"ვუყურებდი, ნელ-ნელა როგორ ტოვებდა მას სიცოცხლის ნაპერწკალი" - გზაპრესი

"ვუყურებდი, ნელ-ნელა როგორ ტოვებდა მას სიცოცხლის ნაპერწკალი"

ასაკი: 31 წლის.

განათლება: დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სამსახიობო ფაკულტეტი.

ამჟამინდელი საქმიანობა: არის მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი, ასევე - "ქალაქის თეატრის" ერთ-ერთი დამაარსებელი და მსახიობი.

ჰობი: მუსიკალურ ინსტრუმენტებზე დაკვრა, მუსიკის შექმნა.

ცხოვრების დევიზი: "ყველა სიტუაციას ღიმილით შევხვდეთ!"

- ნოდარ, როცა სარკეში იყურებით, ვის ხედავთ?

- ცხოვრებას მოწყურებულ ადამიანს, ოღონდ - ცოტათი სევდიანს.

- თქვენი განწყობის უებარი წამალი რა არის?

- მუსიკა. ყველანაირი ჟანრის მუსიკის მოსმენა მიყვარს. გააჩნია, როგორ განწყობაზე ვარ. მაგალითად, როცა ქუჩაში მივდივარ, ელექტრონულ მუსიკას ვუსმენ; პიესაზე მუშაობისას შეიძლება, მსუბუქ ჯაზს მოვუსმინო; როცა სენტიმენტალური ვხდები, კლასიკური მუსიკა მირჩევნია...

- თქვენი ცხოვრების მთავარი მოტივატორი რა არის?

- მზე, ოღონდ - არა ცხელი ამინდი. დილით რომ ვდგები და კარგი ამინდია, მგონია, ყველაფერი კარგად იქნება.

- ადამიანებს რა ნიშნით აფასებთ?

- გულწრფელობით და პირდაპირობით. გულწრფელობის და პირდაპირობის შემთხვევაში, ურთიერთობაში ყოველთვის ყველაფერი თავის ადგილზეა. მერე რაღაცების მოგონება საჭირო არ არის - ადამიანები ერთმანეთს ისეთს ვიღებთ, როგორიც ვართ.

- ადამიანებში ასეთ თვისებებს ხშირად ხვდებით?

- ხშირად - იმ კონტექსტში, რომ თავად ვცდილობ, ასეთი ვიყო. შესაბამისად, ურთიერთობიდანაც ეს "ფერები" მომაქვს. არსებობს ადამიანების კატეგორია, ვისაც ამ თვისებების გამომჟღავნება უჭირს. უბრალოდ, მათ "სხვა კარიდან" უნდა მიუდგე...

- უსამართლობის განცდა ბოლოს რის გამო დაგეუფლათ?

- ქვეყანაში და საერთოდ, მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების გამო: დღეს როგორი კურსითაც ჩვენი ქვეყანა და თუნდაც, მსოფლიო ხელმძღვანელობს, ეს ჩემში დიდ იმედგაცრუებას იწვევს.

- ბოლოს, მედიით გავრცელებულმა რომელმა ინფორმაციამ მიიპყრო თქვენი ყურადღება?

- დღეს დილით სოციალური ქსელი "ავსქროლე" და, - რუსეთში სამოქალაქო ომი იწყებაო. ამ ყველაფერს ინტერესით და რაღაც სურვილებით ვადევნებ თვალს - მინდა ეგ ციხე შიგნიდან გატყდეს...

- დღის განმავლობაში ყველაზე ხშირად ვის ესაუბრებით?

- კოლეგებს, რადგან ჩემი დღე "ქალაქის თეატრით" იწყება: თან რეპეტიცია გვაქვს, თან - თეატრს ვაშენებთ. ჩვენი საუბრის თემა ზოგადიცაა და საქმიანიც.

- თქვენ მიერ განსახიერებული ეკრანული პერსონაჟებიდან რომელთან იმეგობრებდით სიამოვნებით, რეალური ადამიანები რომ იყვნენ?

- ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ - ყველასთან.

- მათგან ახლო მეგობარი ვინ იქნებოდა?

- ალბათ - ზვიადი, სერიალიდან - "სიყვარულს მიღმა". ეჭვი მაქვს, გავერთობოდით (იღიმის).

- სერიალის გაგრძელებასთან დაკავშირებით ინფორმაცია გაქვთ?

- როგორც ვიცი, კიდევ 1 სეზონი იქნება, ოღონდ - ზუსტი დრო ჯერ არავინ იცის, სამწუხაროდ. საშემოდგომო სეზონი აუცილებლად იქნება, ჩემი ვარაუდით - ოქტომბრიდან.

- ახლობლები რა მეტსახელით მოგმართავენ?

- "ძოწენათი". ოჯახის წევრების და იმ ადამიანების გარდა, ვინც ბავშვობიდან მიცნობს, "ნოდარს" არავინ მეძახის. ყველასთვის "ძოწენა" ვარ, გვარიდან გამომდინარე.

- სკოლაში როგორი მოსწავლე იყავით?

- საშინელი. რამდენიმე საჯარო სკოლა გამოვიცვალე, შემდეგ კი კერძო გიმნაზიაში ვსწავლობდი, რომლის დირექტორიც დედაჩემი გახლდათ. არცთუ ისე კარგი მოსწავლე ვიყავი. პირველი "საშემოდგომო" დედაჩემის საგანში - ქართული ხელოვნების ისტორიაში გამომაყოლეს. მგონი, ამით ყველაფერი გასაგებია (იღიმის). მავნე, მაკვარანცხი ბავშვი ვიყავი.

- იმ პერიოდში მშობლებთან როგორი ურთიერთობა გქონდათ?

- კარგი. ხშირად დატუქსვის ობიექტი ვიყავი. რაკი დირექტორის შვილი გახლდით, თუ ვინმე რამეს დააშავებდა, ჯოხი ჩემზე უნდა გადამტყდარიყო, რადგან მოსწავლეც ვიყავი და იქაურობის კურატორიც უნდა ვყოფილიყავი, რომ მაგალითად, ბავშვებს ფანჯრების მინები არ ჩაემტვრიათ, არ ეჩხუბათ. თითქოს მათი კონტროლიც მე მევალებოდა, მაგრამ საერთოდ არაფერ შუაში ვიყავი - დღემდე ასე ვფიქრობ. სხვა კლასში თუ ვინმე რამეს გააფუჭებდა, ლექციას მე რატომ მიკითხავდნენ? - დღემდე ეგ კითხვა მაწუხებს (იღიმის)...

- გწყინდათ?

- ხანდახან უსამართლობის შეგრძნება მეუფლებოდა. იმასაც ვიაზრებდი, რომ ეს ოჯახური საქმე იყო და მე, როგორც ამ ოჯახის წევრი, პასუხისმგებელი ვიყავი, ამ ყველაფერს გავფრთხილებოდი. ვამბობდი, - სკოლაში ჯერ მოსწავლე ვარ და მერე - ოჯახის წევრი-მეთქი. იქ დედაჩემს "დედათი" არ მივმართავდი. დედაშვილურ ურთიერთობას სახლში ვაგრძელებდით...

- დედა ოჯახში მკაცრი იყო?

- არა. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ემოციურია, მკაცრი არასოდეს ყოფილა. უბრალოდ, გიმნაზიაში ეს საქმისთვის საჭირო იმიჯი იყო, თან, მოგეხსენებათ, ჩვენი თაობის ბავშვები ცოტათი მავნებლები იყვნენ... მაინც მიმაჩნია, რომ ბავშვობის ასაკში ყველაფერი "მოსულა" - ამ დროს ადამიანში სხვანაირი სიცოცხლე ჩქეფს. არის ასაკობრივი პერიოდი, როცა თვითდამკვიდრებისთვის იბრძვი. ჩემი მოსწავლეობის პერიოდში, სულ რაღაც ბრძოლა იყო სხვა კლასელებთან, სკოლელებთან... თვითგადარჩენის რეჟიმში ყოფნა გვიწევდა არა მხოლოდ სკოლაში, არამედ - თუნდაც, უბანში. ისეთ რაღაცებზე დავკარგეთ დრო, რაზეც არ უნდა დაგვეკარგა, მაგრამ მაშინ ასეთი სისტემა იყო, მაგალითად, "ბირჟაზე" უნდა მდგარიყავი, რაც შეიძლება, შენთვის "ახლოსაც" არ ყოფილიყო, მაგრამ ვალდებული იყავი უბნისთვის, ძმაკაცებისთვის...

- თქვენი ხასიათის რომელი თვისება გეამაყებათ?

- იუმორი, გულწრფელობა და ერთგულება. ჩემ შესახებ მეგობრებიც ამბობენ, რომ ერთგული ვარ.

- როგორ სიზმრებს ხედავთ?

- ძალიან საინტერესოს. არის სიზმრები, რომლებიც კვარტალში ერთხელ მეორდება; ცოტათი კოშმარული, მისტიკური, აუხსნელი სიზმრებიც მესიზმრება, მაგრამ მაინც კომფორტის ზონაა - თითქოს სხვა სამყაროში ხარ... ყოფილა შემთხვევები, როცა სიზმრის კონტროლიც შემძლებია: გავაანალიზე, რომ სიზმარში ვიყავი. ასეთ დროს ადამიანს შეგიძლია, შენი პროექცია დაალაგო, შეთხზა... ადრე ამას უფრო ხშირად ვახერხებდი, მაგრამ ახლა, ჩემი რეჟიმის გამო, მაქსიმუმ 6 საათით თუ გამოვიძინებ, რაც ხშირად არ მყოფნის. მით უმეტეს, ახლა ცხელა. ზაფხულში ბეტმენივით ვხდები: დილის 7 საათზე ვიძინებ. ფაქტობრივად, ბეტმენი ვარ, რომელიც პენსიაზეა - საქმე არ აქვს. უბრალოდ, ღვიძავს, არ ეძინება...

- ეჭვიანი ხართ?

- არა. ისე მიყვარს, როცა ყველაფერი გარკვეულია, რომ ყველაფერს რაციონალურად ვუდგები - ეჭვისთვის დრო არ მრჩება, თუმცა ვიცი, ეჭვიანობა როგორი ემოციაცაა - თავს შეგაჭმევინებს. გონებაში ისეთ რაღაცებს გათხზვევინებს, რაც შეიძლება არც მომხდარიყო. უბრალოდ ეს შენი ტვინის პროექციაა - ეჭვის საფუძველზე მიმავალი გზაა, რომელიც ჩემი აზრით, ყველასთვის დამღუპველია.

- თქვენთან დამეგობრება იოლია?

- კი. ნდობის მოპოვებაა ცოტათი რთული, თორემ ყველასთან მეგობრული დამოკიდებულება მაქვს. თავიდანვე ვცდილობ, ურთიერთობაში ხალისი და იუმორი იყოს...

- მეგობარს უღალატია თქვენთვის?

- კი, ყოფილა ასეთი შემთხვევებიც. ეს მძიმედ გადასატანია... ასეთ შემთხვევაში შეიძლება, ადამიანთან ურთიერთობა გააგრძელო, მაგრამ სადღაც უკვე "ხაზი გავლებულია", რომლის აქეთაც აღარ მოუშვებ, ანუ წინათ თუ გულთან ახლოს გყავდა, მერე რამდენიმე საფეხურით უკან ინაცვლებს, თუმცა ბოლომდე ვერ წირავ... მყავს ბავშვობის მეგობრები, რომლებთანაც დღეს არანაირი კომუნიკაცია აღარ მაქვს, მაგრამ მათ მიმართ ჩემი დამოკიდებულება მაინც სენსიტიურია, თუნდაც - მათთან გატარებული დროის ხარჯზე. ბავშვობის მოგონებებით შეიძლება, ადამიანი ისევ ძველებურად მიყვარდეს. უბრალოდ, მასთან არანაირი შეხება აღარ მქონდეს.

- ეს ღალატმა განაპირობა?

- ზოგი - ღალატმა, ზოგი - დრო და ჟამმა მოიტანა...

- როცა გეფლირტავებიან როგორ იქცევით?

- მეც ფლირტით ვპასუხობ (იღიმის).

- როცა არასასურველი ადამიანი გეფლირტავებათ, მაშინ როგორ იქცევით?

- ვცდილობ, მისი ეგ მდგომარეობა "ლაითად" გავაბითურო.

- 1 თვის განმავლობაში, მხოლოდ 1 კერძის ჭამის უფლება რომ გქონდეთ, რომელს აირჩევდით?

- ალბათ კარტოფილს და სხვადასხვა ვარიანტად დავშლიდი: ხან მოვხარშავდი, ხან - შევწვავდი.

- როცა ადამიანს პირადად ხვდებით, პირველ რიგში, მისი გარეგნობის რა დეტალი იქცევს თქვენს ყურადღებას?

- თვალები და ღიმილი. როცა ადამიანს თვალები უნათებს, ძალიან საინტერესოა. თვალებში ბევრი რამის წაკითხვაა შესაძლებელი...

- შენიშვნა ბოლოს რის გამო მიიღეთ?

- რეპეტიციაზე, ტექნიკური საკითხის გაუმართაობის გამო - კონსტრუქცია არასწორად შევკარით.

- ვინ არის თქვენი მესაიდუმლე?

- მეგობრები და ჩემი და.

- რომელი ზებუნებრივი ძალის ფლობას ისურვებდით?

- ფრენას. ამ უნარით ქალაქის მომაბეზრებელ საცობებს თავს ავარიდებდი. ასევე, სხვადასხვა ქვეყანაში სიამოვნებით ვიმოგზაურებდი.

- საქართველოს გარდა, რომელ ქვეყანაში იცხოვრებდით სიამოვნებით?

- სადაც ვცხოვრობ, მომწონს და მაკმაყოფილებს, თუმცა ცოტა ხნით კუბაზე დიდი სიამოვნებით ვიცხოვრებდი. ძლიერი სურვილი მაქვს, კუბაზე ერთხელ მაინც მოვხვდე...

dsc8145-1688974825.jpg

- ოდესმე უსარგებლო ადამიანად გიგრძნიათ თავი?

- კი.

- ასეთი შეგრძნება რას გამოუწვევია?

- სიტუაციას, როცა ადამიანს ვერ ეხმარები, რადგან შენზე აღარაფერია დამოკიდებული, თუნდაც - პაპაჩემის შემთხვევას: ფილტვის კიბო ჰქონდა. ფაქტობრივად, 24/7 მასზე ვზრუნავდი და ვუყურებდი, ნელ-ნელა როგორ ტოვებდა მას სიცოცხლის ნაპერწკალი. ეს ძალიან დამთრგუნველი პროცესი იყო, როცა მის ტკივილსაც ვერაფრით ვაამებდი...

- ცხოვრებაში თქვენს ქმედებებს რა მთავარი ფასეულობა განსაზღვრავს?

- სურვილი, რომ არ გავჩერდე. მიმაჩნია, რომ ნებისმიერ პირობებში, სადაც არ უნდა მოხვდეს ადამიანი, მთავარია, მოძრაობა არ შეწყვიტოს, სულ წინ იაროს, თუნდაც ეს არასწორი მიმართულების გზა იყოს...

ეთო ყორღანაშვილი