"კომფორტის მოყვარული ვარ" - გზაპრესი

"კომფორტის მოყვარული ვარ"

სპორტული გადაცემის წამყვანი - ლიზი ქონიაძე ბოლო დროს, კულინარიულ გადაცემებს ხშირად სტუმრობს. ლიზისთვის მოგზაურობისას, ქვეყნის კულტურის გასაცნობად, სამზარეულო მნიშვნელოვანია. თუ როგორ გარემოში დასვენებას ამჯობინებს, რას ფიქრობს საქართველოსა და უცხოეთში არსებული მომსახურების ხარისხსა და ფასების შესახებ, - ამ და ზაფხულის არდადეგებთან დაკავშირებულ სხვა თემებზე ლიზი თავად გვესაუბრა:

- ზაფხული ჩემი საყვარელი სეზონია: მთელი წელი ვშრომობ, ვსწავლობ... ზაფხულში შანსი მეძლევა, დავისვენო, დრო ოჯახთან ერთად გავატარო, მშობლიურ ბათუმში ჩავიდე... ძირითადად, ჩემთვის ზაფხული მხოლოდ დადებით ემოციებთან ასოცირდება.

- ბათუმის გარდა, ზაფხულის არდადეგებს სხვაგან თუ ატარებ?

- კი. სწავლა თბილისში მიწევს. ზაფხულში, პირველ რიგში, ბათუმში, ჩემს ოჯახთან მივდივარ და ძირითად დროს იქ ვატარებ, მაგრამ ასევე, ოჯახთან ერთად, საზღვარგარეთ მოგზაურობას ვგეგმავ ხოლმე. მაგალითად, შარშან მე, დედა და მამა ბოდრუმში ვიყავით. კარგად დავისვენეთ. მშობლებთან ერთად მოგზაურობა ძალიან კომფორტულია... ზაფხულში, უცხოეთსა თუ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში დასვენება მეგობრებთან ერთადაც მიყვარს.

- რამდენი ხნით ადრე გეგმავ ზაფხულის არდადეგებს?

- საერთოდ, ყველაფერს სპონტანურად ვგეგმავ, რადგან ვფიქრობ, მოგზაურობა რაც უფრო სპონტანურია, მით უფრო კარგი მოგონებები გრჩება ადამიანს. რამდენიმე დღით ან 1 კვირით ადრე გადავწყვეტ ხოლმე, თუ სად დავისვენო.

- ერთ-ერთი ასეთი სპონტანური მოგზაურობისას მიღებული შთაბეჭდილებები გაგვიზიარე...

- მაგალითად, რაც 2023 წელი დაიწყო, მე, ჩემი და და ბიძაშვილები 3 ქვეყანაში ვიყავით. პირველად სპონტანურად, პარიზში წავედით, რადგან იქ გამგზავრება ოთხივეს ოცნება აღმოჩნდა... მერე ბუდაპეშტში წავედით. როცა დავბრუნდით, დავგეგმე, რომ ჩემს დაბადების დღეზე კომოს ტბაზე წავსულიყავი. მართლა დაუვიწყარი დრო გავატარე, რადგან ეს ნამდვილად ჩემი ოცნების დაბადების დღე იყო!.. ასევე, ჩემს დაქალებთან ერთად, რომში ვიყავი...

- ზაფხულის სეზონისთვის განსაკუთრებულად ხომ არ ემზადები?

- არა, რადგან ჩემი ცხოვრების სტილი ვარჯიშს, ფიზიკურ დატვირთვას სულ მოიცავს, ამის გარეშე არ შემიძლია. ბავშვობიდან სამეჯლისო-სპორტულ ცეკვებს ვასრულებდი. მას შემდეგ მივეჩვიე, რომ კვირაში სამჯერ მაინც ფიზიკურად დავიტვირთო, ჩემი სხეული ტონუსში იყოს. ახლა, როცა ცეკვაზე ვეღარ დავდივარ, სპორტდარბაზში ვვარჯიშობ. ეს სასიამოვნო პროცესია... ზაფხულისთვის სხვა რაღაცებით - "აუთფიტებით", ახალი ტანსაცმლის შეძენით ვემზადები (იცინის). მოგზაურობაზე წინასწარ არ მიფიქრია...

- საცურაო კოსტიუმებთან დაკავშირებულ მოდის ტენდენციებს თუ ადევნებ თვალყურს?

- კი, ყოველთვის. საცურაო კოსტიუმს, მის ხარისხს დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ. ბევრი კომპანია მიგზავნის. რეკლამაზე ყველას არ ვთანხმდები, რადგან ბრენდის ხარისხს ძალიან ვაკვირდები. უნდა მომიხდეს, საცურაო კოსტიუმის ფერი მომეწონოს.

- ბიკინი თუ მთლიანი საცურაო კოსტიუმი?

- მთლიანი არასოდეს მიცდია. ყოველთვის ბიკინის ვიცვამ. მგონი, ამ წლის ტენდენციაა ორნამენტებიანი, რკინის დეტალებით დამაგრებული ან ცოტათი ჰავაის სტილის საცურაო კოსტიუმები. ჯერჯერობით საგულდაგულოდ არ მინახავს, თუმცა თვალს მაინც ვადევნებ.

- საზაფხულო გარდერობის განახლება დაიწყე?

- კი. ზამთრის ტანსაცმელი გვერდით გადავდე. საერთოდ, მოლში სიარული და ტანსაცმლის თვალიერება არ მიყვარს. რაღაც რომ მომეწონება, პირდაპირ ვყიდულობ, რადგან უკვე წარმომიდგენია, ჩემს ტანზე როგორი იქნება. მაშინვე ვხვდები, რა მომიხდება და ვყიდულობ. ჩემს გარდერობს თანდათან ვაახლებ.

- შენი გარდერობის რამდენი პროცენტი გაქვს ათვისებული?

- ყოველთვის ვცდილობ, მრავალფეროვნად მეცვას. ამიტომ ისე არასდროს ხდება, რომ რაღაც ვიყიდო და გადავდო... შესაბამისად, ჩემი გარდერობის 100% ათვისებული მაქვს.

- გაიხსენე პირველი არდადეგები, რომელიც უფროსების მეთვალყურეობის გარეშე გაატარე...

- ალბათ წელს, როცა მე, ჩემი და და ბიძაშვილები პარიზში ვიყავით. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა მშობლებმა დამოუკიდებლად გაგვიშვეს - წადით, პირველი "გოგონების მოგზაურობა" მოიწყვეთ და შეირგეთო (იცინის). სხვათა შორის, ძალიან კარგი იყო. ჩვენი მშობლები 100%-ით გვენდობიან, რადგან საერთოდ, ოჯახის წევრებს კარგი ურთიერთობა გვაქვს. რაკი უკვე 21 წლის ვარ, პრობლემა არ აქვთ, რომ ვიმოგზაურო და ჩემი ოცნებები ავიხდინო...

- მშობლებთან ერთად მოგზაურობისას, რამეში შეზღუდული ხომ არ ხარ ხოლმე?

- არანაირი შეზღუდვა არ მაქვს. ჩემი მშობლები ისეთი თავისუფალი ადამიანები არიან და ორივესთან ისეთი მეგობრული ურთიერთობა მაქვს, რომ შემიძლია ვთქვა, - ჩემი საუკეთესო მეგობრები არიან. პირადად მე, მირჩევნია, მოგზაურობისას მშობლებიც ჩემთან ერთად იყვნენ... მსმენია, რომ ასეთ დროს ბევრი მეგობრობაც ინგრევა, რადგან ერთმანეთს ვერ ეწყობიან - მეგობარი მოგზაურობაში იცნობაო (იღიმის). ასეთი შემთხვევაც არ მქონია - ყველასთან ერთად მოგზაურობა ძალიან კარგი იყო, თუმცა მშობლებთან, ოჯახთან ერთად ყველაზე კომფორტულად ვგრძნობ თავს, სადაც უნდა ვიყო...

- მოგზაურობისას ქვეყნისთვის დამახასიათებელი სამზარეულო თუ იქცევს შენს ყურადღებას?

- საერთოდ, პრეტენზიული მჭამელი არ ვარ. სადმე რომ ჩავდივარ, მინდა, იმ ქვეყნის კულტურაში "თავით გადავეშვა" (იღიმის). მაგალითად, ახლა ასეთი შემთხვევა მქონდა: პარიზში ყოფნისას, ცნობილი ხახვის წვნიანი შევუკვეთეთ, რომელიც აღმოჩნდა, რომ თურმე, ჩვენს გემოვნებას არ შეესაბამება, თუმცა ვალდებული ვიყავით, გაგვესინჯა, რადგან პარიზში ვიყავით - ეს ჩემი ამოჩემება იყო (იცინის)... საკვებს დიდ ყურადღებას ვაქცევ: ჩემთვის მნიშვნელოვანია, კარგი და ხარისხიანი კერძები მივირთვა.

- ბათუმის გარდა, საქართველოში დასვენებას სად ამჯობინებ?

- საქართველოს ყველა კუთხე ძალიან მიყვარს. კახეთი ულამაზესია! სამეგრელოზეც ვგიჟდები, ისე მიყვარს, ასევე - სვანეთი, ყაზბეგი... თითქმის ყველა კუთხეში ვყოფილვარ. ვფიქრობ, მთაშიც და ბარშიც ისეთი სასწაული ბუნება და დასასვენებელი ადგილები გვაქვს, რომ ვერც ერთი ქვეყანა ვერ შეედრება, მაგრამ მაინც, პირველ ადგილზე ბათუმს დავასახელებ, რადგან იქ ჩემი სახლია.

- შეგიძლია, უცხოეთსა და საქართველოში არსებული მომსახურების ფასები და ხარისხი შეადარო?

- მიხარია, რომ საქართველოში მომსახურების ხარისხი ძალიან იხვეწება. სარესტორნო სფეროში მიმუშავია და ვიცი, რომ შეგვიძლია, მომსახურების მაღალი ხარისხის ფუფუნება გვქონდეს. ევროპის და აზიის ქვეყნებში შეგიძლია, კარგი და ცუდი მომსახურება ნახო, ასევე - დაბალი და მაღალი ფასები. საქართველოშიც ასეა: ადგილს, მომსახურების განვითარების საფეხურს გააჩნია. სადაც თავად ვმუშაობდი, იქ კარგი მომსახურება იყო, რადგან ყოველ კვირას "გვატრენინგებდნენ" - მომსახურებას გვასწავლიდნენ. ასეთი ტრენინგები უფრო ხშირად რომ ჩატარდეს, დარწმუნებული ვარ, საქართველოსთვის კარგი იქნება. ამ ტიპის ტრენინგები ევროპაშიც საჭიროა, რადგან საერთოდ, ამის გარეშე, მომსახურების სფეროს ხარისხი კარგი ვერ იქნება. მიმაჩნია, რომ საქართველოში ადეკვატური ფასებია. როგორც ტურისტები ამბობენ, ძალიან დაბალი ფასები გვაქვს, თუმცა რა თქმა უნდა, ეს შეფასება ადამიანის საშუალო ხელფასზეა დამოკიდებული. მაგალითად, პარიზი ტურისტული ადგილია და შედარებით ძვირია, კომოს ტბის მსგავსად, მაგრამ მაინც მისაღებია, რადგან მესმის, რომ ტურისტების გამო, ფასები გაზრდილია. როცა იქ მიდიხარ, ეს უნდა გაითვალისწინო. თუ არა და, ალტერნატიული დასასვენებელი ადგილებიც არსებობს: მაგალითად, თუ აუცილებლად საფრანგეთში წასვლა გინდა, შეგიძლია, სხვა ადგილას წახვიდე, ბიუჯეტურად იმოგზაურო... პარიზში მოგზაურობის დაგეგმვაც ისე შეგიძლია, რომ რაღაცნაირად, განსაზღვრულ ბიუჯეტში "ჩაჯდე"...

- ე.წ. საკურორტო რომანი თუ გქონია?

- არასოდეს, რადგან ეს ჩემი სტილი არ არის. უფრო სტაბილური, სერიოზული ურთიერთობები მიზიდავს. როცა უცხო ქვეყანაში ჩავდივარ, საკურორტო რომანზე არც ვფიქრობ, რადგან ჩემს სიამოვნებაზე, გოგონებთან ერთად გართობაზე, მშობლებთან ერთად დროის გატარებაზე ვარ კონცენტრირებული. რამდენიმედღიანი ურთიერთობებით დაინტერესებული არ ვარ.

- მოგზაურობისას რა გიქმნის კომფორტს?

- საერთოდ, კომფორტის მოყვარული ვარ, სიმშვიდე მიყვარს. მოგზაურობის დროს კლუბებში გართობა დიდად არ მიზიდავს. უფრო, ღირსშესანიშნაობების ნახვა, ქვეყნის კულტურის გაცნობა მომწონს...

- ბათუმში ცხოვრებისას, ზაფხულში რამდენი დღე გაგიტარებია ისე, რომ ზღვის სანაპიროზე არ გასულხარ?

- მაგალითად, შარშან ზღვაზე მხოლოდ რამდენჯერმე ვიყავი. საერთოდ, ბათუმელებს ზღვაზე სიარული დიდად არ გვიყვარს (იცინის). პირადად მე, აუზი მირჩევნია, ალბათ კომფორტის გამო. ზღვაც ძალიან მიყვარს. მაგალითად, ციხისძირში, სარფსა და გონიოში არის კომფორტული ადგილები და ზღვის სუფთა წყალი. ვცდილობ, ასეთ ადგილებში ვიარო...

- ალბათ აუზზე ყოფნისას, ახლა უფრო მეტად იქცევ ყურადღებას, რაც პოპულარული ხარ. ეს დისკომფორტს ხომ არ გიქმნის?

- არა. ვფიქრობ, ეს დისკომფორტს არასოდეს შემიქმნის, რადგან როცა გულშემატკივრები მოდიან, მათთან ერთად ფოტოების გადაღებას მთხოვენ, მათ თვალებში ისეთ გულწრფელობას და სიხარულს ვხედავ, რომ ძალიან მიხარია! მას არასდროს შევუწუხებივარ. გულშემატკივრებს ყოველთვის გულთბილად ვხვდები და შევხვდები, რადგან მათ ძალიან ვაფასებ.

rni-films-img-e35b8798-d357-4b27-807b-d4fa66fc8a4d-1686557469.jpg

- ბარგის ჩალაგება რამდენ ხანში შეგიძლია?

- ისეთი სპონტანური მოგზაურობები დამიგეგმავს, რომ ყველაფრის ჩასალაგებლად დაახლოებით ნახევარი საათი მეყოფა. თან გააჩნია, რამდენი დღით მივდივარ... ზუსტად ვიცი, რას, სად და როდის ჩავიცვამ.

- თბილისში მყოფი ზაფხულის სიცხისგან სად განიტვირთები?

- ახლა თბილისში ყოფნა გამოცდების გამო მიწევს. აქაც არის ადგილები, სადაც შეგიძლია ზაფხულის კურორტისთვის დამახასიათებელი გარემო შეიქმნა. ძირითადად, გამოცდებისთვის ვემზადები, ვვარჯიშობ და აუზზე დავდივარ.

- ზაფხულის გასატარებლად ოცნების ადგილი თუ გაქვს?

- ჯერჯერობით, მხოლოდ 5 ქვეყანაში ვარ ნამყოფი. მინდა ყველგან ვიმოგზაურო, ყველანაირი კულტურა ვნახო... ყველაზე მეტად მონაკო მომწონს და გეზი იქით მაქვს აღებული. აუცილებლად ვნახავ...

ეთო ყორღანაშვილი