„ის დღე, როცა სპექტაკლი არ მაქვს, ჩემი დღეების სათვალავში არ არის“ - გზაპრესი

„ის დღე, როცა სპექტაკლი არ მაქვს, ჩემი დღეების სათვალავში არ არის“

მსახიობობის სურვილი ბავშვობიდან ჰქონდა. ახალციხეში დაბადებულმა და გაზრდილმა, სწორედ იქ, ახალგახსნილ თეატრში ნახა სპექტაკლი, რომელმაც მასზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა და მას შემდეგ გაუჩნდა სურვილი ამ პროფესიას დაუფლებოდა. 17 წლის იყო, როცა თბილისში ჩამოვიდა. მიუხედავად იმისა, რომ პირველ წელს თეატრალურში ვერ მოხვდა, მარჯანიშვილის თეატრში მივიდა და განაცხადა, მუშაობის დაწყება მინდაო. სულერთი იყო, რა პოზიციაზე დააკავებდნენ, მთავარი იყო დრო ამ თეატრის შენობაში გაეტარებინა და ყოველდღიურად ეყურებინა იმ მსახიობებისთვის, რომლებიც მაშინდელ თეატრალურ სამყაროში კორიფეებად ითვლებოდნენ. დამლაგებლის ადგილი შესთავაზეს და ისიც დათანხმდა. თავის საქმეს რომ მოითავებდა, სამუშაო ტანსაცმელს გამოიცვლიდა, მოწესრიგდებოდა და პარტერში ჯდებოდა რეპეტიციების საყურებლად. მოგვიანებით, ამავე თეატრის სცენაზე დადგა, სადაც დაახლოებით ათი წელი გაატარა - კონკრეტულად კი მას შემდეგ, რაც თეატრალურ ინსტიტუტში სწავლა წითელ დიპლომზე დაასრულა. თუმცა თავად ამბობს: როგორც მსახიობმა, მარჯანიშვილის თეატრში დიდად ვერაფერი გავაკეთე, მაგრამ დიდ სიყვარულში გავიზარდე და ისეთ ადამიანებთან მქონდა ურთიერთობა, ვისგანაც ყოველწამიერად უნდა გესწავლა და ის წლები არასდროს დამავიწყდებაო. ბოლოს კი ღიმილით დასძენს: „ჩემს თავს ასე ვეძახი, მარჯანიშვილის თეატრის უხმო როლების უბადლო შემსრულებელი“...

ნაირა გელაძე დღესდღეობით ორი თეატრის მსახიობია: მოზარდ მაყურებელთა თეატრისა და ლიტერატურის თეატრის. 20 ივნისს სწორედ მოზარდ მაყურებელთა თეატრში აღინიშნა მსახიობის 65 წლის იუბილე. წარმოდგენილი იყო სპექტაკლი „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“, რის შემდეგაც ნაირა გელაძის ალბომის პრეზენტაცია გაიმართა, რომლის ავტორიც დიმიტრი ხვთისიაშვილია. ფანატიკოსი და არჩეული პროფესიის ერთგულიაო, - წერს რეჟისორი ალბომის შესავალში და მართლაც ასეა. ამაში ჩვენი დიალოგის მკითხველიც დარწმუნდება.

- ჩემი პროფესიის გარეშე ცხოვრება ვერ წარმომიდგენია. ის დღე, როცა სპექტაკლი არ მაქვს, ჩემი დღეების სათვალავში არ არის. შეიძლება ამაზე ვიღაცას გაეცინოს ან იფიქროს, რომ რაღაცას ვიგონებ, მაგრამ ჩემთვის ასეა და გულწრფელი ვარ. ბედნიერი გახლავართ, სამუშაო რომ მაქვს და ჩემს საქმეს ვაკეთებ. სიამოვნებით ვშრომობ და სანამ შემიძლია, მინდა კიდევ მქონდეს სამუშაო. საიუბილეო ალბომის შედგენისა და პრეზენტაციის საღამოს გამო კი, დიმა ხვთისიაშვილის ძალიან, ძალიან მადლიერი ვარ, მან დიდი ზეიმი მომიწყო.

რაც შეეხება ჩემს დღევანდელობას, ჩემი განრიგი ასეთია: დილას 10 საათზე ლიტერატურის თეატრში ვარ. შეიძლება დღეში 5 სპექტაკლი მქონდეს, თუმცა 3 აუცილებლად. მერე მოზარდ მაყურებელთა თეატრში მოვრბივარ. იმავე დღეს შეიძლება ისევ ლიტერატურულ თეატრში რეპეტიციაზე დაბრუნებამ მომიწიოს ან გადაღებაზე წავიდე. წელს რაღაც ისე ხდება, რომ რეჟისორებს არ ვახსოვარ, თუმცა თითქმის ყველა ქართულ სერიალში მაქვს მონაწილეობა მიღებული. მათ შორის იყო „დიდი შესვენება“. იქ ერთ-ერთ მთავარ როლს ვთამაშობდი და როცა სერიალი შეჩერდა, უცნობი ადამიანები მეკითხებოდნენ, გაგრძელდებოდა თუ არა? ეს სერიალი მეც მომწონდა, მაყურებელსაც და გული დამწყდა, რომ გადაღებები აღარ გაგრძელდა. წიგნების კითხვა მიყვარს, მოზარდ მაყურებელთა თეატრის რეპერტუარში გვაქვს „მე ვხედავ მზეს“, რომელსაც თვეში 5-6 ჯერ მაინც წარმოვადგენთ. წარმოდგენა ორსაათნახევარზე მეტი გრძელდება. მეორე მოქმედების დასაწყისში 15-წუთიანი სცენა მაქვს, მთელი დანარჩენი დრო, 2 საათი ჩემს საგრიმიოროში ვზივარ და შეიძლება მაშინ 1 წიგნი წავიკითხო. ვკითხულობ თანამედროვე მწერლობას, პოეზიას, მაგრამ როცა დავასრულებ, ისევ ჩვენს კლასიკას ვკიდებ ხელს: ჭილაძეს, ჯავახიშვილს, გამსახურდიას და ჩემთვის გავიფიქრებ ხოლმე, ამის გარეშე როგორ ვიყავი, დრო იმ ავტორებზე რატომ დავხარჯე?! შეიძლება ცუდია ახლა რასაც ვამბობ, მაგრამ ჩემთვის ასეა - მე მაინც კლასიკა მირჩევნია.

- ქალბატონო ნაირა, ისეთი დიდი და დაუოკებელი სურვილი, რაც მსახიობობას უკავშირდებოდა, კიდევ რის მიმართ გქონიათ ან გაქვთ?

- მოგზაურობის დაუოკებელი სურვილი მაქვს. სულ ვამბობ, არც ბრილიანტის ბეჭდები მინდა და არც მანქანა, ოღონდ შემეძლოს ვიმოგზაურო-მეთქი. სამწუხაროდ, ამას დიდად ვერ ვახერხებ. ჩვენნაირი მსახიობებისათვის ეს მარტივი და ხელმისაწვდომი არ არის. თუმცა, რამდენიმე ქვეყანაში ნამყოფი ვარ. იტალიაში სამჯერ ვიყავი. ზაზა კოლელიშვილი „ქუთაისელ ბაბუას“ რომ იღებდა, 10 დღე ათენში გავატარეთ. მალე საბერძნეთში კიდევ მივდივარ, ამჟამად მოზარდ მაყურებელთა თეატრიდან, გასტროლით...

- იმ ქვეყნებიდან, სადაც ყოფილხართ ან ჯერ არ გინახავთ, საქართველოს გარდა, სადმე იცხოვრებდით?

- შეიძლება სადმე 1-2 თვით წავიდე, დავათვალიერო, ვისიამოვნო და უცხო გარემო შევისრუტო, მაგრამ ჩემი ქვეყანა საქართველოა. ორ თეატრში ვმუშაობ. თუ ჩემი მოკრძალებული შრომით, ბავშვებს ქართულ სიტყვას ვეტყვი, გულს გავუთბობ, რაღაცაზე ჩავაფიქრებ, ჩემთვის ეს ყველაფერია - ჩემი ცხოვრების არსი და აზრი.

- დღეს ახალი თაობა ისეთ ავტორებს კითხულობს, რომელთა უმრავლესობას მე არ ვიცნობ, არც ჩემი გარემოცვა და მით უფრო, არც ჩვენი მშობლების თაობა. ლიტერატურის თეატრში სპექტაკლების შემდეგ, თუ გაქვთ ბავშვებთან გასაუბრების საშუალება და თუ იცით, ქართველ ავტორებს იცნობენ?

- ლიტერატურული თეატრის ამბავს გიამბობთ და იდეის, რომლის გარშემო ხუთი ადამიანი გავერთიანდით: ლადო მექვაბიშვილი, თემო ნაცვლიშვილი, ლია ქინქლაძე, კოტე მჟავია და მე. ჩემი ინიციატივით დავსვი საკითხი, ხომ არ გაგვეკეთებინა ისეთი თეატრი, რომელიც მხოლოდ ქართველ ავტორებზე იმუშავებდა და სკოლები თავიანთ მოსწავლეებს ქართველი ავტორების შემოქმედების მიხედვით დადგმულ სპექტაკლებზე სიამოვნებით მოიყვანდნენ. დამეთანხმნენ. პირველი სპექტაკლი რევაზ ინანიშვილის მოთხრობების მიხედვით გავაკეთე და დავარქვი „ცეტები“. შემდეგი სპექტაკლები დუმბაძის, ლეონიძის, ილია ჭავჭავაძის მოთხრობების მიხედვით დავდგით. დღეს ჩვენს თეატრში თბილისის თითქმის ყველა სკოლა დადის. მაყურებელთა სიმრავლემ მოითხოვა, რომ ბავშვებისთვის „კონკიაც“ ვითამაშოთ და სხვა უცხოელი ავტორების ნაწარმოებები, მაგრამ ძირითადად მაინც ქართული ლიტერატურაა ჩვენი პრიორიტეტი. რაც შეეხება კითხვას, იცნობენ თუ არა ქართველ ავტორებს, მინდა გითხრათ რომ ნაკლებად, ეს კი გულდასაწყვეტია. ცოტა ხნის წინ, 161-ე სკოლის მეოთხე კლასის გამოსაშვები სპექტაკლის დადგმა მთხოვეს. ვაჟა-ფშაველას ნაწარმოებები მაქვს გაერთიანებული და გადავწყვიტე, ამაზე გვემუშავა. პირველ რეპეტიციაზე ბავშვებს ვკითხე, რამდენად იცნობდნენ ვაჟა-ფშაველას და ჰქონდათ თუ არა „შვლის ნუკრი“ წაკითხული. დადებითი პასუხი არავის ჰქონდა. ამის შემდეგ, ვაჟა-ფშაველას შემოქმედებაზე ვესაუბრე და ეს პირველი შემთხვევა არ არის, ზოგადად ასე ვიქცევი. კი, ბევრ დროს ვხარჯავ, მაგრამ ვთვლი, რომ ასეა საჭირო და მე ეს მსიამოვნებს...

- თქვენი აზრით, როგორ შეიძლება დავაინტერესოთ? ზოგჯერ არც ის ჭრის, როცა ეტყვი: „მოდი, ერთად წავიკითხოთ“ ან შენ სთავაზობ წაუკითხო...

4-vaxo-nozaze-da-naira-copy-1688369316.jpg

- ამ შეკითხვას ჩემს თავს ხშირად ვუსვამ, ვუსმენ ფსიქოლოგების რჩევებსაც, მაგრამ საუბედუროდ, სოციალურმა ქსელმა და ტელეფონებმა ჩვენი ბავშვები დაგვაკარგვინა. ამაზე გული მტკივა. ჩვენ ლიტერატურული მარგალიტების პატრონები ვართ და ეს თუ ასე გაგრძელდა, არ ვიცი, რა იქნება.

- ქალბატონო ნაირა, პროფესიულ ცხოვრებასა თუ ყოველდღიურობაში არიან ადამიანები, ვინც ჩვენზე წარუშლელ შთაბეჭდილებებს ახდენენ და დიდ კვალს ტოვებენ. დაასახელეთ სამი პიროვნება, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ...

- ჩემთვის სამი ცოტაა, მაგრამ... არასოდეს დამავიწყდება ლადო მექვაბიშვილის სიკეთე. დღეს მე რომ მოზარდ მაყურებელთა თეატრში ვარ, ეს მისი დამსახურებაა. ხელი მომკიდა და მომიყვანა. მაშინ აქ „ნაცარქექია“ იდგმებოდა და მართას როლზე შემიყვანეს. სამხატვრო ხელმძღვანელი გიგა ლორთქიფანიძე იყო, ქეთინო ხარშილაძე კი მთავარი რეჟისორი. სპექტაკლის შემდეგ, დასის გამგე ნელი კოპალეიშვილი ჩამეხუტა და მომილოცა, - ძალიან კარგი იყო. გიგამ თქვა, დიდი ხანია მაგ გოგონას ვიცნობ და ახლავე დასში ჩასვითო. ლადო მექვაბიშვილმა მიმიყვანა ლიტერატურის თეატრშიც. იქ რეპერტუარში არსებულ ყველა სპექტაკლში ვთამაშობ, როგორც პატარა გოგონას, ისე კაცს, ქალს, მოხუცსა და ახალგაზრდას. არასოდეს ვიტყვი, რომ დავიღალე. ვცდილობ, ეს არასდროს დამეტყოს და არც იმ შემთხვევაში, თუ ერთ დღეს ხუთ სპექტაკლს ვთამაშობ. მაყურებელს ეს არ აინტერესებს, ამიტომ სცენაზე გასვლის წინ, ყოველთვის მთელი ძალით „ავიკრიფები“ ხოლმე. ამას წინათ ლიტერატურულ თეატრში 5 სპექტაკლი მქონდა, იმავე დღეს მოზარდში - 5 და 7 საათზე ვთამაშობდი. ერთი საათი საგრიმიოროში სკამზე ჩამოვჯექი და მივყუჩდი, სხვა დანარჩენი დრო სცენაზე ვიდექი და მგონია, ვერავინ შემატყობდა, რომ იმ დღეს ჯამში 7 სპექტაკლი მქონდა. ჩვენი მსახიობი ვახო ნოზაძე რომ დამინახავს, მეხუმრება ხოლმე, დატვირთეთ ეს ქალი, დატვირთეთ, შესაბამისად დაკავებული არ არისო. ახლახან ვუთხარი, ლიტერატურის თეატრში სეზონი დავასრულე და მოზარდშიც მალე დასრულდება, მერე რა ვაკეთო-მეთქი? მითხრა: ნაო, შენ არ ინერვიულო, ახლა გირებს გიყიდიო (იღიმის).

- მეორე ადამიანი?

- ნანი ჩიქვინიძე. მარჯანიშვილის თეატრში მის ოთახში ვიყავი და მისგან ბევრი რამ ვისწავლე. ერთხელ საუბრისას ვთქვი, სახარება არ მაქვს და არ წამიკითხავს-მეთქი, მეორე დღეს მომიტანა. თან, მათი ოჯახის რელიკვია იყო და წარმოიდგინეთ, როგორი მადლიერი დავრჩი. „ჯაყოს ხიზნებში“ ნინას როლს ვთამაშობდი და სპექტაკლის შემდეგ, საგრიმიოროში რომ შევიდოდით, თავსაფარს ღრიალით მოვიხსნიდი და ვამბობდი, - მინდა მედეა ვითამაშო-მეთქი. გამომხედავდა ხოლმე და მეტყოდა: ნაირა, დამშვიდდი, შენი როლები მოგვიანო ასაკში იქნებაო და ეს, მართლაც ასე მოხდა...

3-copy-1688369298.jpg

- მესამე ადამიანად ვის დაასახელებთ?

- მშობლები რომ არასდროს გვავიწყდება, ეს ისედაც ნათელია. მყავს 2 და - ნუნუ და მეგი. მე შუათანა ვარ და ჩვენ შორის 3-3 წელია სხვაობა. ნინუკამ დიდი როლი ითამაშა ჩვენს ცხოვრებაში. ის რასაც კითხულობდა, სწავლობდა, ჩვენც ამას გვაწვდიდა... ამიტომ არავის ვაწყენინებ და ამ „დაუვიწყარი ადამიანების“ ჩამონათვალში ჩემი დებს დავასახელებ. ისინი არა მხოლოდ დები არიან, არამედ მშობლებიც, შვილებიც და ძმებიც.

- თქვენს პროფესიას ახლავს: ყვავილები, ბარათები, პატივისცემა... დასასრულ, მაყურებლის მხრიდან თქვენთვის გამორჩეული და დასამახსოვრებელი შემთხვევა გაიხსენეთ...

- უამრავი ყვავილი და საჩუქარი მიმიღია, მაგრამ ორიოდე დღის წინ ასეთი შემთხვევა მოხდა: ჩემი მეუღლე 9 თვის წინ გარდაიცვალა. 2 შვილი და 3 შვილიშვილი მყავს. მეუღლის გარდაცვალების შემდეგ შავებს ვატარებდი და ვფიქრობდი, ჩემი მესამე შვილიშვილი რომ დაიბადება, მუქი სამოსი მერე გამეხადა. ჰოდა, ორიოდე დღის წინ მაღაზიაში შევედი. ორი ახალგაზრდა გოგონა დამხვდა და ვუთხარი, შავი მინდა გავიხადო, იქნებ რამე შევარჩიო, რამე ისეთი, რომ ძალიან ჭრელიც არ იყოს-მეთქი. დავიწყეთ შერჩევა და უცებ, ერთ-ერთმა მკითხა, თქვენ ხომ მსახიობი ხართ, „წითელქუდაში“ ბებიას თამაშობთ. ამას წინათ ჩემი შვილი მოზარდში სპექტაკლზე მყავდა და მაშინვე გიცანითო. მოკლედ, აჭიკჭიკდნენ, მომეფერნენ და უცბად, ერთ-ერთ სამოსზე მეუბნებიან, ეს „ბლუსკა“ ჩვენგან საჩუქრადო. არავითარ შემთხვევაში-მეთქი, ვიუარე. არ დამემორჩილნენ, ახლა მაღაზიაში ჯულია რობერტსი რომ შემოსულიყო, ხომ გავგიჟდებოდით და თქვენ ჩვენი, ქართველი ხართ, მასზე უკეთესი არ ხართ?! გვინდა ეს ნივთი ჩვენგან სახსოვრად გქონდეთო. საჩუქარი ჩანთაში ჩამიდეს და გამომატანეს. შინ მოსული თან ვტიროდი და თან ვიცინოდი. ყველაზე მეტად ის გამიხარდა, რომ თეატრიდან მიცნეს და არა სერიალიდან. ჩემთვის ამას დიდი მნიშვნელობა აქვს (იღიმის).

ანა კალანდაძე