში ამიყვანეს. ჩემთვის ეს ამაღელვებელი იყო.

- "გოგოების კლუბში" განსახიერებული სიტუაციებიდან, შენთვის ყველაზე ნაცნობი რომელია?

- თითქმის ყველა სკეტჩი ისეთია, რომ მართლა რეალობას ასახავს - ყველა გოგოს ცხოვრებაში რაღაც მსგავსი ხდება. ჩემს ცხოვრებასთან "ახლოს" უფრო ისეთი სკეტჩებია, რომლებშიც სადაქალო იკრიბება და გოგონები ერთმანეთს თავიანთ პირადულ ამბებს უზიარებენ...

- გყავს სადაქალო, ვისაც მინიმუმ, კვირაში ერთხელ მაინც აუცილებლად ხვდები?

- კი, მაგრამ ბოლო დროს, ჩემი მოუცლელობის გამო, უჩემოდ იკრიბებიან. წინათ უფრო ხშირად ვხვდებოდით ერთმანეთს და სხვადასხვა საკითხზე ვსაუბრობდით.

349539496-558662636338440-443267724506557934-n-1685951991.jpg

- ძირითადად, შენი და შენი სადაქალოს განხილვის საგანი რა არის?

- უმეტესად, ჩემს სადაქალოში ის ადამიანები არიან, ვინც დრამის სამსახიობო ფაკულტეტზე სწავლისას გავიცანი. ამიტომ ძირითადად, პროფესიასთან დაკავშირებულ საკითხებს განვიხილავთ...

- ანა, კიდევ რას საქმიანობ, რა ინტერესები გაქვს?

- 18 წლიდან წამყვანი ანიმატორი ვარ. ახლა ჩემი კომპანია მაქვს - გამოძახებებზე ჩემს გუნდთან ერთად დავდივარ ექსკურსიებზე, დაბადების დღის წვეულებებზე, სკოლისა თუ ბაღის სხვადასხვა ღონისძიებაზე...

- 18 წლისამ მუშაობა რა მიზნით დაიწყე - ფინანსური ინტერესი გქონდა თუ?..

- დამოუკიდებლობის სურვილი მქონდა, რადგან იმ პერიოდში უნივერსიტეტში სწავლას ვიწყებდი. მინდოდა, სტუდენტობის პარალელურად მემუშავა. ფინანსურ ინტერესზე მეტად, "დაკავებულის" სტატუსი მინდოდა მქონოდა (იღიმის). დღემდე ასე ვარ: რამდენიმე საქმეს ვაკეთებ, დაკავებული ვარ... 18 წლისა გასაუბრებაზე (ბავშვთა გასართობ ცენტრში) მივედი. სამსახურში რომ ამიყვანეს, ამის შესახებ ჩემი ოჯახის წევრებმა მოგვიანებით შეიტყვეს. საკუთარი კომპანიის საქმიანობა ახალი დაწყებული მაქვს - ბოლო დროს, თავად რომ აღარ მეცალა, მომინდა, ჩემი კომპანია მქონოდა და გამოძახებებზე სხვებს ევლოთ, ჩემი დაკვეთით... იშვიათად, გამოძახებებზე თავადაც დავდივარ, რადგან ახლა უფრო "წამოვიდა" მოთხოვნები, რომ მე მივიდე დაბადების დღის წვეულებასა თუ ექსკურსიაზე... თუ გადაღება არ მაქვს და მცალია, მივდივარ, რადგან ეს საქმე მიყვარს და ბავშვებთან ურთიერთობაზეც ვგიჟდები - ვხალისობ, ვერთობი...

- შენს ოჯახზე რას გვეტყვი?

- მშობლები და და-ძმა მყავს. ოჯახის ყველაზე უმცროსი წევრი ვარ. ბედნიერები არიან, რომ იმ საქმეს ვაკეთებ, რაც მიყვარს. ჩემი ძმა ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ვანო ჯავახიშვილთან კასტინგზე მისვლა დაჟინებით მირჩია... სახლში, სამეგობროში ყოველთვის იუმორით გამოვირჩეოდი. მერე ჩემთვის რაღაც ვიდეოებს ვიღებდი, სამეგობროში ვხუმრობდი, პაროდიებსაც ვაკეთებდი... ამის შედეგია, რომ ჩემი შესაძლებლობები სხვებმა უფრო დაინახეს, ვიდრე თავად მივხვდი, რომ იუმორის სფეროში რაღაცის გაკეთება შემეძლო.

- კარიერული თვალსაზრისით, სამომავლოდ საკუთარი თავი სად გესახება?

- უპირველეს ყოვლისა, "ახალი შაბათის შოუს" გუნდში ბევრი რამის გაკეთება მინდა. მსურს, საკუთარი თავი მეტად წარმოვაჩინო, მაყურებელს მეტი სახალისო ეპიზოდი შევთავაზო და ბევრი პერსონაჟი შევქმნა. ასევე, ანიმატორობის კუთხითac მინდა, ჩემი საქმიანობა უფრო მასშტაბური გახდეს და ყველაფერი იმაზე უკეთ წარიმართოს, ვიდრე არის.

- წარმატებას გისურვებთ!..

ეთო ყორღანაშვილი