"სხვის შვილებზე" ნერვიულობით გათენებული ღამეები და პედაგოგი, რომელიც ქართველი გმირების უკვდაყოფას ცდილობს - გზაპრესი

"სხვის შვილებზე" ნერვიულობით გათენებული ღამეები და პედაგოგი, რომელიც ქართველი გმირების უკვდაყოფას ცდილობს

ეს ამბავი ჯერ კიდევ 90-იან წლებში მოხდა, აფხაზეთის ომის დროს. ლაგოდეხის ერთი ლამაზი სოფლიდან, კართუბნიდან ახალგაზრდა ბიჭი, ბიჭიკო ტაბატაძე საკუთარი სამშობლოს ერთიანობის დასაცავად წავიდა. როდესაც ოჯახმა ბიჭიკოს შესახებ ვეღარაფერი შეიტყო, მის მოსაძებნად უმცროსი ძმა, პაატა წავიდა ომში. მან არაერთხელ, სხვადასხვა წყაროდან მიიღო ინფორმაცია, რომ ძმა, რომელსაც ეძებდა, გარდაცვლილი იყო, მაგრამ მაინც არ იჯერებდა და ჯიუტად განაგრძობდა მის ძებნას. ამასობაში თავად გახდა მეომარი... ომი უკვე დასრულებული იყო, როდესაც ოჯახმა ტელევიზიით შეიტყო, რომ ახალგაზრდა გოგონა ბიჭია ტაბატაძის ოჯახის წევრებს ეძებდა. გაირკვა, რომ ის ბიჭიკო ტაბატაძესთან ერთად დაღუპული ოთარ ჯაფარიძის და ყოფილა. დაწვრილებით გაეგო მათი დაღუპვის ამბავი და ახლა გარდაცვლილთა ახლობლებს უხმობდა, რომ ერთად ეცადათ ცხედრების გადმოსვენება. ოთარ ჯაფარიძის დას მოუხერხებია აფხაზეთში გადასვლა და იმ უკრაინელი მოხუცი ქალის გაცნობა, რომლის ოჯახსაც თავს აფარებდა ექვსი ქართველი მებრძოლი, მათ შორის ოთარი და ბიჭიკო. მებრძოლებს შორის ორი დაჭრილი ყოფილა. მოხუცი შვილივით უვლიდა ყველას. ქართველებთან ერთად, ვინმე მაჰმადიანი მესხიც ყოფილა, რომელიც გაპარულა და აფხაზებისთვის უსწავლებია ქართველების თავშესაფარი. დილით აფხაზებს ალყაში მოუქცევიათ მოხუცი ქალის სახლი და დანებება მოუთხოვიათ. იმ დროს მოხუცს სტუმრად ჰყოლია უკრაინიდან ჩამოსული ახალგაზრდა შვილიშვილი. ქართველ მეომრებს მასპინძელი ქალი და მისი შვილიშვილი განსაცდელში არ ჩაუგდიათ და აფხაზებს დანებებიან, აფხაზებს კი ისინი დაუხოცავთ. მოხუც დიასახლისს დახვრეტილთა ვინაობა და მეტსახელები პატარა ფირფიტაზე ჩამოუწერია, სათითაოდ ჩაუდვია მიცვალებულებისათვის ჯიბეში. მერე ისინი, შვილიშვილის დახმარებით დაუმარხავს. 1998 წლის 14 სექტემბერს, ექვსი გარდაცვლილი ქართველი მეომარი თორმეტ ტყვეში გაიცვალა. ამბავი ჩვენამდე ლაგოდეხელმა ქალბატონმა, პედაგოგმა ევა ლომთაძემ მოიტანა. ის აქტიურად იყო ჩართული აფხაზეთის ომში მებრძოლების ოჯახების დახმარების საქმეში, დღეს კი უკრაინაში მებრძოლ ქართველ მეომრებს და მათ ოჯახებს გულშემატკივრობს. სხვადასხვა სახის ღონისძიებას აწყობს მათ დასახმარებლად, გასამხნევებლად. ცდილობს ახალ თაობას სწორი ინფორმაცია მიაწოდოს იმ ქართველ მეომრებზე, რომლებიც ახლა იბრძვიან უკრაინაში, საქართველოს სახელით. ევა ლომთაძე ლაგოდეხის ერთ-ერთ სკოლაში ბავშვებს ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლის, სამშობლოს სიყვარულს უნერგავს. შინ ქართველი მებრძოლების ფოტოები აქვს გამოფენილი და სტუმრებს მათ შესახებ უამბობს. უკრაინაში მებრძოლი ქართველები მის სიყვარულსა და პატივისცემას შესაბამისად აფასებენ, ზოგიერთისთვის ის დედაა, ზოგიერთისთვის - გულითადი მეგობარი.

eva7777-1-copy-1688369644.jpg

ევა ლომთაძე:

- განსაკუთრებულს არაფერს ვაკეთებ, უბრალოდ, ჩემი სამშობლოსთვის თავდადებულ ადამიანებს ვგულშემატკივრობ. ვფიქრობ, ყოველთვის უნდა გვქონდეს სიამაყე და თანაგანცდა ჩვენი მებრძოლების მიმართ. აქამდე რომ მოვაღწიეთ, სწორედ მათი დამსახურებაა. თითოეული ჩვენგანი, ვინც თანამონაწილეები თუ უბრალოდ, თანამოწმეები ვართ იმ პროცესებისა, რაც საქართველოში განვითარდა ჩვენი სახელმწიფოებრიობისა და მისი გადარჩენისათვის, ვისთვისაც ძალიან ძვირფასია საქართველო, თავისებურად გამოვხატავთ ამბის მთავარი გმირების მიმართ ჩვენს დამოკიდებულებას... უკრაინაში მებრძოლი ჩვენი ძვირფასი მებრძოლები იცავენ საქართველოს ღირსებას, მის წარსულსა და მომავალს. ძნელია, როცა საკუთარი ქვეყნის მთავრობისგან ვერ გრძნობენ მხარდაჭერას... უფრო მეტიც, გარკვეული კატეგორიის ადამიანები მათ თავდადებას საეჭვოდ ხდიან... არ მავიწყდება 90-იანი წლები, როდესაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლი ჩვენი დამცველების მიმართ არაერთგვაროვანი იყო საზოგადოების პოზიცია. მაშინ სულ მქონდა განცდა, რომ მხოლოდ ერთი ნაწილი იბრძოდა საქართველოსათვის, მეორე ნაწილი კი გულგრილად განაგრძობდა ცხოვრებას. გული მიკვდებოდა, როდესაც საღამოობით, ტელევიზიით აფხაზეთში გარდაცვლილი მეომრების გვარებს აცხადებდნენ, შემდეგ კი უცხოეთში დასასვენებლად გამგზავრების თაობაზე რეკლამებს გადმოსცემდნენ. თითქოს ორ სხვადასხვა სამყაროში ვცხოვრობდით... უკრაინაში ომი რომ დაიწყო, მთელი საქართველო ტელევიზორებთან ათენებდა, რადგან ყველა ხვდებოდა, თუ რას ნიშნავდა რუსეთის მიერ ომის გამოცხადება უკრაინისათვის. იმ დღეებში თანდათან გამოჩნდნენ ჩვენი ქართველი მებრძოლები უკრაინაში. რა თქმა უნდა, სიამაყის განცდა გაქვს ადამიანს, მაგრამ თან გეშინია, რადგან იცი, რას ნიშნავს მეომრის ომში წასვლა. ომის პირველივე დღეებში მე და ჩემმა მეგობრებმა ორგანიზება გავუკეთეთ ლაგოდეხში უკრაინის მხარდამჭერ აქციას, შევკერეთ და დავამზადეთ დიდი და პატარა დროშები. მერე სხვებმაც ჩაატარეს მსგავსი აქცია და მასშიც ვმონაწილეობდით. ჩვენ ხომ რუსების მზაკვრობა და დაუნდობლობა გამოვცადეთ, თანაც უახლოეს წარსულში. დღეს უკრაინელები ებრძვიან ჩვენს მტერს, რომელსაც ჩვენი სამშობლოს ოცი პროცენტი აქვს ოკუპირებული. ხომ ვიცით, რომ რუსეთ-უკრაინის ომზეა დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობა, დამოუკიდებლობა, მომავალი და აბა, როგორ შეიძლება, არ ვუგულშემატკივროთ?

ალბათ გახსოვთ, დეკემბრის თვეში რომ დაიწყეს მებრძოლებისათვის მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ საუბარი. ძალიან გავბრაზდი და პროტესტის ნიშნად, მეგობრებთან ერთად, უკრაინაში მებრძოლი ჩვენი მეომრების მხარდასაჭერი აქცია გავმართე. გული დამწყდა, რომ მხოლოდ ოცდახუთი ადამიანი ესწრებოდა ამ ღონისძიებას. აქციის მონაწილეებზე მეტი პოლიციისა და უშიშროების წარმომადგენელი იდგა... ძალიან ბევრი მებრძოლი, მათ შორის მანამდე ჩემთვის სრულიად უცნობი ადამიანი ამ აქციის მერე პირადად მწერდა მადლობას. მერე თანდათან გამიჩნდა სურვილი, ჩვენი მეომრების სურათები დამებეჭდა და სახლში, წიგნების თაროებზე, კედლებზე განმეთავსებინა. ბევრი ადამიანი, მათ შორის ახალგაზრდებიც ხშირად მსტუმრობენ და როდესაც ჩვენი გმირი მეომრების ფოტოებს ნახულობენ, ინტერესს, პატივისცემას და სიყვარულს გამოხატავენ.

- რა შეგიძლიათ თქვათ მეომარ ბიჭებსა და გოგონებზე, როგორები არიან ისინი?

- საოცარი ადამიანები არიან, თავმდაბლები და ყურადღებიანები. აღარაფერს ვამბობ მათ პატრიოტიზმზე. როცა მათ ამბებს ვეცნობი, მრჩება განცდა, რომ სხვა სამყაროს ადამიანები არიან. სულ პატარა მინაწერიც არ გამორჩებათ და სიყვარულს გამოხატავენ თუნდაც სულ მცირე კომენტარზე. პირადად მე, მათგან ბევრს ვსწავლობ. უზომოდ უყვართ ადამიანები და სიცოცხლე. იცით, რა აღმომაჩენინეს? შეიძლება შვილი საერთოდ არ გყავდეს, მაგრამ ომში წასული სხვისი შვილები - სრულიად პატარა გოგო-ბიჭები გახდნენ შენი ფიქრებისა და განცდების ნაწილი. ზოგჯერ, როდესაც აღარაფერი მესმის მათ შესახებ, მოსვენებას ვკარგავ, ღამეები აღარ მძინავს... დიახ, ომის დროს, თურმე სხვისი შვილები არ არსებობენ, ისე შემოდიან ისინი შენს ფიქრებსა და განცდებში, მერე კი თავადაც ვერ ხვდები, როგორ ხდებიან შენი შვილები... მეომრებზე არანაკლებად მაოცებენ მათი ოჯახის წევრები. შეიძლება ითქვას, რომ ისინიც გმირები არიან.

- როგორც ვიცი, დღემდე გულშემატკივრობთ აფხაზეთის ომში დაღუპულთა ოჯახის წევრებს.

- საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის აღსრულებულ მებრძოლთა ოჯახების უმრავლესობა 2004 წელს გავიცანი, როცა ლაგოდეხის გამგებლის მოადგილედ დავინიშნე. მე და ჩემი მეგობრები მანამდეც და მას შემდეგაც ვიძიებდით ინფორმაციებს აფხაზეთის ომში დაღუპულთა შესახებ. სამწუხაროდ, ხშირი იყო შემთხვევები, როდესაც ოჯახებს მათ შესახებ ზუსტი ინფორმაცია არ ჰქონდათ. 2004 წლის 14 აგვისტოს სკვერი გავხსენით ლაგოდეხში, რომელიც ლეგენდარული მფრინავის, ჯიმშერ მაისურაძის სახელს ატარებს. მეამაყება, რომ ამ სკვერის გახსნის ერთ-ერთი ინიციატორი გახლდით. თუმცა, იდეა ულამაზეს ქალბატონს, აწ გარდაცვლილ მედიკო დეიდას, ერთ-ერთი გმირულად აღსრულებული ლაგოდეხელი ბიჭის, თამაზ გელაშვილის დედას ეკუთვნოდა. საოცარი ქალბატონი იყო მედიკო დეიდა. დარწმუნებული ვარ, მისი

eva222-copy-1688369673.jpg

იდეა - სამშობლოსათვის აღსრულებულთა მუდმივი საგამოფენო ექსპოზიციაც აუცილებლად მოეწყობა ადგილობრივ მუზეუმში. დაწყებული გვქონდა ეს საქმე, მაგრამ 2012 წლის შემდგომ, ისევე როგორც ბევრი სხვა იდეა, ვერ განხორციელდა. ახალგახსნილ სკვერში ქვა დავდგით, რომელზეც ომში აღსრულებული თითოეული ლაგოდეხელის სახელი და გვარი ეწერა. იქვე ერთ წელიწადში დაიდგა ჯიმშერ მაისურაძის ბიუსტიც. ვერ წარმოიდგენთ იმ ემოციებს, რაც ჩვენი გმირების ოჯახის წევრებს ჰქონდათ მაშინ. იმ ღონისძიებისთვისვე, მაშინ, როცა ჯერ ბიუჯეტში თანხები არც იყო, პირველად გამოვძებნეთ დახმარება ამ ოჯახებისთვის. ის სკვერი წელს განახლდა, მაგრამ გახსნის დღეს აღმოჩნდა, რომ ჩვენ მიერ დადგმული ქვა ადგილზე აღარ იყო. ძალიან გავბრაზდით. ხელისუფლება იძულებული გავხადეთ, ახალი დაემზადებინა, რადგან, როგორც გვითხრეს, ძველი "თანამედროვე მოთხოვნებს" არ პასუხობდა. ჩემი გამგებლობის პერიოდშივე მეგობრებთან ერთად გამოვუშვი გაზეთი, რომელიც მთლიანად ეძღვნება ლაგოდეხელ მებრძოლებსა და მათ თავდადებას. 2008 წლის ომის შემდეგ, 27 სექტემბერს მეგობრებთან ერთად დიდი ღონისძიება ჩავატარე, რომელიც მიეძღვნა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის გმირებს. ამ დღესვე მოვაწყვეთ ომის დროს გარდაცვლილი ჟურნალისტის, გიგლა ჩიხლაძის ფოტონამუშევრების გამოფენა. 2015 წელს მეგობრებთან ერთად დავსვით საკითხი გმირულად აღსრულებული შმაგი ნოზაძის სახელის უკვდავყოფის მიზნით. გვინდოდა, მისი სახელობის ყოფილიყო ლაგოდეხში, ცენტრალური მაგისტრალის ის მონაკვეთი, სადაც შმაგის მშობლიური სოფელია. დიდი წინააღმდეგობის დაძლევის შედეგად, ორი წლის შემდეგ მიზანს მივაღწიეთ. მოვიძიეთ და შევაგროვეთ ცნობები საქართველოს პირველი პრეზიდენტის ერთგულებისთვის გმირულად აღსრულებული ორი ლაგოდეხელი გვარდიელის, გელა გელაშვილისა და ელდარ ტაბატაძის შესახებ. მათზე ადგილობრივი გაზეთისა და ტელევიზიით მოვამზადეთ მასალები, გავაკეთეთ გადაცემები.

აფხაზეთში აღსრულებულ გმირთა ოჯახები თანაუგრძნობენ უკრაინაში მებრძოლ ქართველებს, რადგან იციან, რომ ისინი აგრძელებენ მათი ოჯახის წევრების ბრძოლას სამშობლოსათვის.

ხათუნა ბახტურიძე