"მაშინ დარბაზში რომ ვყოფილიყავი, წამოვხტებოდი და დავიყვირებდი: "მე ქართველი ვარ!" - გზაპრესი

"მაშინ დარბაზში რომ ვყოფილიყავი, წამოვხტებოდი და დავიყვირებდი: "მე ქართველი ვარ!"

მსახიობ ზვიად დოლიძის შემოქმედებით საქმიანობაში სიახლეა, მალე მას "ჩემი ცოლის დაქალებში" ვიხილავთ. რას გვეტყვის ახალ როლზე, რა ვერ გაბედა დღემდე, რა ისწავლა საკუთარ შეცდომებზე, რას მიიჩნევს ყველაზე დიდ ძალად და სისუსტედ, რა აკარგვინებს კონტროლს საკუთარ თავზე? - ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.

- დაბადების თარიღი...

- ...1977 წლის 29 ივლისი.

- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...

- ...მსახიობი. ბავშვობაში ქართული კინო ძალიან მიყვარდა. 90-იან წლებში, კინო უფრო ხელმისაწვდომი იყო, ვიდრე თეატრი, რადგან ტელევიზორში გადიოდა, მოგვიანებით კი ამ პროფესიის სიყვარულში თეატრმა სულ სხვა სურნელი შემოიტანა.

- ჩემზე ამბობენ...

- ...ამბიციურიაო, ამ დროს ასეთი ნამდვილად არ ვარ. ასე ალბათ ვიზუალიდან გამომდინარე ფიქრობენ. ქართულ კინოში, სადაც მითამაშია, უმეტესად მკაცრ, ბოროტ პერსონაჟებს ვასახიერებ. როგორც ჩანს, ხშირად უნდა გავიღიმო.

- ოჯახის წევრები თქვენი ხასიათის რა თვისებაზე ახდენენ ხაზგასმას?

- ისინი ამბობენ, რომ ძალიან მომთხოვნი ვარ.

- ასეა?

- მაქსიმალისტი ვარ მეგობრობაში, ურთიერთობებში, ოჯახში, გულწრფელობაში... ბოლომდე ვიხარჯები და მათი მხრიდანაც მაქსიმალურს ვითხოვ. ბავშვები ჯერ პატარები არიან და ჩემი მოწესრიგებულობა და სურვილი მათი მოწესრიგებული ცხოვრებისა, თავიდან ბოლომდე მათთვის ჯერჯერობით მიუღებელია. ეს მე კარგად მესმის, ამიტომ ბოლომდე არ "ვაწვები".

- ცხოვრებას თავიდან რომ ვიწყებდე...

- ...იმაზე კარგ განათლებას მივიღებდი, ვიდრე მაქვს. მინდა ჩემი შვილების თამადობით, ეს ყველა ახალგაზრდამ კარგად გაიგოს და გაითვალისწინოს. ახლა მე რომ რამდენიმე უცხო ენა ვიცოდე, გაცილებით მეტი შანსი მექნებოდა ჩემი პროფესიის სრულყოფის, საკუთარი თავის რეალიზების. ჩემთვის ახალი ნაცნობობა და მეგობრობა ყოველთვის ახლის ძიებასთანაა კავშირში. აქედან გამომდინარე, უცხო ენების ფლობით ახალი სამყაროს გაცნობას შევძლებდი.

- ჩემი პირველი წარმატება...

- ...შეიძლება ჩაითვალოს თეატრში (რუსთავის საბავშვო საყმაწვილო თეატრი) პირველად მისვლა; შეიძლება ჩაითვალოს, რუსთავის დრამატულ თეატრში მისვლა ან წარმატებები კინოში... პირველი წარმატება პროფესიული კუთხით, რამდენიმე ეტაპად იყოფა. პროფესიის მიღმა მიღწეულ არც ერთ შედეგს და არანაირ თანამდებობას წარმატებად არ ვთვლი, მაგრამ წარმატებად ვთვლი წაკითხულ ლექსს, რომელსაც ნახევარ მილიონამდე ნახვა აქვს. ქართველებს ნიჭიერების აღიარება, დალაიქება ხომ გვიჭირს (მეც ხომ ქართველი ვარ და ზუსტად ვიცი). როცა ლექსს 14 000 ადამიანი იწონებს და აღიარებს, რომ ჩემ მიერ გაკეთებული 2-წუთიანი საქმე იმდენად მოეწონა, რომ გადააბიჯა ამ ხასიათს, ეს იმას ნიშნავს, გაცილებით უკეთ წამიკითხავს, ვიდრე თავად მგონია. ეს წარმატებებია ზუსტად, რაც მსახიობს ამ პროფესიაში აძლებინებს.

- ბედნიერი ვარ, რომ...

- ...სამი ანგელოზი შვილი მყავს, მათთვის ცხოვრებაში ყველაფერს გავაკეთებ და უფალს ვთხოვ, რამე ისეთის გაკეთებამ არ მომიწიოს, რაც არ მინდა.

- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს...

- ...ბოროტი არ ვარ.

- თვისება, რომელიც არ მომწონს და ვცდილობ გამოვასწორო...

- ...ბოროტი არ ვარ, მაგრამ შემიძლია გავბოროტდე.

- ასეთი შემთხვევა გქონიათ?

- რა თქმა უნდა. როცა ადამიანს გონება ოდნავ მაინც უჭრის და საქმის, მოვლენის, მის მიმართ ქცევების, ფლიდობის, უმადურობის ანალიზის გაკეთება შეუძლია, მანდ დიდი რისკია იმისა, რომ ადამიანი გაბოროტდეს. ყველა ადამიანში არის კარგი და ცუდი, გააჩნია, შენ წინ რომელს წამოსწევ. ყოველთვის ვცდილობ, თვითკრიტიკული ვიყო. არ ვამბობ, რომ სხვებზე კარგი ვარ. ძალიან ჩვეულებრივი გახლავართ. არ მინდა ის შინაგანი ძალა, რომელიც ადამიანებში არსებობს, ბოროტებას მოხმარდეს, რადგან მაშინ ჩემს ცხოვრებას ფასი დაეკარგება და ასე ფასდაკარგული ცხოვრება კი ნამდვილად არ მინდა.

- საკუთარ შეცდომებზე ვისწავლე...

- ...ბევრი რამ. შექსპირს აქვს ნათქვამი და ხშირად მახსენდება: "არ ვარგებულა მეტისმეტი გულმოდგინება".

- პატიება შემიძლია, თუ...

- ...ის ადამიანი ფიქრობს, რომ მისი ქცევა საპატიებელია, თუმცა ამას დროს სჭირდება.

- დღემდე ვერაფრით გავბედე...

- ...საკუთარი თავის გაყიდვა ჩემს პროფესიაში. ყველაფერი გაბედული მაქვს, გალაკტიონს და "ვეფხისტყაოსანს" რომ წაიკითხავ, მერე შენს პროფესიაში მეფე ლირის და რიჩარდ III-ის თამაში აღარაფერია. ჩემთვის მეფე ლირი "ვეფხისტყაოსნის" დონემდე ვერ ადის. ძალიან თავხედი უნდა იყო ადამიანი, მის წაკითხვაზე ფიქრი რომ დაიწყო, თავხედთან ერთად, ამბიციურიც. აი, ადამიანები ჩემზე რომ ამბობენ, ამბიციურიაო. დიახ, ცხოვრებაში მცირედიც მაკმაყოფილებს, მაგრამ ჩემს პროფესიაში ამბიციური ვარ, აქ მცირედი მაღიზიანებს. ამ პროფესიაში საკუთარი თავი თუ არ გაყიდე, კაცმა არ იცის, ვის როდის გაახსენდები.

- სერიალში "ჩემი ცოლის დაქალები"...

- ...შევდივარ ახალი პერსონაჟის როლში. ერთადერთი, რაც ახლა შემიძლია გითხრათ, ის არის, რომ პარლამენტის წევრი ვარ, მყავს ოჯახი. ჩემს მეზობლად საცხოვრებლად გადმოდიან გოცირიძეები, დანარჩენს კი მაყურებელი თავად იხილავს. შეიძლება ეს სერიალი ვიღაცას მოსწონდეს ან არ მოსწონდეს. რომ მოგეწონოს ან არ მოგეწონოს, ჯერ უნდა ნახო. თუ ვინმე ამბობს, არ მომწონსო, ეს იმას ნიშნავს, რომ ტელევიზიამ თავისი გააკეთა, უკვე გაყურებინა. ამ პერსონაჟის შესვლა სერიალში არის ძალიან საინტერესო და ვიცი სცენარისტის შესაძლებლობებიც. თავის დროზე ხმის რეჟისორი გარი კუნცევი ამბობდა: ერთხელ რეზო ჩხეიძემ უდიდესი ფილმი მანდო, ეს ადამიანის ოკეანეში გადაგდებას ნიშნავდა: თუ გამოვცურავდი, პროფესიონალი ვიქნებოდი და თუ ვერ შევძლებდი, მერე აღარავინ მომიკითხავდაო. ახლა ჩემთვის ქეთი დევდარიანის სცენარში ყოფნა დაახლოებით ასეთი სიტუაციაა. მზად ვარ ამ "ცურვისთვის".

- ...წონასწორობიდან ჩემი გამოყვანა შეუძლია...

- ...ტყუილს, უსამართლობას. უმადურობა საკუთარ თავზე კონტროლს მაკარგვინებს. ამ დროს აგრესიული კი არ ვხდები, მთლიანად ვეშვები. მაგალითისთვის ჩვენი დიალოგი მოვიყვანოთ, მე მთელი გულით და სულით გელაპარაკებით, მაგრამ არ ვიცი, თქვენ ამ ინტერვიუს როგორ დაასათაურებთ, ქვესათაურად რომელ ფრაზას გამოიტანთ. ის თუ ჩემი გულწრფელობის პროტოტიპი არ იქნება, ჩავთვლი, რომ ვერ შევძელი ვყოფილიყავი კარგი რესპონდენტი.

- ამ წუთში ძალიან მინდა ვიყო...

- ...კარგი რესპონდენტი.

- დიდი მადლობა ამ დამოკიდებულებისთვის. წლებია, რაც ამ რუბრიკაზე ვმუშაობ და არც ერთი რესპონდენტისგან მსგავსი რამ არ მომისმენია.

- ამ კონკრეტულ სიტუაციაში ვაკეთებ საქმეს ჩემი მომავლისთვის, ჩემი პროფესიისთვის, რომელსაც თქვენთვის მოცემული ინტერვიუ ჰქვია, აქედან გამომდინარე, მინდა კარგი რესპონდენტი ვიყო.

- ვიბნევი...

- ...იშვიათად. შეიძლება დავიბნე კომპლიმენტზე, გააჩნია ვინ გეუბნება ამ კომპლიმენტს, ის ზოგჯერ გულწრფელია, ზოგჯერ იმიტომ ამბობენ, რომ რაღაცის გამო სჭირდებათ.

- სიყვარული ეს...

- ...არის ღმერთთან კონტაქტი. როდესაც გიყვარს, ღმერთი შენშია და როდესაც უყვარხარ, ღმერთი ორივეშია. როგორც ხატს ვკოცნი, ისე ვკოცნი ჩემს შვილებს. ნოდარ დუმბაძე ამბობს: ღმერთიაო სიყვარული და დიდ ნოდარს ვეთანხმები.

- პირველად რომ შემიყვარდა...

- ...ეს იყო გადატრიალება ჩემს ცხოვრებაში. ისეთ ასაკში ვიყავი, შემეძლო, სიყვარულში ღმერთი ამომეცნო. საკუთარი თავის მიმართ ყველაზე მომთხოვნი ვარ. "მეკუთვნის თუ არა"? - ეს არის შეკითხვა, რომელიც საკუთარი თავისთვის ყველაზე ხშირად დამისვამს.

- ყოველთვის შეუძლია კარგ ხასიათზე დამაყენოს...

- ...ადამიანის ნიჭს, პროფესიონალიზმს, ყველაფერს ეროვნულს, თუ ის სუფთა და უმანკოა, ცრემლამდე მივყავარ. ასე დამემართა ალექსანდრე ზაზარაშვილის პირველი გამოსვლა რომ მოვისმინე, მაშინ დარბაზში რომ ვყოფილიყავი, წამოვხტებოდი და დავიყვირებდი: "მე ქართველი ვარ!"

- ჩემი ყველაზე დიდი სისუსტე...

- ...და ამავე დროს ყველაზე დიდი ძალაც არის ჩემი გულწრფელობა.

- შიში მაქვს...

- ...მურტალოსი არ იყოს, აღარაფრის შიში აღარ მაქვს. ერთადერთი იმის მეშინია, ჩემმა შვილებმა რამე ისეთი ტკივილი არ განიცადონ, რასაც მე ვერ გადავიტან.

- ვიტყუები, როცა...

- ...ძალიან მჭირდება და ვიტყუები გულწრფელად. ჯერ თავად ვიჯერებ იმ ტყუილს და მერე ვამბობ, საკუთარ თავთან მართალი რომ ვიყო. აბა, ჭაღარა კაცს რომ ტყუილში დაიჭერ, მორჩენილი ამბავია.

- თავისუფლება არის...

- ...ზიანი არავის მიაყენო და იცხოვრო საკუთარი თავისთვის, ამას მხოლოდ რჩეულები ახერხებენ.

- როდესაც დაძაბული პერიოდი მაქვს...

- ...ფიქრი მშველის, ამ დროს ყველას და ყველაფერს ვერიდები.

23467270-1895088543852860-6377288154908879358-o-copy-1688974977.jpg

- დარიგება, რომელიც არასდროს დამავიწყდება...

- ...მამა რომ გარდამეცვალა, 27 წლის ვიყავი. მამას ჩემთან საუბრები უფრო ჰქონდა, ვიდრე დიდაქტიკური დარიგებები. პატარა რომ ვიყავი, მეუბნებოდა, არავის შეაგინებინოო. მოგვიანებით მივხვდი, რას გულისხმობდა: ისე უნდა მეცხოვრა, რომ საგინებელი არ ვყოფილიყავი. ასევე გამორჩეულად მახსოვს ჩემი პედაგოგის, გოგი ქავთარაძის სიტყვები. პრემიერის წინ გვითხრა: იფიქრე პარტნიორზე, ის კარგად თუ იქნება, შენ მართლა სიტყვას მოგცემს და შენი სიტყვა გაგიადვილდებაო. ჩვენს პროფესიაში მხოლოდ დარიგებებით ფონს ვერ გახვალ. ჯერ უნდა მიგეღწია გარკვეული სიმაღლისთვის და მერე მისდევნებოდი ამ სიტყვებს.

- დაბოლოს, გეტყვით...

- ...მადლობა რომ დრო, ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, ჩემი ინტერვიუს წაკითხვას დაუთმეთ. ეს არ არის თავმდაბლობის და გაპრანჭული ზვიად დოლიძის ფრაზები, ეს გულწრფელობაა. მადლობა რომ გაინტერესებთ ერთი იმაზე უბრალო ადამიანი, ვიდრე ჩანს - ზვიად დოლიძე.

თამუნა კვინიკაძე