"იმაზე მეტად მუჭუჭი ვარ, ვიდრე შეიძლება წარმოიდგინო" - გზაპრესი

"იმაზე მეტად მუჭუჭი ვარ, ვიდრე შეიძლება წარმოიდგინო"

"პედანტია. წესრიგის გამძაფრებული სიყვარული ხშირად პარტნიორთან ურთიერთობაში უშლის ხელს. იმდენად რეალისტია, ოცნების კოშკებს არასდროს აგებს, ილუზიებს შეყვარებულიც კი არ ჰყვება. ის ყოველთვის ცდილობს, ნებისმიერი ურთიერთობიდან ნახოს გამორჩენა. ამიტომ, ამ ადამიანისთვის, სასურველი მიზნის მისაღწევად, არც საკუთარი შარმისა და მომხიბვლელობის გამოყენებაა უცხო. ჩვევა აქვს, გარშემო ყველა და ყველაფერი გააკრიტიკოს", - ასე ახასიათებენ ასტროლოგები ვირთხის წელში დაბადებულ ქალწულს, ეს კი მომღერალ მარიკო ებრალიძის ზოდიაქოს ნიშანია.

- ასტროლოგიით დაინტერესებული ვარ, მჯერა პლანეტების ძალის, მაგრამ მასზე დამოკიდებული ნამდვილად არ გახლავართ. დედა უფრო ხშირად ეცნობა კვირის პროგნოზს. ზოგჯერ ვურეკავ და ვეკითხები, როგორი კვირა მაქვს? საყიდლებზე გასვლას ვგეგმავ და როგორი იქნება ეს ჩემი საფულისთვის-მეთქი? პირადი რუკა არასდროს შემიდგენია, მაგრამ რომელიმე გადაცემაში ასტროლოგთან ერთად თუ მიწვევენ, სულ ვინტერესდები და ვეკითხები რაც მაინტერესებს. ჩემი მეუღლის ნიშანი თევზებია, მე ქალწული ვარ, ერთხელ მიხეილ ცაგარელს ვკითხე, ერთმანეთს რამდენად ეწყობოდნენ ჩვენი ნიშნები. მკითხა: უკვე შეუღლებულები ხართ? უკვე გვიანია, ახლა რაღატომ ინტერესდებიო?

- ისეთივე პედანტი ხარ, როგორც ასტროლოგები ქალწულებზე ამბობენ?

- კი, ძალიან მოწესრიგებული ვარ, მინდა ყველა ნივთს თავისი ადგილი ჰქონდეს, სისუფთავეს უდიდეს ყურადღებას ვაქცევ. სადმე სასტუმროში რომ მივდივარ, ყველგან ყველაფერი გაკრიალებული მხვდება, მაგრამ თან ყოველთვის მიმაქვს მტვრის ტილო, ყოველ წუთს დამლაგებელს რომ არ ვთხოვო. ვწვალობ, მაგრამ ეს მჭირდება იმისთვის, რომ თავი კომფორტულად ვიგრძნო. ვიცოდე, ის ადგილი, სადაც ვარ, სუფთაა. სადღაც ამოვიკითხე, ადამიანები, რომლებიც არეულ სახლში, ქაოსში ცხოვრობენ, მეტად გახსნილები არიან, მეტი ფანტაზია აქვთ და მეტად შეუძლიათ იმ საქმეზე იყვნენ ორიენტირებულნი, რაზეც მუშაობენო. მე ამას ვერასდროს შევძლებ. ჩემთვის ეს არეულობა არის ხელის შემშლელი, ქაოსში მხოლოდ ფანტაზიას კი არა და ყველა უნარს ერთდროულად ვკარგავ.

- "ყველაზე მეტად დროის უყაირათოდ ხარჯვა აღიზიანებს".

- ნამდვილად ასეა. რაც უფრო ბევრი საქმე მაქვს და მთელი დღე გადარბენაზე ვარ, მაშინ უფრო ვახერხებ ყველაფრის გაკეთებას. მქონია შემთხვევა, მთელი დღე შინ წამოწოლილს გამიტარებია და დღის ბოლოს ისეთი დაღლილი ვყოფილვარ, კბილების გახეხვაც დამზარებია. უსაქმურობა ყველაზე მეტად დამღლელია. მქონია შემთხვევა, სახეზე კრემის წასმის დრო არ მქონდა, მაგრამ მაინც მომიხერხებია ფორმაში მოსვლა, საჩუქრის შერჩევა, კონცერტზე წასვლაც, მერე მეგობრის დაბადების დღეზე მისვლაც და შუალედებში კიდევ უამრავი საქმე. ამ დროს ტვინი მეტად მობილიზებულია. ქალწულებს დროის მენეჯმენტი ყველაზე კარგად გამოგვდის.

- "ხალხმრავლობაში თავს კარგად ვერ გრძნობს, რადგან ბუნებით მარტოსულია".

- სიტუაციას გააჩნია. არიან ადამიანები, ვისთან ერთად ყოფნაც მსიამოვნებს. ბავშვობიდან მორცხვი და მორიდებული ვიყავი, კომპლექსებიც მქონდა, ახლაც მაქვს გარკვეული თვისებები შემორჩენილი, ოღონდ გაფერმკრთალებული. ამ ყველაფრის დაძლევაში პროფესია დამეხმარა, სხვაგვარად გამომაწრთო, ნაჭუჭიდან ამომიყვანა. ამ საქმეში თუ ხარ და იმ ყველაფერს არ აკეთებ, რაც ამ პროფესიას სჭირდება, არაფერი გამოვა. მრცხვენია და ეს როგორ გამომივა? შევძლებ? - იყო დრო, როდესაც მსგავს შეკითხვებს საკუთარ თავს ხშირად ვუსვამდი.

- განმარტოების სურვილი ახლაც ხშირად გიჩნდება?

- ჩემთვის სანაპიროზე მზის ჩასვლა, ზღვის ტალღების ხმის მოსმენა არის საუკეთესო გართობა და განტვირთვაც. თუმცა ძალიან მიყვარს ცეკვა. კლუბური ცხოვრების მოყვარული არ ვარ,

- "ის იმდენად რეალისტია, ოცნების კოშკებს არასდროს აგებს, ილუზიებს შეყვარებულიც კი არ ჰყვება".

- რეალისტი ვარ, მაგრამ ამავე დროს ზოგჯერ მაქვს განცდა, რომ პატენტი ქალწული გახლავართ. აგვისტოში ვარ დაბადებული და მგონი ჩემში ლომის გავლენაც ძალიან დიდია. მიხეილ ცაგარელმა რომ მნახა, ვერაფრით წარმოიდგინა, რომ შეიძლებოდა ქალწული ვყოფილიყავი. ჩემი ვიზუალით, ლომის ფაფარივით თმით, გაბარიტებით და ჩემი ტემპერამენტით ქალწულს საერთოდ არ ვგავარ. ვფიქრობ, ეს იმაზეც არის დამოკიდებული, სად იზრდები, როგორ იზრდები, როგორი სოციუმია, გარემო ფაქტორები ძალიან მოქმედებს. არის შემთხვევები, როცა წყნარად ყოფნა მინდა, სიმშვიდე მჭირდება, ზოგჯერ გაგიჟებაც ვიცი.

- არასდროს გიოცნებია?

- ახლაც ვოცნებობ.

- აბა, როგორი რეალისტი ხარ?

- არ ვიცი, შეიძლება უცნაურია, მაგრამ დიალოგებით ვოცნებობ ხოლმე, - ახლა იქ წავალ, ახლა ამას გავაკეთებ და ა.შ. რეალისტი ყოფით ცხოვრებაში უფრო ვარ. რუტინულ ადგილზე რომანტიკას ვერ ვიტან. რასაც ვაკეთებ, იმის სრულყოფილად კეთება მიყვარს. რასაც ვიცი, რომ ვერ შევძლებ, იმას ხელს არ ვკიდებ. ცოტა ხნის წინ ვამბობდი, რაც ტახტზე წამოწოლილს გამომივიდა, იმ საქმეს მოვკიდე ხელი და გავაკეთე (ბუნებრივია, ჩემს პროფესიას ვგულისხმობ), რაზეც ზედმეტი ძალისხმევა და მენჯებიდან ამოხტომა დამჭირდა, იმ საქმეს თავი დავანებე.

- "ჩვევა აქვს, გარშემო ყველა და ყველაფერი გააკრიტიკოს".

- (ფიქრობს) კრიტიკა კი არ არის, უფრო მოთხოვნების წაყენებაა. შენ რამეს რომ დამავალებ, მე სათანადოდ ვერ გავაკეთებ და რომ მეტყვი, ეს ასე უნდა გაგეკეთებინაო, ეს მითითება, შენიშვნა უფროა. კრიტიკა არ მიყვარს.

- საკუთარი თავის მიმართ?

- ო! ხშირად მეუბნებიან, შენ საკუთარ თავს, შესაძლებლობებს სათანადოდ ვერ აფასებ, ვერ აღიქვამო. ჩემს თავს ბევრ მოთხოვნას ვუყენებ.

- წლების მიხედვით ვირთხის წელში ხარ დაბადებული.

- ...(მაწყვეტინებს) ასეა, ვირთხა ვარ და ოქროზე ვგიჟდები.

- ფულის შეგროვებაზეც?

- კი და სხვათა შორის, გამომდის. ზედმეტად მუჭუჭი ვარ; იმაზე მეტად, ვიდრე შეიძლება წარმოიდგინო. დედა იხსენებს, სკოლაში ერთ ლარს (მაშინ ეს სკოლისთვის დიდი ფული იყო) რომ გაგატანდი, იმ ფულიდანაც კი 20 თეთრის "მოტეხვას" ახერხებდი და გადადებდი, მერე სრულიად მოულოდნელად იტყოდი, ფული მაქვსო და 200 ლარს ამოაძვრენდიო. ამ თეთრებს ხომ ვაგროვებდი, მერე წავიღებდი და ქაღალდის ფულში ვცვლიდი. ეს არავის უსწავლებია, არავის დაურიგებია, ერთხელაც კი არ უთქვამთ, ფული უნდა შეაგროვოო, ასეთი დავიბადე, თავად მივხვდი, რომ ასე უნდა გამეკეთებინა. როცა რაღაც მაქვს გადადებული, მშვიდად ვარ. ვიცი, რამეში რომ დამჭირდეს, სანერვიულო არ მექნება. მფლანგველი არასდროს ვყოფილვარ. ფული ყოველთვის და ყველაფერში ამოსავალი წერტილი არ არის, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ძალიან საჭიროა და სწორად გამოყენება უნდა შეგვეძლოს, სულ ბედნიერებაში, სიყვარულში და სხვების გახარებაში ვხარჯავ. ახლახან მეუღლემ ტელეფონი მიყიდა, ლამის გავგიჟდი, - ტელეფონი ხომ მქონდა, კიდევ ყიდვა რა საჭირო იყო-მეთქი? ვეჩხუბე. ცოტათი გაკვირვებული კი მიყურებდა, რას ლაპარაკობს, ახალი ტელეფონი მოვუტანე და იმის ნაცვლად, მადლობა მითხრას, რას აკეთებსო, მაგრამ მე ისტერიკა მოვაწყვე. რაში მჭირდებოდა? ჩემი ტელეფონით ყველაფერს ვაკეთებ და ეს ფულის ფლანგვაა აბა, რა არის? აიფონ 37 რაში მჭირდება? არც ვიცი, მერამდენე აიფონი მიჭირავს, ასეთ რამეს მნიშვნელობას საერთოდ არ ვანიჭებ. აი, ტელეფონი რომ არ მქონოდა და ამ შემთხვევაში ეყიდა, გამიხარდებოდა.

- მიმნდობი ხარ?

- არა, მარტივად არ ვენდობი.

- ასტროლოგები ამბობენ, რომ ბოლომდე არავის არასდროს ენდობი.

- ასეა, ხანდახან ემოცია "გამივარდება" ხოლმე იმაზე, რაც არ უნდა ვთქვა ან რაც არ უნდა გავაკეთო. მიუხედავად იმისა, რომ სულ ვცდილობ, ვიცოდე, სად როგორ და რა დოზით ვილაპარაკო.

- ემოციების გამოხატვისას თავშეკავებული ხარ?

- როცა ადამიანს ვეფერები ან კომპლიმენტს ვეუბნები, ხშირად ზედმეტიც მომდის. რაც შეეხება რაღაც საკითხის ანალიზს, აზრის გამოხატვისას ვცდილობ, ისეთი რამ არ ვთქვა, რაც მერე შეიძლება ცუდად დამიბრუნდეს.

- ქალწული ლიდერი არ არის, კულისებს მიღმა საქმიანობა ურჩევნია.

- არასდროს მყვარებია ვიღაცის წინ ყოფნა. არასდროს არავის ჯინაზე არ შეიძლება იმოქმედო. ბავშვობაში გულის კუნჭულში, ცოტათი კოჭლი ფიქრები მქონია, მაგრამ არასდროს გამართლებულა. ზოგს აქვს გათვლები, სტრატეგია და უმართლებს, მე - არა. ადამიანებთან ურთიერთობებს ვერ ვთვლი. ტემპერამენტი, ჩემი ემოციურობა რაღაცებში ხელს მიშლის. ზოგჯერ ნათქვამიც მინანია, ხომ არავის ვაწყენინე-მეთქი. ყოველთვის ვცდილობ გამორჩეული არ ვიყო, თუ თავად არ დაინახავენ ჩემში გამორჩეულობას, თავად ამას არასდროს ვეცდები.

330082355-723751529476266-7212691314394180669-n-copy-1688975119.jpg

- "პერიოდულად ახლობლებმა მისი მხრიდან წამოსული ცინიზმი და აგრესიული შეტევები მოთმინებით უნდა აიტანონ".

- სარკაზმი საერთოდ არ მიყვარს, ცინიკოსი არასდროს ვყოფილვარ. მეტსაც გეტყვი, სხვის ცინიზმსაც ვერ ან გვიან ვხვდები, იმდენად მდაბიო საქციელად მიმაჩნია.

- რამდენად გაშინებს და გაფრთხობს ვალდებულებები?

- მშიშარა ვარ და ამას ყოველთვის ვაღიარებ. მქონდა შემოთავაზებები, რომელიც ჩემი შიშის გამო, ვერ გამოვიყენე. მაგალითად, ვოკალის პედაგოგობას ძალიან დიდი ხნის მანძილზე, თავს ვარიდებდი, მეშინოდა ამ პასუხისმგებლობის აღების. ამაზე ძალიან ბევრს ვფიქრობდი, რამდენჯერმე მქონდა შემოთავაზება და ყოველთვის უარი ვთქვი. ძალიან ფრთხილი ვარ.

- როგორ იქცევი მაშინ, როცა ვინმე თავისუფლებას გიზღუდავს?

- გააჩნია სიტუაციას, შეიძლება ძალიან გავბრაზდე, შეიძლება გავიცინო და ტექნიკურად ავარიდო თავი. საერთოდ მიყვარს ადამიანებისგან აზრის მოსმენა, რჩევა-დარიგებების მიღება.

- "წესრიგის გამძაფრებული სიყვარული ხშირად ხელს უშლის პარტნიორთან ურთიერთობაში".

- მადლობა ღმერთს, ჩემი მეუღლეც ძალიან "წესრიგა" ადამიანია. ასეთი რომ არ იყოს, ჩემთან ერთად ცხოვრება ნამდვილად გაუჭირდებოდა და მეც გამიჭირდებოდა, სულ კონფლიქტი გვექნებოდა. პირველად ეგვიპტეში რომ ვიყავით, სასტუმროში მტვრის ტილოთი ხელში რომ დამინახა, გაკვირვებულმა შემომხედა (იცინის). ორივე გადარჩენილები ვართ. თავადაც არაერთხელ უთქვამს, სხვაგვარ ადამიანთან ალბათ, ვერც ვიცხოვრებდიო.

თამუნა კვინიკაძე