"თურმე სიყალბის, ტყუილების გარეშე შეგვიძლია, კარგი შედეგები "დავდოთ"... - გზაპრესი

"თურმე სიყალბის, ტყუილების გარეშე შეგვიძლია, კარგი შედეგები "დავდოთ"...

ახლახან რეალითი შოუს - "პრაიმ ჰაუსი" მესამე სეზონი დასრულდა. 3 ფინალისტს შორის ირაკლი მახარაძემ გაიმარჯვა. ჩვენ გამარჯვებულს ვესაუბრეთ - "გზის" მკითხველებისთვის ემოციებისა და სამომავლო გეგმების გაზიარება ვთხოვეთ...

- თავდაპირველად მეგონა, მარტივად შევეგუებოდი იმ ფაქტს, რომ პროექტი სრულდებოდა, თუმცა იმ ყოველდღიურ სიტუაციებთან დამშვიდობება ძალიან გამიჭირდა... გამარჯვებას რაც შეეხება, საოცარი ემოციები დამეუფლა, რადგან ის ერთ-ერთი მონაწილე ვიყავი, ვინც ვერასდროს წარმოიდგენდა, რომ ფინალში მოხვდებოდა, მით უმეტეს - გაიმარჯვებდა. შესაბამისად, უბედნიერესი ვარ! იმ ხალხს ვემადლიერები, ვინც ასე აქტიურად გვერდში მედგა. დაუვიწყარი ემოციები იყო! გავითიშე, ვერაფერს ვაკეთებდი... ძლიერი ემოციების გამო ვერც კი ვსაუბრობდი...

- თქვენთვის გამარჯვება წარმოუდგენელი რატომ იყო?

- კამერებთან ურთიერთობის არანაირი გამოცდილება არ მქონია, ცნობილი არ ვიყავი. შესაბამისად, არ მეგონა, თუ ამდენ რამეს გამოვივლიდი, მაგრამ "პრაიმ ჰაუსში" ისეთი რთული გზა გავიარე, რომ ვფიქრობ, საბოლოოდ ფინალში ღირსეულად მოვხვდი. თან თავდაპირველად, როცა სახლში შევედით, მივხვდი, რთულად ვადაპტირდებოდი, მაგრამ საბოლოოდ, მაინც მოვახერხე, რომ ყველაფერი სწორად წარმემართა. მიხარია, რომ შეიძლება, ჩემი გამოცდილება სხვებისთვის სტიმული აღმოჩნდეს: მაგალითად, თუ ისინი საზოგადოებისთვის ცნობილები არ არიან, გაბედონ, გარისკონ და ასე შეიძლება, ძალიან სერიოზულ შედეგებამდე მივიდნენ. მთავარია, სუფთა გზით იარონ...

- გასული სეზონების მონაწილეებიდან ვინ იყო თქვენთვის სტიმულის მომცემი?

- ორივე გამარჯვებული საზოგადოებისთვის საკმაოდ ცნობილი იყო. შესაბამისად, ამ მხრივ, სტიმული არ მქონია, მაგრამ სტიმულის მომცემი იყო, რომ ის ადამიანები სხვებს შეურაცხყოფას არ აყენებდნენ, ფინალში ჩხუბითა და უბედურებით არ გასულან - სიმშვიდით, თავიანთი აზრით გაიმარჯვეს. მეც მსგავსად ვცხოვრობდი: ურთიერთობაში ზღვარს არ ვკვეთდი, პირიქით - ყველა ადამიანს პატივს ვცემდი...

- როცა აუთსაიდერი გახდით და თქვენი ხმების რაოდენობასთან დაკავშირებული რეკორდი სხვა მონაწილეებმა კარგა ხანს ვერ მოხსნეს, გამარჯვების ამბიცია, იმედი არ გაგიჩნდათ?

- იმედი ნამდვილად გამიჩნდა. პირველი აუთსაიდერობა ჩემთვის ყველაზე საინტერესო იყო, რადგან პროექტში შესვლისას ვფიქრობდი - ჩემს დაბადების დღემდე (2 აპრილი) მაინც თუ "გავქაჩავდი", უკვე მივიჩნევდი, რომ ამ პერიოდმა წარმატებით ჩაიარა. 2 აპრილს პროექტიის დაწყებიდან ზუსტად ერთი თვე სრულდებოდა. ჩემს დაბადების დღეზე აუთსაიდერის სკამზე ვიჯექი. ვფიქრობდი, რომ პროექტს დავტოვებდი, თუმცა სრულიად საპირისპირო მოხდა - უამრავი ხმით "ესემეს" ლიდერი გავხდი. მაშინ ხმების რეკორდი პირველად მოიხსნა. შემდეგ სხვა მონაწილეებმა ეს რეკორდი დიდხანს ვეღარ მოხსნეს. აი, მაშინ ძალიან გავძლიერდი. მივხვდი, თურმე ვიღაცებისთვის საინტერესო ვყოფილვარ. ძალიან ბედნიერი გახლდით, რა თქმა უნდა.

- თქვენი მთავარი გულშემატკივარი ვინ იყო?

- ჩემი მეგობრები. ძალიან ბევრი მეგობარი მყავს. ცხოვრებაში მათ ვერანაირი მატერიალური სარგებელი ვერ შეგიცვლის - ყოველთვის ამ პრინციპით ვცხოვრობდი და გარშემო უამრავი ნამდვილი, ახლო მეგობარი შემოვიკრიბე. ჩემთან ერთად, ისინი ღამეებს ათენებდნენ, ბოლოს კი ამ შედეგამდე მივედით...

- პროექტში ისეთი მეგობრები თუ შეიძინეთ, ვისთანაც ახლაც გააგრძელებთ ურთიერთობას? იქნებ გაგვიმხილოთ მათი ვინაობა...

- ახლა მათი ვინაობის დაკონკრეტება არ მინდა (იცინის), რადგან ჯერ კიდევ არის რაღაცები, რაც უნდა გაირკვეს, შემდეგ კი უკვე დაკონკრეტებას თავისუფლად შევძლებ - არიან თუ არა ის ადამიანები, ვისთანაც მართლა ვიმეგობრებ. საუბარია რეალურ და არა - ასე ვთქვათ, "პონტის მეგობრებზე". ამიტომ ამის ხმამაღლა თქმა, ჯერჯერობით არ მინდა, შემდეგ იმედი რომ არ გამიცრუვდეს.

- პოპულარობა როგორი შეგრძნებაა?

- ძალიან მაგარია! უპირველეს ყოვლისა, მაგარი იმიტომ არის, რომ ადამიანებისგან დიდ სიყვარულს, თანადგომას ვგრძნობ, მილოცავენ... ასევე, დიდი პასუხისმგებლობაცაა, რადგან როცა ბევრი ადამიანი გიცნობს, შეიძლება მათთვის სტიმულიც ხარ ან ის პიროვნება, ვის აზრსაც ითვალისწინებენ. სწორედ ამიტომ პასუხისმგებლობა გაქვს, რომ მართალი ადამიანი იყო, თუნდაც - ნებისმიერ საჯარო "პოსტში", ვიდეომიმართვაში...

- პროექტში შესვლამდე რას საქმიანობდით და ახლა თქვენი მომავალი როგორ გესახებათ?

- პროფესიით იურისტი ვარ - სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი დავამთავრე. თავდაპირველად, ამ საქმეს გავყევი, მაგრამ შემდეგ ისე მოხდა, რომ აუცილებელი იყო მემუშავა, შემოსავალი მქონოდა... მუშაობა ერთ-ერთ ფინანსურ კომპანიაში, ძალიან დაბალი პოზიციიდან დავიწყე. მას შემდეგ ბანკში ძალიან განვვითარდი, ბევრი პოზიცია შევიცვალე, გავიზარდე... 9 წელი ვიმუშავე. პანდემიის დროს სამსახური დავტოვე და პატარა ბიზნესი წამოვიწყე, მერე უკვე "პრაიმ ჰაუსში" შევედი... დღეს ვფიქრობ, ჩემი მომავალი ისევ ტელევიზიას დავუკავშირო. პროექტში გატარებულმა ოთხმა თვემ მიმაჩვია, რომ ნებისმიერი სიახლისთვის თითქმის მზად ვარ. ცხოვრების აქტიური რეჟიმი, სატელევიზიო სფერო ძალიან მხიბლავს.

- პროექტში მონაწილეობის მიზანი ტელევიზიაში მოხვედრა იყო?

- თავდაპირველი მიზანი ის იყო, რომ საკუთარი თავი კომფორტის ზონიდან გამომეყვანა და ჩემთვის უცხო გარემოში გადავსულიყავი, ანუ მსურდა, რაღაც გრანდიოზული ნაბიჯი გადამედგა, შემდეგ კი მეთქვა, - ირაკლი, მოცემულ შანსებზე უარს არ ამბობ, პირიქით - რისკავ-მეთქი! რეალურად, "პრაიმ ჰაუსში" მონაწილეობა გავრისკე, გავბედე და ეს საკუთარი თავის განვითარებისთვის გავაკეთე. კომპლექსები ყველა ადამიანს გვაქვს, რომელთა დასაძლევადაც ალბათ, საკუთარი თავისთვის გამოცდის მოწყობა ყველას გვჭირდება. ვფიქრობ, მეც სწორედ ასეთი გამოცდის მოწყობა მსურდა - შემეძლო თუ არა გამეძლო ინისთვის, საჯარო განხილვის თემა რომ გავმხდარიყავი; შემდეგ ვფიქრობდი, იქნებ რეალითი შოუს მაყურებლებისთვის სტიმული მე ვიყო - ჩემში რაღაც ისეთი დაინახონ, რომ გაბედონ, რასაც მანამდე ვერ ბედავდნენ-მეთქი... ახლა უკვე შემიძლია, მათ ხმამაღლა მოვუწოდო: კი, ყველამ ყველაფერი გაბედეთ, ოღონდ - რა თქმა უნდა, სწორი და სამართლიანი გზით! თურმე სიყალბის, ტყუილების გარეშე შეგვიძლია, კარგი შედეგები "დავდოთ"...

image0-1688974626.jpg

- პროექტში რამდენიმე გოგოს მოსწონდით, ალბათ - რეალურ ცხოვრებაშიც. თქვენს პირად ცხოვრებაში რა ხდება?

- ვიმედოვნებ, ახლა უფრო დალაგებული პირადი ცხოვრება მექნება. ამჟამად ურთიერთობაში არ ვარ, თუმცა ყველაფერი წინ არის...

დაბოლოს, აქვე აღვნიშნავ, რომ ეს პროექტი მონაწილეებს იმხელა ცხოვრებისეულ გამოცდილებას აძლევს, როგორსაც ადამიანები გარეთ ბევრი წლის განმავლობაში აგროვებენ. პირობითად, რა გამოცდილებაც 4 თვეში მივიღე, შეიძლება გარეთ ამისთვის 4-5 ან მეტი წელი დამჭირვებოდა. შესაბამისად, მთელ გუნდს დიდი მადლობა, ვინც ამ პროექტზე მუშაობდა... ყველა მონაწილის მსგავსად, გულშემატკივართა ჯგუფი მეც მყავდა. ჯგუფში არავის განიხილავდნენ. მხოლოდ ერთობოდნენ, ხუმრობდნენ... ისეთი სწორი დამოკიდებულებები ჰქონდათ, რომ შედეგი სწორედ ამ დამოკიდებულებებმა "დადეს". დიდი მადლობა ყველას, ვინც მხარს მიჭერდა!..

ეთო ყორღანაშვილი