"ბაკურიანში რამდენიმე გავლენიან ადამიანს მოვეწონე და პრობლემებიც დაიწყო" - გზაპრესი

"ბაკურიანში რამდენიმე გავლენიან ადამიანს მოვეწონე და პრობლემებიც დაიწყო"

ტელეწამყვან თამთა კვარაცხელიას ზაფხულის არდადეგების შესახებ ვესაუბრეთ. როგორც გვითხრა, ცდილობს, მოგზაურობა და შოპინგი ერთმანეთში არ აურიოს...

- ბავშვობაში, ზაფხულობით, მთელ 3 თვეს სამეგრელოში ვატარებდი - ბებია-ბაბუასთან ყოფნა ძალიან მომწონდა. ბავშვები მდინარეზე დავდიოდით. ცურვა მიყვარს...…ბავშვობის მეგობრებთან ერთად კარგი საზაფხულო მოგონებები მაქვს... ცელქი ბავშვი გახლდით, გაწეწილი თმით... ბებია მასწავლებელი იყო. მისი დამსახურებით, როცა სკოლაში სწავლა დავიწყე, "ვეფხისტყაოსნის" დასაწყისი თავიდან ბოლომდე ზეპირად ვიცოდი... მოკლედ, ზაფხულობით განათლებასაც ვიღებდი, თან ვისვენებდი... როცა მე და ჩემი დები წამოვიზარდეთ, მოსწავლეობის პერიოდში, დასასვენებლად 2-3 თვით ქობულეთში, ოჯახის დამხმარეებთან ერთად გვიშვებდნენ, სადაც დროს სასაცილოდ ვატარებდით: ცოტათი პრანჭია ბავშვი ვიყავი - ჩაცმა-დახურვაზე ვფიქრობდი, ბიჭებს ვეპრანჭებოდი, ჩემი დები კი უფრო ცელქები იყვნენ, ოჯახის დამხმარეებს აბრაზებდნენ, რაღაცებს უყრიდნენ ხან საწოლში, ხან - საჭმელში (იცინის)... მაშინ სამეგრელოში, მთაში დასვენების კულტურა დიდად არ გვქონდა - ძირითადად, დროს ზღვაზე, მდინარეზე ვატარებდით. ბათუმი ისეთი პოპულარული არ იყო, როგორიც - ქობულეთი. ქობულეთში, რამდენიმე სახლი გვქონდა ამოჩემებული, სადაც მშობლების გარეშე, უფროსი ადამიანების მეთვალყურეობის ქვეშ თვეობით ვრჩებოდით... საერთოდ, მშობლები ძალიან "ჩაკეტილად" მზრდიდნენ. სამწუხაროდ, მაშინ გარეთ გოგონების უმეთვალყურეოდ დატოვება საშიში იყო. არსად მიშვებდნენ, არც - ექსკურსიაზე... აივანზე გასვლასაც გვიკრძალავდნენ. ამის გამო, მაშინ გაბრაზებული ვიყავი, მაგრამ დღეს მამაჩემის მესმის: გარეთ ყოფნა უსაფრთხო არ იყო, მამა კი მაქსიმალურად ცდილობდა, დავეცავით. თან პოლიციაში მუშაობდა, მაღალი თანამდებობა ეკავა. სამსახურის გამო ოჯახთან ბევრ დროს ვერ ატარებდა... შემდეგ მახსოვს, მამას ვთხოვე, ბაკურიანში დასასვენებლად მარტო (დამხმარე ქალთან ერთად) გავეშვი. დავითანხმე. ტელეფონით გადარეკა-გადმორეკა - მთელი ბაკურიანი ფეზე დააყენა, რომ იქ ჩავდიოდი... ისე მოხდა, რომ იმ სასტუმროს მეპატრონეს, სადაც ვისვენებდით, ვიღაც გარდაეცვალა, რის გამოც მთელი ოჯახით თბილისში გაემგზავრა, ჩვენ კი რამდენიმე დღით ოჯახის ახლობელს ჩაგვაბარა. ბაკურიანში რამდენიმე გავლენიან ადამიანს მოვეწონე და პრობლემებიც დაიწყო: ხან ერთს გავურბოდი, ხან - მეორეს... ვიღაცამ მომიტაცა... თბილისში ძლივს ჩამოვაღწიე. მამას ვერც ვეუბნებოდი, რა გადავიტანე. რომ მეთქვა, ალბათ, დასასვენებლად აღარასდროს გამიშვებდა და დამაყვედრიდა, - ხომ გეუბნებოდიო (იცინის)?!. ბაკურიანში გატარებული ის პერიოდი უსიამოვნოდ მახსოვს. მას შემდეგ მამისთვის აღარც მითხოვია, რომ სადმე მარტო გავეშვი... ერთადერთი, ძალიან სასიამოვნოდ მახსოვს, როცა სკოლა დავამთავრე და ჩემს თბილისელ მეგობრებთან, კლასელებთან ერთად, სამეგრელოში დავისვენე... უკვე სკოლის დამთავრების მერე, მეგობარ გოგონებთან ერთად, ხშირად ვისვენებდი, მაგრამ მალევე მუშაობა დავიწყე, რის გამოც არდადეგების დაგეგმვის დიდი ფუფუნება არ მქონია - სულ თავისუფალი დროის დეფიციტს განვიცდი...

- რთულია, სწორად შეარჩიოთ ადამიანი, ვისთან ერთადაც დასასვენებლად, სამოგზაუროდ წახვალთ?

- ძალიან. მეგობრები, ნაცნობები საზღვარგარეთ ბევრჯერ წავსულვართ. კრუიზშიც ვყოფილვართ... ვისთან ერთადაც მეგონა, კარგ დროს გავატარებდი, პირიქით მომხდარა (იღიმის)... 1-2 დაქალი მყავს, ვისთან ერთადაც დასასვენებლად კიდევ სიამოვნებით წავიდოდი. ძირითადად, ყველას ჰგონია, რომ მაგალითად, ფეხით სიარული მეზარება, ვიწუწუნებ და ა. შ. სხვათა შორის, პირიქით ხდება. უბრალოდ, მუზეუმების უსასრულო რიგებში დგომა არ მიყვარს - ამაში დროს არ ვკარგავ. თუ კონკრეტულ ქვეყანაში პირველად ვარ, ფეხით ბევრს დავდივარ, იქაურობას ვათვალიერებ... ვინც მოგზაურობისას მახლავს, მათ ვთხოვ, რომ მაღაზიებისკენ არ გამახედონ (იცინის). მახსოვს, ერთხელ ესპანეთში, მაღაზიაში დღის 12 საათზე შევედი და როცა გამოვედი, უკვე ღამდებოდა. მაღაზიაში დროის შეგრძნებას ვკარგავ: რომელი სამოსიც მომეწონება, მინდა გავისინჯო... საერთოდ, კარგად ჩაცმა მიყვარს. განსხვავებულ სამოსს ვეძებ და უცხოეთში ამის უფრო მეტი შესაძლებლობაა. გარკვეული პერიოდი შოპოჰოლიკიც გახლდით. ბევრი ვიმუშავე, რომ საკუთარ თავს მოვრეოდი. ხშირად ყოფილა შემთხვევა, როცა სამოსში ბოლო თეთრები დამიხარჯავს - მგზავრობისთვის საჭირო თანხაც არ დამრჩენია. ამიტომ ვცდილობ, მოგზაურობა და შოპინგი ერთმანეთში არ ავურიო. ახლახან შვილთან ერთად, თურქეთში ვიყავი დასასვენებლად. ჩემს დას ტურისტული სააგენტო აქვს. მას ვთხოვე, ისეთი ადგილი შეერჩია, სადაც ქართველები არ იქნებოდნენ და სასტუმროს "ულტრა ინკლუზივ" მომსახურება ექნებოდა. ჩემს შვილს გემრიელი საკვები ძალიან უყვარს, მალე შივდება და მეკითხება ხოლმე, - ახლა რა ვჭამოთო? ოცნებობდა, ისეთ ადგილას წამეყვანა, სადაც საკვების ფართო არჩევანი ექნებოდა (იცინის)... 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო შევარჩიეთ. ძალიან ვისიამოვნეთ. მითხრეს, რომ პირველი ქართველები ვიყავით, ვინც იქ დავისვენეთ. დაახლოებით 5 დღის შემდეგ, იქაც მუშაობა დავიწყე - ახალი, ინგლისურენოვანი ჟურნალის შექმნასთან დაკავშირებით საქმიანი შეხვედრები მქონდა. 3 ბრენდი საქართველოში რეკლამით დაინტერესდა...

- თამთა, ევროპის სილამაზის კონკურსში თქვენი მონაწილეობის საკითხი რა ეტაპზეა?

- ჯერჯერობით, ბევრი დეტალი არ ვიცი. კონკურსზე ფიქრისთვის ვერ ვიცლი: საქმეები, ვალდებულებები პრიორიტეტებად მაქვს განაწილებული. რაკი კონკურსი ნოემბრის ბოლოს ტარდება, თითქოს ამ საკითხზე ფიქრი "გადავწიე". აგენტები ხშირად მირეკავენ. მთხოვენ სხვადასხვა ფოტოს, ვიდეომასალას... ვიცი, რომ არაფერზე უნდა ვიზრუნო. უბრალოდ, იტალიაში უნდა ჩავიდე, სადაც 20 ადამიანი დამხვდება. ისინი თავად იზრუნებენ, თუ რას ჩავიცვამ, როგორ გადამიღებენ... შეხვედრებიც ჩანიშნულია... სხვათა შორის, იმ ფაქტის გააზრება მიჭირს, რომ ევროპის სილამაზის კონკურსში საქართველოს სახელით ვმონაწილეობ (იღიმის). ეს დიდი პასუხისმგებლობაა. ამ თემაზე მუშაობას მოგვიანებით დავიწყებ, რადგან დიდი მნიშვნელობა აქვს, კონკურსზე როგორ წარვდგები, რა "მესიჯბოქსებს" გავუშვებ... პირობას ვდებ, ყველაფერს კარგად მოვიფიქრებ, დავალაგებ, მაქსიმუმს გავაკეთებ, დანარჩენი კი - ჩემზე არ იქნება დამოკიდებული...

- მას შემდეგ, რაც კონკურსში თქვენი მონაწილეობა დადგა დღის წესრიგში, გარეგნობაზე განსაკუთრებულად ზრუნვა ხომ არ დაიწყეთ?

- დაგეგმილი მქონდა, ჩემი ჟურნალის პრეზენტაციის და წვეულების მერე, ვარჯიში, ჯანსაღი კვება და ინგლისურ ენაში ცოდნის გაუმჯობესება დამეწყო. ჯერჯერობით, ეს საკითხები ისევ გადადებულია. დღეს ჩემმა შვილმა შენიშვნა მომცა - საკუთარ თავს დროს საერთოდ არ უთმობო. მართლაც, პრიორიტეტად ყოველდღიური საქმეები და ბიზნესი მაქვს, რასაც ახლა მოვკიდე ხელი და პირველ ნაბიჯებს ვდგამ... აგვისტოში ვისვენებ და საკუთარი თავისთვისაც მოვიცლი. მთავარია, დაგვიანებული არ იყოს...

- ზაფხულში დასვენებას ძირითადად, სად ამჯობინებთ?

- ძალიან "ლაქშერი" დასვენება მიყვარს - მირჩევნია, ერთხელ და კარგად დავისვენო. საქართველოში რამდენიმე სასტუმრო მაქვს ამოჩემებული, რომლებსაც ვსტუმრობ. ამ მხრივ სიახლეების მიღება მიჭირს. თუ რომელიმე ადგილი და მომსახურების ხარისხი მომეწონება, ჩემი რჩეული სასტუმროების სიას დავამატებ. ძირითადად, არდადეგებს ჩემს შვილთან - გეგასთან ერთად ვატარებ. ივნისსა და სექტემბერში დასვენება ძალიან მიყვარს. ძლიერ სიცხეში გარეთ ყოფნა მიჭირს, ვიღლები... ალბათ აგვისტოში საქართველოს რეგიონებს მოვივლით, საყვარელ სასტუმროებს ვეწვევით, სექტემბრის დასაწყისში კი - სადმე, საზღვარგარეთ გავემგზავრებით... წელს საზღვარგარეთ რამდენჯერმე ვიყავით. ჩემს შვილს დაბადების დღის გატარება ვენეციაში უნდოდა. სიურპრიზი გავუკეთე - საგზური პირდაპირ ეთერში მივეცი, რამდენიმე საათში კი ვენეციაში გავფრინდით, მის დაბადების დღეს იქ შევხვდით... ძალიან მოეწონა!..

- სოციალურ ქსელში თქვენი კაბების გაჩუქებასთან დაკავშირებით, პოსტი გამოაქვეყნეთ. საზაფხულო გარდერობი განაახლეთ?

- წელიწადში 4-ჯერ, სეზონურად გარდერობს ვაახლებ ხოლმე. ბევრი ტანსაცმელი მიგროვდება. თან, ჩემი საქმიანობის გამო, ერთსა და იმავე სამოსს ვერ "ვიმეორებ" - მაქსიმუმ, წელიწადში ორჯერ ჩავიცვა. ამიტომ სამოსის გაჩუქება გადავწყვიტე. ამას დიდი ხანია, ვაკეთებ. უბრალოდ, სულ ერთსა და იმავე ადამიანებს ვჩუქნი, სამოსი კი ბევრად მეტია. ჩაცმულობასთან დაკავშირებულ კომპლიმენტებს ხშირად მეუბნებიან. თუკი ვინმეს ჩემი ტანსაცმელი მოსწონს, წლების განმავლობაში გარდერობში რატომ უნდა მეკიდოს, როდესაც შემიძლია, ადამიანები გავახარო?! ზოგადად, ხალხის გახარება, რაღაც კარგის გაკეთება მიყვარს. ბევრს ისე დავხმარებივარ, რომ მათი ცხოვრება რადიკალურად შეცვლილა, სულ სხვა სამყაროში გაუგრძელებიათ ცხოვრება... ეს ძალიან მახარებს, რადგან წლების განმავლობაში მეც ხომ მეხმარებოდნენ, ახლაც მეხმარებიან და ალბათ, მომავალშიც ასე იქნება. ჩვენ გარშემო კეთილი ადამიანები ყოველთვის არიან, რომლებიც სხვადასხვა დროს დახმარების ხელს გვიწვდიან. მეც მინდა, ასეთი ვიყო...

img-4690-copy-1688371445.jpg

- თქვენს გარდერობში საცურაო კოსტიუმიც ბევრია?

- კი. ჩემთვის ზაფხული სათვალესთან, ქუდთან, პარეოსა და საცურაო კოსტიუმთან ასოცირდება. ასევე, მოკლე შორტები და კაბები ძალიან მიყვარს. ვფიქრობ, ძალიან გამომწვევი სხეული არ მაქვს. შემიძლია თავს უფლება მივცე, მოკლე სამოსი და დეკოლტე ისე ჩავიცვა, რომ სხვებისთვის ჩემი ჩაცმულობა გამაღიზიანებელი არ იყოს... ბევრი საცურაო კოსტიუმი კი მაქვს, მაგრამ წლიდან წლამდე ჩაუცმელი რჩება. სეზონის დასაწყისში 2 ახალს - მთლიანს და ბიკინის - ვიძენ ხოლმე. ყველა სტილის საცურაო კოსტიუმი რომ მაქვს, მშვიდად ვარ (იღიმის). 2 მათგანს ამოვიჩემებ, დანარჩენი კი - უბრალოდ, გარდერობში მიდევს. ახლა მათ გაჩუქებაზე ვფიქრობ...

ეთო ყორღანაშვილი