"ქალი კაცზე არანაკლებ ძლიერია, მაგრამ - ნაკლებად დაფასებული. მინდა ეს შეიცვალოს" - გზაპრესი

"ქალი კაცზე არანაკლებ ძლიერია, მაგრამ - ნაკლებად დაფასებული. მინდა ეს შეიცვალოს"

ქრისტი აბაკუმოვა "პრაიმ ჰაუსის" მესამე სეზონის ნახევარფინალისტი გახლდათ. პროექტში შესვლისთანავე, ის მონაწილეების მხრიდან თავდასხმის ობიექტი გახდა, პროექტის დასრულებამდე დაახლოებით 2 კვირით ადრე კი - პროექტის თვითნებურად დატოვებას აპირებდა, რადგან ერთ-ერთი მონაწილისგან შეურაცხყოფა ვეღარ აიტანა...

- თავს მხნედ და პოზიტიურად ვგრძნობ, რადგან მგონია და იმედი მაქვს, რომ საინტერესო სიახლეები მელოდება, რაც აქამდე ცხოვრებაში არ მქონია. ტელევიზიაში ბევრი დრო გავატარე, მაგრამ რა თქმა უნდა, იმ ყველაფრისგან, რაც პროექტში მონაწილეობისას ჩემს ცხოვრებაში ხდებოდა, ფსიქოლოგიურად დაღლილი ვარ. ვფიქრობ, ნამდვილად ისეთი მონაწილე გახლდით, რომ ფინალში უნდა ვყოფილიყავი. მგონია, მეტიც შემეძლო (იღიმის)...

- რატომ ვერ მოხვდი ფინალში? ფიქრობ, რამე არასწორად გააკეთე, შეცდომა დაუშვი?

- საზოგადოებას მაინც კაცი ურჩევნია და არა - ქალი. საქართველოში საზოგადოების დიდი ნაწილი ქალთმოძულეა. ქალმა ქალს სტიმული და ძალა უნდა მისცეს და თქვას, - ქალი მაგარიაო და არა - ის, რომ კაცს დაუჭიროს მხარი, ქალი კი გალანძღოს. ძირითადად, მაინც ასე ხდება: "პრაიმ ჰაუსს" უმეტესად ქალები უყურებენ და კაცებს გულშემატკივრობენ... ვფიქრობ, არანაირი შეცდომა არ დამიშვია, გარდა იმისა, რომ ბოლოს ძალიან გადავიღალე და ისეთი აქტიური აღარ ვიყავი, როგორიც - მთლიანი პროექტის განმავლობაში. ემოციურად უკვე ძალა აღარ მქონდა...

- პროექტში ხშირად აღნიშნავდნენ, რომ ძლიერი ხარ. რეალურ ცხოვრებაში თავს ძლიერ ქალად მიიჩნევ?

- მიმაჩნია, რომ გარეთაც ძლიერი ვარ, რადგან წლებია, მარტო, დამოუკიდებლად ვცხოვრობ, ვმუშაობ და საკუთარ თავს ელემენტარული პირობებით თავად უზრუნველვყოფ. ფუფუნებაში არასოდეს მიცხოვრია, მაგრამ რაც შემეძლო, თავად ვაკეთებდი. არ მყოლია გვერდით კაცი, ვინც დამეხმარებოდა. ხომ არიან ქალები, ვისაც გვერდით ძლიერი კაცები ჰყავთ, არა? მე დამოუკიდებლად მოვდიოდი... ჩემი ძლიერების ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ მამის გარეშე გავიზარდე. კი, დედა ყოველთვის ჩემ გვერდითაა და ყველანაირად მეხმარება, მაგრამ როცა გოგოს გვერდით მამა არ გყავს, ვინც ამა თუ იმ სიტუაციაში მხარში ამოგიდგება, ყურადღებას მოგაქცევს, გაორმაგებული ძალით მოქმედებ... მეორე მიზეზი ყოფილ მეუღლესთან დაკავშირებული ჩემი ისტორიაა, რომელიც ყველამ იცის და ამაზე საუბარი აღარ მინდა... ურთიერთობაში რთულმა გამოცდილებამაც გამაძლიერა, რა თქმა უნდა, და მიმახვედრა - ადამიანმა საკუთარი თავი უნდა დაიცვა, რომ ზედმეტი არავინ გაგიბედოს...

- მამა შენ გვერდით რატომ არ იყო?

- საქართველოში არ დავბადებულვარ. ძალიან პატარა ვიყავი, როცა მშობლები ერთმანეთს დაშორდნენ. დედამ, რომელიც ქართველი გახლავთ, საქართველოში წამომიყვანა. მამასთან ხშირი კონტაქტი არ მქონია. რა თქმა უნდა, მასთან ჩავდიოდი (წელიწადში - ერთხელ, 1-2 კვირით). 4 წელია, მასთან არ ვყოფილვარ...

- დედასთან როგორი ურთიერთობა გაქვს?

- ძალიან მეგობრული, მაგრამ როგორც ყველა მეგობარი და დაქალი, ხშირად ვკამათობთ, თუმცა ჩემთვის ყველაზე ახლობელი ადამიანია, ჩემ შესახებ საერთოდ ყველაფერი იცის. ძალიან "გახსნილი" ურთიერთობა გვაქვს. დედა ერთადერთი ადამიანია, ვისაც 100%-ით ვენდობი.

- მისი მეორედ დაოჯახების ფაქტი როგორ მიიღე?

- თავდაპირველად - ძალიან რთული იყო, როგორც ალბათ, ყველა ბავშვისთვის, ვინც მსგავს სიტუაციაში აღმოჩენილა, მაგრამ როდესაც ჩემი და გაჩნდა, ეს ყველაფერი მივიღე... ამასობაში, გავიზარდე და საცხოვრებლად ცალკე გადავედი... დრო გადის, ყველაფერი იცვლება, დამოუკიდებლები ვხდებით და ყველაფერი ჩვენს ხელშია. რთული პერიოდიც დროებითია. ამიტომ იმაზე არ უნდა ფიქრობდე, რომ ყველაფერი მორჩა, მარტო ხარ, დედა გვერდით არ გყავს და ა.შ. გაიზრდები, დამოუკიდებელი გახდები და ყველაფერი სასიკეთოდ დაგიბრუნდება.

- როცა შენს ცხოვრებაში მამაკაცი ჩნდება, დედა ამ ფაქტს როგორ ხვდება?

- ვაიმე, ძალიან რთულად, რადგან უნდა, ჩემი თავი უფრო მეტად მიყვარდეს და გვერდით ძლიერი, დამოუკიდებელი მამაკაცი მყავდეს, რომელიც ცოტათი დამეხმარება და ცხოვრებას გამიადვილებს, რადგან ცხოვრება რთულია, მე კი აქამდე ძლიერ, შემდგარ მამაკაცს არ ვირჩევდი. არჩევანს ემოციებით ვაკეთებდი, ასე შერჩეული ადამიანი კი შეიძლება, არ გიხდებოდეს, შენს ცხოვრებას ანგრევდეს... ჩემი ცუდი გამოცდილების გამო, ჩემ გვერდით მამაკაცებს დედა ძალიან კრიტიკულად უყურებს. ამიტომ კარგა ხანია, მარტო ვარ...

- ლუკასთან რომანტიკული ურთიერთობის საკითხი როგორ მიდის?

- პროექტის ფინალში რომ ვერ მოვხვდი, მომწერა - ფინალში ყოფნას ნამდვილად იმსახურებდიო. მომიკითხა... მადლობა გადავუხადე, მაგრამ ჩვენი რომანტიკული ურთიერთობა გამორიცხულია. ცოტა დრო რომ გავა, მაქსიმუმ, ვიმეგობრებთ, თუკი ეს ორივეს სურვილი იქნება.

- რომანტიკულ ურთიერთობას რატომ გამორიცხავ?

- ჩვენ პირადი მიზეზებიც გვქონდა, რის შესახებაც პროექტშიც არ გვითქვამს. არის რაღაცები, რის გამოც ჩვენი ურთიერთობა არ შედგა და დროთა განმავლობაში, მოწონებაც "გადავიდა"...

- ქრისტი, ბავშვობაში როგორ გესახებოდა შენი მომავალი? დღევანდელი რეალობა ბავშვობაში წარმოდგენილს შეესაბამება?

- ბავშვობაში, სერიალებში მთავარ გმირებს, ქერა გოგონებს, პოპულარულ მსახიობებს რომ ვუყურებდი, სულ მინდოდა, მეც ვყოფილიყავი პოპულარული, დამოუკიდებელი, "პრინცესა" გოგო... გარკვეულ დონეზე, ჩემი ბავშვობის ოცნება პროექტმა ამისრულა. ახლა, რეალურ ცხოვრებაში ბევრი საქმე უნდა გავაკეთო, რომ პოპულარობა არ დავკარგო.

- პროფესიით ვინ ხარ?

- გეოლოგი, ნავთობისა და გაზის ტექნოლოგი (იცინის). საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი დავამთავრე. ასევე, დაახლოებით 3 წლის წინ, ილიას უნივერსიტეტში, მასწავლებლების მომზადების პროგრამაზე ჩავაბარე - უფასოზე მოვხვდი, მაგრამ ბევრი პირადი პრობლემის გამო, სწავლა არ დამისრულებია.

- შენი პროფესიით გიმუშავია?

- არა. ადმინისტრატორად ვმუშაობდი სილამაზის სალონში, სასტუმროში, ასევე, ონლაინკაზინოში.

- ნავთობისა და გაზის ტექნოლოგობა რატომ გადაწყვიტე?

- ჩემი ოჯახის წევრების ინიციატივა იყო, რადგან ნავთობისა და გაზის კორპორაციაში კარგი ხელფასია. პლუს, მათემატიკა, ქიმია ძალიან კარგად მესმოდა... ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ გეოლოგია ჩემთვის კარგი იქნებოდა. თან ზოდიაქოს მიხედვით კუროს ნიშნის ქვეშ ვარ დაბადებული (კურო მიწის ნიშანია). თავად გეოლოგობა არ მინდოდა, მაგრამ მაშინ 17 წლის აბიტურიენტი გახლდით, "დაკარგული" ვიყავი... იფიქრეს, ეს პროფესია მომიხდებოდა. ვცადე და არჩეულ ფაკულტეტზე მოვხვდი...

kristi-7-copy-1688973985.jpg

- "პრაიმ ჰაუსში" შესვლისთანავე, ქალების თავდასხმის ობიექტი გახდი. რეალურ ცხოვრებაში, მსგავს სიტუაციებში აღმოჩენილხარ?

- სხვათა შორის, ისეთი ცხოვრება მაქვს, რომ გოგოებთან ურთიერთობა ძალიან მიჭირს. რაღაცნაირად, სულ ჰქონდათ ჩემთან კონკურენცია, ოღონდ - მიზეზს ვერ ვხვდები, რადგან ჩემზე ლამაზი გოგონებიც ყოფილან, წარმატებულებიც, სამსახურში ჩემზე მეტი სტაჟიც ჰქონიათ... მერე, მათი განწყობა მეც მძაბავს, რა თქმა უნდა, და კომფორტული ურთიერთობა არ გვაქვს.

- დაქალები არ გყავს?

- ბავშვობაში დაქალი მყავდა, მაგრამ ცხოვრებამ მოიტანა, რომ ახლა აღარ მყავს... ჩემი დაქალი დედაჩემია (იღიმის). რაღაცნაირად, ქალებს ვერ ვენდობი. მაგალითად, მთელი პროექტის განმავლობაში მერიემს მართლა გვერდით ვედექი, თუნდაც - დიმისთან დაკავშირებული ამბების დროს... თავდაპირველად, როცა პროექტი დაიწყო, ძალიან მორიდებული, ჩუმი იყო. სულ ვამხნევებდი - შეგიძლია გაძლიერდე, მაგარი გოგო ხარ. აბა, ამდენ ხალხს შორის "პრაიმ ჰაუსის" მონაწილედ რატომ აგირჩიეს-მეთქი?.. საპასუხოდ ის მივიღე, რომ მან შოუ ჩემზე გააკეთა: 1 კვირა მაბულინგებდა. ეს შოუ იყო, თორემ რას მერჩოდა? არაფერი დამიშავებია. მისთვის არც კაცი წამირთმევია, არც - ფული. როდესაც ქალს კარგად ექცევი, პასუხად კი ცუდად მოპყრობას იღებ, გული გიცრუვდება, აღარ გჯერა, რა...

- რამ მოგცა ძალა, რომ ერთმანეთთან ურთიერთობა დაგელაგებინათ?

- როცა შეურაცხყოფა მომაყენა, საერთოდ, პროექტიდან წასვლას ვაპირებდი, რადგან იქ ყოფნა ამად არ მიღირდა; გამუდმებით შეურაცხყოფის, ჩხუბის ატანა მიწევდა... პროექტის ბოლოსკენ, როცა უკვე გადაღლილიც ვიყავი, ეს ამბავი მოხდა - კიდევ დიდი შეურაცხყოფა მომაყენა, რის შემდეგაც პროექტის დატოვება გადავწყვიტე. "პრაიმ ჰაუსის" წარმომადგენლები მიხვდნენ, რომ ეს ყველაფერი მართლა არ შეიძლებოდა და მერიემს გაფრთხილება მისცეს. ამით ცოტათი დავმშვიდდი, რადგან თითქოს სამართალმა პური ჭამა... მერე უკვე იმ ადამიანს ყურადღებას აღარ ვაქცევდი, რადგან ვიფიქრე, როცა ვიღაც არაფრის გამო რაღაცებს გკადრებს, ღირსადაც არ უნდა მიიჩნიო, რომ მის შეურაცხყოფას, მანიპულაციას, ირონიას წამოეგო. საერთოდ, თავი უნდა აარიდო. იმ 1 კვირის განმავლობაში, თავს ვარიდებდი. ეკრანზე გამოჩნდა, რომ ერთმანეთთან კარგად ვიყავით, რადგან 2 გოგო დავრჩით. რეალურად, შეიძლებოდა ერთმანეთისთვის "გამარჯობა", "ყავა მომაწოდე" და მსგავსი ფრაზები გვეთქვა... პროექტი დასრულდა. ჩვენ ერთმანეთისთვის არ მიგვიწერია. მეგობრობაზე საუბარი ზედმეტია, რა თქმა უნდა. "ლაივზე" ვთქვი: როცა ბოდიში მომიხადა, მისი ბოდიში მივიღე, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ დაქალები ვართ.

- თქვენი დამეგობრების შანსი არის?

- არა, მაგრამ უკვე ბევრი საერთო ნაცნობი გვყავს და თუ საერთო სიტუაციაში მოვხვდებით, ერთადაც დავსხდებით, რადგან ქაჯი არ ვარ და არ "ავვარდები", მაგრამ დაქალობა გამორიცხულია.

- პროექტამდე შენი ყოველდღიურობა როგორი იყო და ახლა როგორია?

- პროექტამდე ჩვეულებრივად ვცხოვრობდი, როგორც - ალბათ, ყველა ადამიანი: დილით ვდგებოდი, საუზმეს ვიმზადებდი, სამსახურში მივდიოდი... შინ დაბრუნებული სახლს ვალაგებდი, მეორე დღისთვის ვწესრიგდებოდი, რომ ისევ მემუშავა... თავისუფალი დღეები მქონდა, რომლებსაც იმისთვის ვიყენებდი, რომ ცოტათი თავისთვის მომევლო, მოვწესრიგებულიყავი, ასევე - ჩემი და და დედა მომენახულებინა (მაშინ დედა საზღვარგარეთ არ იყო)... ახლა ცოტა ხნით ვისვენებ, რადგან ძალიან გადაღლილი ვარ. 1 კვირით ჩემი ოჯახის წევრებთან ვარ. ამჟამად, დედა საქართველოში იმყოფება. ყველანაირად მეხმარება, საჭმელს მიმზადებს... სხვათა შორის, პროექტიდან გამოვედი თუ არა, ბარტერები შემომთავაზეს, რაც უკვე წინსვლაა. იმედი მაქვს, ცხოვრებაში მეტი წინსვლა მექნება. თავს პოზიტიურად ვგრძნობ. ვისვენებ... მინდა ძალა მოვიკრიბო და ახალ შეთავაზებას თამამად, კარგად შევხვდე.

e203346c-fa82-4875-ae82-88649421c477-copy-1688973972.jpg

- როგორც ვიცი, ტელეწამყვანობის ძლიერი სურვილი გაქვს. "პრაიმ ჰაუსში" მოხვედრამდე ტელეწამყვანობა არ გიცდია?

- ტელეწამყვანობის სურვილი არასოდეს მქონია, სანამ პროექტში არ მოვხვდი. სწორედ აქ მივხვდი, რომ გრანდიოზული ძალა მაქვს: ყველა ყოფილი მონაწილე მეუბნებოდა, - ჩამჭრელი კითხვები გახასიათებდაო... "პროვოკატორს" ამიტომ მეძახდნენ, რომ საინტერესო, პირდაპირ შეკითხვებს ვსვამდი - ასე ვთქვათ, "მიზანში ვურტყამდი". მივხვდი, მაქვს ნიჭი, რომ შევდგე, როგორც კარგი წამყვანი. თუ ამის შესაძლებლობა მექნება, რა თქმა უნდა, უარს არ ვიტყვი...

დასასრულ, მინდა ვთქვა, რომ ცხოვრება ძალიან რთულია. ზოგჯერ არის სიტუაციები, როცა თითქოს ყველაფერი დასრულდა და ადამიანმა არ იცი, რა გააკეთო, როგორ განვითარდე, ფული სად იშოვო, წარმატებული როგორ გახდე. ვინც ამ ინტერვიუს კითხულობს, მსურს, მათ ვუთხრა: მთავარია, არ დანებდეთ. უპირველეს ყოვლისა, იფიქრეთ, იოცნებეთ, გონებაში განიხილეთ, რისი გაკეთება გინდათ და აუცილებლად საქმე გააკეთეთ. ფარ-ხმალი არ დაყაროთ - ვაიმე, აზრი არ აქვსო! აზრი ყველაფერს აქვს, ყველაფრის მიღწევა შეიძლება. მთავარი ამის სურვილია, რისი მაგალითიც მე ვარ. როგორ შეიძლება, რომ ცნობილი არ იყო, სოციალურ ქსელში გამომწერები არ გყავდეს, ტელევიზიაში მოხვდე, იქ 3 თვე-ნახევარი გაატარო და რეალითი შოუს ნახევარფინალისტი გახდე... არც გარეგნობა, არც მდიდარი კაცი არაა საჭირო - შეგიძლია, საკუთარ თავს ყველაფერი თავად გაუკეთო. ვინც ამას კითხულობს, მინდა მას ეს სტიმული ჰქონდეს, რადგან თავად სტიმული მჭირდებოდა, როცა პოპულარული არ ვიყავი და ონლაინკაზინოში 8 საათს ვატარებდი საცოდავად - ვკვდებოდი, ისე ვიღლებოდი... ასაკს მნიშვნელობა არ აქვს: შესაძლებლობების კარი შეიძლება, 30 წლისას გაგეხსნას ან - 40-ისას, 15-ისას... მინდა ეს ყველამ იცოდეს, განსაკუთრებით - ქალებმა, რადგან საქართველოში ქალები ძალიან დაჩაგრულები არიან. პროექტმაც აჩვენა, რომ მაინც კაცია პრიორიტეტი. ქალი კაცზე არანაკლებ ძლიერია, მაგრამ - ნაკლებად დაფასებული. მინდა ეს შეიცვალოს...

ეთო ყორღანაშვილი