"მისგან ვერანაირი სოლიდარობა ვერ დავინახე, როცა ხედავდა, ნიკო თავს როგორ მაყვარებდა..." - გზაპრესი

"მისგან ვერანაირი სოლიდარობა ვერ დავინახე, როცა ხედავდა, ნიკო თავს როგორ მაყვარებდა..."

სალომე უშხვანი პოპულარული სოციალურ ქსელში გახდა, "პრაიმ ჰაუსში" მონაწილეობამ კი მისი პოპულარობა კიდევ უფრო გაზარდა. პროექტში ყოფნისას სალომეს და "პრაიმ ჰაუსის" ერთ-ერთ ყოფილ მონაწილეს - ნიკოლოზ ქართველს ერთმანეთი შეუყვარდათ. ნიკოს ოჯახურ მდგომარეობასთან დაკავშირებული ეჭვების გაჩენის შემდეგ, ნიკო და მისი ყოფილი ცოლი - თაია ჭიჭინაძე ამტკიცებდნენ, რომ დაქორწინებულები აღარ იყვნენ. ახლახან თაიამ სოციალურ ქსელში სტატუსი გამოაქვეყნა, რომ სინამდვილეში ნიკოს ცოლი გახლავთ, მაგრამ რაკი ცოლიან კაცს "პრაიმ ჰაუსში" მოხვედრის ნაკლები შანსი ექნებოდა, ამიტომ სიმართლე დამალა, ახლა ნიკო კი მოღალატედ მიაჩნია...

ჩვენ სალომეს დავუკავშირდით, რომელსაც ნიკო კვლავ უყვარს და მასთან ურთიერთობას აგრძელებს.

- "პრაიმ ჰაუსში" შემთხვევით შევედი: ანკეტა შევავსე, მაგრამ ამ საკითხს სერიოზულად არ ვუყურებდი. ამ თემაზე ვხუმრობდი კიდეც... საერთოდ არ ველოდი, რომ პროექტის წარმომადგენლები დამირეკავდნენ, მაგრამ დამიკავშირდნენ...

- პროექტისგან რას ელოდი, როცა უკვე დაგიკავშირდნენ?

- იმ პერსპექტივებს და ბენეფიტებს, რაც ამ პროექტმა მომცა, თუნდაც - სარეკლამო კუთხით, ასევე - პოპულარობა... რატომღაც, იმედი არ მქონდა, რომ გავიმარჯვებდი. სადღაც იმ აზრს ვუშვებდი, რომ ფინალში ვიქნებოდი... უბრალოდ, გული დამწყდა, რომ ფინალში არ აღმოვჩნდი. კონკრეტულად მოგების ამბიცია არ მქონია. მინდოდა, პროექტში უფრო დიდხანს ვყოფილიყავი...

img-3467-1686557967.jpg

- ფიქრობ, რომ ამაში გარკვეულწილად, გრძნობებმა შეგიშალა ხელი?

- იცით, რა ხდება? გრძნობებმა კი არა, ზუსტად იმ ტყუილმა შემიშალა ხელი, რაშიც პროექტში ყოფნისას გავეხვიე, რადგან მყარი პოზიცია დავკარგე: ვიყავი ქალი, რომელსაც სჯეროდა, რომ ნიკოს ცოლი ჰყავდა. შემდეგ გამოდიოდა ნიკოს ცოლი და ამბობდა, - ჩვენ ერთად არ ვართო... ეს იყო პოზიციის შეცვლა, რამაც პროექტი დამაკარგვინა, ეს მიუღებელი იყო როგორც მაყურებლებისთვის, ისე მონაწილეებისთვის. უკვე ყველა ფიქრობდა, რომ პროექტში ვთამაშობდი. ნიკოს და თაიას ტყუილებში თავად ავიხლართე. აქედან გამომდინარე, საკუთარი თავი დავკარგე. ვფიქრობ, დღეს "პრაიმ ჰაუსში" ზუსტად ამიტომ არ ვარ.

- ნიკოს ცოლის მიერ სტატუსის გამოქვეყნების შემდეგ, სოციალურ ქსელში დაწერე, რომ ნიკოს მხარს უჭერ და გიყვარს. ამ საკითხზე ახლა რას ფიქრობ?

- ნიკოს ცოლის სიტყვები არაფერს შეცვლიდა. პირველ რიგში იმიტომ, რომ ზუსტად იმ მიზანს ემსახურებოდა, მე და ნიკო ერთად არ ვყოფილიყავით... ამ მხრივ მას ჩემგან ქალური სოლიდარობა ვერ ექნება, რადგან თავად მისგან ვერანაირი სოლიდარობა ვერ მივიღე, როცა ხედავდა, ნიკო თავს როგორ მაყვარებდა. ჩემი სიყვარული ცალმხრივი რომ ყოფილიყო და ნიკო მასთან დაბრუნებულიყო, მოგებულ ბინაში შესულიყო, დარწმუნებული ვარ, ამ შემთხვევაშიც, მისგან არანაირი სოლიდარობა არ მექნებოდა. იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ პარასკეობით, როცა პროექტიდან გავდიოდით, ჩემზე ხარხარებდა, რადგან მან ნიკოს დაუჯერა, თითქოს "ფეიკ" წყვილი გავითამაშეთ და პროტესტი საჯაროდ არ გამოხატა. როგორც ამბობს, პროტესტი კულისებში, ნიკოსთან დააფიქსირა, მაგრამ ჩემთან ეს არ გაუკეთებია, როცა მთელი საქართველოს წინაშე გავყვიროდი და სიმართლის გაგება, 1 ფრაზა მჭირდებოდა: - კი, ცოლი ვარო და მანდ ყველაფერი დასრულდებოდა, გასაყოფი აბსოლუტურად არავის არაფერი ექნებოდა, მაგრამ როცა დაინახა, ნიკოს ჩემ მიმართ გრძნობა რეალურად გაუჩნდა, ახლა იმას მედავება, რომ მას ქმარი "ავახიე". მეც ქალი ვარ და სოლიდარობა მეც მჭირდებოდა, მაგრამ მისგან მხოლოდ დუმილი მივიღე, სხვა არაფერი.

img-3348-1686557986.jpg

- ნიკოს ცოლი სტატუსში წერს, რომ ნიკოს არავინ უყვარს და როცა დასჭირდება, ის ყველას გაყიდის...

- ეგ თაიას სუბიექტური აზრია და შეუძლია, საკუთარ აზრზე იყოს. ნიკოს გრძნობების მჯერა... არ მინდა, სხვანაირად გამომივიდეს, მაგრამ ვფიქრობ, პრობლემების წინაშე ქალები უფრო ძლიერები ვართ, ვიდრე კაცები: კაცები ყოველთვის გაქცევას ან რაღაცების მშვიდად მოგვარებას ცდილობენ. თან, ალბათ ნიკოს შეეშინდა, რადგან ამ გოგოს მძიმე ემოციური ფონი ჰქონდა და ამ ყველაფერს მძიმედ გადაიტანდა. ამიტომ სიმართლის თქმა გაწელა და გაწელა, რასაც აბსოლუტურად არ ვეთანხმები: რაც უნდა მტკივნეული ყოფილიყო, თავიდანვე უნდა ეთქვა, სიმართლის ცოდნის უფლება ორივეს გვქონდა, მე - პროექტში მყოფს, თაიას კი - პროექტს მიღმა. როგორც ნიკო ამბობს, იყო შანტაჟის მცდელობები, რაღაც მუქარები, მანიპულაციები... ფიქრობდა, ყველაფერი მშვიდად ჩაივლიდა და ამ თემას რაღაცნაირად, შეაპარებდა. ეს ნაბიჯი ვერ გადადგა... ამიტომ ვამბობ, - პრობლემების წინაშე კაცები უფრო სუსტები არიან, ვიდრე ქალები-მეთქი... ისეთი ქალი არ ვარ, ვისაც შეუძლია, კაცს 5 ან თუნდაც, 1 საყვარლის ყოლა აპატიოს. ყველაფერ ამაზე ნიკოსთან ნასაუბრები მაქვს. შემიძლია ურთიერთობა დავასრულო, თუ მამაკაცს ჩემ მიმართ უპატივცემულობას შევამჩნევ. ასე რომ, საკუთარ თავზე პასუხისმგებლობას ვიღებ, რომ ნიკოს შეცდომის შემთხვევაში (რა აზრსაც სხვები უშვებენ), მასთან დაშორებას ცივილიზებულად შევძლებ.

- რამ მოგხიბლა ნიკოში, როგორ შეგიყვარდა?

- თავიდანვე ვამბობდი, რომ პროექტში არსებულ სტრესულ სიტუაციაში ნიკო ის ადამიანი იყო, ვისთანაც სიმშვიდეს ვპოულობდი და თავს კარგად ვგრძნობდი, მძიმე სიტუაციებში - მას ვეყრდნობოდი. პირველ რიგში, ისე დავუახლოვდი, როგორც ადამიანს - თავდაპირველად ნიკოს მიმართ გრძნობები არ მქონდა, მაგრამ მერე "სხვანაირი თვალით" შევხედე... ჩემს შემთხვევაში, ყველაფერი ეტაპობრივად დაიწყო - თანადგომით და მის მიერ გულთბილი დამოკიდებულების გამოხატვით...

- როგორც თაიას სტატუსიდან ირკვევა, მას და ნიკოს ფინანსური კეთილდღეობის მიღწევა სურდათ და სიცრუეზე დაფუძნებული სცენარიც ამას მოჰყვა... როგორ ფიქრობ, ფინანსურ სიძნელეებს შენ და ნიკო როგორ გაუმკლავდებით?

- მგონია, ერთად უფრო ბევრს მივაღწევთ, ვიდრე ცალ-ცალკე. შეიძლება ჩვენი იდეები გავაერთიანოთ და რაღაც ერთობლივი საქმე წამოვიწყოთ, ამასაც არ გამოვრიცხავ.

- შეძელი, რომ შვილები იმ აჟიოტაჟისგან დაგეცვა, რაც შენი და ნიკოს ურთიერთობას მოჰყვა?

- ჩემს შვილებს ნიკო ძალიან უყვართ. მგონი, ეს არაერთ ვიდეოში გამოჩნდა. სულ მეკითხებიან, - ნიკო სადაა, როდის მოვა? მასზე ცუდი არაფერი თქვაო. შემიძლია გითხრათ, რომ ნიკოს "სექტანტები" არიან (იცინის)... ძალიან გულთბილია. ბავშვებს ისე უყვართ, რომ უმნიშვნელო კონფლიქტშიც ნიკოს პოზიციას იჭერენ.

- თავად როგორ ახერხებ ხალხის ნაწილის ნეგატიურ შეფასებებთან გამკლავებას?

- ნეგატიური ხალხი ყოველთვის "მეორე მხრიდანაა" და ყოველთვის "ფეიკები" არიან. პროექტის შემდეგ უამრავი კარგი ადამიანი გავიცანი; ემიგრაციიდან ჩემს გასაცნობად ჩამოდიან, ბევრი თავისთან მეპატიჟება... ამაზე დიდი ბედნიერება არაფერია! თუნდაც ამ სკანდალის შემდეგ, უამრავი მესიჯი მივიღე. თუკი ვინმეს უნდოდა, ჩემთვის "ჩაერტყა", დღეს მადლობას ვუხდი, რადგან "ჩამარტყეს" კი არა, უფრო მეტი მხარდამჭერი შევიძინე - ადამიანები, რომლებმაც სიმართლე დაინახეს.

- თითქოს პროექტამდე სხვა მამაკაცთან ურთიერთობაში იყავი - ამის შესახებ "პრაიმ ჰაუსის" დაწყებამდე, ერთ-ერთ გადაცემაში თქვი...

- კი, ნამდვილად ვთქვი, რადგან არ მინდოდა, პროექტში ვინმესთან ერთად წყვილში ვყოფილიყავი - ეს თემა თავიდანვე გამოვრიცხე. ამის შესახებ ერთ-ერთ მონაწილესაც ვუთხარი (მგონი, მაშინ, როცა კასტინგიდან ვბრუნდებოდით): ესა და ეს უნდა ვთქვა ამა და ამ მიზეზის გამო-მეთქი. მოკლედ, კულისებში წინასწარ ნათქვამი მქონდა, რომ არავისთან ურთიერთობას არ ვაპირებდი, მაგრამ შემდეგ ეს გაუთვალისწინებელი რაღაც მოხდა (იცინის).

- თაიამ იმ ადამიანის გვარი ახსენა, ვინც თითქოს პროექტში შესვლამდე, შენი პარტნიორი იყო...

- ეს სრული აბსურდი და ცილისწამებაა ისევე, როგორც ის შეთხზული სისულელე, თითქოს დუბაიში ვიღაც მელოდებოდა და მასთან ერთად გავიპარებოდი. ნიკო 24/7-ზე ჩემთან ერთად იყო...

- როგორც მახსოვს, ნიკომ შენ შესახებ თქვა, - როცა დავინახე, ისეთი ლამაზი იყო, ტელეწამყვანი მეგონაო...

- კი, ასეთი რამ პროექტის მონაწილე სამმა ბიჭმა მითხრა, - სანამ ერთმანეთს გავიცნობდით, ჟურნალისტი გვეგონეო...

- ტელეწამყვანობაზე გიფიქრია?

- არათუ მიფიქრია, არამედ - ერთი პერიოდი, ოცნებადაც მქონდა... ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ჩაბარება ძალიან მინდოდა, თუმცა გერმანისტიკაზე მოვხვდი. შემდეგ რაღაცები აირია და არქეოლოგიურზე დავრჩი, თუმცა ჩემი სურვილი არქეოლოგობა არ ყოფილა. არშემდგარი არქეოლოგი ვარ: დედაჩემის ჯანმრთელობის პრობლემის გამო, მხოლოდ პირველი კურსი დავხურე. 30%-იანი დაფინანსებით ვსწავლობდი, 70%-ის გადახდა თავად გვიწევდა, რაც ვეღარ შევძელი და სწავლა ვერ გავაგრძელე, მერე გავთხოვდი კიდეც...

- როდის გააცნობიერე, რომ ლამაზი გოგო ხარ?

- თავის მოვლა ყოველთვის მომწონდა. შეიძლება, ბევრი რამ გადავდო, მაგრამ გარეგნობა ჩემთვის ყოველთვის მნიშვნელოვანია. არ ვფიქრობ, რომ ულამაზესი ქალი ვარ, მაგრამ ცუდი გარეგნობის ნამდვილად არ გახლავართ (იცინის)... თვითშეფასებას რაც შეეხება, არ ვიცი, ამ ფაქტმა ამიმაღლა თუ უხერხულად მაგრძნობინა თავი: როცა წინამო შევიჭერი, მაკა ასათიანთან ჩემი მსგავსების შესახებ ლაპარაკი დაიწყეს. ერთი პერიოდი, თავს ძალიან უხერხულად ვგრძნობდი, რადგან ჩემთვის მაკა ასათიანი საქართველოში ყველაზე ლამაზი ქალია, თუმცა ამ ფაქტმა ჩემზე დადებითად იმოქმედა, რა თქმა უნდა.

- მაკა ასათიანთან მსგავსება პირველად თავად შენიშნე თუ?..

- არა, ამის შესახებ ახლობელმა ქალმა მითხრა, მერე უკვე სხვებისგანაც "წამოვიდა"... ეს ყველაფერი წინამომ გამოიწვია, თორემ მანამდე ჩემთვის მსგავსი არაფერი უთქვამთ.

- განქორწინების შემდეგ სერიოზულად გყვარებია?

- კი, მყვარებია. საერთოდ, ოდესმე რა ურთიერთობაშიც ვყოფილვარ, ჩემი მიზეზით არც ერთი არ დასრულებულა. ამიტომ, ცოტა არ იყოს, კაცების მიმართ სკეპტიკურად განწყობილიც კი ვიყავი, თუმცა ნიკოს შემთხვევაში, ყველაფერი რადიკალურად შეიცვალა, რადგან მან ჩემში, პირველ რიგში, ადამიანი დაინახა, შემდეგ ალბათ, გარეგნობა.

- თუმცა წეღან ვახსენეთ, ნიკო შენი გარეგნობით დანახვისთანავე რომ აღფრთოვანდა. მგონი, ჯერ მაინც შენი გარეგნობა მოეწონა, არა?

- კარგი. შეიძლება (იცინის), თუმცა ადამიანობა არანაკლებად მოეწონა, ამიტომ ის უფრო მეტად დავაფასე.

- ნიკო რამდენჯერმე იყო ქორწინებაში. რა გაძლევს საფუძველს, რომ თქვენი ურთიერთობა მყარი იქნება?

- 2 ოფიციალური ურთიერთობა ჰქონდა, მე ეს ინფორმაცია მაქვს. შეიძლება ვცდები, არ ვიცი (იცინის)...

img-2633-1686558003.jpg

- ფიქრობ, შეიძლება, ახალი "სიურპრიზი" გამოჩნდეს?

- ამისთვის მზად ვარ. პროექტში ჩემთან ასე არ უნდა ეთამაშათ. ისეთი ქალი არ ვარ, რომელსაც შესაძლოა, ასე ეთამაშონ... ალბათ ყველა იმას მოიმკის, რასაც დასთესს. თუ შეცდომას დავუშვებ ან ჩემთან ურთიერთობაში ნიკო დაუშვებს რაიმე შეცდომას, როგორც ვთქვი, შეგვეძლება, ურთიერთობა ცივილიზებულად დავასრულოთ, ყოველგვარი სკანდალისა და აყალმაყალის გარეშე... ნდობის საფუძველს ჩემ მიმართ ნიკოს დამოკიდებულება მაძლევს: შემიძლია, განვასხვაო, თუ როგორ უყურებს ქალს უბრალოდ, მოხიბლული მამაკაცი და როგორ - შეყვარებული, თუმცა ნდობასთან დაკავშირებით, უპირველეს ყოვლისა, მაინც ჩემს შვილებთან ნიკოს დამოკიდებულებას დავასახელებ.

- ნიკოს შვილთან თავად როგორი დამოკიდებულება გაქვს?

- ძალიან ვნერვიულობ, რადგან რეალურად, ოთოს ჯერ არ შევხვედრივარ. განვიცდი, რადგან არ ვიცი, როგორ მიმიღებს. წინასწარ შფოთი მაქვს, მაგრამ ძალიან ადამიანური, კარგი, გულთბილი ბავშვიაო და ეს მამშვიდებს. მის გაცნობას ამ დღეებში ვაპირებ. უბრალოდ, ამ სკანდალის ფონზე, მისი ნახვა არ მინდოდა. ვფიქრობ, თავს ისე ვერ გავაცნობდი, როგორიც რეალურად ვარ...

- სალომე, სოციალურ ქსელში შენი ფსევდონიმი სერიალის - "ვამპირის დღიურების" უარყოფითი პერსონაჟის სახელი - კატერინა პეტროვა იყო, რამაც კითხვები გააჩინა...

- კი. მახსოვს, ბინის ქირაობა მინდოდა და ჩემ შესახებ თქვეს, - სოციალურ ქსელში "კატერინა პეტროვა" რატომ უწერია? რუსია, არ შევუშვათო (იცინის). როგორც ჩანს, სერიალი ნანახი არ ჰქონდათ... "ვამპირის დღიურები" და ეს პერსონაჟიც ძალიან მომწონდა - ის ერთი ნაბიჯით ყოველთვის ყველაზე წინ იყო. მისი ძლიერი მხარე მომწონდა და არა - ბოროტება.

- ახლა შენი ყოველდღიურობა როგორია?

- პროექტიდან როგორც კი გამოვედი, ისეთი გულთბილი დამოკიდებულება ვიგრძენი გარეთ, ისეთ დადებით ემოციებს ვიღებდი (რაც დღემდე ასეა), რომ პროექტის გარეთ ყოფნა ჩემთვის არანაკლებ სასიხარულოა. რეკლამის მხრივ, გარკვეული შემოთავაზებები გვაქვს. ვფიქრობ, სოციალურ ქსელში უფრო მეტად აქტიური უნდა ვიყო, უფრო მეტად ვიმუშაო, რომ ეს ყველაფერი სამომავლოდ, ჩვენთვის გამოვიყენო. მინდა იმ მაყურებელზე "მორგებულიც" ვიყოთ, ვისაც ჩვენი ცხოვრება აინტერესებს და გვგულშემატკივრობს.

ეთო ყორღანაშვილი