ანი კეკუას ცხოვრების ყველაზე დიდი ტკივილი და სიხარული - გზაპრესი

ანი კეკუას ცხოვრების ყველაზე დიდი ტკივილი და სიხარული

"ჩემთვის ყველაზე დიდი სტიმული დადებითი შეფასებების მოსმენაა, მოტივაციას, ძალას მმატებს. გამოწვევებიც არ მაფრთხობს, მაგრამ შექება მირჩევნია", - ამბობს მომღერალი ანი კეკუა. რა ვერ გაბედა დღემდე, ხშირად უმართლებს თუ არა ცხოვრებაში, რა აბრკოლებს და რა დროს შეუძლია პატიება? - ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.

- დაბადების თარიღი...…

- ...1990 წლის 16 მარტი.

- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...

- ...მსახიობი, მომღერალი, მოცეკვავე. ზრდასრულ ასაკში ძალიან მომინდა ექიმობა. ვფიქრობ, ეს საქმე კარგად გამომივიდოდა, ამას ექიმებიც კი მიდასტურებენ.

- ჩემზე ამბობენ...

- ...რომ ძლიერი და მხიარული ვარ.

- ეთანხმები?

- მხიარულობის ნაწილში არ ვეთანხმები. ბოლო წლებში ჩემში ბევრი რამ შეიცვალა. ადამიანები რაც უფრო ვიზრდებით, პასუხისმგებლობა გვემატება. არ მინდა, ბავშვური სილაღე დავკარგო, მაგრამ ხანდახან ამას ვერ ვახერხებ, ყველაფერს სერიოზულად ვუყურებ. შეიძლება ითქვას, ხასიათზე მცირე დეტალებსაც კი მოვყავარ. რაც შეეხება ჩემს ძლიერ ხასიათს, ვთვლი, რომ მართლაც ასეა, კაცის თვისებების მატარებელი გოგო ვარ.

- ცხოვრებას თავიდან რომ ვიწყებდე...

- ...ბავშვობის პერიოდიდან არაფერს შევცვლიდი. ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, ბავშვობის ასაკს დიდხანს გავიგრძელებდი, მეტ დროს გავატარებდი ოჯახის წევრებთან, მეტად გამოვხატავდი სითბოს, ცოტათი ნაკლებს ვისწავლიდი, თავს ნაკლებად დავიტვირთავდი, ნაკლებს ვიმუშავებდი, უფრო ქალურ ქალად ჩამოვყალიბდებოდი.

- ჩემი პირველი წარმატება იყო...

- ...3 წლის ასაკში, სტუდიის ბავშვები სცენაზე აგვიყვანეს, ვიცეკვეთ, ვიმღერეთ, კარგი პერფორმანსი გვქონდა. შემდეგ იყო "ნუცას სკოლა", "ჯეოსტარი", ჩემი სწავლა-განათლების ამბები, გამოცდები, სამსახურები... გამოცდები რომ ჩავაბარე, მოვხვდი ვენაში, აზერბაიჯანში, თურქეთის რამდენიმე უნივერსიტეტში, მაგრამ სწავლის დაწყება მაინც საქართველოში გადავწყვიტე. ამის მერე 3 წელი ვსწავლობდი შვედეთში და შემდეგ საფრანგეთში, ნიცაში წავედი. ამჟამად ერთ-ერთ საერთაშორისო მარკეტინგულ კომპანიაში ვმუშაობ, პროექტებს ვხელმძღვანელობ. მიუხედავად ამ ყველაფრისა, ვთვლი, რომ ჩემი ცხოვრების აზრი და ყველაზე დიდი "წარმატება" არის ჩემი შვილი.

- ჩემს წარმატებაში ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვით...

- ...დედას, მამას, ოჯახის წევრებს.

- ბედნიერი ვარ, რომ...

- ...მყავს ძალიან კარგი შვილი. ბედნიერი ვარ, რომ ღმერთმა მუსიკის გაგების და შეგრძნების, სილამაზის და ესთეტიკის აღქმის უნარი მარგუნა. ადამიანების სიყვარული შემიძლია და ეს განცდაც მაბედნიერებს. სულ ასე ხდება, როცა კონკრეტულ ადამიანზე რაღაც ცუდს მეუბნებიან, არ ვიჯერებ, ყველას კარგი მხრიდან ვუყურებ და ცუდს არ ვეძებ.

- ყოველთვის მაქვს სურვილი...

- ...მოვუსმინო მუსიკას.

- ჩემი სავიზიტო ბარათია...

- ღიმილი.

- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს...

- ...არასდროს არავისი შემშურებია. არ ვიცი, ეს კარგია თუ ცუდი, საკუთარი თავის მიმართ ძალიან კრიტიკული ვარ, ჩემში სულ დამნაშავეს ვეძებ, მგონია, რომ რაღაცას არასწორად ვაკეთებ. ასე გამზარდეს, მეგონა კარგი იყო, მაგრამ ასე არ აღმოჩნდა. ეს თვისება ბევრ რამეში ხელის შემშლელი და დამაბრკოლებელი აღმოჩნდა. დღეს ისეთი დროა, საკუთარ თავზე ბევრი კარგი უნდა ილაპარაკო, იმაზე ბევრად მეტი, ვიდრე რეალურად ხარ, კარგი კუთხით აფიშირება გაუკეთო. ეს თვისება არ გამაჩნია, რაც ძალიან ცუდია, კომპლექსიც კი შეიძლება ეწოდოს. ზედმეტი ლაპარაკი არც შინ მიყვარს, არც გარეთ.

- საკუთარ შესაძლებლობებს...

- ...ძალიან კარგად ვაფასებ, მაგრამ წარმოჩენა არ მიყვარს. სულ მგონია, რომ დამნახავი დაინახავს. როგორი თვალითაც მე ვუყურებ ადამიანებს, მგონია, სხვაც ასე მიყურებს, არადა მეუბნებიან, რომ ასე არ არის. ყველაზე მეტად მაღიზიანებს ადამიანი, რომელიც არაფრის მაქნისია, არ აქვს განათლება, მაგრამ აქვს საკუთარ თავზე ძალიან დიდი წარმოდგენა.

- ცნობილ და პოპულარულ ადამიანებს ხშირად საკუთარი მდგომარეობა თავში უვარდებათ. ოდესმე საკუთარი თავი მსგავს სიტუაციაში "გამოგიჭერია"?

- თამამად შემიძლია გითხრა, რომ ეს მომენტი არასდროს, არც ერთ ასაკში არ მქონია. ჯანსაღი ამბიცია უნდა გქონდეს, მე ესეც არ მაქვს. თურმე ხანდახან მიუწვდომელიც უნდა იყო, საჭიროა.

- თვისება, რომელიც არ მომწონს და ვცდილობ გამოვასწორო...

- ...დეტალებზე ორიენტირებული ვარ, რაც ხშირად საჭირო არ არის და ბევრ დროს მაკარგვინებს, მაგრამ ჩემთვის ეს არის ხარისხი. არ მომწონს, რომ ფიცხი ვარ, მაგრამ ეს არ ეხება ჩემს საქმეს. მლიქვნელი ადამიანები არ მიყვარს და როცა რაღაც არ მომწონს, ეგრევე მეტყობა, ემოციური ვარ. უნდა დავაფიქსირო ის, რაც არ მომწონს. ბებია მეუბნება, რომ ეს ყოველთვის საჭირო არ არის. თავადაც ვიცი, სიმართლის თქმა და პირდაპირობა ადამიანებს ხშირად დისკომფორტს უქმნის.

- ამ მხრივ თუ მუშაობ საკუთარ თავზე?

- ადრე არ ვმუშაობდი, მეგონა ყველა დააფასებდა და გაიგებდა იმას, რომ მართალი ადამიანი ვარ. წლების განმავლობაში, ჩემს ცხოვრებაში გარკვეული ცვლილებები მოხდა, რაღაცები გადავაფასე და მივხვდი, საერთოდ არ არის საჭირო, რაღაც ამტკიცო, უნდა გაჩუმდე და არაფერი თქვა, ეს ნაკლებ კონფლიქტს ქმნის.

- პატიება შემიძლია, თუ...

- ...მეორე მხრიდან მცდელობას, აღიარებას, ყურადღებას, ახსნას თუ ვხედავ; თუ ადამიანი შეცდომას გულით დარდობს.

- როცა მომავალზე ვფიქრობ...

- ...ბოლო დროს ვნერვიულობ. ვფიქრობ, ესეც პასუხისმგებლობის გრძნობიდან გამომდინარეა, თუნდაც ჩემი შვილის მიმართ.

- როგორი დედა ხარ?

- ყველაზე მეგობრული. მგონი, ცოტათი გათამამებულიც მყავს. მკაცრი არ ვარ, მაგრამ ვერასდროს ავიტან ჩემი შვილის მხრიდან უხეშობას, უზრდელობას, ეს ჩემს ოჯახში არასდროს ყოფილა. მშობლებს, ბებიებს, დეიდებს, მამიდებს ისეთი სითბო და რიდი ჰქონდათ ერთმანეთის მიმართ, ისე მეგობრობდნენ, პატივს სცემდნენ ერთმანეთს, ოჯახში სხვაგვარად როგორ უნდა იყოს, ვერც წარმომიდგენია. ლუკა მოხევეა, ზოგჯერ ცოტათი ჯმუხი ხასიათი აქვს, მაგრამ ამავე დროს არის ძალიან თბილი, მხიარული, ნიჭიერი და გონიერი. 5 წლისაა და უკვე 1000-ის ფარგლებში იცის ანგარიში.

- ვიბნევი...

- ...როცა ისეთ რამეს მეუბნებიან, რაც მართალი არ არის და უტიფრად მიმტკიცებენ, რომ ჭეშმარიტებაა. ბევრ რამეზე ერთდროულად ვფიქრობ, ზოგჯერ ამ პარალელურ ფიქრებშიც ვიბნევი.

- ყველაზე მეტად მახარებს...

- ...კარგი მუსიკა, ზღვა, მზე, ჩემი შვილი; როცა ადამიანები მიღიმიან, როცა თავში გეგმები დალაგებული მაქვს და არაფერი მაფორიაქებს. მახარებს, როცა რაღაც კარგს ვაკეთებ - ისეთ რამეს, რომელსაც დიდხანს ვგეგმავდი.

- ჩემთვის ყველაზე დიდი სტიმული...

- ...დადებითი შეფასებების მოსმენაა. ეს მოტივაციას, ძალას მმატებს. გამოწვევებიც არ მაფრთხობს, მაგრამ შექება მირჩევნია.

- მაბრკოლებს...

- ...გაურკვეველი, დაძაბული სიტუაციები.

- მეზარება...

- ...(ფიქრობს) ზარმაცი არ ვარ. ყოველდღიური საქმეებიდან კერძების მომზადება მეზარება.

- მაკვირვებს...

- ...უკვე აღარაფერი. ყოველმხრივ ნიჭიერ ადამიანებს რომ ვხვდები, სასიამოვნოდ გაოცებული ვრჩები.

- სიყვარული ეს...

- ...არის ამოუხსნელი რამ. ყველაზე სასიამოვნო, ლაღი, მამოტივირებელი და ძლიერი გრძნობაა. …

ani-copy-1687767306.jpg

- ბედისწერა...

- ...ძნელია თქვა, არსებობს, არ არსებობს. რაღაცების მჯერა. მგონია, რომ ჩვენს ცხოვრებაში რაღაც ამბები სადღაც არის გაწერილი, თუმცა ამას ბედისწერას არ ვარქმევ.

- რას არქმევ?

- ქვეყნად ყველაფერი ღმერთის ნებით ხდება.

- დღემდე ვერ გავბედე...

- ...თვითმფრინავიდან გადმოხტომა. ექსტრემალი ვარ, რაღაცები გამომიცდია, მაგრამ მგონია, რომ თვითმფრინავიდან გადმოხტომას ვერ შევძლებ.

- ყველაზე გიჟური, რაც გამიკეთებია...

- ...16 წლის ვიყავი იაპონიაში, ექსტრემალურ ატრაქციონზე - "ამერიკული მთები" დავჯექი. ძალიან მეშინოდა, მაგრამ გავბედე. საშიში სიამოვნება იყო.

- ხელმეორედ განცდის სურვილი გაქვს?

- კი, მაგრამ ისეთ ქვეყანაში, სადაც ნაკლები რისკი იქნება, იაპონიაში ისევ გავბედავდი.

- ვრისკავ...

- ...ზომიერად. გაუაზრებელ ნაბიჯებს არასდროს ვდგამ. მეჩხუბებიან, ამდენი ფიქრიც არ შეიძლებაო. ემოციურ ნაბიჯებს უფრო ხშირად ვდგამ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისას ბევრს ვფიქრობ.

- ჩემი ყველაზე დიდი სისუსტე...

- ...ემოციური ვარ.

- ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი ტკივილი...

- ...არის დედაჩემის გარდაცვალება. ვიბრძოლეთ, ბევრი ვიბრძოლეთ, მაგრამ... დედაჩემის ნაადრევად წასვლა კანონზომიერება ნამდვილად არ იყო.

- როცა საჯაროდ მაქებენ...

- ...ძალიან მომწონს, არანაირ უხერხულობას არ ვგრძნობ. კარგი სიტყვების მოსმენა სასიამოვნოა.

- შიში მაქვს...

- ...მარტოობის.

- ხშირად მსაყვედურობენ...

- ...დაგვიანების გამო.

- როდესაც დაძაბული პერიოდი მაქვს...

- ...ვუსმენ მუსიკას, დავდივარ ფეხით, ეს განტვირთვაში ძალიან მეხმარება.

- მიმართლებს...

- ...არც ისე ხშირად. რამეს თუ ვაღწევ, მხოლოდ ჩემი შრომით და დიდი ძალისხმევით. ადრე უფრო მიმართლებდა. როცა ცხოვრების დინებას მიუშვებ და ბევრ რამეს თავისუფლად უყურებ, მაშინ უფრო მეტად გიმართლებს - ეს დასკვნა გამოვიტანე.

- დაბოლოს, გეტყვით...

- ...იყავით ბედნიერები, ცხოვრებას მარტივად შეხედეთ! ყველანი უნდა ვეცადოთ, სწორად ვიცხოვროთ. ენერგია, რომელსაც გავცემთ, უკან გვიბრუნდება, ამას განსაკუთრებით კონცერტებზე ვგრძნობ. ერთმანეთის მიმართ მეტი სითბო და სიყვარული გამოვხატოთ!

თამუნა კვინიკაძე