"ჭიათურიდან თბილისში, მშენებლობაზე სამუშაოდ დამოუკიდებლად წამოვედი" - გზაპრესი

"ჭიათურიდან თბილისში, მშენებლობაზე სამუშაოდ დამოუკიდებლად წამოვედი"

გიორგი სუთიძე ალბათ, ტელემაყურებლებს სხვადასხვა სატელევიზიო პროექტიდან ახსოვთ. ახლახან გიორგი რეალითი შოუშიც - "პრაიმ ჰაუსი" მონაწილეობდა. პროექტში მხოლოდ 2 კვირა გაატარა, თუმცა შეძლო ბევრი ადამიანისთვის შეეყვარებინა თავი...

- პროექტის დატოვების შემდეგ, ჩემს ცხოვრებაში აბსოლუტურად ყველაფერი შეიცვალა: მიუხედავად იმისა, რომ ჩემს საქმეში, პროფესიაში მაინც ძალიან წარმატებული, ცნობილი ვიყავი, ახლა ეს ყველაფერი გაასმაგდა, სოციალურ ქსელებში ჩემი გამომწერების რაოდენობაც გაიზარდა, ყოველდღიურად უამრავი "ესემესი" მხვდება, ასევე - ქუჩაში მცნობენ... ჯობია, პროექტი ასე კარგად დატოვო ადამიანმა, ვიდრე შენი თავი "ამოწურო", სახე დაკარგო და მერე წამოხვიდე. მიხარია, რომ დადებით კომენტარებს ვიღებ...

- როგორ ფიქრობთ, პროექტში ხანგრძლივად დარჩენის შემთხვევაში, სახის დაკარგვის საფრთხე მართლა გემუქრებოდათ? შეიძლებოდა, ემოციების კონტროლის უნარი დაგეკარგათ?

- საკმაოდ ჩამოყალიბებული და გაწონასწორებული ტიპი ვარ. ეს საფრთხე არ მემუქრებოდა, მაგრამ არ ვიცი, თამაშს როგორ წაიყვანდნენ. ვფიქრობ, როგორი სუფთაც შევედი, ისევე სუფთა დავბრუნდებოდი ადრე თუ გვიან, საკუთარ თავში დარწმუნებული ვარ.

- რეალურ ცხოვრებაში როგორი ხართ? რამ შეიძლება, წონასწორობა დაგაკარგვინოთ?

- წონასწორობას ყველაზე მეტად ტყუილი და უსამართლობა მაკარგვინებს. რეალურ ცხოვრებაში ამას ხშირად ვერ "ვატარებ" - უსამართლობას ვერ ვეგუები.

- ასეთ დროს როგორი ხართ?

- თუ შევატყვე, რომ ადამიანი ვინმეს ჩაგრავს, უსამართლოდ იქცევა ან მატყუებს, აუცილებლად მივუჩენ თავის ადგილს.

- ირაკლის გარდა, პროექტში არის ვინმე, ვისთანაც მეგობრობას გააგრძელებთ?

- მაინც ვფიქრობ, რომ პროექტის გარეთ შეიძლება, დადებითი მხარე ყველა ადამიანში იპოვო და მეგობრობა გააგრძელო...

- თქვენი პროფესიის შესახებ რას გვეტყვით?

- სამეჯლისო-სპორტული ცეკვების მწვრთნელი ვარ - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სპორტის ფაკულტეტი დავამთავრე, თუმცა ჩემს სამუშაო სფეროს პედაგოგის ამპლუაში არ გავყოლივარ, რადგან 2009 წლის 19 იანვრიდან შოუზე "გადავერთე". 2010 წელს "ნიჭიერის" პირველ სეზონში, ვერკა ჯაჯანიძესთან ერთად ვმონაწილეობდი - ფინალისტები გავხდით. ამის შემდეგ, ყველაფერი თავდაყირა დადგა, დღემდე ტელევიზიაში ვარ (იღიმის)... ცეკვასთან დაკავშირებული თუკი რამე პროექტია, აბსოლუტურად ყველაფერში ვმონაწილეობდი, ასევე - ქუჩის კონცერტებში, დიდ ღონისძიებებში... როცა სპორტულ კარიერას მივყვებოდი, საქართველოს ჩემპიონი გახლდით... მგონი, მე და ვერკა პირველი წყვილი ვიყავით, ვინც სამეჯლისო-სპორტული ცეკვები სატელევიზიო შოუში "გამოიტანა" და პოპულარიზაცია გაუწია. "ნიჭიერის" შემდეგ, უამრავი შემოთავაზება მივიღეთ - კარიერის პიკში ვიყავით. ბევრ წარმატებას მივაღწიეთ. ჩინეთშიც მიგვიწვიეს, რადგან ჩვენი გამოსვლა საქართველოს "ნიჭიერში" ნახეს... ჩინეთში 3 თვე ვიმუშავეთ. შემდეგ ჩვენი საქმიანობა კვლავ წარმატებით გრძელდებოდა. ვცეკვავდით სხვადასხვა პროექტში: "X-ფაქტორი", "ბრავო" და ა.შ.

- დღეს ვერკასთან აღარ თანამშრომლობთ?

- ვერკამ პედაგოგიური მუშაობა გააგრძელა, მე კი ისევ შოუზე ვარ "გადართული". როცა საჭიროა, ერთად ვცეკვავთ, თუმცა, ძველებური სიხშირით - აღარ...

- გვიამბეთ, როგორ გარემოში გაიზარდეთ?

- ქალაქ ჭიათურაში დავიბადე და გავიზარდე. ცეკვა მესამე კლასიდან დავიწყე. 90-იანი წლების ბავშვი ვარ. არანაირი გასართობი არ გვქონდა. არ იყო შუქი, წყალი, გაზი... რაღაცნაირად, ყოველთვის სიახლეს, განსხვავებულს ვეძებდი და სამეჯლისო-სპორტული ცეკვები აღმოვაჩინე. ჩემში სწორედ ამ ცეკვამ ითამაშა გარდამტეხი როლი, რადგან ბულინგი, ზედმეტი შეკითხვები "წამოვიდა" - სამეჯლისო-სპორტულ ცეკვებს ბიჭისთვის შეუფერებლად მიიჩნევდნენ... ერთი პერიოდი, თითქოს ამ ყველაფერს დავნებდი, მაგრამ საბოლოო ჯამში, გადავლახე. საკუთარი თავის მადლობელი ვარ.

- დედაქალაქში საცხოვრებლად როდის გადმოხვედით?

- 2006 წელს, როდესაც უნივერსიტეტში ჩავაბარე.

- ადაპტაციის პერიოდი რთული იყო?

- რა თქმა უნდა, ამ ქალაქში სრულიად უცხო აღმოვჩნდი, მაგრამ ადაპტირება საკმაოდ მალევე შევძელი, რადგან მეცხრე კლასიდან საკმაოდ დამოუკიდებელი ვარ. მეცხრე კლასი რომ დავამთავრე, პირველი სამსახური დავიწყე.

- სად მუშაობდით?

- თბილისში, მშენებლობაზე სამუშაოდ წამოვედი. ზაფხულში, 3 თვე ვიმუშავე... როცა ჭიათურაში დავბრუნდი და სწავლა გავაგრძელე, საჩხერეში, სოფელ ჭორვილაში ცეკვის პედაგოგად მუშაობა დავიწყე. მაშინ ჭიათურა-საჩხერე ერთმანეთთან ტროლეიბუსით იყო დაკავშირებული. ხშირად დენი არ გვქონდა, ამიტომ 14 კილომეტრის გავლა ფეხით მიწევდა. მოგეხსენებათ, ჭიათურა ფერდობზე შეფენილი ქალაქია. ზამთარში, როცა გზა მოყინული იყო, ბათინკზე გარედან წინდას ვიცვამდით, რომ ფერდობზე არ დავგორებულიყავით... ასევე, ჭიათურაში, მუსიკალურ სასწავლებელში, მცირე ასაკის ბავშვებს სასცენო ხელოვნებას ვასწავლიდი.

- ივანიშვილების ცნობილ ოჯახთანაც ხომ არ გქონდათ "კვეთა"?

- სამივე ბავშვთან - უტასთან, ბერასთან და გვანცასთან მქონდა კონტაქტი - მათ ცეკვას ვასწავლიდი. ახლო ურთიერთობა გვქონდა. იმ პერიოდში საქართველოში ხშირად იმყოფებოდნენ.

- კარგი მოსწავლეები იყვნენ?

- გულწრფელად ვამბობ, გადასარევი, განსაკუთრებით - ბერა: ცეკვის ყველა მოძრაობას წარმატებით ითვისებდა.

- ერთმანეთთან კონტაქტი დღესაც გაქვთ?

- არა...

- გიორგი, "პრაიმ ჰაუსში" მონაწილეობის თქვენი მთავარი მიზანი რა იყო?

- სიმართლე გითხრათ, საკუთარი თავის გამოცდა მინდოდა: ჩაკეტილ სივრცეში, სოციალური ქსელების გარეშე, კამერებთან ერთად როგორ ვიცხოვრებდი.

- ფიქრობთ, რომ სიტუაციას თავი კარგად გაართვით?

- გადასარევად. ვფიქრობ, პროექტში ყოფნის 2 კვირა ჩემთვის საკმაოდ წარმატებული იყო. ბევრი გულშემატკივარი გავიჩინე. ვინც "პრაიმ ჰაუსში" დავტოვე, მათთან დღემდე მაქვს კონტაქტი... ამ ყველაფრით ბედნიერი ვარ.

- რეალურ ცხოვრებაში, სოციალურ ქსელებს რამდენ დროს უთმობთ?

- ჩემი ბიზნესის გამო, საკმაოდ დიდ დროს ვუთმობ, რადგან მოგეხსენებათ, 21-ე საუკუნეში სოციალური მედია ყველაზე უკეთ მუშაობს. პროექტში შესვლისას, ბიზნეს "ფეიჯი" მეგობარს გადავაბარე.

- რა ტიპის ბიზნესს უძღვებით?

- მამაკაცის ტანსაცმლის ხაზი მაქვს. ჩემი დიზაინით შექმნილი სამოსი არაა - უბრალოდ, ბუტიკია...

image-6483441-4-copy-1686038071.jpg

- ამ ტიპის ბიზნესის შექმნის იდეა რატომ გაგიჩნდათ, გიყვართ გემოვნებიანად ჩაცმა?

- რა თქმა უნდა. როცა შენს პროფესიაში მოთხოვნადი ხარ, სულ ფორმაში უნდა იყო. ვფიქრობ, საკმაოდ კარგი გემოვნება მაქვს საიმისოდ, რომ სამოსი სხვასაც ვურჩიო, "აუთფიტის" აწყობაში დავეხმაროო...

- თქვენი ყოველდღიურობა როგორია?

- დილით ადრე ადგომა მიჭირს. პირველ რიგში, მაღაზიაში მივდივარ და სიტუაციას ვამოწმებ. შემდეგ, თუ რეპეტიცია მაქვს, მივდივარ, თუ - არა, აუცილებლად სპორტდარბაზში ვვარჯიშობ... ახლახან "ინსტაგრამზე" პერსონალური ბლოგერობა დავიწყე - "აუთფიტის" წარდგენის პატარა ვიდეოებს ჩავწერ... საღამოობით, თუ რამე "ივენთი" მაქვს, სადაც უნდა ვიცეკვო, მივდივარ, ხოლო თუ თავისუფალი ვარ, მეგობრებთან ერთად გადასარევ დროს ვატარებ... სექტემბრიდან ერთ-ერთ წარმატებულ პროექტში ვიქნები: მიუზიკლში - "ჩიკაგო" ვიცეკვებ...

- თქვენი ოჯახის წევრები ვინ არიან?

- მშობლები და 1 და მყავს. და საზღვარგარეთ ცხოვრობს. ემიგრაციაში წასვლა მეც ვცადე, მაგრამ არ გამომივიდა - საქართველოს სიყვარულმა და მონატრებამ ირლანდიაში არ გამაჩერა. 3 თვის წინ დავბრუნდი.

- იქ რა პერიოდი გაატარეთ?

- 4 თვემდე შევძელი გაჩერება, მეტი - ვერა.

- ირლანდიაში გამგზავრება რატომ გადაწყვიტეთ?

- რატომღაც, სულ მეგონა, რომ უკეთესი იქნებოდა, უფრო მეტი შესაძლებლობა მექნებოდა, მაგრამ ყველაფრის "ნულიდან" დაწყება რთული აღმოჩნდა. საქართველოში, ასე თუ ისე, ჩემს პროფესიაში სახელი მქონდა... ემიგრაციისთვის ფსიქოლოგიურადაც არ აღმოვჩნდი მზად...

- გიორგი, როგორი გოგონები იქცევენ თქვენს ყურადღებას? გულის სწორი გყავთ?

- თავისუფალი ვარ. ყველაზე მეტად სადა, უმაკიაჟო გოგონები მომწონს - რომ დაელაპარაკები და საერთო ენას იპოვი... ინტელექტუალური თვალსაზრისითაც, ნორმალურ მდგომარეობაში უნდა იყოს.

- გოგონები თქვენ მიმართ ყურადღებას როგორ გამოხატავენ?

- ძირითადად, ახლა ყურადღებას სოციალურ ქსელში გამოხატავენ. დადებით კონტექსტში მწერენ, რომ პროექტში დარჩენას ვიმსახურებდი, სიტუაციას საკმაოდ წარმატებით ვართმევდი თავს... საკუთარ თავზე საუბარი ცოტათი მეუხერხულება (იცინის).

- პროექტის ერთ-ერთი მონაწილის - მერიემის მიმართ თქვენი გრძნობები რეალური იყო?

- ამაზე საუბარი ცოტათი უხერხულია. როგორ შეიძლება, 2 კვირაში ვინმესთან რამე რეალური გაჩნდეს? მხოლოდ მეგობრული "დეითები" გვქონდა... ურთიერთობას, კარგ მეგობრობას დღემდე ვაგრძელებთ. როცა პროექტიდან გამოვა, "ტიკტოკ"-ვიდეოების გადაღებასაც აუცილებლად გავაგრძელებთ.

- "პრაიმ ჰაუსში" ვის გულშემატკივრობთ?

- რა თქმა უნდა, ჩემს უახლოეს მეგობარს - ირაკლის.

- თქვენი მეგობრობა როდის, როგორ დაიწყო?

- ირაკლი ზუსტად 2012 წელს გავიცანი - ინგლისური ენის შემსწავლელ კურსზე ერთად დავდიოდით. მას შემდეგ მეგობრობა არ შეგვიწყვეტია...

- არის რამე, რისი ჩვენებაც გინდოდათ ფართო საზოგადოებისთვის, მაგრამ "პრაიმ ჰაუსში" ეს ვერ მოასწარით, ვერ მოახერხეთ?

- კი, რა თქმა უნდა. 2 კვირა საკმარისი არ არის, რომ საკუთარი თავი სრულად წარმოაჩინო. ახალ მონაწილეებს პირველი კვირა ადაპტაციისთვის დაგვჭირდა, მერე - იმის გააზრებისთვის, რომ ყველა კუთხეში კამერაა... ვფიქრობ, ჩემი იქ ყოფნით პროექტში ბევრ ლამაზ, ფერად დღეს შევიტანდი. ნაწილობრივ, ეს მოვახერხე: შოუს ვდგამდით, ვცეკვავდი, ბევრ "ტიკტოკ" ვიდეოს ვიღებდით, ბავშვებს "ივენთის" დაგეგმვაში ვეხმარებოდი...

ეთო ყორღანაშვილი