"მე და ჩემი ოჯახი განსაკუთრებულ კავშირს ვგრძნობთ სვანეთთან" - გზაპრესი

"მე და ჩემი ოჯახი განსაკუთრებულ კავშირს ვგრძნობთ სვანეთთან"

"...იმ მომენტში, როდესაც მე გავხდი "მისს ელეგანტურობა", "მისს მულტიმედია" და მეორე ადგილზე გავედი ტოპექვსეულში, თავი ვიგრძენი როგორც ნამდვილმა, ძალიან ცნობილმა მოდელმა..." - ამბობს ულამაზესი მარიამ ლიპარტელიანი, რომელსაც ბარსელონაში გამართულ სილამაზის კონკურსში მნიშვნელოვანი წარმატება ხვდა წილად...

- ესპანეთში, ბარსელონაში დავიბადე და გავიზარდე. დღესაც მშობლებთან და უფროს ძმასთან ერთად, ესპანეთში ვცხოვრობ. ჩემი ოჯახი სვანეთიდანაა, მაგრამ მშობლები ბარსელონაში 90-იანი წლებიდან ცხოვრობენ. მოგვიანებით მე და ჩემი ძმა იქ დავიბადეთ. 8 თვისა მიმიყვანეს საბავშვო ბაღში, სადაც სიარული და კომუნიკაცია ვისწავლე. ეს იყო კატალონიური ბაგა-ბაღი, სადაც ძალიან მეგობრული და ოჯახური ატმოსფერო სუფევდა.

სკოლაშიც ოჯახური გარემო გვქონდა, სადაც 16 წლამდე ვისწავლე... როგორც იქ დაბადებულს, ადაპტაცია არ გამჭირვებია, მაგრამ ის გარემო, რომელიც სახლში მქონდა, ძალიან განსხვავდებოდა სკოლის გარემოსგან. ჩვენს ოჯახში მთავარი ადგილი ქართულ კულტურას და ტრადიციას უკავია. კატალონიური სკოლის პარალელურად, მე და ჩემი ძმა სახლში ქართულ ლიტერატურას კერძო მასწავლებელთან ვსწავლობდით. ასე რომ, კარგად ვიცი ჩვენი კულტურა, ტრადიციები, ენა...

- საყვარელი საგნები, ჰობი, გატაცებები...

- ჩემი საყვარელი საგნები იყო ფიზკულტურა, კატალონიური და ესპანური გრამატიკა. ყოველთვის მომწონდა სპორტი და ფიზკულტურის გაკვეთილებზე ვცდილობდი ჩემი მაქსიმუმი გამეკეთებინა. ეს ორი ენის გრამატიკა, რადგან პატარა ვიყავი, ძალზე საინტერესო და იოლად გასაგებად მიმაჩნდა...

შვიდი წლიდან ჩოგბურთს ვთამაშობ, რადგან ეს არის ჰობი, რომელიც ყველაზე მეტად მომწონს. პარალელურად, ვცურავდი, რაც დამეხმარა ფიზიკურ განვითარებაში, მოდუნებასა და სუნთქვის გაუმჯობესებაში. პანდემიის დროს ცურვის შეწყვეტამ მომიწია, მაგრამ ვთამაშობდი ჩოგბურთს, რადგან ძალიან პატარა ასაკიდან ვიცოდი, რომ მინდოდა პროფესიონალი ჩოგბურთელი გამოვსულიყავი.

სხვათა შორის, ჩოგბურთში ასპარეზობა თერთმეტი წლისამ დავიწყე, მაგრამ ვიდრე უნივერსიტეტში დავიწყებდი სწავლას, მანამდე მივხვდი, რომ პროფესიონალურად სპორტს ვეღარ გავყვებოდი, არჩევანი სწავლაზე გავაკეთე. თუმცა, ამჟამად ჩემი უნივერსიტეტის ტურნირებში ვმონაწილეობ. ბევრი რამის მიღწევა მოვახერხე, რამდენიმე თასი და მედალი მოვიგე... როცა სკოლაში ვსწავლობდი, როგორც სპორტის მოყვარულმა, ვიგრძენი, ჩოგბურთი არ იყო საკმარისი, რომ მთელი ენერგია დამეხარჯა, ამიტომ კიკბოქსინგზე დავიწყე სიარული, რაც ჩემს ერთ-ერთ საყვარელ გატაცებად იქცა.

- თქვენი კარგი გარეგნობა რაში გეხმარებათ?

- მე ყოველთვის ვიყავი გოგო, რომელიც იბრძოდა თავისი ოცნებებისთვის და მიაღწია იმას, რაც სურდა, მაგრამ ეს ჩემი ძალისხმევით და მონდომებით მოხდა და არა - გარეგნობის გამო. ვიზუალი მხოლოდ იმაში მიწყობს ხელს, რომ მოდელი ვიყო და ამისთვისაც ბევრს ვშრომობ.

- თუ მიგიღიათ მონაწილეობა სხვა კონკურსებში?

- არასდროს მიფიქრია მოდის სამყაროში "შეჭრაზე". სიმართლე გითხრათ, ბავშვობიდან მირჩევდნენ და მაძლევდნენ ამ საქმის დაწყების შესაძლებლობას, მაგრამ აქამდე არავის ვუსმენდი, მხოლოდ სპორტზე ვიყავი ორიენტირებული... მერე სამოდელო კარიერაზე ოცნებაც დავიწყე და დავუკავშირდი ფოტოგრაფს ჩემი ალბომის გასაკეთებლად. ფოტოსესიისას გავიცანი ვიზაჟისტი, რომელმაც მომცა მოტივაცია და მითხრა, რომ კარგი მომავალი მელოდებოდა სილამაზის სამყაროში. ამავე დროს დამიკავშირდნენ Mისს Gრანდ Bარცელონა 2023-ში მონაწილეობის მისაღებად.

- გვიამბეთ ამ კონკურსზე...

- კონკურსის მთელი ეტაპი შემიძლია სამი სიტყვით განვსაზღვრო: დაუვიწყარი, შრომატევადი და სტრესული... მოსამზადებელმა პერიოდმა ორ თვეს გასტანა და ძალზე რთული იყო, თუნდაც იმ თვალსაზრისით, რომ მანამდე მაღალქუსლიანებით არ დავდიოდი. გარდა ამისა, ეს პერიოდი უნივერსიტეტის ფინალურ გამოცდებს დაემთხვა. უამრავი ემოციის მოზღვავება ვიგრძენი, რომლის აღწერაც არ შემეძლო, მაგრამ მიუხედავად სტრესისა, არასდროს დავნებებულვარ. ეს კონკურსი დამეხმარა იმის აღმოჩენაში, რისი უნარიც მაქვს. საკუთარ თავში ეჭვი არასდროს შემპარვია და ყოველთვის ვცდილობ იმაზე უკეთესი ვიყო, ვიდრე ვარ. ასევე, ეს კონკურსი დამეხმარა იმის გააზრებაში, რომ ბევრი მხარდამჭერი მყავს. იცით, ჩემი ძვირფასი ქართველების გარეშე, რომლებიც ყველაზე მეტად მგულშემატკივრობდნენ მთელი ამ ხნის განმავლობაში, ამდენს ვერ მივაღწევდი. და დღეს მე არ ვარ იგივე ადამიანი, როგორიც ვიყავი ამ კონკურსამდე. მე გამოვიმუშავე ბევრი უნარი და ეს დამეხმარა ახალი ადამიანების გაცნობაში. ჩემით მოდის ინდუსტრიაში დაკავებული უამრავი ადამიანი დაინტერესდა...

- თქვენი სამომავლო გეგმები სამოდელო სფეროს უკავშირდება?

- სამომავლოდ, რასაც პრიორიტეტად მივიჩნევ, ეს სწავლაა. ამჟამად ვსწავლობ სამართალმცოდნეობას, მესამე კურსზე ვარ. თუმცა, სწავლა ხელს არ შემიშლის ჩემი ნამდვილი ოცნების ასრულებაში: მსურს დიდ ბრენდებთან ვითანამშრომლო, როგორც მოდელმა.

- როგორია თქვენი დამოკიდებულება დღევანდელი მსოფლიო მოდის მიმართ?

- ვფიქრობ, მოდა ძალიან განვითარდა. საბედნიეროდ, მსოფლიოში სულ უფრო მეტი სამოდელო სააგენტოა და ყოველთვის იქნება ვინმე, ვისაც შენთან ერთად ენდომება საქმის დაწყება.

- საქართველოში მოდის სფეროში მიმდინარე მოვლენებს თუ ადევნებთ თვალს?

- საქართველოში მოდელად მუშაობის დაწყება ჩემი ერთ-ერთი დიდი ოცნებაა. მჯერა, რომ საქართველოში სააგენტოში მუშაობა დამეხმარება უფრო შორს წავიდე ამ სფეროში, რადგან მიმაჩნია, რომ ჩემს სამშობლოში სამოდელო კარიერა დაფასებულია.

image-1688974260.jpg

- საქართველოში ხშირად ჩამოდიხართ?

- ერთი წლისაც არ ვიყავი, საქართველოში პირველად რომ ჩამოვედი და მას მერე, ნათესავებს ყოველ ზაფხულს ვსტუმრობ. როცა ჩვენს ქვეყანაში მივდივართ, ვცდილობთ, უმეტესი დრო სვანეთში გავატაროთ. მე და ჩემი ოჯახი განსაკუთრებულ კავშირს ვგრძნობთ ჩვენს ქალაქთან. ბოლო წლებია, ახალ წელსაც საქართველოში ვხვდები. რაც ყველაზე მეტად მახარებს ჩემს ქალაქში, ეს მეგობრები და ბუნების სილამაზეა. სვანეთის სილამაზე საკუთარი თვალით თუ არ ნახე, შეუძლებელია აღწერილით აღიქვა. ამ კუთხის სიყვარულმა მამას სვანური კოშკის აშენების იდეა გაუჩინა. იქაურობა გასაოცარია არა მარტო ულამაზესი ბუნებით, არამედ მოსიყვარულე, თბილი ხალხით...

ასევე, ყოველ წელს ვცდილობთ მოვინახულოთ სხვა კუთხეებიც და ლამაზი ადგილებიც, რომლებიც მრავლად არის ჩვენს საქართველოში.

- როგორია თქვენებური თავის მოვლის რუტინა?

- მივდევ ჯანსაღი ცხოვრების წესს და ყოველთვის ვცდილობ, ვიკვებო სწორად, რადგან ეს მჭირდება არა მარტო როგორც სპორტსმენს და მოდელს, არამედ უბრალოდ, ასე უფრო კომფორტულად ვგრძნობ თავს. არ მიჭირს დისციპლინის დაცვა და არც ძალიან ვზღუდავ თავს რაიმეს ჭამისგან, უბრალოდ მიყვარს რეჟიმში ყოფნა და თავის მოვლა. ვფიქრობ, ყველამ უნდა იზრუნოს საკუთარ ჯანმრთელობაზე, სილამაზეზე...

- შეგიძლიათ ესპანური და ქართული სამზარეულო შეადაროთ?

- ქართული სამზარეულო ყველა სხვა ქვეყნის სამზარეულოსგან განსხვავებულია. პირადად მე, ჩვენებური კერძები ძალიან მიყვარს და ესპანეთშიც ხშირად ვამზადებთ ქართულ კერძებს. ესპანურ სამზარეულოსაც აქვს დიდი არჩევანი და ამას ვაფასებ, რადგან ძალიან მეხმარება სწორ კვებაში.

მანანა გაბრიჭიძე