"სახლიდან გამომაგდო... 12 პარკით, შუაღამისას უცხო ქვეყანაში მარტო დავრჩი..."
გემა ხაგუში საზოგადოებამ რეალითი შოუდან - "პრაიმ ჰაუსი" გაიცნო. ბავშვობა აფხაზეთში გაატარა, მოზარდობისას საცხოვრებლად თბილისში გადმოვიდა. ამჟამად თურქეთში ცხოვრობს, თუმცა დიდი სურვილი აქვს, საქართველოში დარჩეს...
- უბედნიერესი ვარ, რადგან მაყურებლებისგან დიდი სიყვარული დავიმსახურე. ქუჩაში ხალხი მოდის, ჩემთან ერთად ფოტოებს იღებს... ყველაზე მეტად ის მახარებს, რომ პროექტში როგორიც შევედი, ისეთივე გამოვედი... ვცდილობ, ყველას პასუხი გავცე, ვინც სოციალურ ქსელებში მესიჯს მწერს და მათთან კონტაქტი შევინარჩუნო. ასევე, "პრაიმ ჰაუსში" მეგობრები შევიძინე...
- პოპულარობა რისთვის გჭირდებოდა?
- მგონია, პოპულარობა ყველას უნდა. "პრაიმ ჰაუსი" დაიწყო თუ არა, ამ პროექტში მოხვედრა მსურდა, რათა ხალხს გავეცანი, თუ როგორი ვარ, როგორი ხასიათი მაქვს. ამ რეალითი შოუში ყოველთვის მეტ-ნაკლებად ერთნაირი ხასიათის ხალხი მონაწილეობდა. მომთმენი, ყველაფრის ამტანი მონაწილე არ ყოფილა. საკუთარი თავი ძლიერ პიროვნებად მიმაჩნია, თუნდაც იმით, რომ შეურაცხყოფას შეურაცხყოფით არ ვპასუხობ. მოთმენით ადამიანი თავს არ იმცირებ, პირიქით - შეგიძლია ასეთი ქცევით სხვას შენი დიდსულოვნება აჩვენო.
- რეალურ ცხოვრებაში ისეთ სიტუაციებში აღმოჩენილხარ, როგორშიც პროექტში იყავი?
- ისეთი მრავალფეროვანი ცხოვრება მაქვს გამოვლილი, რომ იქ ჩემთვის სიახლე მხოლოდ 24 საათის განმავლობაში, კამერების მეთვალყურეობის ქვეშ ყოფნა იყო, თუმცა დისკომფორტს არ მიქმნიდა. ვფიქრობ, საკმაოდ კარგად გავართვი თავი.
- გემა, როგორც ვიცი, აფხაზეთში დაიბადე, გაიზარდე... გვიამბე, როგორ გარემოში იზრდებოდი?
- ძალიან მეგობრულ გარემოში. დედა ქართველი მყავს, მამა აფხაზი იყო. პატივს გვცემდნენ, მაგრამ ბულინგიც იყო - დედაშენი ქართველიაო...
- ბავშვობის პერიოდიდან ყველაზე სასიამოვნოდ რა გახსენდება?
- ეზოში მანდარინი ყველას გვქონდა, მაგრამ ბავშვები რომ შევიკრიბებოდით, მანდარინის მოსაპარად მაინც მივდიოდით (იცინის)... გაგრა პატარაა. სულ 2 ქუჩა აქვს. მთაში ავდიოდით ხოლმე, ვითომ ლაშქრობაში მივდიოდით. რეალურად, ამას "ლაშქრობას" ვერ ვუწოდებთ, რადგან იქაურობა ისეთი პატარაა, რომ დილით მთაში წასულები, საღამოს ჩამოვდიოდით... როცა სკოლის გაკვეთილებს ვაცდენდით, დროს ზღვის სანაპიროზე ვატარებდით. ჩემთვის ზღვა ყველაფერია!.. ჩვენი სახლის ერთი მხრიდან ზღვის ხედი იშლებოდა, მეორიდან - მთის... იქ ყველა ერთმანეთს იცნობს. ბავშვმა დილიდან საღამომდე გარეთ რომ ითამაშოს, იცი, რომ არაფერი დაემართება - ყველამ იცის, ვისი შვილია.
- ბულინგი ახსენე...
- აფხაზეთში საერთოდ სხვა ისტორიას გვასწავლიდნენ: თითქოს ქართველები აფხაზებს დაგვესხნენ თავს. 15 წლამდე არ ვიცოდი კომპიუტერი, ინტერნეტი რა იყო - ამის შესახებ თბილისში გავიგე. საქართველოში საცხოვრებლად გადმოსვლის შემდეგ, უკვე ჩავუღრმავდი და ისტორიის სწავლა აქ დავიწყე. გავიგე, რომ აფხაზეთი საქართველოს ნაწილია, საქართველოა. ქართველები და აფხაზები ერთად ცხოვრობდნენ, მაგრამ ომი რუსეთის გამო მოხდა. რა თქმა უნდა, აფხაზები, ასე ვთქვათ, უფრო ძლიერ მხარეს შეეკედლნენ. ბავშვებს უნერგავდნენ, რომ ქართველები მტრები არიან. იქ ცხოვრებისას მეც სწორედ ეს მესმოდა - იმ გარემოში გაზრდილი ბავშვები ასე ფიქრობდნენ, რა თქმა უნდა.
- საცხოვრებლად თბილისში ჩამოსვლა რატომ გადაწყვიტე?
- მამა რომ გარდაიცვალა, დიდ სახლში მე, დედა, ბებია და ბაბუა დავრჩით. ყველა გვიცნობდა, მაგრამ ნელ-ნელა ჩვენ მიმართ ზეწოლა "წამოვიდა" - აი, ქართველები ცხოვრობენო... გვეუბნებოდნენ, - რაღაც პატარა თანხას მოგცემთ და წადით, აქ თქვენი ადგილი არ არისო. ასე მოგვიწია თბილისში გადმოსვლამ. მით უმეტეს, ქართველი ძმა მყავს (დედაჩემის პირველი ქორწინებიდან), რომელიც 20 წლით ჩემზე უფროსია. თავად აფხაზეთში ვერ ჩამოდიოდა. აქ მარტო იყო... ახლა ყველანი ერთად ვცხოვრობთ. საერთოდ, მე თურქეთში ვცხოვრობ. საქართველოში დედის და მეგობრების სანახავად ჩამოვდივარ ხოლმე. ბოლო 4 წელი ვებ-დიზაინერად ვმუშაობდი. ჩემი ძირითადი ხელფასი თავად მყოფნიდა, მაგრამ თუ თანხა მაკლდებოდა ან ოჯახის წევრებს უნდა დავხმარებოდი, საბერძნეთში სამუშაოდ მივდიოდი.
- თურქეთში გამგზავრებამდე, აფხაზეთიდან თბილისში ჩამოსულმა აქ რა პერიოდი გაატარე, როგორ ცხოვრობდი?
- რუსულ სკოლაში ვსწავლობდი, რა თქმა უნდა, რადგან ფაქტობრივად, ქართული არ ვიცოდი. აფხაზეთში ქართულად ვის უნდა გავსაუბრებოდი? დედისგან ქართული კი მესმოდა, მაგრამ ძირითადად, მაინც რუსულად ვლაპარაკობდით, აფხაზეთში სხვანაირად არ გამოდიოდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მაშინვე "ჰეითი" წამოვა... რუსულ სკოლაში სწავლის დასრულების შემდეგ, უკრაინულ უნივერსიტეტში ჩავაბარე. ტურიზმის და ეკონომიკის ფაკულტეტზე სწავლა დავასრულე... მე-12 კლასის მოსწავლე ვიყავი, როცა მიმტანად მუშაობა დავიწყე. ხელფასი ჯერ 8 ლარი მქონდა, შემდეგ - 10. მერე ვითომ დამაწინაურეს და დღეში 12 ლარს ვიღებდი (იღიმის). სასაცილოა, მაგრამ ამ ფულით ტანსაცმელსაც კი ვყიდულობდი, ვაგროვებდი... ვიცოდი, დედის ხარჯზე ვერ ვიცხოვრებდი და ფეხზე თავად უნდა დავმდგარიყავი... 23 წლის ვიყავი, როცა დაქალმა თურქეთში წამიყვანა. თურქული ენა ჯერ კარგად არ ვიცოდი. ისე მოხდა, რომ ჩემს დაქალს საქართველოში გამომგზავრებამ მოუწია. ჩემი ჩემოდნები მთხოვა - მაინც არ გჭირდებაო... მისი წასვლიდან რაღა პერიოდის შემდეგ სამსახურში დაქალის თურქ მეუღლესთან შეკამათება მომივიდა. მითხრა, - აქ ვერ "იბლატავებ", არავის იმედი არ უნდა გქონდესო! სახლიდან გამომაგდო... 12 პარკით, შუაღამისას უცხო ქვეყანაში მარტო დავრჩი. მაღაზიაში მივედი, სადაც ის ქალი მუშაობდა, ვინც მიმტანად მუშაობისას გვსტუმრობდა ხოლმე. მან შემიფარა, თავის მაღაზიაში დამტოვა... ჩემმა დაქალმა არც იცოდა, რა მოხდა. დიდხანს არაფერს ვეუბნებოდი. ეს ამბავი წლების მერე მოვუყევი, რომ მეუღლესთან ურთიერთობა არ გაჰფუჭებოდა... მოკლედ, 3 დღე მაღაზიაში გავატარე. შემდეგ ერთმა ნაცნობმა თურქმა ქალმა შემიფარა: სახლში წამიყვანა, სამსახური მომცა... ნელ-ნელა თურქულიც მასწავლა... ასე დავიმკვიდრე იქ თავი. თურქეთში 11 თვე გავჩერდი. მერე საბერძნეთში გავემგზავრე, სადაც ერთ სამსახურში მიმიწვიეს, მაგრამ სულ სხვა რამ აღმოჩნდა და 2 დღეშივე გამომაგდეს... სასტუმროში მივედი, სადაც დამლაგებლად მუშაობა დავიწყე. კარგი რეჟიმი იყო. მერჩივნა, საქმე დილით "მომესტუმრებინა". 2-3 საათის საქმე იყო. ხალხთან კონტაქტიც არ მქონდა. ხელფასი მეტ-ნაკლებად მყოფნიდა, რადგან საცხოვრებლით თავად უზრუნველმყოფდნენ. თანხას დედას ვუგზავნიდი. იქ ასე გავატარე წლები... მერე ვებ-დიზაინი ვისწავლე, მიმტანად და დამლაგებლად როდემდე უნდა მემუშავა?..
- ახალი პროფესია მარტივად აითვისე?
- საერთოდ, მარტივი არაფერია, მაგრამ როცა გინდა და გჭირდება, ცდილობ... მარტივად ავითვისე: რუსულ საიტზე ვებ-დიზაინის შემსწავლელი 3-თვიანი კურსი გავიარე. ამაში საკმაოდ დიდი თანხაც გადავიხადე. ეს ის პერიოდი იყო, როცა კორონავირუსის პანდემია დაიწყო და საქართველოში დავბრუნდი. ვებ-დიზაინი სახლში ყოფნისას ვისწავლე. პანდემიის შემდეგ, როცა სიტუაცია განეიტრალდა, სამსახურიც ვიპოვე და ფეხზე დავდექი. სამუშაოდ უცხოურ კომპანიაში მიმიღეს. ინგლისური საკმაოდ კარგად ვიცი და ბევრ საქმეს ვითავსებდი. თავდაპირველად "ეიჩარი" ვიყავი, შემდეგ - ვებ-დიზაინერად გადავედი და 4 წელი ვიმუშავე. მერე ყირგიზეთში გადასვლა შემომთავაზეს. გავემგზავრე. 1 თვე იქ გავატარე, მაგრამ ვერ გავძელი. კომპანიის წარმომადგენლებს ვუთხარი, რომ ონლაინ რეჟიმზე გადავდიოდი და "მოჭრილი" ხელფასი მექნებოდა, ოღონდ - თავისუფალი ვყოფილიყავი. ისევ თურქეთში წავედი. როცა ხელფასი არ მყოფნიდა, კვლავ საბერძნეთში გადავდიოდი და მინიმალურ სამსახურებს ვასრულებდი. ჩემი ძირითადი სამსახური ვებ-დიზაინერობა იყო, მაგრამ "პრაიმ ჰაუსის" გამო დავკარგე.
- ამას ხომ არ ნანობ?
- არა. ისეთი პროფესია მაქვს, რომ სამსახურს მაინც ვიპოვი. დიდი იმედი მაქვს, საქართველოში დავრჩები, სამსახურს აქ ვიპოვი, რომ ისევ დედასთან ერთად ვიყო, რადგან უკვე 70 წლის ხდება და რა თქმა უნდა, ურჩევნია, შვილი გვერდით ჰყავდეს. ფული ხომ ყველაფერი არაა? მეც აქ ყოფნა მირჩევნია. შეიძლება, აფხაზეთში გაზრდილი აქაც უცხოელად მივიჩნეოდე, მაგრამ ჩემი სახლი მაინც აქაა...
- ახალგაზრდა ქალი ოჯახის რჩენას როგორ უმკლავდები? სტრესულია?
- აფხაზეთში ისე გავიზარდე, არაფერი მაკლდა. დედას მაღაზია ჰქონდა. საკმაოდ შეძლებულები ვიყავით. სკოლაში საუკეთესოდ მეცვა. შემდეგ აქ ჩამოვედით. ძმას ჯანმრთელობის პრობლემები აქვს... მივხვდი, მარტო არ ვიყავი და მინდოდა, მაინც ყველაფერი საუკეთესო მქონოდა. კი, უნდა მესწავლა, მაგრამ სასწავლებელში ლამაზად უნდა მცმოდა. გავაცნობიერე, რომ უკვე გავიზარდე და ახლა ჩემი დრო იყო, რომ დედისთვის თავად მიმეხედა. მიხარია, როცა ვახარებ. ასევე, სახლში კატა მყავს. მასაც ვახარებ. დაოჯახებული არ ვარ, მაგრამ კატა მყავს, რომელიც შვილსაც და ქმარსაც ანაცვლებს (იცინის).
- პროექტში ყოფნისას აღნიშნე, რომ რომანი გქონდა, რომელიც დასრულდა...
- როცა საქართველოში ვმუშაობდი, საყვარელი ადამიანი მყავდა. ჩემთან ცხოვრობდა, ჩემი მანქანით "კატაობდა", ჩემს ხარჯზე იყო... ამის დაჯერება არ მინდოდა, მაგრამ მეუბნებოდნენ, - ეს ადამიანი შენს ხარჯზე ცხოვრობს, შენი გამოყენება უნდაო, თუმცა ხომ იცით, ქალს მაინც სიყვარულის და ზღაპრების გჯერა... - არა, ასე არაა-მეთქი, - ვამბობდი... ისე მოხდა, რომ ჩემი სახით მან შეძლებული ქალი ნახა. მაშინ ვებ-დიზაინერად ვმუშაობდი, ქალაქის ცენტრში მარტო ვცხოვრობდი, ავტომობილი მყავდა, არავინ მაკონტროლებდა... ძალიან ტოქსიკური ადამიანი იყო. გვქონდა ხშირი ჩხუბი, ხელის აწევა, ჭურჭლის მტვრევა... ძალიან ცუდი პერიოდი მაქვს გამოვლილი... როცა ერთმანეთს ვშორდებოდით, პრეტენზიები ჰქონდა, თუნდაც - ჩემს გარკვეულ თანხებთან დაკავშირებით. მემუქრებოდა, - რომ დამშორდები, ყველაფერს დაკარგავო. რეალურად, არ ვიცი, მისი სიტყვები ახდა თუ ბედისწერა იყო, მაგრამ ჩვენი დაშორების შემდეგ დეპრესია დამეწყო, მერე სამსახურიდან ყირგიზეთში წავედი, სადაც ვერ გავჩერდი. ალბათ, დეპრესიული ფონის ბრალიც იყო, რადგან საყვარელმა ადამიანმა ასე "გადამიარა", გამანადგურა... ჩვენი დაშორების შემდეგ ჩემი "უკუსვლა" დაიწყო: ავტომობილიც გავყიდე, იმ ბინიდანაც გადავედი და ისევ მომთაბარე ცხოვრება დავიწყე - თურქეთში დავბრუნდი, ძველ ცხოვრებას დავუბრუნდი, მაგრამ არა უშავს: რაც ერთხელ შევიძინე და რასაც მივაღწიე, მეორედაც გამომივა, დარწმუნებული ვარ... ახლა დედასთან ჩამოვედი. აქ 1-2 კვირით დარჩენას ვაპირებდი, მაგრამ "პრაიმ ჰაუსიდან" დამირეკეს - თუ აქ ხარ, მოდიო. ძალიან გამიხარდა და მივედი...
- თურქეთში როგორ ცხოვრობ?
- სტუდენტურ ქალაქში ვცხოვრობ, სადაც სულ ახალგაზრდები არიან. ბინის ქირაც ძალიან იაფია - თვეში 100 დოლარს ვიხდი. რადგან სტუდენტური ქალაქია, იქ ყველაფერი იაფი ღირს. სახლში საჭმელს თავად ვამზადებ. ჩემზე ბევრად უმცროსი მეგობრები მყავს. ყველანი სტუდენტები არიან. ერთმანეთს კარგად ვეწყობით. თითქოს ჩემ გვერდით ყოფნა ეამაყებათ - თავს იწონებენ, რომ ჩემი სახით უცხოელი მეგობარი ჰყავთ (იცინის). თურქულად საკმაოდ კარგად ვსაუბრობ. თურქებს კარგად ვეწყობი.
- იქაურ რეალითი შოუში მონაწილეობის სურვილი არ გაგჩენია?
- ალბათ, საკუთარი თავი ჯერ საქართველოში უნდა გამომეცადა. მსგავსი შოუ თურქეთშიც არის, მაგრამ უფრო - სიყვარულის განხრით. ისეთი ამბავი მაქვს გამოვლილი, რომ სასიყვარულოდ არც მეცალა. ალბათ ჯერჯერობით, ვერ გამოვკეთდი. უფრო მეტად სამსახურსა და ოჯახზე ვარ "გადართული".
- თითქოს "პრაიმ ჰაუსის" ერთ-ერთი მონაწილის - ირაკლის მიმართ რომანტიკული გრძნობები გაგიჩნდა. ასეა?
- ირაკლი გულთან ძალიან ახლოს მოვიდა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ აუცილებელია, რომანტიკული გრძნობა იყოს. ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით მეგობრები ვართ, მერე რა იქნება, არც მე ვიცი და არც მან.
ეთო ყორღანაშვილი