ვინ არის ლევან ყოჩიაშვილის კერპი პროფესიაში - გზაპრესი

ვინ არის ლევან ყოჩიაშვილის კერპი პროფესიაში

მსახიობობა არ იყო ის პროფესია, რომელზეც ბავშვობიდან ოცნებობდა. კინორეჟისორობა სურდა, მაგრამ გარკვეული მიზეზის გამო, სამსახიობო ფაკულტეტზე ჩააბარა. მერე კი ეს საქმე ისე მოეწონა და შეუყვარდა, რომ პროფესიის შეცვლაზე აღარც უფიქრია. ლევან ყოჩიაშვილი არტისტობის ყველაზე დიდ სირთულეზე, ხიბლზე, მოტივაციაზე, როლებსა და მაყურებლის როლზე მის ცხოვრებაში, გულახდილად გვესაუბრა.

- ლევან, მსახიობის პროფესიის მიმართ ინტერესი რა ასაკში და როგორ გაგიჩნდათ?

- დიდი სურვილი მქონდა, კინორეჟისორობა შემესწავლა, მაგრამ ჩემი აბიტურიენტობის დროს ამ ფაკულტეტზე მიღება ყოველ წელს არ იყო, სტუდენტებს მხოლოდ 4 წელიწადში ერთხელ იღებდნენ. ამის გამო ყველაზე "ახლოს მყოფ" პროფესიაზე ფიქრი და მზადება დავიწყე. სამსახიობო ფაკულტეტზე ჩავაბარე. ჩემი ჯგუფელები ისე შემიყვარდნენ, სწავლის პროცესი ისე მომეწონა, დავრჩი და არსად წასვლაზე აღარ მიფიქრია.

- არაერთი მსახიობისგან გამიგონია, თეატრალურში რომ ჩავაბარე, სწავლის პროცესი ისეთივე საინტერესო არ აღმოჩნდა, როგორიც წარმომედგინაო, თქვენს შემთხვევაში პირიქით მომხდარა.

- (იცინის) ამბობენ, სამსახიობოზე რომ აბარებენ, პირველ კურსზე ზოგს თავი სახალხო არტისტი ჰგონია, მეორე კურსზე - დამსახურებული არტისტი, მესამეზე ეს "რეგალიები" კიდევ იკლებს და ა.შ. მსახიობობას ვერავინ ვერავის ასწავლის. ეს უნარი უნდა გქონდეს, რომელსაც დაგიმუშავებენ, დახვეწენ, მეტყველებას გამოგისწორებენ... მერე როგორ ვითარდები? მსახიობმა უნდა ითამაშოს, გამოცდილება მიიღოს კინოში, აქ კი ამის ნაკლებობაა. მსახიობობა უმადური საქმეა, ეს მხოლოდ ჩემი აზრი არ არის, ცნობილი მსახიობებიც აღნიშნავენ.

- უმადურობაში თქვენ რას გულისხმობთ?

- ამ პროფესიას დიდი პრეტენზია აქვს, ადამიანს თავი რომ აყურებინო, პრეტენზიაა, არა? ეს ადვილი არ არის, სულ განცდებში ხარ, სულ გაქვს სურვილი თავი წარმოაჩინო, არ აქვს მნიშვნელობა, დამწყები მსახიობი ხარ თუ უკვე ძალიან ცნობილი და შემდგარი, მაინც სულ დაძაბული ხარ.

- პროფესიის მთავარ სირთულედ ამას მიიჩნევთ?

- არასტაბილური პროფესიაა, ჩვენ გვირჩევენ. შეიძლება ვარსკვლავებს წყვეტდე, მართლა ძალიან კარგი იყო, მაგრამ კონკრეტულ რეჟისორს შენთან მუშაობა არ უნდოდეს. ეს ადამიანზე მოქმედებს. დიახ, სირთულეა თავად პროფესიის პრეტენზიულობაც, მაყურებელს რომ აყურებინო და ასმენინო, ძალიან ბევრი რამ უნდა შეგეძლოს.

- დღეს თქვენი გამოცდილებით, რა შეგიძლიათ თქვათ, ამ პროფესიის ყველაზე დიდი ხიბლი რა არის?

- ამ პროფესიის შემადგენელი ნაწილია ის, რომ ადამიანებს დამოკიდებულება უჩნდებათ შენ მიმართ. მაყურებელი გულშემატკივრად თუ არ გაიხადე ან მცირე ხნით მაინც თუ არ დააფიქრე, ეს იმას ნიშნავს, რომ რაღაც რიგზე ვერ არის. ქუჩაში სრულიად უცნობები გიყვებიან საკუთარი დამოკიდებულების შესახებ და შენც ამას ეჩვევი. ამას ერთხელ რომ გამოცდი, მერე ყველაფერს გააკეთებ, რომ მსგავსი მომენტი გახშირდეს შენს ცხოვრებაში.

- პირველად როდის იგრძენით, რომ მაყურებელი გგულშემატკივრობდათ?

- ტელესერიალი "ნაფიცი მსაჯული" რომ გადაიღეს, მაშინ მივხვდი, რომ ჩემი როლი შედგა. როდესაც ქუჩაში გამაჩერეს, კომპლიმენტები მითხრეს; როდესაც შეკითხვები დამისვეს, იქ "შიგნით" რა და როგორ იყო.

- როლი, რომელიც გამორჩეულად გახსოვთ, რომელმაც თქვენზეც დიდი გავლენა მოახდინა, რომელია?

- გიორგი ჯავახიშვილის როლი სერიალში "ხელოვნური სუნთქვა". 11 წელი დათო გოცირიძე ვიყავი და ეს პატარა ამბავი სულაც არ არის. გიორგის როლი ჩემთვის სერიოზული გამოწვევა იყო, მთლიანად უნდა შევცვლილიყავი. ლაპარაკია ექიმ კაცზე, რომელიც არის განათლებული, ინტელექტით გამორჩეული. ამ პერსონაჟზე ბევრს ვფიქრობდი, ძალიან ვნერვიულობდი; წარმოვიდგენდი, როგორი იქნებოდა, როგორ ივლიდა, როგორი ქცევები ექნებოდა. ნარკოდამოკიდებულება, რომელიც ამ პერსონაჟს აქვს, არ მინდოდა, მხოლოდ ქუჩის დონეზე ყოფილიყო ნაჩვენები. მსურდა უფრო მოცულობითი გამეხადა, რადგან ექიმ კაცს განვასახიერებდი.

- თქვენგან განსხვავებული პერსონაჟები გიზიდავთ?

- რა თქმა უნდა, ახალი ადამიანი უნდა "მოიგონო" ან შექმნა ადამიანი, რომელიც გინახავს; დაკვირვებების შედეგად ხდება ეს ყველაფერი.

- როლზე უარი პერსონაჟის ან მთავარი სათქმელის მიუღებლობის გამო გითქვამთ?

- არასდროს, უარი მხოლოდ და მხოლოდ მოუცლელობის გამო მითქვამს. "ჩემი ცოლის დაქალებში" ყოველთვის ძალიან დაკავებული ვიყავი, ბევრი პერსონაჟი იყო ჩემზე "მობმული", თან გადაღება ხშირად ბავშვებთან ერთად მქონდა და ეს კიდევ ცალკე სპეციფიკაა, დროშიც იწელება. ამის პარალელურად, ვერსად თამაშს ვერ შევძლებდი.

- ნათქვამი უარებიდან, რომელიმე ინანეთ?

- კარგია, როცა საშუალება გაქვს მაყურებელს ერთდროულად სხვადასხვაგვარად გარდასახვის შედეგი აჩვენო. ამავე დროს უზომოდ მადლიერი ვარ სერიალის და მისი შემქმნელების, რადგან დიდი გამართლებაა, როცა გაქვს საშუალება, 11 წელი ეკრანზე ჩანდე, ასეთ რეიტინგულ სერიალში მთავარ როლში იყო.

- მაყურებელი პერსონაჟთან ძალიან გაიგივებთ. მახსოვს, როდესაც დათომ ნინას უღალატა, თქვენ ამის გამო ქუჩაშიც კი გაჩერებდნენ და გსაყვედურობდნენ.

- კვირაში 3 დღე, ადამიანი სახლში საკუთარი ტელევიზორის ეკრანზე რომ გხედავს, საერთოდ არ თვლის, რომ შენ მსახიობი ხარ, რომ ეს შენი როლია. მესამე სეზონი იყო, როდესაც ღალატის ამბავი განვითარდა და მაყურებლის მხრიდან საყვედურს საყვედური მოჰყვა. თავიდან მეგონა, ხუმრობით მეუბნებოდნენ, მაგრამ მალე მივხვდი, ადამიანი კი არ ხუმრობს, თურმე განიცდის, მარიგებს, სახლში დაბრუნდიო. ზოგი მეუბნებოდა, არც ერთი ქალი შენი შვილების ფასად არ ღირსო...

332772974-965817237916284-8330550586224516758-n-copy-1688371202.jpg

- პარტნიორებზე რას გვეტყვით?

- რეჟისორსა და პარტნიორებზე ძალიან დამოკიდებული მსახიობი ვარ. როცა მსახიობები ერთმანეთს ავსებენ, შედეგი კარგი გამოდის. პარტნიორებში ყოველთვის მიმართლებდა და მიმართლებს. ანი ტყებუჩავასი უზომოდ მადლიერი ვარ, უნიჭიერესი გოგოა. ანისთან ერთად მინდა, ეკა ჩავლეიშვილის ("ხელოვნური სუნთქვა") პარტნიორობა გამოვყო, მასთან თამაშით სხვა რამ ვისწავლე, სხვა რამით გამამდიდრა. ეკა საოცრად კარგი პარტნიორია, მასთან ერთად კიდევ სიამოვნებით ვითამაშებდი.

- აღნიშნეთ, დამოკიდებული მსახიობი ვარო. რეჟისორისგან განსხვავებული ხედვა არასდროს გქონიათ, სიურჩე არ გამოგივლენიათ?

- მსგავსი რამ ნაკლებად მახსენდება. ყველაზე მეტად მიყვარს, როცა შეთანხმება ხდება, თანამშრომლობაც ხომ ამას ჰქვია?! სიჯიუტე ისედაც არ მჩვევია, ჭირვეული ცხოვრებაშიც არ ვარ და მით უმეტეს - პროფესიაში. მიყვარს, როდესაც სწორი ფორმის გამოძებნა ხდება.

- თავიდანვე გქონდათ გაკეთებული არჩევანი გემუშავათ გადასაღებ მოედანზე და არა - სცენაზე?

- პირველი ფილმი, რომელშიც გადამიღეს, იყოს ლევან თუთბერიძის "ქაღალდის ტყვია", მანამდე მეტეხის თეატრში მე და კოტე თოლორდავა ერთად ვთამაშობდი. ჩვენ ჯგუფელები ვიყავით.

- დღეს, როდესაც კოტეს შვილს, - ბუკა თოლორდავას ეკრანზე (სერიალი "ცვალებადი ნიშნები") ხედავთ, ეს რა განცდაა?

- ძალიან მიხარია და თან, ამ სიხარულს დარდიც ახლავს, სულ ვფიქრობ, ბუკა ეკრანზე და სცენაზე რომ ენახა, კოტე რას იტყოდა, როგორ აინთებოდა, რა დაემართებოდა? ბუკას რომ ვუყურებ, სიამაყის განცდა მაქვს, მას ყოველთვის დიდ წარმატებას ვუსურვებ!

- თეატრში თამაშს დროის უქონლობის გამო ვეღარ ახერხებთ თუ გადასაღებ მოედანზე მუშაობა მეტად საინტერესო აღმოჩნდა?

- "ჩემი ცოლის დაქალების" მასშტაბი გავაცნობიერე, საქმის სირბილით კეთება არ მიყვარს, თეატრს დიდი დრო და სხვაგვარი ერთგულება სჭირდება, იქ მირბენით რეპეტიციას ვერ გაივლი. სცენა და მაყურებელთან ურთიერთობა სხვა რამ არის. მქონდა შემოთავაზებები, მაგრამ მივხვდი, სერიალის გადაღებების პარალელურად, სცენაზე თამაშს ვერაფრით შევძლებდი.

- ყველაზე დიდი ინტერესით ვის შეფასებას ელოდები?

- ყოველთვის მაინტერესებს შემოქმედებითი ჯგუფის აზრი, ჩემმა პარტნიორებმა როგორ იგრძნეს თავი. დღეს ინტერნეტის სამყაროში ადვილია გაიგო, შენზე რას ფიქრობს მაყურებელი. ეს საქმე ხომ მათთვის კეთდება. გამოხმაურებებს ყოველთვის თვალს ვადევნებ.

- საქმის კეთების დროს, რა ან ვინ არის თქვენთვის ყველაზე დიდი მოტივაცია?

- არის ძალიან ბევრი კარგი მსახიობი და არიან მსახიობები, რომლებიც შთაგაგონებენ. აი, ეს არის მოტივაცია, ეს პროფესია განუწყვეტელი ფიქრია. მოტივაციაა, როდესაც შენდამი სიყვარულს ხედავ, ჩემს საქმეში, მაყურებლის აღიარებაზე დიდი ბედნიერება, არ არსებობს.

272039040-5036901789723954-5405174615486623688-n-62484-1688371188.jpg

- მაშინ, როცა პროფესიაში პირველ ნაბიჯებს დგამდით, ვინ იყვნენ ის მსახიობები, რომლებიც შთაგაგონებდნენ?

- ქართველი მსახიობები გამორჩეულად მიყვარს, მაგრამ მათგან გამორჩეულად - ნოდარ მგალობლიშვილი, ის ჩემი კერპია ამ პროფესიაში.

- "ჩემი ცოლის დაქალები" მალე ახალი სეზონით უბრუნდება მაყურებელს. საკუთარ პერსონაჟზე რას გვეტყვით?

- გადაღებები უკვე დავიწყეთ. ძალიან მიხარია, აღარც მეგონა, კიდევ ასეთი დიდი მოლოდინი და სიყვარული თუ შეიძლებოდა ყოფილიყო ამ სერიალის მიმართ. წლევანდელი სეზონი გამორჩეულად საინტერესო იქნება, ახალი პერსონაჟები შემოდიან. რაც შეეხება დათო გოცირიძეს, რაც შეიძლებოდა ერთ ადამიანს დამართოდა, ყველაფერი დამემართა. კარანტინშიც ვითამაშე, ის სერიები უფრო ღრმა, ბევრის მთქმელი იყო. ვფიქრობ ხოლმე, ჩემს თავს კიდევ რა შეიძლება მოხდეს? დარწმუნებული ვარ, სცენარისტი ქეთი დევდარიანი კიდევ არაერთხელ გამაოცებს.

თამუნა კვინიკაძე