"დიდი დისკომფორტი იყო, მაგრამ ტყუილებს ვამბობდი"
ჯერ კიდევ წინა სეზონის დროს, ნაცნობები ეუბნებოდნენ, რომ ის მელია იყო. უარობდა, მაგრამ არავინ უჯერებდა. წელს კი რატომღაც, ვერავინ წარმოიდგინა, რომ თევზის ნიღაბს გახლდათ ამოფარებული. ხმის შეცვლა ჯერ ტინა ტერნერად, მერე კი ირმა სოხაძედ გადაქცევა ადვილი საქმე სულაც არ იყო, მაგრამ პროექტის - "ვინ ვინ არის" თევზმა, მაკა ზამბახიძემ ეს წარმატებით შეძლო. გული სწყდება, რომ პროექტს ნაადრევად გამოეთიშა და სხვაგვარი გარდასახვების საშუალება არ მიეცა.
- მაკა, მთელი ერის ასე ოსტატურად მოტყუება როგორ მოახერხე?
- (იცინის) უფრო ხშირად, სხვა თოჯინებზე მასახელებდნენ. თევზის გამოსვლისას, ჟიურის არც ერთ წევრს ჩემი სახელი და გვარი არ უხსენებია. კიდევ ბევრ ტურში დავაბნევდი, საინტერესო გამოსვლები მექნებოდა, მაგრამ ვინ გაცადა? ძალიან საინტერესო პროექტია. პროფესიონალები მუშაობენ და ცდილობენ, შენი რესურსი მაქსიმალურად გამოიყენონ. ყველანაირად გეხმარებიან, რომ შენ შენ არ იყო. პირველი სიმღერა პირველ მისვლაზე ვერ ჩავწერე, რადგან შინ ტექსტს ვერ ვმეცადინეობდი, ყველა მიხვდებოდა, რას ვაკეთებდი, ეს კი არავითარ შემთხვევაში არ უნდა მომხდარიყო. შეიძლება ითქვას, რომ სიმღერა სტუდიაში ვისწავლე და მეორე მისვლაზე ჩავწერე. ირმა სოხაძის სიმღერაზე მუშაობა კი მარტივი იყო, შეიძლება ითქვას, რომ 5 წუთში ჩავწერე.
- მას ჰგავდი, არა?
- ვეცადე, დავმსგავსებულიყავი. მინდოდა, ჟიურისა და მაყურებლისთვის გზები ამერია. პირველ სიმღერაში ჩამოყალიბებული, კარგი ვოკალური მონაცემებით გახლდით წარმოდგენილი, მეორე სიმღერა კი ისე მინდოდა შემესრულებინა, ეთქვათ, პირველი ნამღერის შემდეგ, ეს ვინ არის, ასე მანევრულად რომ მღერისო? ტინა ტერნერის სიმღერის შესრულებისას თქვეს, თევზი მომღერალიაო. იცი, ეს როგორი აზარტია? გული დამწყდა, პროექტის ადრე დატოვებამ რომ მომიწია, სხვა ეპიზოდებისთვის საინტერესო სიმღერები მქონდა ჩაწერილი.
- ბუნებრივია, ამ პროექტის წინა სეზონს უყურებდი, არა?
- რა თქმა უნდა, და ძალიან მომწონდა.
- მაშინაც გასახელებდნენ.
- ამბობდნენ, მელია მაკა ზამბახიძე არისო. სადმე რომ წავიდოდი, ყველა მეუბნებოდა, - "ა! ახლა თქვი, გამოტყდი, შენ ხარ?" "გიცანი, ვიცი, შენ ხარ" და მსგავსი რამ მესმოდა. გულწრფელი პასუხი მქონდა, - არ ვარ, მაგრამ ამ პროექტში რომ ვიყო ჩართული, მაინც არ გეტყოდით-მეთქი. ის თუ იცი, რომელი პერსონაჟის უკან ვინ არის, მაშინ რა აზრი აქვს.
- როგორც ვიცი, დედაშენს უნდოდა, ამ პროექტში ეხილე.
- პირველ სეზონზე რომ არ ვიყავი, დედას გული დასწყდა, მეორე სეზონიდან შემოთავაზება რომ მივიღე, რა თქმა უნდა, დედაჩემის ხათრითაც დავთანხმდი, მაგრამ ახლა იმის გამო სწყდება გული, რომ პროექტი ნაადრევად დავტოვე.
- როდესაც შემოთავაზება მიიღე, გითხრეს, რომ თევზი უნდა ყოფილიყავი თუ ეს არჩევანი თავად გააკეთე?
- იქ არჩევანს მონაწილე არ აკეთებს. შენს სიმაღლეს, წონას ითვალისწინებენ, რა დონეზე შეიფუთები, როგორ შეძლებ ტარებას. რობოტი ვერაფრით გავხდებოდი, კოსტiუმის ტარებას ფიზიკურად ვერ შევძლებდი. თევზი ძალიან კარგად მოვირგე. აღნიშნავდნენ, რომ ეს იყო კოსტiუმი, რომელშიც კონკურსანტი თავს კარგად გრძნობდა.
- რთული არ იყო?
- თოჯინის სახე მეფარა და ეს იყო რთული, ტანის მოძრაობა ძალიან არ მიჭირდა, უბრალოდ, დიდი ფარფლები მქონდა და ვერ ვიგებდი, მოძრაობის დროს სად მიმქონდა, როგორ ვაკეთებდი. შიგნით კოსტიუმში რაც უფრო ხშირად ხარ, მერე უფრო ეჩვევი.
- რეპერტუარიც შეგირჩიეს?
- სიმღერას სოფო ტოროშელიძე და ანა ჭუმბურიძე არჩევენ. რამდენიმე ვერსიას გთავაზობენ. მინდოდა, პირველი ეპიზოდი ტინა ტერნერის სიმღერით გამეხსნა და ასეც მოხდა, ირმა სოხაძის სიმღერის შესრულება კი სოფოს არჩევანი იყო.
- ამ სიმღერის შესრულების შემდეგ, ქალბატონი ირმა ხომ არ გამოგეხმაურა?
- არა, შეიძლება არც უნახავს.
- მონაწილეობის ამბის საიდუმლოდ შენახვა მარტივი არ იქნებოდა. ამ მხრივ რა ხდებოდა?
- რთულია, რადგან რეპეტიციაზე ან სიმღერის ჩასაწერად შენი მანქანით ვერ მიხვალ. გაკითხავს ტელევიზიის მანქანა და მას მიჰყავხარ. გაფარია ჩაფხუტი, გაცვია დიდი ბალახონი "კაპიუშონით", თმის ღერიც კი არ უნდა გამოგიჩნდეს; გზაში არ უნდა ილაპარაკო, მძღოლმა ხმით არ უნდა გიცნოს; რეპეტიცია, ჩაწერა "იმედის" ტერიტორიაზე ხდება და იქ უამრავი თვალი გიყურებს, გაკვირდება, ინტერესდება. ყველაფერი ისე უნდა იყოს გასაიდუმლოებული, ვერავინ ვერაფერს მიხვდეს. ყველა ცდილობს, წინასწარ გაიგოს, ვინ ვინ არის, ამიტომ ჩანთაც კი არ უნდა გეჭიროს, ფეხსაცმელიც კი არ უნდა გიჩანდეს.
- ოჯახის წევრებთან ამ ყველაფრის დამალვას როგორ ახერხებდი?
- დიდი დისკომფორტი იყო, მაგრამ ტყუილებს ვამბობდი და როგორღაც ვახერხებდი. პროექტიდან მიღებულ ყველა დავალებას პირნათლად ვასრულებდი. ჩაწერების დროს, ცოტათი მაღალი ტემპერატურა იყო. ამ დროს უჰაერობა მეტად საგრძნობია, სულ შეფუთული რომ ხარ, ძნელია.
- მას შემდეგ, რაც თევზის ნიღაბი მოიხსენი, ოჯახის წევრებმა რა გითხრეს?
- ნიღაბს რომ იხსნი, მერე ყველა გეუბნება, - იმ ფრაზაში მიგამსგავსე, ამ დროს თითქოს გიცანიო და მსგავსი რაღაცები. რეალურად ვერავინ ვერაფერს მიხვდა. ჰოდა, ახლა კი მიმტკიცებენ, მომავალში აუცილებლად გიცნობდითო (იცინის).
- არაერთ მომღერალს მიგამსგავსეს, რომელმა გაგახალისა ყველაზე მეტად?
- ყველაზე ხშირად სოფო გელოვანს, სოფო ხალვაშს, სალომე ბაკურაძეს, სოფო ბედიას და ნინო ძოწენიძეს ამბობდნენ. რომ ვთქვა, რომელიმე მათგანთან მიმსგავსება მოულოდნელი იყო-მეთქი, ეს განცდა ნამდვილად არ მქონია, ჟიური ლოგიკურად მსჯელობდა.
- თავად რომელიმე პერსონაჟი თუ გყავს ამოცნობილი?
- არა, მხოლოდ 2 ეპიზოდის მოსმენამ მომიწია და მერე აღარ ვიცი, იქ რა ხდება. დაზუსტებით ვერც ერთზე ვერ ვიტყვი, ეს ეს არის-მეთქი.
- შენი ფავორიტი რომელია?
- ფასკუნჯი.
- რით მოგწონს?
- ძალიან კარგად შეფუთული პერსონაჟია. მგონია, რომ მასში კაცი ზის; შეიძლება ქალიც იყოს, მაგრამ ტენორი კაცი მეტად მგონია, ასეთი ბიჭი კი ცოტა გვყავს საქართველოში.
- ამ პროექტზე მუშაობისას, ყველაზე დიდი სირთულე რა იყო?
- საკუთარი ვოკალის გარდაქმნა, დამჯდარი ხმის ამოყირავება. ბუნებრივია, ამ გარდასახვაში გარკვეულწილად კოსტiუმიც გეხმარება, მაგრამ ადვილი საქმე ნამდვილად არ არის.
- მომავალ მონაწილეებს რაიმე რჩევას თუ მისცემ?
- სიამოვნებით მიიღეთ ამ პროექტიდან შემოთავაზება, მასში ჩართვა ძალიან დიდი აზარტია, ისიამოვნებთ. რაც უფრო დიდხანს დარჩებით, უფრო კარგი იქნება.
თამუნა კვინიკაძე