"საქართველოში აქცენტები იმაზე უფროა, თუ რატომ აქვს ადამიანს სექსუალური ცხოვრება" - გზაპრესი

"საქართველოში აქცენტები იმაზე უფროა, თუ რატომ აქვს ადამიანს სექსუალური ცხოვრება"

ახლახან ინტერნეტსივრცეში ახალი ქართული სერიალი - "ცვალებადი ნიშნები" გამოჩნდა, რომელიც სტუდენტების ცხოვრების, მათი თავგადასავლების შესახებ გვიყვება. გამოცდილ და ახალბედა მსახიობებთან ერთად, სერიალში საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანების შვილებიც მონაწილეობენ, მათ შორის - ნატალია ყიფშიძეც... "ცვალებადი ნიშნების" პირველივე ეპიზოდი საზოგადოების განხილვის საგანი გახდა, რის შესახებაც ნატალიამ ჟურნალთან "გზა" გულახდილად ისაუბრა...

- სერიალის - "ცვალებადი ნიშნები" - წარმომადგენლები დამიკავშირდნენ და კასტინგზე მისვლა მთხოვეს. რეჟისორს - სოსო ბლიაძეს და კასტინგის დირექტორს - გიორგი წერეთელს შევხვდი და სერიალის შესახებ ვისაუბრეთ... ძალიან დავინტერესდი. შემდეგ კასტინგებზე სხვადასხვა მსახიობთან ერთად დავდიოდი - სინჯებს ვიღებდით, ერთმანეთს როგორ "მოვერგებოდით". საბოლოოდ გავიგე, რომ ჩემს საუკეთესო მეგობართან - ლიტუკა თავაძესთან ერთად უნდა მეთამაშა. გამიხარდა. იმ დროს გავიცანი მარიამ იაკობაშვილი და მასაც იმ დღესვე დავუმეგობრდით... ჩვენ სამნი სერიალში ერთად ვთამაშობთ. მგონი, პროდუქტს ეტყობა, რომ მთელი შემოქმედებითი გუნდი ერთ ოჯახად შეიკრა, ერთმანეთის მიმართ ყველას მეგობრული დამოკიდებულება აქვს.

- ვინ არის თქვენი პერსონაჟი? ერთმანეთთან რა საერთო გაქვთ?

- ჩემს პერსონაჟს ნათია ჰქვია. ჩემგან რადიკალურად განსხვავებული ადამიანია. ის ხალხს აბულინგებს, რაღაცებზე ეღადავება, სხვების პირად სივრცეებში შედის... ალბათ, ჩვენი საერთო თვისება მხოლოდ გამბედაობაა. ის ფაქტი მახარებს, რომ ჩემი თავისგან რადიკალურად განსხვავებული ადამიანის როლს ვთამაშობ, რაც მგონი, გამოცდილების მისაღებად საინტერესოა.

img-5348-1688369874.jpg

- როგორ ფიქრობთ, სერიალში აღწერილი სიტუაციები სტუდენტების დღევანდელ ცხოვრებას ჰგავს?

- საქართველოში დღემდე ვუყურებთ სერიალებს - ამერიკულს, ევროპულს... ყველა მათგანში არის პერსონაჟი, რომლის შესახებაც ვამბობთ, რომ მას ძალიან ვგავართ. ერთი პრობლემა ის გახლდათ, რომ ამ სერიალებში ქართული იდეოლოგიები არაა და პერსონაჟებთან ბოლომდე "ახლოს" ვერ ვგრძნობდით თავს. ქართულ რეალობაში რაც კი გადაღებულა, მგონია, "ცვალებადი ნიშნები" ყველაზე ახლოს არის ნამდვილ პრობლემებთან თუ საკითხებთან - რეალობას კარგად ასახავს. ჩვენი სცენარისტების - ბექა ადამაშვილის და მარიამ გურგენიშვილის მუშაობა მომწონს - ნიჭიერები არიან. პროექტს ეტყობა, რომ 2 სცენარისტი მუშაობს: ხვდები, რომ მაგალითად, ქალი პერსონაჟის ტექსტი კაცს არ დაუწერია ან პირიქით... ყველა სცენა ბუნებრივი, პერსონაჟებისთვის შესაბამისია. სერიალის გამოხმაურებასაც ეტყობა, რომ ახალგაზრდები პერსონაჟებში საკუთარ თავს ხედავენ. შესაძლოა, "ცვალებად ნიშნებში" უფროსი თაობის წარმომადგენლებმა ის შეცდომები დაინახონ, რასაც საკუთარ შვილებთან ურთიერთობისას უშვებენ, მაგალითად - ნენეს პერსონაჟს დედასთან კამათი მოსდის. მშობელი ამას სერიალის მაყურებლის ამპლუაში რომ დაინახავს, გაიაზრებს - ის მეთოდი, რომელსაც შვილის აღზრდისას იყენებს, დიდად არ ჭრის, პირიქით - შვილთან ურთიერთობას უფრო აფუჭებს. ჩემი აზრით, "ცვალებად ნიშნებში" ყველა თაობას ბევრი რამის სწავლა შეუძლია.

- სერიალის პირველივე ეპიზოდში, გოგონები "ღიად" საუბრობენ სექსზე, ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას უზიარებენ. რეალურად, თქვენი თაობის წარმომადგენლები ასეთი გულახდილები ხართ?

- ყველაზე ვერ ვიტყვი, მაგრამ არ არსებობს თემები, რომლებზეც მე და ჩემი მეგობრები არ ვსაუბრობთ, ოჯახური პრობლემების გარდა, რომლებიც ალბათ, არც მეგობრებთან და არც სხვა ადამიანებთან განსახილველი არ არის. მიმაჩნია, რომ საუკეთესო მეგობრისთვის სექსუალური გამოცდილების გაზიარება პრობლემას არ წარმოადგენს, რადგან ეს ის ადამიანია, ვისთანაც შეგიძლია "გახსნილი" იყო, რჩევა ჰკითხო ან პირიქით - თავად ურჩიო... სერიალის იმ კონკრეტულ სცენაში ნენეს პერსონაჟზე ცუდად ვმოქმედებთ - ვაჩვენებთ, რომ სექსუალური ცხოვრების დაწყების პროცესი უნდა დააჩქაროს, რაც რეალურად, მხოლოდ მისი გადასაწყვეტია. ნენეს პირად სივრცეში ძალიან ვერევით, რაც არასწორია. ამ სცენიდან მაყურებელმა ეს უნდა გაიაზროს...

- სამეგობროში, სანაცნობოში გქონიათ შემთხვევა, როცა გოგონას აბულინგებენ იმის გამო, რომ ჯერ არ დაუწყია სექსუალური ცხოვრება?

- ყველანაირი ბულინგის შემთხვევა ყოფილა, რაც პირადად მინახავს: რატომ არ აქვს სექსუალური ცხოვრება ან პირიქით - რატომ აქვსო?! ეს საკითხი თავად ადამიანმა უნდა გადაწყვიტოს. საერთოდ, ამ თემაზე თუ ისაუბრებს, ესეც მისი გადასაწყვეტია... არ მოგატყუებთ: საქართველოში აქცენტები იმაზე უფროა, თუ რატომ აქვს ადამიანს სექსუალური ცხოვრება და არა - რატომ არ აქვს, მაგრამ მომწონს, რომ სერიალის მაყურებელმა საკითხის ეს მხარეც დაინახა. სერიალში სექსზე "ღიად" კი ვსაუბრობთ, მაგრამ მხოლოდ იმ მიზეზით, რომ ახალგაზრდობას დაუსმელი შეკითხვები არ ჰქონდეს, რაც მათზე ცუდად მოქმედებს. ყველაზე მკაფიოდ რა პრობლემასაც ვხედავდი, ის იყო, რომ 90-იან წლებში, საქართველოში სექსუალური გამოცდილების მიღების მიზნით, ადამიანები ნაადრევად ქორწინდებოდნენ. ქალებს შესაძლებლობა აღარ ჰქონდათ, სწავლა დაესრულებინათ, კარიერა აეწყოთ... სექსზე ტაბუდადებული თემები ბევრ საკითხს ეხება. მგონია, რომ ასეთი "ღია" საუბარი ახალგაზრდებს გარკვეულ მარტივ პრობლემებს თავიდან აარიდებს. უბრალოდ, ქართველებისთვის ეს თემები აზრობრივად ცოტათი რთულია. ბევრს მოუწერია, რომ ეს სერიალი ახარებს, მაგრამ ბევრი ისეთი კომენტარიც მივიღე, რომ საშინელებაა, რასაც ვაკეთებთ. დარწმუნებული ვიყავი, მსგავსი აზრებიც გაჩნდებოდა - ეს გარდაუვალი იყო.

0b1dcaeb-6570-44f3-9824-2c90230cd565-original-copy-1688369858.jpg

- თქვენი მონაწილეობით გადაღებული ეპიზოდები ნახეთ? საკუთარ თავს როგორ აფასებთ?

- ვნახე და ბევრი შეცდომა დავინახე. პროფესიონალი მსახიობი არ ვარ და ამის გამო, ძალიან ვნერვიულობდი, როცა სერიალში მონაწილეობა შემომთავაზეს. იმ მიზეზით დავთანხმდი, რომ მთელი ცხოვრება მსახიობობაზე ვოცნებობდი, მაგრამ ზუსტად არ ვიცოდი - რატომ. ალბათ იმიტომ, რომ გადასაღებ მოედანზე გავიზარდე. ჩემთვის ეს სფერო ძალიან სახალისო იყო, მაგრამ ამასთანავე, სულ ვიწერდი... ციფრული მედიის და კომუნიკაციის ფაკულტეტზე ჩავაბარე. ახლა სადიპლომოზე ვმუშაობ, უნივერსიტეტში სწავლას ვასრულებ... სწავლის პროცესში გავიაზრე, რომ რეალურად, გადასაღებ მოედანზე მუშაობა მსახიობის ამპლუაში კი არ მინდოდა, არამედ - კამერის უკან ყოფნა მსურდა. სცენარების წერა დავიწყე... როცა გავიგე, რომ "ცვალებად ნიშნებში" სამსახიობო გამოცდილების მიღების საშუალება მქონდა, დავთანხმდი, რადგან რაც შეიძლება, ცხოვრებაში ყველაზე მეტად ვინანო, ისაა, რომ რისი ცდაც მინდოდა, არ ვცადე... გადასაღებ მოედანზე ყოფნა გამიმარტივდა, რადგან საერთოდ, კამერის წინ ყველანაირი ნერვიულობა და სტრესი მიქრება, რეპეტიციაზე კი პირიქით, ვითიშები. ასეთი უცნაურობა მჭირს... როცა კამერები ჩაირთვება, თითქოს სულ სხვა ადამიანი ვხდები... ჩვენი რეჟისორი - ბატონი სოსო ძალიან მეგობრულია. მსახიობებთან ისეთი დამოკიდებულება აქვს, რომ ნერვიულობა გვიქრება. მთელი გუნდი მხარში გვიდგას... სერიალის პრემიერაზე ყოფნისას ვფიქრობდი, რომ რაღაც არ მომწონდა. შემდეგ, სახლში სერიას ხელახლა ვუყურე და რაღაცები დავინახე, რისი გამოსწორების სურვილიც გამიჩნდა. გადაღებები ივლისის ბოლომდე გაგრძელდება. ვფიქრობ, გამოვასწორებ. მიხარია, რომ ეს ყველაფერი ვცადე. ერთი, რაც დაზუსტებით ვიცი, ჩემი სამსახური ყოველთვის გადასაღები მოედანი იქნება: რეჟისორის, მსახიობის თუ "ფროდაქშენის" სხვა წევრის ამპლუაში...

- ოჯახის მსახიობმა წევრებმა ნამუშევარი როგორ შეგიფასეს?

- ზურას აზრი ჯერ არ ვიცი - ძალიან მაინტერესებს. ამჟამად, ახალ სპექტაკლზე მუშაობს და საუბარი არ გამოგვივიდა. ალბათ, სპექტაკლის პრემიერის მერე დავსხდებით, სერიალს ერთად ვუყურებთ და ნამდვილ აზრს გავიგებ. მამას რაც შეეხება, საერთოდ, ის ძალიან გულახდილია. თუკი რამე არ მოეწონება, ნებისმიერ შემთხვევაში მეტყვის, - არ მომწონსო. პრემიერაზე ჩემ გვერდით რომ იჯდა, ძალიან ვნერვიულობდი. როცა სერია დასრულდა, ჩამეხუტა და მითხრა, რომ ძალიან მოეწონა. გამიკვირდა, რადგან როგორც აღვნიშნე, თავად რაღაცები არ მომეწონა. როცა ვისაუბრეთ და მამის აზრი მოვისმინე, მესიამოვნა... დედაჩემსაც მოეწონა, რომელიც პრემიერის დროს საქართველოში არ იმყოფებოდა. წარმატებისა თუ ცუდი პერიოდის დროს დედა ყოველთვის მხარში მიდგას. ამიტომ განვიცდიდი, რომ პრემიერის დღეს ჩემთან არ იყო. თუმცა, ოჯახის წევრები: ბებია, დეიდა წამომყვნენ და ამან გამაძლიერა... საბოლოო ჯამში, მაინც ისეთ სერიებს ველოდები, რომლებშიც ჩემი პერსონაჟი ვითარდება. იქ უფრო გამოჩნდება, დაკისრებული საქმე გამომდის თუ არა. პირველ სერიაში თითქოს სამი გოგონა 1 ადამიანის როლს ვთამაშობთ. მამას ეს გაუკვირდა. რეალურად, ასე იყო დაგეგმილი: მოგეხსენებათ, სამეგობრო დაჯგუფებები არსებობს. ისინი კონკრეტულ დინებას მიჰყვებიან, რომელიც დაიწესეს. ინდივიდუალიზმს არ აჩენენ. სერიალში ამის ჩვენება გვინდოდა. ახლა ვნახოთ, "ნიღბების მოხსნას" როგორ ვაჩვენებთ...

- მშობლებთან ურთიერთობაში რთული პერიოდი გქონიათ?

- ჩემს შემთხვევაში, ეს საკითხი იცვლებოდა: ხან ყველაფერი კარგად იყო, ხან - ბევრი კამათი მოგვდიოდა, მაგრამ ჩემ მიმართ მშობლების დამოკიდებულება მომწონს. განსაკუთრებულად ბედნიერი ვარ, რომ ასეთი მშობლები დავიმსახურე, რადგან მათგან ბევრ რამეს ვსწავლობ, თუ როგორი უნდა ვიყო, როცა გავიზრდები იმ ასაკამდე, რომ მეც ოჯახი შევქმნა. როცა ბავშვი ყველაფერს აკეთებს, რომ ასე ვთქვათ, გაგაგიჟოს, სცენებს დგამს, ასეთ დროს მნიშვნელოვანია, მას როგორ მართავ - აქ იკვეთება შენი, როგორც მშობლის ხარისხი. ჩემი მშობლები ჩემგან ტაშს იმსახურებენ... რა თქმა უნდა, ე.წ. გარდატეხის ასაკში ოჯახში ომები მქონდა. ყველაფერს ვაკეთებდი, რომ პროტესტი გამომეცხადებინა, ოღონდ - რის გამო, არავინ იცის. მშობლები ყოველთვის მხარში მედგნენ. მიხსნიდნენ, რა შეიძლებოდა მოჰყოლოდა ჩემს საქციელს, თუკი კონკრეტულ ნაბიჯს გადავდგამდი. თუ ამას მაინც გავაკეთებდი, მეკითხებოდნენ, - აბა, ამ საქციელიდან რა ისწავლეო? ვსაუბრობდით... რეალურად, ამან ის მომცა, რომ დღეს დამოუკიდებლად ვაზროვნებ, რაც უმნიშვნელოვანესია. ჩემი აზრით, დამღუპველია, როცა ადამიანები საკუთარ აზრს ვერ გამოხატავენ, რაც ბევრ მოზარდს ემართება. ასეთ შემთხვევაში ადვილია, ბრბოს აჰყვე...

- პირად ცხოვრებასთან დაკავშირებით, ოჯახის წევრებთან გულახდილი ხართ? თქვენი მესაიდუმლე ვინ არის?

- ზედმეტად გულახდილი ვარ, მაგრამ რაღაცნაირად, ოჯახში ჩემი მესაიდუმლეები იცვლებიან: ხან ბებიაა, ხან - დედა, ხან - მამა. ალბათ საკითხს გააჩნია. დღესდღეობით, დასამალი დიდად არაფერი მაქვს... ალბათ, პირად თემებს მხოლოდ თერაპიის დროს "გავდივარ". ადამიანისთვის მენტალური ჯანმრთელობის ხელშეწყობა უმნიშვნელოვანესია, განსაკუთრებით - ჩემს ასაკში, რადგან თინეიჯერობის პერიოდიდან გამოვედი, ზრდასრულობის ასაკს ვუახლოვდები. გარდამტეხი პერიოდია, როდესაც მგონი, ადამიანი ყველაზე მეტად იბნევა - ვერ ხვდება, რა უნდა, ვინ არის და რას აკეთებს. თერაპია მეხმარება, რომ ფიქრები სწორად დავალაგო და ჩემი ყოველი დღე კარგად, პროდუქტიულად გამოვიყენო... არ ვგულისხმობ, რომ ადამიანმა ფსიქოთერაპევტთან მთელი ცხოვრება იარო: უნდა მიხვიდე და საკუთარ თავზე ისე იმუშაო, რომ გარკვეულ ეტაპზე, თერაპია დაასრულო - თქვა, რომ გონებაში არსებული დილემების თავად მოგვარება შეგიძლია. ჩემი მიზანი ეს არის. ძალიან მიხარია, რომ გადამღები ჯგუფი ამ საკითხშიც მხარში მიდგას.

- ამჟამად თქვენი ყოველდღიურობა როგორია?

- თუ გადაღება არ მაქვს, დილით ვიღვიძებ და ჩემს ფისოსთან, ოჯახთან ერთად ვარ, საუზმეს ვამზადებთ. მერე ეზოში წამოვწვები და რაღაცებს ვკითხულობ ან ვწერ... ახლა ან ჩემს სადიპლომოზე ვმუშაობ, ან - გადაღებები მაქვს, ან - გადამღებ ჯგუფს ვხვდები, რადგან ყველანი ისე დავმეგობრდით, რომ მაგალითად, როცა სერია გადის, ვიკრიბებით და ერთად ვუყურებთ...

- თქვენს პირად ცხოვრებაში რა ხდება, ამჟამად ურთიერთობაში ხართ?

- მარტო ვარ. თითქმის 1 წელია, რაც ეს გადაწყვეტილება მივიღე. დიდი ხანია, თავი ასე კარგად არ მიგრძნია. ადამიანის ცხოვრებაში ისეთი ეტაპიც უნდა დადგეს, რომ საკუთარ თავთან გქონდეს ურთიერთობა, რა დროსაც ისეთი რაღაცები ვლინდება, რაც დასაფასებელი ხდება და საკუთარი თავი გიყვარდება. თუკი შენს თავს ბოლომდე არ შეიყვარებ, ჩემი აზრით, სხვა ადამიანზე პასუხისმგებლობის აღება არასწორია. პირადად მე, ეს ბევრჯერ გამიკეთებია და სიტუაცია არასწორად წარმართულა. ამჟამად, საკუთარ თავზე, კარიერაზე, სწავლასა და სიმშვიდეში ყოფნაზე ორიენტირებული ვარ - ჩემი ცხოვრება ესაა. მგონია, გარკვეულ ეტაპზე, ეს ყველა ადამიანმა უნდა გამოცადოს, რათა საკუთარი თავი ბოლომდე გაიცნოს. თუ შენს თავს ბოლომდე არ იცნობ, ახალ ურთიერთობაში ყოფნისას ინდივიდუალიზმს კარგავ - რაღაცას, რაც ჯერ არ დაგინახავს...

ეთო ყორღანაშვილი