"მამა ყველაზე მეტად მიყვარს" - გზაპრესი

"მამა ყველაზე მეტად მიყვარს"

"პრაიმ ჰაუსის" მესამე სეზონის მონაწილე - ლუკა შაფაქიძე მაყურებლებისთვის უინტერესო არასოდეს ყოფილა. კარგად თუ ცუდად, მასზე ხშირად საუბრობდნენ. შესაბამისად, როცა პროექტი დატოვა, ბევრს გული დასწყდა - თითქოს პროექტს ის მუხტი მოაკლდა, რასაც ლუკა სძენდა...

- ლუკა, პროექტის დატოვების შემდეგ თავს როგორ გრძნობთ?

- 3 თვის განმავლობაში ისეთი მონაწილე ვიყავი, ვინც ყველაფერში ინტენსიურად ჩართული გახლდათ და ეს ჩემი სურვილით ხდებოდა. ასეთი აქტიური რეჟიმიდან ცხოვრების ჩვეულ რიტმში დაბრუნება ცოტათი გამიჭირდა, მაგრამ ვეგუები. სხვა რაღაცებზე ვმუშაობ: ჩავწერე სიმღერა, მქონდა ინტერვიუები... კარგ ეტაპზე ვარ, მაგრამ ცხადია, პროექტში დარჩენა, ფინალში ყოფნა ძალიან მინდოდა.

- რეალურ ცხოვრებაშიც ისეთივე აქტიური ხართ, როგორიც პროექტში იყავით?

- საერთოდ, ძალიან აქტიური ვარ. მიუხედავად იმისა, რომ გარკვეულ სიტუაციებში მეც ზარმაცი ვარ, ზარმაცი ხალხი არ მიყვარს. ეკრანზე ჩანდა კიდეც, რომ ინტროვერტი არ ვარ - კომუნიკაბელური, შემტევი გახლავარ, მებრძოლი ხასიათი მაქვს. ერთადერთი, რეალურ ცხოვრებაში ისეთი ემოციური ფონი არ მაქვს, როგორიც პროექტში მქონდა.

- პროექტის დატოვების შემდეგ ალბათ, თქვენი მონაწილეობით გადაღებული ეპიზოდები ნახეთ. სიტუაციები "გარედან როგორ ჩანს"? განსხვავებას ამჩნევთ?

- პირველ რიგში, აღვნიშნავ, რომ ეკრანზე უფრო დაბალი და პუტკუნა ვჩანვარ (იღიმის)... პროექტში მონაწილეობის მთავარი მიზანი ჩემთვის ბინის მოგება არ ყოფილა. ვფიქრობ, ეს ეკრანზეც ჩანდა... პირდაპირ ვიტყვი: "პრაიმ ჰაუსში" თავის დამკვიდრების მიზნით შევედი. რა თქმა უნდა, ყველა მონაწილე თამაშობს. მომწონს თუ არა, ასეა. მეც ვთამაშობდი. ამაში გასაოცარი, სენსაციური რა არის, ვერ ვხვდები. ეს იმას არ ნიშნავს, რომ თამაშის შემდეგ ჩვენ ერთმანეთთან არ ვიმეგობრებთ. წარმოიდგინეთ, რომ მეგობრები მაგიდასთან სხედან, "პოკერს" თამაშობენ, ყველას მოგება უნდა, ერთმანეთის მეტოქეები არიან, მაგრამ თამაშის დასრულების შემდეგ მეგობრობა გრძელდება. რეალითი შოუც თამაშია. უბრალოდ, რადგან ძალიან კარგი პრიზია, ამის გამო ზოგი მონაწილე ცოტათი გამგელებული მეჩვენება (იცინის), მაგრამ თითოეულ მონაწილეს მაინც წარმატებას ვუსურვებ, განსაკუთრებით - ირაკლის, რა თქმა უნდა.

- თქვენსა და კრისტის შორის რომანიც თამაში იყო?

- არა, თამაში არ ყოფილა. საერთოდ, არაფერი მომიგონია. არასოდეს მიცდია, მაყურებლისთვის თვალებში ნაცარი შემეყარა. არც რამე დამიდგამს იმის გამო, რომ უფრო რეიტინგული ვყოფილიყავი. რაც "ორგანულად მოდიოდა", ეგ იყო და ეგ...

- ლუკა, როგორ უარყოფითადაც არ უნდა შეეფასებინეთ მაყურებლებს, მაინც ხშირად იმასაც აღნიშნავდნენ - ძალიან განათლებულიაო. სად, როგორ გარემოში გაიზარდეთ, განათლება სად მიიღეთ?

- დედა მუსიკის პედაგოგი გახლდათ. დეიდებიც, ბებიაც პედაგოგები არიან. ჩემი ორივე და მასწავლებელია... განათლება ჩემი ოჯახისთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო. შესაბამისად, მეც ამ გზას გავყევი. არ ვამბობ, რომ ძალიან განათლებული ვარ - მსგავსი ამბიციები არ მაქვს, მაგრამ ყოველთვის მსურდა გარკვეულ საკითხებზე ზოგადი ცოდნა მქონოდა. ძალიან მიყვარს ინფორმაციის მოძიება, საინტერესო ფაქტების კითხვა... მაგალითად, ინგლისურ ენის კარგი მასწავლებლებიც მყავდნენ, რა თქმა უნდა, მაგრამ თავდაპირველად, დამოუკიდებლად ვისწავლე: "ტვიტერს" ვიყენებდი, სერიალებს ინგლისურად ვუყურებდი... ეს ყველაფერი დამეხმარა, რომ კარგად მესწავლა. საჭირო ინფორმაციის მოძიებას თავად ვცდილობდი.

- პროფესიით ვინ ხართ?

- ბაკალავრის ხარისხი ფსიქოლოგიაში მაქვს. სწავლის გაგრძელებას ვაპირებ, მაგრამ - მარკეტინგის მიმართულებით, რადგან რეკლამა ყოველთვის მაინტერესებდა. ვფიქრობ, კარგი გათვლები მაქვს. ფსიქოლოგიის დიდ როლს ვხედავ რეკლამის შექმნის პროცესში.

- პროექტში შესვლამდე რას საქმიანობდით?

- ერთ-ერთ კომპანიაში ვმუშაობდი, სადაც რამდენჯერმე დამაწინაურეს. კარგ პოზიციაზე ვიყავი, მაგრამ პროექტის გამო სამსახურიდან წამოსვლა მომიხდა. იმ კომპანიაში ბევრი დრო გავატარე. მიმაჩნია, რომ იქ საკუთარი თავი ამოვწურე... ახლა მინდა, მუსიკაზე ვკონცენტრირდე და იმაზე ვიფიქრო, რა მიმართულებით მსურს "წავიდე"... ვხვდები, ძალიან მომწონს ეკრანი, კამერები, შოუბიზნესი... ვფიქრობ, ეს ჩემი სფეროა. თუკი ამ მიმართულებით მუშაობას დავიწყებ, კმაყოფილი ვიქნები.

- თქვენი პირველი სიმღერა - "შოკო მოკო" როგორ შექმენით?

- შოუბიზნესი ყოველთვის მაინტერესებდა: როგორ მუშაობდნენ ხმის ჩამწერი "ლეიბლები", არტისტები, როგორ ვითარდებოდნენ... ამ ყველაფერს ყოველთვის ვაკვირდებოდი, ძირითადად - "ტვიტერის" მეშვეობით. ასევე, მყავს მეგობრები, რომლებსაც ანალოგიური ინტერესები ჰქონდათ. ჩვენი შეკრებების დროს ვთქვი, - მოდი, რამე ისეთს გავაკეთებ, რომ საზოგადოება "დავშოკო"-მეთქი. ჩვენ ხშირად ვაკეთებდით არტისტების პაროდიებს, ვითომ "გრემის" დაჯილდოების ცერემონიალიც გვქონდა... მოკლედ, ვიფიქრე, ხალხი რით გამეოცებინა და სიმღერა - "შოკო მოკო" ჩავწერე, რომლის 15-წამიანი ნაწყვეტიც "ტიკტოკზე" გამოვაქვეყნე. ვირუსულად გავრცელდა: ტელევიზორშიც მოვისმინე, ქუჩაში მოძრავი ავტომობილებიდანაც ისმოდა... "შოკო მოკოს" ყველა უსმენდა. ამ სიმღერაზე ბავშვები ვიდეოებს იღებდნენ... ბედნიერებისგან შოკში ვიყავი, რადგან მცირე ასაკიდანვე, ჩემი სურვილი იყო, ცნობილი სახე, ვარსკვლავი ვყოფილიყავი, ჩემი სიმღერა ბევრს მოესმინა... მოკლედ, ჩემი პირველი ნაბიჯი მუსიკაში ეს იყო. ახლა იმ ეტაპზე ვარ, რომ მირჩევნია, ისეთი მუსიკა "ვაკეთო", როგორ განწყობაზეც ვარ. მსურს რაიმე გასართობი, რეპმუსიკა ჩავწერო - ისეთი, ვინმე რომ მოუსმენს და თვითშეფასება აუმაღლდება. ამაზე ვმუშაობ, სიმღერა მალე გამოვა...

- როგორც ვიცი, "პრაიმ ჰაუსში" შესვლისას ფიქრობდით, - საზოგადოება უარყოფითად მიმიღებსო. ასეთი განწყობა რატომ გქონდათ? რეალურად, ხალხისგან როგორი დამოკიდებულება იგრძენით?

- წინასწარ ვიყავი განწყობილი, რომ ჩემი ძალისხმევის მიუხედავად, საზოგადოების დიდი ნაწილი ვერ მიმიღებდა. პროექტში ბევრს ვაკეთებდი. მართალია, დიდი წნეხი, სტრესი, ზეწოლა გადავიტანე, მაგრამ მაინც ყველაფერში ჩართული გახლდით. ვცდილობდი, კარგი წინ წამომეწია. ყველაფერში ვაქტიურობდი - სოციალურ მედიაში, პერფორმანსებში, იუმორში, მაგრამ როგორც ნახეთ, მაყურებელთა ხმების რეკორდსმენი ვერ ვხდებოდი. კი, ხმების სტაბილურად კარგ რაოდენობას ვიღებდი, მაგრამ დიდი ძალისხმევის მიუხედავად, იმ ადამიანებთან ერთად ლიდერი ვერ ვხდებოდი, რომლებიც პროექტში იმის მეათედს აკეთებდნენ, რასაც მე ვაკეთებდი. ეს ასე იმიტომ ხდებოდა, რომ სტანდარტული არ ვარ საზოგადოებისთვის: არ მოსწონთ ჩემი იმიჯი, გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებული ჩემი შეხედულებები... ამიტომ ვფიქრობ, ბევრი ადამიანისგან სიყვარული ვერ მივიღე. არ მიცდია, სხვა როლი მომერგო, მაგალითად - ჩოხა ჩამეცვა; სახლში ცოლი არ დამიტოვებია, რომ ამით რეიტინგი ამემაღლებინა. არაფერი მითამაშია: ისეთი ვიყავი, როგორიც ვარ. არც წარბი გადამიღებავს იმის გამო, რომ ხალხს მოვწონებოდი და მეტი ხმა მიმეღო. თუკი ხალხს მოვეწონებოდი, მერჩივნა, ისეთი მოვწონებოდი, როგორიც ორგანულად ვარ.

- ახლა ხალხისგან როგორ დამოკიდებულებას გრძნობთ? რას გწერენ, როგორ გხვდებიან?

- საერთოდ, ადამიანის ფსიქოლოგია ასეა მოწყობილი: როცა რაღაც აღარ გაქვს ან ვიღაც აღარ გყავს, მაშინ ხვდები, რომ დაგაკლდა, ეს ნებისმიერ დეტალში გამოიხატება... პირადად მე, ასე ვარ: როცა რაღაც არ მაქვს, მინდა მქონდეს, მაგრამ თუ მაქვს, მაშინ შეიძლება ამაზე დიდად არ ვზრუნავდე... როცა პროექტი დავტოვე, უამრავი შეტყობინება მივიღე, - ლუკა, შენ გარეშე, პროექტი უინტერესო გახდა, ძალიან დაგვაკლდიო... წერდნენ, - ლუკა ეკრანს სჭირდებოდა. მის გარეშე რას ვუყუროთო?.. საზოგადოებისგან ასეთი მესიჯები ისე ინტენსიურად "მოდიოდა", რომ მივხვდი - როცა ხალხი ეთერში ვეღარ მიყურებდა, მერე მიხვდნენ, რომ თურმე, ეს ბიჭი პროექტს "ავსებდა"... ამის დანახვამ ყველაზე მეტად გამახარა...

- თქვენი პიროვნების ჩამოყალიბებაზე განსაკუთრებული ზეგავლენა ვინ მოახდინა?

- დედამ. დედაზე "მიკერებული" ბავშვი, ე.წ. დედიკოს ბიჭი არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ მასთან მაინც ისეთი "მიჯაჭვულობა" მქონდა, რომ მისი დაკარგვის შემდეგ, ჩემი ცხოვრება საერთოდ "ამოყირავდა"...

- მამასთან როგორი ურთიერთობა გაქვთ? მაგალითად, თქვენი იმიჯი მისთვის მისაღებია?

- მასთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს. მამა ყველაზე მეტად მიყვარს. მით უმეტეს, მას შემდეგ, რაც დედა გარდაიცვალა, მამა ჩემთვის ორმაგად ძვირფასი გახდა. ერთადერთი მშობელი დამრჩა... მეგონა, მამა უზომოდ მიყვარდა, მაგრამ დედის გარდაცვალების შემდეგ უფრო მეტად მივხვდი, როგორ ძლიერ მიყვარს!.. ჩვენ შორის დიდი ასაკობრივი სხვაობაა: 39 წლის იყო, როცა მე გავჩნდი. რა თქმა უნდა, მისთვის ბევრი რამ მისაღები არ არის. დიდად არც ჩემი იმიჯი მოსწონს. მაკრიტიკებს ხოლმე, მაგრამ ისეთი ურთიერთობა გვაქვს, რომ ერთმანეთის გადაწყვეტილებას ვაფასებთ. პროექტში მონაწილეობის შესახებ ჩემი გადაწყვეტილებაც დიდად არ მოსწონდა, მაგრამ როცა მიხვდა, ეს ჩემი გაძლიერებისთვის ხდებოდა, მიიღო. "პრაიმ ჰაუსს" უყურებდა კიდეც, მხარსაც მიჭერდა, ჩემ გამო ნერვიულობდა... ვფიქრობ, ძალიან კარგი და სტაბილური ურთიერთობა გვაქვს.

- როგორც ვიცი, ოზურგეთში გაიზარდეთ. შეგიძლიათ, იქ ცხოვრების პერიოდზე გვიამბოთ?

- დიახ, ოზურგეთში, ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე ვცხოვრობდი. ძალიან განებივრებული ბავშვი ვიყავი. იმაზე წუწუნს ვერ დავიწყებ, რომ რამე მაკლდა, რადგან ასე არ იყო - მამაჩემი არაფერს მაკლებდა. ძალიან მზრუნველ, თბილ და ფერად გარემოში გავიზარდე. სათამაშოების დიდი ოთახი მქონდა. კარგი მოსწავლე გახლდით. სკოლაში "რა? სად? როდის?" ტარდებოდა, რომელშიც ვმონაწილეობდი. მოზარდობისას ცოტათი კომპლექსები გამიჩნდა, მაგრამ ბავშვობა კარგად მახსენდება... ოზურგეთი ძალიან მიყვარს. როცა გურიაში ჩავდივარ, ვმშვიდდები - ჩემთვის იქაურობა ნავსაყუდელია. როცა თავს კარგად ვერ ვგრძნობ, სტრესი მაქვს, მამასთან მივდივარ. იქ მშვიდად ვარ. კატები და ძაღლი მყავს... დავაკვირდი, რომ გურიაში გამორჩეულად გემოვნებიანი, გულთბილი და განათლებული ხალხია.

img-8662-copy-1687766846.jpg

- ცხოვრების ამ ეტაპზე, თქვენი მთავარი გულშემატკივარი ვინ არის?

- ჩემი სიძე (იცინის). ჩვენ ყოველთვის კარგი ურთიერთობა გვქონდა, მაგრამ პროექტში მონაწილეობისას, ჩემი დის მეუღლე განსაკუთრებულად მგულშემატკივრობდა. ასევე, ჩემი მთავარი გულშემატკივრები არიან: მამა, ჩემი დები, მეგობრები...

- დაბოლოს, პროექტში მონაწილეობის თქვენი მთავარი მისია რა იყო?

- ის, რომ რაღაც სტიგმები, სტერეოტიპები დამემსხვრია, რადგან მინდოდა, საზოგადოებისთვის სწორი სოციალური მესიჯები გამეგზავნა. შეიძლება ამაზე არ ვსაუბრობდი, მაგრამ საზოგადოებას ვანიშნებდი, - ნახე, პირობითად, მე როგორც გამოვიყურები, ეს იმას საერთოდ არ ნიშნავს, რომ პატრიოტი არ ვარ. ჩემი იმიჯის გამო ავტომატურად ის არ უნდა იფიქროთ, რომ თითქოს საქართველო, ქართული ტრადიციები არ მიყვარს, ქართულ სიმღერებს არ ვიმღერებ-მეთქი... ქართულ სიმღერებს თავად "ვაკეთებ" კიდეც, ქართულ ცეკვას, სუფრას პატივს ვცემ. ჩემი აზრით, ჩემი პატრიოტიზმი იმაში გამოიხატება, თუ როგორ ვცდილობ, ტურისტები მოვიზიდო: როცა ქვეყნიდან გავდივარ, ვცდილობ, საქართველო ყველგან "გავაპიარო", იმ ბენეფიტებზე ვილაპარაკო, რისი წაღებაც აქედან შეუძლიათ... იმ სოციალურ ქსელებშიც, რომლებსაც ვიყენებ, ვცდილობ, საქართველო "წინ წამოვწიო"... მინდოდა, საზოგადოებას ეს დაენახა, რომ შეიძლება, ადამიანი ტრადიციულად არ გამოიყურებოდეს, მაგრამ ტრადიციებს პატივს სცემდეს, უყვარდეს და გათავისებული ჰქონდეს. თუკი ეს საზოგადოებამდე "მივიტანე" და დაინახეს, ძალიან მიხარია...

ეთო ყორღანაშვილი