ნელი აგირბას "დაბადებები", ცხოვრების "საჩუქრები" და სულიერ შრეებში განცდილი ერთიანობა - გზაპრესი

ნელი აგირბას "დაბადებები", ცხოვრების "საჩუქრები" და სულიერ შრეებში განცდილი ერთიანობა

"ჩემი პიროვნება ყველა იმ ადამიანის "ნაკრებია", ვისაც შევხვედრივარ. ცხოვრების გზას ყურადღებით რომ ჩავყვე, ბევრ ადამიანს გავიხსენებ. რაც უფრო მეტად ვსწავლობ და ვაკვირდები პიროვნებას, მასში მით უფრო მეტი ადამიანის ამოცნობა შემიძლია", - ამბობს ჟურნალისტი ნელი აგირბა და იმ ადამიანებს იხსენებს, რომლებმაც მასზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოaხდინეს.

ოჯახი

- ყველა ადამიანის მადლიერი ვარ, ვინც ცხოვრებაში შემხვედრია (პოზიტიურად თუ ნეგატიურად), ამ ყველაფერმა ბევრი მნიშვნელოვანი რამ მაჩვენა, მასწავლა და ჯერ კიდევ მასწავლის.

დიდწილად, ჩემი ახლანდელი ფორმა მშობლების დამსახურებაა. ცხოვრების სხვადასხვა ასაკში ისინიც სხვანაირები იყვნენ და მეც სხვანაირი ვიყავი. მათი ფრაზები, ქმედებები, რეაქციები სულ თან მდევს. 13 წლის ვიყავი, ეგზiსტენციალური მძაფრი ტკივილი რომ მქონდა. საშინლად მტკიოდა უპასუხო შეკითხვები: ვინ ვარ, რატომ ვარ, საიდან ვარ?.. ერთხელ დედას ვკითხე, ცხოვრების აზრი რა არის-მეთქი? მიპასუხა, - ცხოვრების აზრი თავად ცხოვრება არისო. მაშინ ნათქვამს ვერ მივუხვდი და ამ შეკითხვაზე პასუხის ძებნა ისევ წიგნებში განვაგრძე, ბევრ ფილოსოფიურ ლიტერატურას ვკითხულობდი. ბოლო წლებია, რაც მივხვდი, რა მითხრა. თავად შენში შიგნით ძიების გარეშე, მსგავს შეკითხვებზე პასუხს გარეთ ვერ იპოვი; შენში თუ მოიძევ, მერე ყველაფერი გასაგები ხდება და ერთიანად ცხადდება. მადლობა დედას მაშინ და მადლობა მას ახლა.

348368238-550841777255201-8428212503134930025-n-1686038746.jpg

მამას ბევრი შიში ჰქონდა და ის შიშები მეც გადმომედო; წლების განმავლობაში ვატარე, ბოლოს გაიფცქვნა 4 წლის ასაკიდან ჩარჩენილი ფრაზებიც კი, რომელიც მთელი ცხოვრება მაპროგრამებდა.

- მამას ამ თემაზე ელაპარაკებოდი?

- არა, მისთვის რთული იქნება ამაზე ლაპარაკი. საუბარი არ არის აუცილებელი, რომ გაუგო და მიხვდე, რომ საპატიებელიც არაფერია. პლატონი ერთ-ერთი მებრძოლის ამბავს ჰყვება, რომელიც საიქიოდან ბრუნდება, იქ აჩვენებენ რა ხდება, როგორ ხდება სულების და ცხოვრების გადანაწილება; ეს სამხედრო ნანახს უყვება ადამიანებს. მონათხრობში ერთი საინტერესო მომენტია, სადაც ამბობს: მეორე ეტაპზე ადამიანები ირჩევთ თქვენს ბედს და თქვენს დემონებსაც. ადრე ისინი გირჩევდნენ, ახლა თქვენ ირჩევთ, ღმერთს რომ აღარაფერი დააბრალოთო. ასე რომ, მე ყველაფრის მადლიერი ვარ.

არასდროს დამავიწყდება ბებია და ბაბუა, მათთან გარკვეული დრო გავატარე. კაცის მხრიდან უფრო დიდი წინააღმდეგობები, სიყვარული, ტკივილი იყო, ქალის მხრიდან - მეტი სიბრძნე და მზრუნველობა.

119510523-955454781589102-8973210916797949749-n-copy-1686038841.jpg

პედაგოგები

- ჩემი პირველი მასწავლებელი ქეთინო დევიძე იყო. პირველი შეხება განცდასთან, - თურმე ყველაფერი შესაძლებელია. რუსულენოვანი ვიყავი და ქართულ სკოლაში მიმიყვანეს. ამ დროს ქართულად მხოლოდ სამი წინადადება ვიცოდი: "ჩემი კარგი ბაბუა", "არ ვიცი" და "წყალი მინდა". მასწავლებელმა საოცრად მარტივად შემიყვანა სწავლის პროცესში, ჩემში მღელვარება გააქრო, მერე პრობლემა საერთოდ არ მქონია, მას შემდეგ დასწავლა შემიყვარდა. ეს უნარი ისე განმივითარა, ყველაფერს მარტივად ვსწავლობ. მას მერე, რაც ბათუმში გადმოვედი საცხოვრებლად, ის ჩემი შვილების პედაგოგია. ძალიან თავისუფალი, კრეატიული და თანამედროვეა.

მუსიკალურში ზღაპრული მასწავლებლები მყავდა: მუსიკა, როგორც თამაში, ისე შემოიყვანეს ბავშვების ცხოვრებაში. ყველა ნოტს თავისი სახე და კოსტიუმი ჰქონდა, ასე გვასწავლიდნენ. ვერა გაბაი საოცარი პედაგოგი იყო, ახლა ისრაელში ცხოვრობს. ნოტები იყვნენ პერსონაჟები და ჩვენ მათთან ვურთიერთობდით. ისე ვისწავლე, ვერც მივხვდი. კომპოზიციის მასწავლებელი სოსო ბარდანაშვილი დაგვსვამდა ფორტეპიანოსთან და გვეტყოდა, აბა, დაუკარით, დათვი როგორია? "ბაჯ-ბაჯ-ბაჯ" - ვუკრავდით, მერე ჩიტს ჩამოაფრენდა, მერე გვეტყოდა, - გაზაფხული მოვიდესო და ჩანჩქერი ჩამოიშხუილებდა. ეკა ქიქავას მეცადინეობით სამ ხმაში კარნახს ვწერდით. ჩემი მშობლები რომ დაშორდნენ, მაშინ 2 წელი მუსიკალურში ვერ ვიარე, ბებიასთან ვცხოვრობდი, იქ კი ინსტრუმენტიც არ მქონდა. მასწავლებელმა სახლში მომაკითხა, ასე არ შეიძლებაო და სასწავლებელში წამიყვანა. გამიმართლა, ნინო ჩხაიძე იყო ახალი მასწავლებელი. მასთან მოვხვდი და საოცარი, ძალიან ღრმა სამყარო გაიხსნა. 5 საათი ვისხედით, ვუკრავდით, ვარჩევდით. თითქოს ვხედავდით, როგორ შევედით გამოქვაბულში, როგორ შემოვიდა ციცინათელა, ეს როგორი განცდაა და აბსოლუტურად სხვა განზომილება გაგვიხსნა; ეს იყო მუსიკა, როგორც უნივერსალური ენა...

მეორე ინსტრუმენტი არფა ავირჩიე, თბილისიდან ჩამოდიოდა ირინა მასწავლებელი და უკრავდა. ირინა ახლა ჩემი მეგობარია. საოცარი დედა ჰყავდა - ნუნუ ჩიგოგიძე. ძალიან სწრაფად შეეძლო, შენში სამყარო გადაეტრიალებინა, სიკეთითა და სიცოცხლით სავსე ადამიანი იყო, როცა ყველაზე მეტად მიჭირდა, მისი სიტყვები მეხმარებოდა. მასთან შეხვედრა ცხოვრების საჩუქარი იყო.

ხატვის მასწავლებელ ნატო ჭკუასელთან ახლა ჩემი შვილები სწავლობენ, ის ზეციური არსებაა, ფერიაა, არ გვასწავლიდა, რა როგორ უნდა დაგვეხატა, გვასწავლიდა დამოკიდებულებას ხატვის მიმართ.

neliagirba-1200x630-50x50-copy-1686038810.jpg

თავიდან დაბადებები

- 15 წლის ასაკში მყავდა მეგობარი ბაადურ კორძაია, ის ჩემი ქიმიის მასწავლებლის შვილი იყო, ასაკით ჩემზე უფროსი. ეგზისტენციალური კრიზისი დროს ველაპარაკე და მითხრა, ეგ ყველაფერი გამოვლილი მაქვს. შენი ამბები დაწერე, მასწავლებელს წერილი გამოატანე და პასუხს მეც ამ ფორმით გამოგიგზავნიო. ჩემი მტკივნეული ძიებები მასთან დიალოგში გავატარე. ის რთულ პერიოდში ჩემთვის მნიშვნელოვანი ადამიანი და მხარდამჭერი იყო. მე რომ 17 წლის ვიყავი, ბაადურმა თავი მოიკლა. ამ ფაქტმა ჩემზე ძალიან იმოქმედა, რთული პროცესები დაძრა. მანამდეც მქონდა სუიციდური წინასწარგანწყობები, უადგილობის განცდა, იყო შეგრძნებები, რომლებიც რეალობიდან მაგდებდა. მერე მეც თვითმკვლელობა ვცადე... ბაადური სულ ჩემთან იყო. რეალობის მიუღებლობა, ტკივილი, დედამიწის მოწყვეტილობა ძალიან კარგად გამაგებინა...

მერე ვიმკურნალე, უკიდურესად დავმიწდი და ისიც გავიგე, როგორია ზეცას მოწყვეტილობა, მხოლოდ მატერიალურ სამყაროში ცხოვრება. დიდი მადლობა ბაადურს, საკუთარი გზა რომ გამიზიარა.

მერე ჩემს ცხოვრებაში ილო ბეროშვილი გამოჩნდა. მთელი პერიოდი, სანამ ილოს შევხვდებოდი, დარწმუნებული ვიყავი, რომ საზოგადოებისგან ამოვარდნილი ტიპი ვარ და ჩემი მდგომარეობა ყველასთვის არის ცუდი. პროტესტი კი მქონდა, ვამბობდი: თქვენ ხართ გიჟები, მე კი - არა, ასე ცხოვრება როგორ შეიძლება? სად იყურებით, საერთოდ რაზე ფიქრობთ?.. ილოს შევხვდი და აღმოვაჩინე, რომ მარტო არ ვიყავი. სანამ რამეს ვიტყოდი, ის ხვდებოდა, რას ვფიქრობდი. იცი, ეს უსიტყვო გაგება რამხელა შვება იყო? ბავშვის გაჩენა მანამდე ჩემთვის წარმოუდგენელი თუ გახლდათ, უეცრად ყველაფერი შეიცვალა. მერე ჩემს ცხოვრებაში გაჩნდა სესილი, რომელმაც ყველაფერი ამოატრიალა, სხვა ადამიანებთან დამაახლოვა, მანამდე ცალკე მდგომი არსება ვიყავი. სესილიმ ჩემში ამპარტავნება შეამცირა, ზრუნვა მასწავლა, უფრო დიდი სიყვარულიც. ევას დაბადებას უკვე მშობელი შევხვდი.

iloberoshvili-2021-09-15-10-45-47-981443-1686038825.jpg

მერე იყო ჩელე - უსასრულოდ დიდი საჩუქარი. იმ პერიოდში, როცა მხოლოდ მატერიალურ სამყაროში ვიყავი, თითქოს დასასრულს მივუახლოვდი, გამოფხიზლება და ზეცასთან კავშირი დავიწყე, ამაში იოგა, მედიტაცია ძალიან დამეხმარა. შევძელი, კაშკაშა სინათლე დამენახა და მაშინ დავინახე ჩელე. მანამდე მას 7 წელი ვიცნობდი, მაგრამ იმ დღეს სხვაგვარად განათდა. ყველაფერი უეცრად გაცხადდა, სიტყვებით რომ ვერ გადმოიცემა, ის განცდა იყო, სიცოცხლის საოცრების ბოლომდე აღქმა რომ ხდება. მანამდე ასეთი სიმძაფრით განცდილი არ მქონდა. პირველად რომ მზეს დაინახავ, ისეთი რამ მოხდა. გააზრება მხოლოდ ინტელექტუალური ან მხოლოდ ემოციური არ არის, მნიშვნელოვანია, როდესაც ერთიანობა სულიერ შრეებში სიტყვებს მიღმა განიცდება. ამ ერთიანობიდან მოდის მერე ყველაფრის ერთიანობა. ჩელეს წასვლა იყო ყველაფრის ამოტრიალება, ყველაფრისგან განვიძარცვე. ჩამომენგრა წარმოდგენა ბედნიერებაზე. სიყვარულიც აღარ შემეძლო, აბსოლუტურად გავნულდი.

ამ ყველაზე დიდი სიკვდილის შემდეგ, ახალი ცხოვრების დაწყებაში მეგობარი დამეხმარა - ის ნათლულის ყოფილი ქმარია, რომელიც ყველა რთულ მომენტში, ჩემს ცხოვრებაში მფარველი ანგელოზივით ჩნდება. მიუხედავად იმისა, რომ უამრავი საკუთარი განსაცდელი აქვს, მაგ მომენტში ფრთებს შლის და რაღაც ისეთს გამოაჩენს, ხსნაა. ასე აღმოვჩნდი ალასკაში და ჩემი თავიდან დაბადების პროცესი იქიდან დაიწყო.

ჩემი მესამე შვილის მამა ძალიან დამეხმარა გამხსენებოდა, რა არის საკუთარი თავის სიყვარული, ზრუნვა, დისციპლინა. მისი მადლიერი ვარ, რომ ამ წერტილთან მიმიყვანა.

ჩემს ცხოვრებას ვუყურებ, როგორც სპირალს, რომელიც რაღაც ადგილებში ვიწროვდება, სადაც სულ ჩასუნთქვა-ამოსუნთქვებია.

ახლაც არიან ჩემს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ადამიანები, რომლებიც არასდროს დამავიწყდებიან.

თამუნა კვინიკაძე