ნინო მუმლაძე: "იმედია, ეს არის ჩემი ბედი, რომელსაც ველოდი. ერთმანეთი გვიყვარს..."
მომხიბვლელი მსახიობი, ნინო მუმლაძე ფართო საზოგადოებამ სერიალებიდან და ტელეეკრანიდან გაიცნო, თუმცა უკვე წლებია, რაც თეატრში საქმიანობს და არაერთი საინტერესო როლი აქვს შესრულებული. როგორც თავად ამბობს, არც კი ახსოვს, რა ასაკიდან მიხვდა, რომ მსახიობობა მისი ბედისწერა იყო.
- ზოგჯერ ვფიქრობ, ალბათ როცა დავიბადე, იმ დროიდან ვიცოდი, რომ მსახიობი გავხდებოდი. ჯერ გამართული ლაპარაკიც არ ვიცოდი და სულ რაღაც წარმოდგენებს ვდგამდი. სცენაზე დგომა და ყურადღებაც ძალიან მომწონდა. ოთხი წლისამ წერა-კითხვა უკვე ვიცოდი და სიგიჟემდე მიყვარდა ბალეტი. მშობლებმა ჩემი გატაცება შენიშნეს და საბალეტო წრეზე შემიყვანეს. ძალიან ვცდილობდი, მაგრამ ბალეტს სულ სხვა აღნაგობა და ფიზიკური მონაცემები სჭირდება, ამიტომ, მშობლებმა სხვა წრეებიც "მომაშველეს" - რას აღარ ვსწავლობდი - ხატვას, მუსიკას და ამის პარალელურად, სამსახიობო წრეზეც დავდიოდი. სხვათა შორის, 5 წლის ვიყავი, როცა პირველად ფილარმონიაში გამოვედი და საკმაოდ ვრცელი ლექსი წავიკითხე. ცნობიერება რომ ჩამომიყალიბდა, უკვე სცენაზე ვიდექი. ამიტომ მგონია, ადამიანი ამ ნიჭით უნდა დაიბადო, სხვაგვარად მსახიობი ვერ გახდები.
- როგორც ჩანს, მიზნის მიღწევაში ოჯახიც ხელს გიწყობდათ...
- ცხადია. მე მუსიკოსების ოჯახში დავიბადე და გავიზარდე: მამა, პაატა მუმლაძე მუსიკოსიც იყო და ფოტოხელოვანიც. ის ბას-გიტარაზეც უკრავდა და თან, კონცერტები მიჰყავდა. ერთ-ერთ ღონისძიებაზე გაიცნო დედაჩემი - მეგი ქსოვრელი, რომელიც ძალიან ძლიერი, მებრძოლი სულის ქალია. სწორედ მისი დამსახურებაა, რომ ობლობა არ მიგრძნია - 12 წლის ვიყავი, როცა მამა გარდაიცვალა, დედაჩემმა საოცარი მხნეობა გამოიჩინა და მისი დამსახურებაა, რომ არ დავითრგუნე. დედა თვითონ არ გატყდა, ხელები არ ჩამოუშვა და ამით შვილებსაც სტიმული მოგვცა. მეამაყება, რომ ის არასდროს ყოფილა სასოწარკვეთილი, მარტოხელა ქალი, რომელსაც ცხოვრებაში არ გაუმართლა. პირიქით, ყველაფერი იღონა და სასწაულები ჩაიდინა, რათა ჩვენთვის ხელი შეეწყო, რომ ცხოვრებაში ჩვენი გზა გვეპოვა. ალბათ, მეც მისი მიზანდასახულობა და სიძლიერე გამომყვა. მე და ჩემმა დამ, მედეა მუმლაძემ ერთი გზა ავირჩიეთ - ისიც, ჩემსავით, მსახიობია.
- თეატრი როგორ შეიყვარეთ?
- ჩემს ჩამოყალიბებაზე უდიდესი გავლენა იქონია სტუდია "ბერიკებმა", სადაც ხუთი წელი გავატარე. იქ არაჩვეულებრივი პედაგოგი მყავდა - გოგი თოდაძე. სწორედ მისი გავლენით დავინტერესდი თეატრით. მიუხედავად იმისა, რომ სკოლაში კარგად ვსწავლობდი, ჩემთვის მათემატიკაც და ჰუმანიტარული საგნებიც ადვილი ასათვისებელი იყო, კარგად ვხატავდი და ვმღეროდი, მაინც მსახიობობა ავირჩიე. სხვათა შორის, დედას სურდა, კონსერვატორიაში ჩამებარებინა და ოპერას გავყოლოდი, ამიტომ თეატრალურში ჩასაბარებლად მხოლოდ ერთი შანსი მომცა: თუ პირველ წელსვე ჩავაბარებდი, უფასო განყოფილებაზე უნდა მესწავლა... თეატრალურში რომ ჩავაბარე, 15 წლის ვიყავი, 16 წელი პირველ კურსზე შემისრულდა. თეატრალურ ინსტიტუტში არაჩვეულებრივი პედაგოგები მყავდა, მაგრამ რჩეულები მათ შორისაც იყვნენ. ძალიან გამიმართლა და უნიკალური ხელოვანის - მედეა კუჭუხიძის ჯგუფში მოვხვდი. ახლა წლები რომ გავიდა, უფრო მეტად ვხვდები, რამდენად უნიკალურ და განათლებულ ადამიანს შემახვედრა განგებამ. იმ პერიოდში, როცა პატარა ვიყავი, ამას ბოლომდე ვერ ვაცნობიერებდი, მაგრამ ახლა კარგად ვხვდები, რა საინტერესო და ღრმა აზროვნების მქონე ადამიანი მასწავლიდა. ჩვენს პედაგოგებს შორის განსაკუთრებით უნდა გამოვყო მურმან ჯინორია, რომელიც ჩვენთან მეოთხე კურსზე შემოვიდა, მხატვრულ კითხვას გვასწავლიდა. მასთანაც სერიოზული სკოლა გავიარე. მათ მაგალითზე ვხვდები, რომ შეიძლება იყო დიდი რეჟისორი ან დიდი მსახიობი, მაგრამ პედაგოგობას სულ სხვა, დამატებითი ნიჭი და უნარი სჭირდება. მედეა კუჭიხიძის ლექციებზე ვერც კი ვხვდებოდით, რომ რაღაცას ვსწავლობდით, მაგრამ მერე და მერე, როცა თეატრში მივედი, ის, რასაც ქალბატონი მედეა გვასწავლიდა, ძალიან გამომადგა. ჩვენმა პედაგოგებმა შეგვაჩვიეს იმ აზრს, რომ თეატრს და სცენას არ უყვარს სუსტი, უნებისყოფო ადამიანები.
- თქვენი პირველი მნიშვნელოვანი როლი რომელ თეატრში შეასრულეთ?
- პირველი თეატრი, სადაც მუშაობა დავიწყე, იყო ვაკის "თეატრალური სარდაფი". საერთოდ, ახალბედა მსახიობებს მთავარ როლებს იშვიათად აძლევენ, თუმცა, მე აქაც გამიმართლა: პირველ სპექტაკლში განსაკუთრებული არაფერი მითამაშია, მაგრამ მერე, რეჟისორმა ოთარ ეგაძემ დადგა სპექტაკლი, რომელსაც "ეჭვის ჭია" ერქვა. ჩემთვის სრულიად მოულოდნელად, მთავარი როლი შემომთავაზა და მეც, ყველანაირად ვცადე, მისი ნდობა გამემართლებინა. საერთოდ, ბატონი ოთარისგან ბევრი რამ ვისწავლე. სწორედ მისი წყალობით შევასრულე პირველი სრულფასოვანი როლი, რომელიც ჩემთვის დღემდე ძვირფასი და მნიშვნელოვანია. "თეატრალურ სარდაფში" თავს ისე ვგრძნობდი, როგორც საკუთარ ოჯახში და იქ გატარებული წლები თბილად მახსენდება.
- ამჟამად სად საქმიანობთ?
- ახლა სოხუმის მოზარდ მაყურებელთა თეატრ "თეთრი ტალღის" დასის წევრი ვარ. აქაც იგივე განცდა მაქვს: თავს ისე ვგრძნობ, როგორც ოჯახში. ამ თეატრში ისეთი ოჯახური გარემოა, როგორიც დიდ თეატრებში არ არსებობს, რატომ? - დიდ თეატრს აქვს თავისი სპეციფიკა და დაუწერელი კანონები, იქ ბევრი ჭორი, ინტრიგა და არეულობაა, რაც პატარა თეატრებში არ ხდება. პატარა თეატრებში ცოტა ხალხია დაკავებული, მსახიობები დღედაღამ ერთად არიან და სულ სხვა, უფრო ადამიანური და თბილი ურთიერთობები ყალიბდება. ეს მე ძალიან მომწონს და "თეთრ ტალღაში" თავს ისე მშვიდად ვგრძნობ, როგორც თევზი - წყალში.
- კომედიური როლები უფრო მოგწონთ თუ დრამატული?
- ვერ ვიტყვი, რომ რომელიმე ჟანრისკენ ვიხრები. საერთოდ, მსახიობს არა აქვს იმის ფუფუნება, რომ თვითონ აირჩიოს, რომელი როლი მოსწონს ან არ მოსწონს. მსახიობი იმას თამაშობს, რასაც რეჟისორი ავალებს. ისე, მე ახლა მოზარდ მაყურებელთა თეატრში ვმუშაობ, უფრო კომედიებში ვთამაშობ და ძალიან მაკლია დრამატული, სერიოზული როლები, მიუხედავად ამისა, ვერ ვიტყოდი, რომ რომელიმე ჟანრში უფრო კარგად ვგრძნობ თავს.
- ალბათ რთულია ბავშვებისთვის თამაში, მათი გაგება...
- არა, რადგან ბავშვისთვის ბევრი რამ ისედაც თამაშია. ამიტომ, მოზარდ მაყურებელთა თეატრში მუშაობა რთული სულაც არ არის, უბრალოდ, ჩვენ იმის ფუფუნება არა გვაქვს, რომ მხოლოდ შაბათ-კვირას ან მხოლოდ საღამოს საათებში ვითამაშოთ, ჩვენ დღისითაც ვთამაშობთ, საღამოს საათებშიც და დასვენების დღეებშიც - ხშირად, დღეში 2-3 სპექტაკლის თამაში გვიწევს. თუ დრამატული თეატრის მსახიობს შეუძლია, როლისთვის განეწყოს და საღამოს სპექტაკლში განსაკუთრებული განწყობით ითამაშოს, ჩვენ საღამომდე შეიძლება სამი როლი გვქონდეს ნათამაშეbი.
- თეატრის სცენაზე უფრო კარგად გრძნობთ თავს თუ კამერების წინ?
- არ მიყვარს ამგვარი შეკითხვები - დაახლოებით იმას მაგონებს, პატარა ბავშვებს რომ ეკითხებიან, დედა უფრო გიყვარს თუ მამაო? ოღონდ, უნდა ვაღიარო, თეატრს აქვს რაღაცნაირი ჯადოსნური ძალა: თუ მიეჯაჭვები, გგონია, მთელი სამყარო ამით იწყება და მთავრდება. ისე, მე ვიცი ხალხი, რომელმაც ფინანსური პრობლემების გამო თეატრს თავი დაანება და ახლა ამბობს, თურმე, შეიძლება ისე იცხოვრო, რომ მარტო შენს პროფესიაზე არ ფიქრობდე, საკუთარი თავისთვის, ოჯახისთვის გეცალოს და თავი გადადებული არ გქონდესო... ის რომანტიკული სამყარო, რომელიც თეატრის სცენიდან ჩანს, ძირეულად განსხვავდება იმისაგან, რაც კულისებს მიღმა ხდება: როცა შვილისთვის ფეხსაცმელი და ტანსაცმელი გაქვს შესაძენი და ფული არ გაქვს, რომანტიკაზე ფიქრი ცოტა რთულია. ამის გამო, ზოგიერთი მსახიობი თეატრიდან რომ გამოდის, ზაფხულობით ყანაში მუშაობს, ზოგი რემონტზე, ზოგი ამერიკაში მიდის, რომ თავს უშველოს... მოკლედ, ჩვენ არ ვცხოვრობთ ისეთ ქვეყანაში, სადაც მსახიობს შეუძლია თავი ხელოვანად იგრძნოს. აქ მისი ცხოვრება მათხოვრულია. როცა ამ სიდუხჭირეს ზევიდან ჭორები და ინტრიგებიც ემატება, ეს ყველაფერი ძალიან შორს დგას იმ იდეალური და რომანტიკული სამყაროსგან, რომელიც შორიდან ჩანს.
- ამ სირთულეების გამო, პროფესია ბევრ ადამიანს უშლის ხელს პირად ცხოვრებაში. თქვენს შემთხვევაშიც ასე ხდება?
- არა მგონია, რომ პროფესია პირადში ვინმეს ხელს უშლიდეს. მგონი, ეს უფრო ბედისწერის და გამართლების საკითხია. ოჯახის შექმნა სულაც არ არის დამოკიდებული იმაზე, ქალი ჭკვიანია თუ უჭკუო, მე მგონია, რომ ბედისწერა ბედისწერაა და როდის მოგიკაკუნებს, არავინ იცის. შესაძლოა, ჭკვიან ქალს უფრო მეტი პრეტენზია და მოთხოვნები აქვს, ვიდრე იმას, ვინც მხოლოდ გათხოვებაზეა ორიენტირებული, მაგრამ ასეა. ჩემი აზრით, მთავარია უბრალოდ, "შენი" ადამიანი იპოვო - ამ შემთხვევაში, ყველაფერი ადვილად მოგვარდება.
- ასეთი ადამიანი არ შეგხვედრიათ?
- არა, - ოჯახი ჯერ არ მქონია, ესე იგი, ადრე არ შემხვედრია, მაგრამ ახლა შეყვარებული ვარ... იმედია, ეს არის ჩემი ბედი, რომელსაც ველოდი. ერთმანეთი გვიყვარს და თავს კარგად ვგრძნობ, მაგრამ მომავალში რა მოხდება, ამას დრო გვიჩვენებს.
- დაბოლოს, თქვენ სტანდარტული გარეგნობა არა გაქვთ, მაგრამ მაინც ყოველთვის მოხდენილად გამოიყურებით. წონას როგორ ინარჩუნებთ?
- საერთოდ ვერ ვინარჩუნებ (იცინის). მთელი ცხოვრებაა წონას ვებრძვი და მაინც ვერ ვინარჩუნებ! პირდაპირ გეტყვით, ეს ჩემთვის ტრაგედიაა: დავიკლებ, მერე წონა ისევ "გამექცევა", ჯერ თავს ვიკლავ და უმკაცრეს დიეტაზე ვდგები, მერე ჭამა მომენატრება და ერთბაშად ვიმატებ... ასე რომ, სულ ბრძოლაში ვარ, რამაც ძალიან დამღალა. ამიტომ, რაღაც ასაკში ჩემი თავი ისეთი მივიღე, როგორიც ვარ. მივხდი, ასეთი აგებულება მაქვს და კაფანდარა ვერ ვიქნები. შესაბამისად, მოდის სტანდარტებს უკვე აღარ დავეძებ. მით უმეტეს, ბოლო წლებში ძველი სტანდარტები შეიცვალა და პლუს ზომებიც საკმაოდ მოდური გახდა. იმ დასკვნამდე მივედი, რომ შენი თავი ისეთი მიიღო, როგორიც ხარ... თუ ამას შეძლებ, მერე სხვებიც მიგიღებენ და შეგიყვარებენ.
ხათუნა ჩიგოგიძე