კრიტიკის ქარცეცხლი, პროპაგანდის მანქანა და ქვის (კულტურულად) მსროლელი საზოგადოება - გზაპრესი

კრიტიკის ქარცეცხლი, პროპაგანდის მანქანა და ქვის (კულტურულად) მსროლელი საზოგადოება

- ეს არის თემა, რომლის ნაწილიც "გზის" წინა ნომერში შემოგთავაზეთ. ამჯერად კი გაგაცნობთ, როგორია ამ საკითხისადმი მარიამ სანოგოს და მარიამ ცქიფურიშვილის დამოკიდებულება.

მარიამ სანოგო, მოდელი, ტელეწამყვანი:

- რა დოზით არის ჩართული ხალხი შენს ცხოვრებაში, ეს დამოკიდებულია პიროვნების ცხოვრების სტილზე, სამსახურსა და კიდევ ბევრ რამეზე. ჩემი ცხოვრების სტილიდან გამომდინარე, ხალხის ჩართულობა მინიმალურია. ხმაურიანი ცხოვრებით და სკანდალებით ისედაც არ გამოვირჩევი. ხალხს შეუძლია, საკუთარი მოსაზრება ნებისმიერ თემაზე დააფიქსიროს, როგორც შენს პირად ცხოვრებაზე, ასევე - გარეგნობაზე, ნათქვამ სიტყვაზე თუ ჩაცმის სტილზე. ამ თვალსაზრისით თავს საერთოდ არ ვიზღუდავ. ძალიან მარტივი და ბანალური ცნება არსებობს, რამდენი ადამიანიც არის, იმდენი მოსაზრებაა. მე ერთი ვარ და გარშემო - უამრავი გემოვნების ადამიანია. ყველას მოსაზრებას ვერ გავითვალისწინებ და არც უნდა გავითვალისწინო, ეს აბსურდია. აქედან გამომდინარე, როდესაც გადაწყვეტილებას ვიღებ ან ახალ ნაბიჯებს ვდგამ, არ ვფიქრობ, რას იტყვის ხალხი.

- საზოგადოების მხრიდან წამოსული კრიტიკის თუ მოსაზრებების გამო, გული გტკენია?

- ადამიანებს სჩვევიათ კრიტიკა ჩაცმულობის, გარეგნობის გამო. რომ ვთქვა, რამე მტკივნეულად მახსენდება-მეთქი, ასე არ არის, ამ საკითხს არასდროს შევუწუხებივარ. ერთმა ინტერნეტგვერდმა გადაიტანა ჩემი ვიდეო, რომელიც სამუშაო პროცესში იყო გადაღებული. მოდელი ვარ და შეიძლება საცურაო კოსტიუმში ვიყო ან სხვა ფორმაში, ეს ნორმალურად განვითარებულ საზოგადოებაში ჩვეულებრივი ამბავია. ამ ვიდეოს კომენტარებში წერდნენ, - ამის მეუღლემ თუ იცის, ამ გოგომაც რომ გაიხადაო? ჯერ გამეცინა, მერე ცოტათი მეწყინა, თან გავიფიქრე, 15 წლიდან მოდელად ვმუშაობ და "ც" კი - არა, აქამდე სად იყავით-მეთქი?..

- რა შემთხვევაში უნდა გავითვალისწინოთ საზოგადოების აზრი?

- საზოგადოების აზრის გათვალისწინების ვალდებულება არც ერთ ინდივიდს არ აქვს. ჩვენ ხომ არ ვართ კომპანიები, რომლებიც საზოგადოების განწყობებს სწავლობენ. ჩვენ შეიძლება გვყავდეს ახლო გარემოცვა, რომელთაც აზრს ვკითხავთ, რომელთა კრიტიკულ მოსაზრებებსაც ვენდობით. ის, რომ საზოგადოების აზრს არ ვითვალისწინებ და ამაზე საერთოდ არ ვფიქრობ, იმას არ ნიშნავს, რომ მეგობრების, ოჯახის წევრებისგან აზრს არ ვკითხულობ. ეს ასეც უნდა იყოს. კომპეტენტური ადამიანებისგან ჯანსაღი კრიტიკის მოსმენა უნდა შეგვეძლოს, მათ შორის - მკაცრი კრიტიკის. მაგალითად, შეკითხვა სატელევიზიო მიმართულებით თუ გამიჩნდება, ვიცი, ვის უნდა მივმართო, ვის არ მოერიდება პირდაპირ მითხრას სიმართლე, რომელიც ზოგჯერ შეიძლება უხეშიც იყოს.

- წარსულიდან თუ გახსენდება შემთხვევა, "რას იტყვის ხალხის" გამო პრობლემა დაგემალოს?

- პრობლემებზე ყოველთვის ღიად ვლაპარაკობ. ჩემი აზრით, როცა ამას აკეთებ, პირველ რიგში, ეს ხალხისთვის ხდება. კონკრეტული მაგალითი გარკვეული ნაწილისთვის, შეიძლება გამოცდილებად იქცეს. მსგავსი შემთხვევა მე გადამხდენოდეს, არ მახსენდება, მაგრამ გარშემო მყოფებისგან მსმენია. პრობლემის დამალვა განსაკუთრებით მაშინ ხდება, როცა ქალი ძალადობის მსხვერპლია ან მის თავს რაღაც უსიამოვნო ხდება. ამას ხშირად იმიტომ მალავენ, რომ ჩვენს საზოგადოებაში მსგავს ფაქტებზე, არცთუ ისე ადეკვატური რეაქციაა, ზოგიერთ შემთხვევაში მსხვერპლი დამნაშავის როლშიც კი გამოჰყავთ. ეს საკითხი ძალიან მაღელვებს, ამ პრობლემას ბევრჯერ შევჯახებივარ. კარგად მესმის იმ ადამიანების, რომლებიც პრობლემას მალავენ. ვერავის გავკიცხავ და ვერ ვეტყვი, ამდენი ხანი სად იყავი-მეთქი? პირიქით, მათი ძალიან კარგად მესმის და მიკვირს, თავის დროზე ადამიანს ეს შიში თუ გაუჩნდა, როგორ გადალახა. ჩვენს სოციუმში იმის აღიარება, რომ გარკვეული ტიპის ძალადობის მსხვერპლი გახდი, გმირობის ტოლფასია. იქიდან გამომდინარე, რომ ყველამ ვიცით, რამდენად უარყოფითი რეაქცია შეიძლება მოჰყვეს ამას საზოგადოების მხრიდან. იმედია, დროთა განმავლობაში, ეს მიდგომა შეიცვლება. სხვათა შორის, ამ საკითხს ვაკვირდები და რეზონანსული საქმეების კომენტარების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, გარკვეული ტიპის პროგრესი შეიმჩნევა, ყინული დნება და ნელ-ნელა თავს მსხვერპლის დადანაშაულებასაც ვანებებთ.

- საზოგადოებაში დამკვიდრებულ სტერეოტიპებზე რისი თქმა შეგიძლია?

- სტერეოტიპები ყოველთვის არსებობდა და იარსებებს, ეს უკვე ჩვენი ინდივიდუალური გადაწყვეტილებაა, რამდენად დავემორჩილებით და გავითვალისწინებთ ამ სტერეოტიპებს. სხვათა შორის, დრო სჭირდება იმის აღმოჩენას, რომ შენ რომელიმე გავრცელებული სტერეოტიპის ქვეშ ხარ. საკუთარ თავს შეკითხვა უნდა დაუსვა, ეს ის პროცესია, რომელიც თავადაც გავლილი მაქვს და მუდმივად გავდივარ? ცხოვრების მანძილზე, ყოველთვის შეიძლება აღმოაჩინო რაღაც ისეთი საკითხი, რომელზეც შენი პირადი მოსაზრება უნდა ჩამოაყალიბო და არ მიიღო უკვე გამზადებული მზა პროდუქტი, რომელიც თავს მოგახვიეს. ყოველთვის ვცდილობ, ნებისმიერ სტერეოტიპს კრიტიკული თვალით შევხედო.

- საზოგადოება განსხვავებულ აზრს, ადამიანს როგორ იღებს?

- ახლის, უცხოს მიმართ შიში არა მხოლოდ ჩვენი საზოგადოების პრობლემაა. ჩვენში რატომღაც, ეს შიში გამძაფრებული ფორმით არის შემორჩენილი, მაგრამ თაობებთან ერთად იცვლება დამოკიდებულებები. ჩვენი ბებიების და ბაბუების თაობას ახლის მიმღებლობის შიში მეტად აქვთ. წლების განმავლობაში გვიჩიჩინებდნენ, ევროპა ცუდია, ამერიკა ცუდია, გარყვნილებაა და ა.შ. ამაზე თავის დროზე იმდენად დიდი პროპაგანდის მანქანა მუშაობდა, გარკვეულ თაობაში დღემდე დალექილია. მსგავსი შიშების ჩანერგვა ინტერნეტის ეპოქაში გაცილებით რთულია, ამიტომ ახალ თაობას ახლის მიმღებლობის შიში ნაკლებად აქვს, რაც ძალიან კარგია.

"კრიტიკის ქარცეცხლში ჩავარდნა არავის უნდა"

- მარიამ, საზოგადოებრივი აზრის წნეხის ქვეშ ბევრი ადამიანი ცხოვრობს, ამ საკითხისადმი შენი დამოკიდებულება როგორია?

333167887-737782604680085-6489739434689391153-n-78543-copy-1687764822.jpg

მარიამ ცქიფურიშვილი, მსახიობი:

- ძირითად შემთხვევაში, ყოველთვის საკუთარ ფიქრებს, აზრებს, ხედვას ვეყრდნობი, ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით რამდენად სინდისიერია, რამდენად ნამდვილია, ამაში დარწმუნებული თუ ვარ, მერე სხვისი აზრი ჩემთვის ქმედების შემცვლელი ვერ იქნება. არის შემთხვევები, როცა სხვისი აზრია მნიშვნელოვანი.

- მაგალითად, როდის?

- შეიძლება რაღაც საკითხში გამოცდილება არ მქონდეს, ნაკლებ ინფორმაციას ვფლობდე, ამ შემთხვევაში შეიძლება, სხვისი აზრი უფრო მნიშვნელოვანი იყოს, ვიდრე ჩემი წარმოდგენა. ცალმხრივობაში გაჭედვა არის პრობლემა. სულ სხვისი აზრით ცხოვრება დამღუპველია, ის საკუთარ "მეს" ვერასდროს დაეყრდნობა და სულ სხვის აზრზე იქნება ჩამოკიდებული, როგორც ყავარჯენზე. ასეთივე პრობლემაა "გაჯორება" და სხვისი აზრის არ შემოშვება. ყოველთვის შენ უნდა მიხვდე, რა დროს როგორ მოიქცე, ორი გზიდან რომელი აირჩიო.

- საზოგადოებრივი წნეხის ქვეშ თავად ყოფილხარ?

- არაერთხელ.

- მტკივნეული ყოფილა?

- ყოველთვის, როცა საზოგადოებრივი წნეხის ობიექტი ვყოფილვარ, განსაკუთრებით ბოლო სატელევიზიო ეთერის შემდეგ, სადაც სიყვარულის თემაზე ვილაპარაკე, ეს არ ყოფილა გაუცნობიერებელი ქმედების შედეგი. შეიძლებოდა ამ ნაბიჯზე უკუკავშირი წამოსულიყო, ამის მზაობა მქონდა და როცა ეს მოლოდინი გაქვს, მაშინ მტკივნეული ნაკლებად არის. ადამიანი ნაბიჯს ისე არ გადადგამ, შენს სიმართლეში დარწმუნებული თუ არ ხარ. კრიტიკის ქარცეცხლში ჩავარდნა არავის უნდა.

- დღესაც იმავენაირად მოიქცეოდი?

- რა თქმა უნდა. ადამიანს უწევს არჩევანის გაკეთება, იცხოვროს სიცრუეში ან გაჰყვეს საკუთარ თავში, საკუთარი გამოცდილებით მიგნებულ და მოპოვებულ სინამდვილეს, რომელიც საზოგადოების გარკვეული ნაწილის ფიქრებისგან განსხვავებულია, მე ყოველთვის მართალ გზას ვირჩევ. გარეშე პირებისგან ნაკლებად, უფრო იმ ადამიანებისგან გამიკვირდა, რომლებიც მეგონა, გამიგებდნენ. ე.წ. მოაზროვნე საზოგადოებაზე მაქვს ლაპარაკი, რომლებიც სულ სხვა რამეს ქადაგებენ და როცა საქმე საქმეზე მიდგება, ბევრად დიდი ქვის მსროლელი აღმოჩნდება, ოღონდ დიპლომატიურად, კულტურულად ისვრის. ხშირად ხომ მხოლოდ სტატიის სათაურების გამო გვლანძღავენ და არავინ ცდილობს არსში გაერკვეს. სიღრმისეული მოსმენა რომ შეგვეძლოს, ერთმანეთს ალბათ გავუგებთ და აღარ გავლანძღავთ.

- სექსუალურ პარტნიორებზე ღიად ლაპარაკის გამო გაგლანძღეს?

- საზოგადოების დიდმა ნაწილმა ბევრი დაუმსახურებელი, უსამართლო ეპითეტით შემამკო. ისინი შინაარსში რომ "ჩამომყოლოდნენ", მიხვდებოდნენ, რომ არაფერი გასალანძღი არ მითქვამს.

- ოჯახის წევრებმა როგორ მიიღეს?

- ასეთ დროს ზოგჯერ ახლობლები უფრო ვერ გვიგებენ.

- ამ შემთხვევაშიც ასე მოხდა?

- დიახ, ასე მოხდა. სწორედ ეს არის ინდივიდუალური გზა, რომელსაც ადრე თუ გვიან, ყველა გავდივართ.

- "რას იტყვის ხალხის" გამო, პრობლემა დაგიმალავს?

- ჩემს ცხოვრებაში მსგავსი რამ არასდროს მომხდარა. ადამიანებმა ჩვენი წუხილის პირველწყარო თუ აღმოვაჩინეთ და იქ ტყუილი არ არის, მერე უკვე სირცხვილის გრძნობაც ქრება, შენ უკვე შეგიძლია ახსნა რა და რატომ დაგემართა. შეცდომის აღიარება თუ შეგიძლია, მაშინ სამარცხვინოც არაფერია; ეს იმას ნიშნავს, რომ გულწრფელობა შეგიძლია.

- იმისთვის, რომ საზოგადოებამ მათზე ილაპარაკოს, არ დაკარგონ პოპულარობა, ცნობილი ადამიანები საკუთარი პერსონის გარშემო, ხმაურს ხელოვნურადაც ხშირად ტეხენ. ოდესმე მსგავსი რამ ჩაგიდენია?

- ჩემი ინიციატივით ეს არასდროს მიჩალიჩია. არაფერი გამიკეთებია იმისთვის, რომ თუნდაც სატელევიზიო შოუში გამოვჩენილიყავი. ის, რაც გულწრფელად მაწუხებდა, სოციალურ ქსელში დავწერე. მერე სხვებმა ჩათვალეს, რომ შეიძლებოდა საინტერესო ვყოფილიყავი. ვფიქრობ, ჩემს სტატუსში ისეთი რამ იყო ხაზგასმული, რაც ბევრისთვის ნაცნობი გახლდათ. ვინ ყურადღების მიქცევის გამო აკეთებს რამეს და ვინ - გულწრფელად, ეს ყოველთვის ჩანს და ამოცნობაც რთული არ არის. თუ რაღაც მართლა არ გაწუხებს და მართლა არ ფიქრობ, რომ ეს საკითხი გლობალურად მნიშვნელოვანია, არა მგონია, ვინმეს ამდენი ადამიანის ნეგატიური ენერგიის საკუთარ თავზე აღება სიამოვნებდეს, ეს მარტივი არ არის.

- რამდენად მნიშვნელოვანია რას ილაპარაკებს ხალხი შენზე?

- მნიშვნელოვანია, მაგრამ არა იმ დონეზე, ამას რომ გადავყვე და ცხოვრება ვეღარ გავაგრძელო. ეს არ განსაზღვრავს ჩემი ცხოვრების მომდევნო ნაბიჯებს. რადგან ხალხი ჩემზე ცუდს ფიქრობს, ამის გამო თავს ვერ შევიზღუდავ. ნეგატიური აზრების პარალელურად, ბევრი ისეთი ადამიანიც გამოჩნდა, რომლებიც ქუჩაში მაჩერებდნენ და მადლობას მეუბნებოდნენ გამბედაობისთვის. როგორც ჩანს, მათი სევდა და სათქმელიც ამოვიტანე.

თამუნა კვინიკაძე