ლიკა რობაქიძე-ხვინგია - მუსიკოსი და მოდელი, რომელმაც "ღმერთისგან კომპლიმენტი სამჯერ მიიღო" - გზაპრესი

ლიკა რობაქიძე-ხვინგია - მუსიკოსი და მოდელი, რომელმაც "ღმერთისგან კომპლიმენტი სამჯერ მიიღო"

„...ალბათ გსმენიათ ასეთი გამონათქვამი: "თუ ღმერთს სურს ქალს უთხრას კომპლიმენტი, მას ქალიშვილს ჩუქნის“. თუ ასეა, მე ღმერთისაგან სამჯერ მივიღე კომპლიმენტი, რადგან სამი ულამაზესი ქალიშვილის დედა გავხდი: მყავს არიადნა, ლედი და ანჟელა. სახელები სპექტაკლებში, ჩემ მიერ ნათამაშები როლებიდან დავარქვი. ერთ-ერთი - ლედი ხვინგია ორი სილამაზის კონკურსის ტიტულიანი გამარჯვებულია: "მის იმერეთი“ და პირველი "მის საქართველოა“... - ამბობს საქართველოს პირველი თაობის მოდელი, უმშვენიერესი ლიკა რობაქიძე-ხვინგია, რომელიც ამჟამად ამერიკაში იმყოფება...

- ჩემმა მშობლებმა ერთმანეთი ოდესაში გაიცნეს და მეც იქ დავიბადე. დედა წარმოშობით პოლონელი თავადი - კლავდია ჟურავსკაია იყო. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ დედა და ბებია ოდესაში ცხოვრობდნენ, სადაც ბაბუას ბიზნესი ჰქონდა... ჯერ კიდევ პატარა ვიყავი, როდესაც მშობლები ერთმანეთს დასცილდნენ და მამამ საქართველოში წამომიყვანა.

- მამათქვენი პროფესიით ვინ იყო?

- სამთო ინჟინერი იყო და ტყიბულში დასახლდა, შახტაში ინჟინრად მუშაობდა. მამის მხრიდანაც კარგი წარმომავლობა მაქვს, რადგან რობაქიძე ვარ და ამ გვარის შესახებ გრიგოლ რობაქიძეს "გველის პერანგში" არაჩვეულებრივად აქვს გადმოცემული. სხვათა შორის, გრიგოლი მამას ნათესავი იყო და მათ შორის ფიზიკური მსგავსებაც იყო... მოკლედ, დედ-მამის დაშორების შემდეგ ტყიბულში ვიზრდებოდი. ალბათ, როგორც ყველას, მეც მხიარული და კარგი ბავშვობა მქონდა. ქალაქში ბევრი სხვადასხვა ეროვნების ადამიანი ცხოვრობდა. შესაბამისად, ჩემი კლასიც საკმაოდ ინტერნაციონალური იყო. ვერ ვიტყვი, რომ ხუთოსანი ვიყავი, მაგრამ ბეჯითი ნამდვილად გახლდით.

სკოლის დასრულების შემდეგ გადავწყვიტე, სწავლა სამუსიკო სასწავლებელში, ვოკალის განხრით გამეგრძელებინა, მიუხედავად იმისა, რომ მამას სურვილი იყო ექიმი გამოვსულიყავი. ამ შემთხვევაში, ეტყობა, დედის გენეტიკამ მძლია, რადგან დედა ოდესის თეატრის მსახიობი გახლდათ. სწავლის გასაგრძელებლად ქუთაისში წამოვედი და ბალანჩივაძის სახელობის სამუსიკო სასწავლებელში ჩავაბარე, სადაც ჩემი ვოკალის პედაგოგი არაჩვეულებრივი პიროვნება და საქმის პროფესიონალი - ალექსანდრე მამუკელაშვილი იყო. ბატონი ალექსანდრე თქვენი თაობისათვის კარგად ცნობილი კალათბურთელის - სანდრო მამუკელაშვილის ბაბუა გახლდათ. სანდროს ბებიაც ჩვენი სასწავლების პედაგოგი, პიანისტი დალი გელოვანი იყო...

სწორედ სასწავლებელში, ერთ-ერთი კონცერტის დროს გავიცანი ჩემი მომავალი მეუღლე, ქუთაისელი ომარ ხვინგია. თუმცა, მაშინ ამ ნაცნობობას დიდი ყურადღება არ მივაქციე, რადგან გრანდიოზული სამომავლო გეგმები მქონდა... სასწავლებლის დამთავრებას თბილისის კონსერვატორიაში ჩაბარება მოჰყვა, აქ კი ჩემი პედაგოგი უკვე პროფესორი მედეა გაბუნია იყო, რომელმაც ბევრი კარგი ვოკალისტი აღზარდა. სწორედ კონსერვატორიაში სწავლის დროს, როდესაც მეორე კურსზე ვიყავი, სამხატვრო აკადემიიდან მოვიდნენ მოდელების შესარჩევად. ალბათ გსმენიათ, რომ მაშინ არც სამოდელო სააგენტოები იყო საქართველოში და არც რაიმე სახის კონკურსი იმართებოდა. მოდელებს ასე, სხვადასხვა სასწავლებელში, სტუდენტებს შორის ეძებდნენ. შემიძლია დავიკვეხნო, რომ იმ წელს კონსერვატორიიდან მხოლოდ მე შემარჩიეს და ასე დავიწყე მუშაობა "პირიმზეში" - სწორედ ეს იყო ის ადგილი, რომელიც ქართველ მანდილოსნებს ლამაზ სამოსს სთავაზობდა. პოდიუმზე სიარული იქ შეგვასწავლეს და ყოველ შაბათ-კვირას ჩვენება იმართებოდა, რომელსაც ყოველთვის უამრავი მაყურებელი ჰყავდა. იმ დროისათვის საკმაოდ კარგი ანაზღაურება - 75 მანეთი მქონდა, მაგრამ იქვითებოდა, რამაც ძალიან გამაკვირვა: ხელფასიდან 3 მანეთი უშვილობის მექვითებოდა... მაშინ მე, სტუდენტ გოგოს მიკვირდა, როგორ შეიძლება ეს დაქვითვა არსებობდეს-მეთქი? მიმაჩნდა, რომ ჯერ ნამდვილად არ ვიყავი მზად დედობისთვის. იქვე გამოდიოდა ჟურნალი "პირიმზე" და ამ ჟურნალისათვის ხშირად იმართებოდა ფოტოსესიები.

- ოჯახი როდის შექმენით?

- როგორც უკვე გითხარით, მომავალი მეუღლე ჯერ კიდევ ქუთაისში გავიცანი. ჩვენი რომანი საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა... სწავლის დასრულების შემდეგ მუშაობა "მუსკომედიის" თეატრში დავიწყე. ამ დროის მანძილზე, მე და ჩემს მომავალ მეუღლეს მუდმივად გვქონდა კონტაქტი და ჩვენ შორის დიდი გრძნობაც გაჩნდა. ის ხშირად ესწრებოდა ჩემს სპექტაკლებს და წარმოდგენის შემდეგ უზარმაზარი თაიგულებითაც მანებივრებდა. თუმცა, მის გარემოცვაშიც აღმოჩნდნენ "კეთილისმსურველები“, რომლებმაც მისი მშობლების წინაშე უარყოფითად წარმომაჩინეს. საუბარი იყო იმაზე, რომ მე, პროფესიით მსახიობი, თანაც არა "სუფთა" ქართველი, ვერ ვიქნებოდი კარგი მეუღლე და ჩვენი ოჯახი მალე დაინგრეოდა. ჩემი მეუღლის დედისათვის მსგავსი რამეების მოსმენა, ბუნებრივია, არ იყო სასიამოვნო და ის ამ ქორწინებას ეწინააღმდეგებოდა. მეც ვიცოდი ამის შესახებ და შესაბამისად, შეყვარებული კაცის შემოთავაზებას დიდხანს არ ვთანხმდებოდი. ჩვენი სასიყვარულო რომანი ქორწინებით მხოლოდ 10 წლის შემდეგ დაგვირგვინდა, როდესაც ჩემი მეუღლის მშობლები გარდაიცვალნენ. აქვე, იმასაც ვიტყვი, რომ იმ "კეთილისმსურველების" პროგნოზები არ გამართლდა და მათდა სამწუხაროდ, ჩვენ ძლიერი, ლამაზი, მხიარული და მყარი ოჯახი შევქმენით. შემიძლია იმითაც დავიკვეხნო, რომ ჩვენს ქალაქში ჩვენი ოჯახი ერთ-ერთი საკმაოდ ცნობილი და სამაგალითოა.

- როგორი დედა ხართ?

- ყოველთვის ძალიან აქტიური დედა ვიყავი. მუშაობის პარალელურად ყოველთვის ვპოულობდი დროს, რომ ისინი გამეკონტროლებინა და მათთვის ყურადღება არ მომეკლო. ამასთან, სამივე დამყავდა მუსიკაზე, სპორტსა თუ სხვადასხვა წრეზე... ჩემმა სამივე შვილმა სამუსიკო სასწავლებელი და კონსერვატორია ვიოლინოს განხრით დაამთავრეს. მუსიკალურ საკრავებს შორის ყოველთვის განსაკუთრებულად მიყვარდა ვიოლინო. თუმცა, ეს ალბათ, გასაკვირიც არ არის, რადგან ცნობილია ოდესელების ვიოლინოსადმი განსაკუთრებული სიყვარული. შემდეგ გოგონებმა სხვადასხვა მიმართულებითაც მიიღეს განათლება და ამჟამად არიადნა ბათუმში ცხოვრობს, ოჯახთან ერთად და კერძო სექტორში საქმიანობს. ლედიმ მუსიკალური განათლების გარდა, ჟურნალისტიკაზეც ისწავლა, სოციალურ მეცნიერებათა მაგისტრია და ამჟამად საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებით საქმიანობს. ანჟელა კი მეუღლესთან ერთად ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს და აქვე საქმიანობს. არის მუსიკალური აკადემიის პედაგოგი და უკრავს სიმფონიურ ორკესტრში.

ერთი ამბავი მინდა გავიხსენო: კონსერვატორიის სტუდენტი ვიყავი და მაშინდელ პლეხანოვზე ვსეირნობდი. მომიახლოვდა პიროვნება, რომელმაც მითხრა, რომ ჩემი სიარულის მანერა ძალიან მოეწონა და კინოსტუდიაში სინჯებზე მისვლას მთავაზობდა. ეს პიროვნება ცნობილი რეჟისორი ოთარ იოსელიანი იყო. რამდენიმე დღეში კინოსტუდიაში გამოვცხადდი და ფოტოსესიებიც ჩამიტარდა. ამას მოჰყვა ის, რომ ფილმში "გიორგობის თვე" ეპიზოდური როლი ვითამაშე. კინოსფეროში მქონდა სხვა წინადადებებიც, მაგრამ არჩევანი ოჯახის სასარგებლოდ გავაკეთე.

344798312-1005253290636263-7366951894111634350-n-copy-1686558320.jpg

- როგორც ვიცი, პოდიუმზე გავლა შვილებსაც თქვენ ასწავლეთ...

- ჩვენ ხშირად გამოვდიოდით სცენაზე და რამდენჯერმე საოჯახო კონცერტიც გავმართეთ. მე ვმღეროდი და გოგონები ვიოლინოზე მიკეთებდნენ აკომპანემენტს; გვქონდა ცალ-ცალკე სოლო ნომრებიც. ამ კონცერტების მერე ჩემი მეუღლე ძალიან ბედნიერი და ამაყი იყო. ამასობაში ქუთაისში გამოჩნდნენ დიზაინერები, რომლებმაც ჩვენებების მოწყობა გადაწყვიტეს. ჩემი სტუდენტური პერიოდის გატაცება, მოდელობა სწორედ აქ გამომადგა. ლედის და ანჟელას, რომლებმაც ამ პოდიუმზე გამოსვლის წინადადებები მიიღეს, თავად ვამეცადინებდი. უფრო მეტიც, 90-იან წლებში ქუთაისში საერთაშორისო სტუდენტური ფესტივალი გაიმართა, სადაც მონაწილეობას ქუთაისის წერეთლის სახელობის უნივერსიტეტიც იღებდა. საკონკურსო მოთხოვნებში მოდის ჩვენებაც შედიოდა. უნივერსიტეტის დიზაინის ფაკულტეტის სტუდენტების ნამუშევრები, ამავე უნივერსიტეტის სტუდენტმა წარადგინეს და ისინი პოდიუმზე გამოსასვლელად სწორედ მე მოვამზადე. ამაყი ვარ, რომ იმ წელს ჩვენმა უნივერსიტეტმა გაიმარჯვა და ამაში ჩემი პატარა წვლილიც იყო.

- ამდენს როგორ ასწრებდით?

- იცით, რომ ოჯახი დიდ შრომასა და პასუხისმგებლობას მოითხოვს. ამასთან, სიყვარულია ის უძლიერესი საძირკველი, რომელზეც მყარი ოჯახი იქმნება. მე ნამდვილად განებივრებული ვიყავი იმით, რომ მყავდა მეუღლე, რომელსაც ძალიან ვუყვარდი და პატივს მცემდა. ჩვენი ოჯახი სიყვარულსა და ურთიერთპატივისცემაზე იყო და არის აგებული. მე ყოველთვის მასულდგმულებდა სიყვარული ჩემი ოჯახისადმი და მეუღლისა და შვილების სიყვარული ჩემდამი. თანაც, ხომ იცით, ოჯახს აძლიერებს არა ოჯახის წევრთა რაოდენობა, არამედ რიტუალები, ერთობლივად შექმნილი წესები, საერთო მოგონებები, მზრუნველობა და სიყვარული, რომელსაც ერთმანეთისადმი ვავლენთ და რა თქმა უნდა, მომავლის იმედები. რაც უნდა კარგი და სარფიანი წინადადებები გქონდეს, ერთ მშვენიერ დღეს ხვდები, რომ ოჯახზე მნიშვნელოვანი არაფერია! ჯერ ის ოჯახი, სადაც დაიბადე და შემდეგ ის, რომელიც თავად შექმენი.

345073595-207998125511824-8279181804544971583-n-1686558335.jpg

- რას ფიქრობთ თანამედროვე მოდაზე?

- მოდის სამყარო ყოველდღიურად ვითარდება და ასეც უნდა იყოს. რა თქმა უნდა, არიან თანამედროვე საინტერესო დიზაინერები, რომლებიც მომწონს. მოდის სამყაროში დიდი გარღვევა ქართველმა დიზაინერებმაც მოახდინეს და ამით ამაყი ვარ. თუმცა, მე მაინც კლასიკა მიყვარს და მოდის ინდუსტრიაში ჩემი კერპი იყო და იქნება კოკო შანელი, თავისი ლაკონიური პიჯაკებითა და აქსესუარებით.

- როგორია თქვენი დღევანდელობა?

- ჩემი დღევანდელობა ჩემს გოგონებზე ფიქრი და ზრუნვაა: ხან უფროსს ვსტუმრობ, რომელიც ბათუმში ცხოვრობს, ხან მეორეს, რომელიც თბილისშია და შედარებით ხანგრძლივი ვიზიტებით ამერიკაში ჩავდივარ მესამესთან. ძალიან მომწონს ამერიკული ყოფა. აღფრთოვანებული ვარ ამ ადამიანებით. თბილი, ყურადღებიანი და სტუმართმოყვარეები ყოფილან. აქ დიდ პატივს სცემენ უფროს თაობას. საერთოდ, ამერიკა შესაძლებლობების ქვეყანააო, ამბობდნენ და აქ ვიზიტების შემდეგ დავრწმუნდი, რომ ნამდვილად ასეა; თან, ნებისმიერ ასაკში შეგიძლია აქ წარმატებას მიაღწიო, მთავარია იყო შრომისმოყვარე. სხვათა შორის, ენა რომ მცოდნოდა, სამოდელო კარიერის გაგრძელებას შევძლებდი, რადგან ვიცი, არის სხვადასხვა სააგენტო, რომლებიც სწორედ ამ მიმართულებით მუშაობენ. მაგრამ აქ მხოლოდ დასასვენებლად ჩამოვდივარ. ხშირად ვმოგზაურობთ სხვადასხვა ქალაქში, თუმცა განსაკუთრებულად მიყვარს ჩიკაგო. ამ შემთხვევაში ალბათ, თეოდორ დრაიზერის ნაწარმოებების ზეგავლენაც არის, რომელიც ყოველთვის მომწონდა. ის წერდა, რომ "ბოლოს და ბოლოს, ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი თავად ცხოვრებაა“. კარგი იქნება, თუ ჩვენს ცხოვრებას ლამაზად და საინტერესოდ გავატარებთ.

მანანა გაბრიჭიძე