"შერიგებისკენ პირველი ნაბიჯის გადადგმა ძნელია, მაგრამ მაინც ვახერხებ" - გზაპრესი

"შერიგებისკენ პირველი ნაბიჯის გადადგმა ძნელია, მაგრამ მაინც ვახერხებ"

ვისაც რუსუდან ბოლქვაძე სცენაზე უნახავს, აღიარებს, რომ ის ყველა როლს დიდი სიყვარულით და რუდუნებით ასრულებს. როგორც თავად ამბობს, მისთვის ნებისმიერი როლი საინტერესო და სასურველია. მთავარია, კარგ სპექტაკლში, საინტერესო რეჟისორთან იმუშაოს. როგორც რეჟისორმა, ბედი თვითონაც სცადა: უკვე 4 სპექტაკლი აქვს დადგმული...

- როგორ გახსენდებათ თქვენი ბავშვობა - წლები, რომელიც ნებისმიერი ადამიანისთვის ძვირფასი და განუმეორებელია?

- ძალიან ლამაზი, ტკბილი ბავშვობა მქონდა. ალბათ იმიტომ, რომ ბებია-ბაბუა მზრდიდნენ. სანამ ჩემი მშობლები სამსახურში იყვნენ, მე მათი მზრუნველობის ქვეშ ვიყავი. მამა სულ ცდილობდა, შაბათ-კვირას ქალაქგარეთ გავსულიყავით და ის შაბათ-კვირებიც ლამაზი სიზმარივით მახსენდება. საერთოდ, ჩვენს ოჯახში დიდი სიყვარული ტრიალებდა და ბავშვებიც ამ დიდ სითბოსა და სიყვარულში ვიზრდებოდით.

- მსახიობობა როდის გადაწყვიტეთ?

- ბავშვობიდან მინდოდა და ეტყობა, საამისო მონაცემებიც მქონდა: მახსოვს, უფროსებს ძალიან მოსწონდათ როგორ ვყვებოდი საინტერესო, სახალისო ამბებს. დასასვენებლად რომ წავიდოდით, ბავშვები აუცილებლად ვმართავდით სპექტაკლებს, თანაც, სკოლაშიც გვყავდა ძალიან კარგი ინგლისურის მასწავლებლები, რომლებიც სპექტაკლებს ინგლისურად დგამდნენ, ამ წარმოდგენებში მეც სიამოვნებით ვმონაწილეობდი. ასე, თანდათან დავინტერესდი სცენით და ამ ჯადოსნური სამყაროთი.

- ოჯახში თუ გქონდათ მსახიობობის ტრადიცია?

- ჩემს ოჯახში მსახიობი არავინ ყოფილა, მაგრამ მამაჩემის ბიძაშვილი იყო თამარ ბოლქვაძე - მუნჯი კინოს ცნობილი მსახიობი. მსახიობობა ხომ მინდოდა, მაგრამ ამის პარალელურად, არქეოლოგობაც მაინტერესებდა, ამიტომ, სკოლა ისე დავამთავრე, ბოლომდე არ ვიცოდი, სად ჩავაბარებდი. ეს საკითხი მარტივად გადაწყდა: თეატრალურ ინსტიტუტში გამოცდები უფრო ადრე იწყებოდა და მეც, საბუთები იქ შევიტანე. ასე გადავდგი პირველი ნაბიჯები თეატრისკენ, სცენისკენ... თეატრალურში ჩემი პედაგოგი იყო დიდი ქართველი რეჟისორი და პედაგოგი, ლილი იოსელიანი, რომელმაც საბოლოოდ განსაზღვრა ჩემი პროფესიული გზა და დიდი როლი შეასრულა ჩემს პიროვნულ ჩამოყალიბებაში. სწორედ იმ წლებში შევასრულე ჩემი პირველი როლები, რომელიც ძალიან თბილად და კარგად მახსენდება. ის წლები ბედნიერი და უსაზღვროდ საინტერესო იყო.

- გამორჩეული როლები თუ გაქვთ?

- ჩემთვის გამორჩეული სპექტაკლი იყო "ბნელ ოთახში", რომელიც სამი მოქმედებისგან შედგებოდა. პირველ ვოდევილში მოთხრობილი იყო ახალგაზრდა წყვილის ისტორია ბავშვობაში, მეორე მოქმედებაში უკვე ახლად შეუღლებულებს ვთამაშობდით და ბოლოს, მესამე მოქმედებაში - მოხუცი ცოლ-ქმრის ცხოვრება იყო ნაჩვენები. ამ სპექტაკლში 23 წლის განმავლობაში ვთამაშობდი ნინო ბურდულთან და თაზო თოლორაიასთან ერთად და მასთან დაკავშირებული ისტორიები ყველაზე საუკეთესო მოგონებაა ჩემს ცხოვრებაში. ჩემი როლის თამაში ალბათ არასდროს მომბეზრდებოდა, რადგან ყველა ვოდევილს თაზოს დაუშრეტელი იუმორი და ფანტაზია ამშვენებდა, ალამაზებდა. მერე ნინო გამოგვეთიშა და ლალი კეკელიძემ შეცვალა. ახლა თამაში ლალისთან ერთად დავიწყეთ. ერთხელ თაზო ავარიაში მოყვა და მძიმედ დაშავდა, ამიტომ, ორ ვოდევილში გია აბესალაშვილმა შეცვალა, მე კი ერთი სპექტაკლიც არ გამომიტოვებია - სულ ვთამაშობდი... სხვათა შორის, "ბნელ ოთახში" მაყურებელსაც ისე უყვარდა, როგორც ჩვენ - მსახიობებს. თაზო თოლორაია რომ გარდაიცვალა, მის გარეშე ეს სპექტაკლი ვეღარ წარმომედგინა და გააჩერეს. თაზო ცოცხალი რომ ყოფილიყო, ალბათ, ამ სპექტაკლს დღემდე ვითამაშებდით.

- საერთოდ, კომედიური როლები უფრო მოგწონთ თუ დრამატული?

- კომედია თუ დრამა? - ძნელი სათქმელია... მთავარია, საინტერესო იყოს. კომედიის თამაში ერთი შეხედვით ჩანს მსუბუქი და ადვილი, მაგრამ ეს საკმაოდ რთული ჟანრია, ასევეა დრამაც. ჩემთვის მთავარია, საინტერესო სამუშაო იყოს და ყველა ჟანრში დიდი ინტერესით ვიმუშავებ. კარგი მსახიობები და კარგი რეჟისურა კომედიასაც საინტერესოს ხდის და დრამასაც. მთავარია, უგემოვნოდ არ იყოს დადგმული, თორემ ორივე ჟანრი თავისებურად კარგი და საინტერესოა. სულ სხვა საქმეა, როცა მეკითხებიან, თეატრი უფრო "თქვენია" თუ კინოო - ჩემთვის თეატრი უპირველესია. რატომღაც მგონია, თეატრი ნებისმიერი მსახიობისთვის პირველ ადგილზე დგას. ცხადია, ეკრანებზეც უნდა გამოჩნდე, კინოშიც გადაგიღონ, კარგ სერიალშიც დიდი სიამოვნებით ვიმუშავებდი, მაგრამ თუ ვინმე მკითხავს, თავს სად უფრო კარგად გრძნობო? - ეს თეატრის სცენაა.

- თუ გაქვთ საოცნებო როლი, რომლის თამაში სულ გინდოდათ?

- ახლა არა, მაგრამ ახალგაზრდობაში ძალიან მინდოდა ანტიგონე მეთამაშა. მერე კი ცხოვრებაში "ვიანტიგონე" (იცინის). ამჟამად, საოცნებო როლი ნამდვილად არ მაქვს, მაგრამ თუ საინტერესო შემოთავაზება მექნება, უარს არ ვიტყვი.

- რა ადგილი უკავია თქვენს ცხოვრებაში ეკლესიას? ცრურწმენების თუ გჯერათ?

- მორწმუნეც ვარ და ეკლესიაშიც დავდივარ. იყო დრო, როცა წირვა-ლოცვაზე სისტემატურად ვერ დავდიოდი, მაგრამ ახლა ეკლესია სახლთან ახლოს მაქვს და წირვას ხშირად ვესწრები. ვფიქრობ, რომ ეს ადამიანისთვის მნიშვნელოვანი და აუცილებელია. რაც შეეხება ცრურწმენებს, მათი არც მჯერა და არც მეშინია. ადამიანი ეკლესიაში დადიოდეს და თან, შავი კატის ეშინოდეს, ეს ერთმანეთს გამორიცხავს. მიუხედავად ამისა, რაღაცები მაინც შემისრულებია, მაგრამ ეს უფრო მექანიკური ქმედება იყო და არა - ცრურწმენა.

- რას ვერ აპატიებთ თქვენთვის მნიშვნელოვან, ძვირფას ადამიანს?

- მე საერთოდ არ მიყვარს ტყუილი და ღალატი, მაგრამ მაინც ვცდილობ, ყველას ვაპატიო. ამის გამო, ზოგჯერ საკუთარ თავთან ჭიდილი მიწევს. ამას წინათ მქონდა მსგავსი შემთხვევა: თავს ძალა დავატანე და რასაც ადრე არავის ვაპატიებდი, ისეთი რამ ვაპატიე. პატიება პირველ ყოვლისა, ჩვენთვისაა კარგი, ის ძალიან სასარგებლოა. სხვათა შორის, ასაკთან ერთად, ადამიანებს უფრო ადვილად ვპატიობ. ცხადია, შერიგებისკენ პირველი ნაბიჯის გადადგმა ძნელია, მაგრამ მაინც ვახერხებ. თანაც, გააჩნია ურთიერთობას, გააჩნია, რამდენად ძვირფასია ჩემთვის ის ადამიანი, თითოეული ადამიანი ხომ ინდივიდია და ჩამოყალიბებულ ფორმულას ვერავის მოარგებ. არის რაღაც, რასაც ვერ აპატიებ, მაგრამ შეიძლება ისე მოიქცე, ისეთი რამ დათმო, რაც ადრე ვერ წარმოგედგინა. ჩვენც ხომ ბევრ შეცდომას ვუშვებთ და გვინდა, რომ გვაპატიონ? - ასევე უნდა ვაპატიოთ სხვებსაც. ადამიანები ვართ, რაღაც ყველას გვეშლება და კარგია, როდესაც სხვისი პატიებაც შეგვიძლია.

- მსახიობის ცხოვრება რთულია, თუნდაც მცირე ანაზღაურების გამო, უკან რომ დაბრუნდეთ, ისევ ამ გზას აირჩევდით?

- გეთანხმებით, ჩვენი პროფესია რთულია, ანაზღაურებაც არ არის განსაკუთრებით მაღალი, მაგრამ რომ მივიხედ-მოვიხედოთ: ირგვლივ ძალიან ბევრი ასეთი პროფესიაა: მასწავლებლობა ნაკლებად რთული და საპასუხისმგებლო საქმეა? - მაგრამ მასწავლებლებს მსახიობებზე ბევრად მცირე ხელფასი აქვთ. საერთოდ, არ მიყვარს ხელფასზე წუწუნი და ლაპარაკი. რატომ? - ჩემთვის არავის უთხოვია, წადი და მაინცდამაინც ამ პროფესიაში იყავიო. ადამიანი თავის გზას თვითონ ირჩევს. პროფესიას რომ ვირჩევთ, მაშინ ხელფასზე ხომ არ ვფიქრობთ? თუ ვიღაც თავის მომავალ ცხოვრებას ხელფასის მიხედვით დაგეგმავს, კი ბატონო, ეს მისი ნებაა. ჩემი მოსაზრება კი ასეთია: ადამიანი პროფესიას იმიტომ ირჩევს, რომ იმ საქმის კეთება სურს და აინტერესებს. თავისი ხელფასით კმაყოფილი ადამიანი ჯერ არ მინახავს, ამიტომ, ცოტა უხერხული მგონია, პროფესიის სირთულესა და დაუფასებლობაზე ვილაპარაკო. მოკლედ, ეს არ არის ჩემი საყვარელი თემა, რომელზეც სიამოვნებით გესაუბრებით.

- რას ურჩევთ იმ ახალგაზრდებს, რომლებიც წელს თეატრალურ უნივერსიტეტში აპირებენ ჩაბარებას?

- ძალიან, ძალიან უნდა უყვარდეთ ეს საქმე, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჯობია არ გაეკარონ, რადგან ამ გზაზე ადამიანს ბევრი პრობლემა, წინააღმდეგობა და სირთულე ხვდება. ამ სირთულეებს მხოლოდ დიდი სიყვარული თუ გადაგალახვინებს. თუ მსახიობობას იმიტომ ირჩევ, რომ პოპულარული გახდე, ეს დიდი შეცდომაა. თუ ამ საქმის დიდი სიყვარული არა გაქვს, პირველივე დაბრკოლებაზე წაიფორთხილებ და გამოიქცევი. 1990-იან წლებში რა არ გადაიტანა ქართულმა თეატრმა - სიცივე, შიმშილი, სცენაზე გათოშილები ვიდექით და ისე ვთამაშობდით, მაგრამ ჩვენს საქმეს მაინც ვერ ვუღალატეთ. ძალიან დიდი სურვილი და სიყვარული ყველა პრობლემას და დაბრკოლებას დაგაძლევინებს. მსახიობობა არის საქმე, რომელიც ძალიან დიდ თავდადებას მოითხოვს, ის უნდა გიყვარდეს, მოგწონდეს და ბოლომდე დაიხარჯო.

- იქნებ ამ თავდადების ბრალია, რომ წლების წინ, მიხეილ თუმანიშვილის მიერ დადგმული "დონ ჟუანის" ნახვისას, ცნობილმა ინგლისელმა რეჟისორმა - პიტერ ბრუკმა თქვა: "წადით და ნახეთ, როგორ თამაშობენ ქართველები მოლიერს"... როგორ ახერხებდა ამას თუმანიშვილი?

- ამ და სხვა მრავალი წარმატების მიზეზი თუმანიშვილის გენიალური რეჟისურა და მისი აღზრდილი მსახიობების დასი იყო. მიხეილ თუმანიშვილს ნიჭიერი ადამიანების აღმოჩენის და მათი ერთ გუნდად შეკვრის გასაოცარი უნარი ჰქონდა. რა იყო მისი საიდუმლო? - ასეთ ხელოვანებს ერთი სიტყვით ვერ დაახასიათებ, მაგრამ ის იყო, ერთდროულად, დიდი შემოქმედიც და დიდი პიროვნებაც. რეჟისორისთვის ნიჭიერება და პროფესიონალიზმი აუცილებელია, მაგრამ ჩემთვის თუმანიშვილის მთავარი ღირსება იყო ის, რომ შინაგანად ბავშვი გახლდათ, შეეძლო საყვარელი საქმე ბავშვური სილაღით და გატაცებით ეკეთებინა. მიხეილ თუმანიშვილს სწორედ ასეთი, ბავშვური გულწრფელობით უყვარდა თეატრი. ეს იყო გამოგონილი სამყარო, რომელშიც ბატონი მიხეილი რეალურად ცხოვრობდა, რადგან მისთვის ეს სამყარო ბევრად რეალური და ნამდვილი იყო.

rusudan-copy-1687163420.jpg

- დაბოლოს, ჩვენს დღევანდელობაზეც უნდა გკითხოთ: თანამედროვე ქართველი საზოგადოება ზედმეტად პოლიტიზებულია. თქვენ თუ გიყვართ პოლიტიკაზე მსჯელობა და კამათი?

- ოღონდ, პოლიტიკაზე არაფერი მკითხოთ... იყო დრო, როცა ამ თემაზე ბევრს ვკამათობდი, მაგრამ მერე მივხვდი, რომ ამას აზრი არა აქვს, რადგან ეს ძალიან რთული საკითხია. ნამდვილად არ ღირს დღევანდელი პოლიტიკოსების გამო ადამიანებმა ერთმანეთს აწყენინონ. ადამიანები პოლიტიკის გამო ჩხუბობენ, კამათობენ, მაგრამ ყველაზე სასაცილო ამ სიტუაციაში, იცით, რა არის?

- რა?

- პოლიტიკოსები, რომლის გამოც ჩვენ ვკამათობთ, თვითონ ძალიან ხშირად იცვლიან მოსაზრებებს, პოზიციებს... ცალ-ცალკე რომ უსმინო, ყველას ქვეყანა უყვარს, ყველას პატრიოტიზმი და მაღალი იდეალები აკერია პირზე, თუ ასეა, მაშ, რაღას კამათობენ?! მათ მოსმენას არ ჯობია ყველამ ჩვენ-ჩვენი საქმე ვაკეთოთ? ჩემი აზრით, ქვეყნის სიყვარულიც სწორედ ეს არის - თითოეულმა ადამიანმა თავისი საქმე კარგად უნდა აკეთოს.

ხათუნა ჩიგოგიძე