ლიკა ყაზბეგის "შემთხვევითი" პროფესია და სილამაზის საიდუმლო - გზაპრესი

ლიკა ყაზბეგის "შემთხვევითი" პროფესია და სილამაზის საიდუმლო

სამოდელო სააგენტოს ხელმძღვანელი, წარმატებული და მიმზიდველი ლიკა ყაზბეგი, თავის ცხოვრებასა და საყვარელ საქმეზე გულახდილად გვესაუბრა.

- ჟურნალისტიკის ფაკულტეტი მაქვს დამთავრებული და თავდაპირველად ტელევიზიაში ვმუშაობდი: "იბერვიზიაში" გადიოდა საკმაოდ პოპულარული გადაცემა "მონიტორი", რომელიც ჩემს თაობას კარგად ახსოვს. იქ ზაზა შენგელიამ ბევრი რამ გვასწავლა. ეს იყო საინფორმაციო გადაცემა, რომელსაც 18-19 წლის გოგო-ბიჭები ვქმნიდით: ჩემთან ერთად მუშაობდნენ გიორგი თარგამაძე, ეკა ბერიძე და სხვა ცნობილი ადამიანები, რომლებმაც მერე თავისი სიტყვა თქვეს ჟურნალისტიკაში. აქედან სრულიად მოულოდნელად მოვხვდი სამყაროში, რომელიც მერე ასე ახლობელი და მშობლიური გახდა ჩემთვის. მანამდე არასდროს მიფიქრია, რომ ოდესმე მოდელი გავხდებოდი ან საკუთარი სამოდელო სააგენტო მექნებოდა. ბევრჯერ წამიკითხავს, ბავშვობაში როგორ მოსწონდათ მომავალ მსახიობებს ან მომღერლებს სცენაზე დგომა და "მიკროფონით" თამაში, მომავალი პროფესიისთვის თითქოს, ქვეცნობიერად ემზადებოდნენ. ჩემს შემთხვევაში მსგავსი რამ არ ყოფილა. წლების წინ, სრულიად შემთხვევით, მეგობრები შემხვდნენ, რომლებიც დიზაინერები და მოდელები იყვნენ. რეპეტიციაზე მიდიოდნენ და მეც მათ გავყევი. სულ მალე, ამ საქმემ დამაინტერესა და ერთ-ერთი მათგანი გავხდი. მოდელობას არ ვაპირებდი, მაგრამ მაინც ვაკვირდებოდი და ვსწავლობდი, ეს გამოცდილება ძალიან გამომადგა მოგვიანებით, როცა ჩვენებებზე გამოვდიოდი.

- როგორც ვიცი, ახლა ახალგაზრდებს გადასცემთ თქვენს გამოცდილებას.

- დიახ, ახალ თაობას ვასწავლი ამ პროფესიის საიდუმლოებებს. როგორც ჩანს, შემთხვევით მართლაც არაფერი ხდება. ახლა უკვე ჩემი სამოდელო სააგენტო მაქვს. 27 წელზე მეტია, რაც პედაგოგი ვარ, ბავშვებს ვამეცადინებ და ჩემი საქმე ძალიან მომწონს. ჩემთან ბევრჯერ მოუყვანიათ ლამაზი გოგონა, რომელიც უსიამოვნო, მამაკაცური ნაბიჯებით დადიოდა. საოცარი შეგრძნებაა, როცა ხედავ, რომ ეს ხარვეზები რამდენიმე თვეში აღმოიფხვრება და შენი აღსაზრდელი თითქოს სულ სხვა ადამიანად გადაიქცევა. მითია, რომ ლამაზი სიარულის სწავლას წლები სჭირდება: თუ კარგი სპეციალისტის ხელშია, მაქსიმუმ, 3 თვეშიც შეიძლება ადამიანმა ლამაზად სიარული ისწავლოს. ძალიან ნიჭიერებს ერთ თვეშიც უსწავლიათ. ალბათ, ბევრს გაუჩნდება ასეთი შეკითხვა - სიარულს რა სწავლა უნდაო? მაგრამ ეს დიდი ხელოვნებაა. ალბათ თქვენც გინახავთ ლამაზი ქალი, რომელსაც უშნო სიარულის მანერა აქვს და ამის გამო, ცუდ შთაბეჭდილებას ტოვებს, მაგრამ მის გვერდით, არაფრით გამორჩეულ ქალს მარტო სიარულის მანერის გამო თვალს აყოლებენ. ჩემთვის ბევრ მამაკაცს უთქვამს, რომ ერთ-ერთი, რასაც ქალში აფასებს, ლამაზად სიარულია. ძალიან ბევრი ცდილობს ფორმაში ჩადგეს, ივარჯიშოს, ცხვირის ოპერაცია გაიკეთოს ან სხეულის ფორმა შეიცვალოს, მაგრამ რა აზრი აქვს ამ ყველაფერს, თუ მამაკაცური ხარ და ასეთივე სიარულის მანერა გაქვს?

- ყველაზე რთული თქვენს საქმიანობაში რა არის?

- განსაკუთრებით რთულია ისეთ მოზარდებთან მუშაობა, რომლებიც მხრებში მოხრილები დადიან. ამ ასაკში მოზარდებს ხშირად უჩნდებათ კიფოზი, ოსტეოქონდროზი და სხვა სახის დაზიანება. ასეთ მოზარდებთან სერიოზული მუშაობაა საჭირო. მე ჩემი მეთოდი მაქვს, რომელიც უნიკალურია და ძალიან ვუფრთხილდები. ამ ნაკლოვანებების აღმოფხვრა აუცილებელია, რომ გოგონა მოდელად ჩამოყალიბდეს. ვცდილობ, ჩემი მოსწავლეები უფრო თავდაჯერებულები გახდნენ - ეს აუცილებელი პირობაა. რატომ? - ამ თვისების ნაკლებობის გამო შეიძლება ულამაზესი გოგო ჩრდილში მოექცეს, რადგან მას თავდაჯერება აკლია, თავს ვერ წარმოაჩენს ან ლამაზი სიარული არა აქვს და ღვთისგან ბოძებული სილამაზე წყალში ეყრება. ამიტომ, ფსიქოლოგიურ ასპექტს პოდიუმზე გამომსვლელებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

- თქვენს ოჯახში ან ახლობლებში თუ ყოფილან მოდელები და დიზაინერები?

- წეღან გითხარით, რომ შემთხვევით არაფერი ხდება. მეც ხშირად მიფიქრია, რომ ჩემი პროფესიული არჩევანი გენეტიკის დამსახურებაა: ლიზა თაბუკაშვილი გახლდათ ჩემი ბებია დედის მხრიდან, რომელიც ფაქტობრივად, დიზაინერი იყო. ის შესანიშნავად ხატავდა და ულამაზეს კოსტიუმებს ქმნიდა. მეორე ბებია, მამის მხრიდან, ისე ლამაზად დადიოდა, რომ ხალხი ქუჩაში აკვირდებოდა, მერე თავის გამოცდილებას სხვებსაც უზიარებდა. ყაზბეგში სამოდელო სააგენტოს ხომ ვერ გახსნიდა, ამიტომ, ნათესავებს და მეზობლებს ასწავლიდა მოხდენილი მანერების საიდუმლოს.

- "ყაზბეგი" თქვენი ფსევდონიმია?

- დიახ, ჩემი ნამდვილი გვარი წიკლაურია, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ეს გვარი - ყაზბეგი ჩემთვის უცხოა: ჩემი დიდი ბებია ალექსანდრე ყაზბეგის ბიძაშვილი ყოფილა - ასე რომ, ყაზბეგებთან სისხლით ნათესაობა მაკავშირებს.

- რა ასაკის ბავშვები სწავლობენ თქვენს სააგენტოში?

- მარტო ბავშვებთან კი არა, დიდებთანაც ვმუშაობ. ნებისმიერი ასაკის მოსწავლე მყოლია: ჩვენთან 40-45 წლის ქალებიც მოდიან, რომლებიც პოდიუმზე არ ფიქრობენ, მაგრამ სურთ, თავიანთი მანერები დახვეწონ და უფრო ლამაზი სიარული შეისწავლონ. ჩემთვის თითოეულ მათგანთან მუშაობა საინტერესოა, მაგრამ ბავშვების მიმართ განსაკუთრებული გრძნობა მაქვს - ისინი 5-6 წლის ასაკში მოჰყავთ მშობლებს და ჩემ თვალწინ იზრდებიან. ვხედავ, როგორ იცვლებიან, იხვეწებიან და თითოეული ძალიან ახლობელი ხდება ჩემთვის. დიდი ხანია ამ სფეროში ვარ, საკმაო გამოცდილება დამიგროვდა და მიხარია, რომ გოგონები მენდობიან, ხშირად მიყვებიან პირად პრობლემებზე და საიდუმლოებებსაც მანდობენ. ბევრ მათგანს ჩემს მხარზეც კი უტირია და რჩევა უკითხავს. ალბათ ეს ყველა მასწავლებელს გამოუცდია: წლების შემდეგ შენი აღსაზრდელების მიმართ დედობრივი გრძნობა გიჩნდება და ყველა გიყვარს... როცა ვხედავ, ჩემი ყოფილი მოსწავლე წარმატებულია ან ბედნიერი ოჯახი აქვს და ამაში ჩემი მცირე წვლილიცაა, ეს მახარებს. ძირითადად, მოდელები 15-16 წლისანი არიან, ამ ასაკში მოზარდებს ხშირად აქვთ მშობლებთან კონფლიქტი და მეგობარს ეძებენ, რომელსაც ყველაფერს მოუყვებიან და გაუზიარებენ. მე მათზე ბევრად დიდი ვარ და მეტი გამოცდილება მაქვს. ჩვენ ბევრს ვსაუბრობთ, ვცდილობ ყველას სწორი რჩევა მივცე და თუ შეცდომას უშვებენ, მეგობრულად მივუთითო.

- ყოფილა შემთხვევა, როცა მოსწავლემ არ დაგიჯერათ?

- ბავშვები ყოველთვის უპრობლემოდ, თავისუფლად მიყვებოდნენ ყველაფერზე, მხოლოდ ერთი მოსწავლე მყავდა, რომელმაც დიდი შეცდომა დაუშვა: ეს იყო ულამაზესი გოგონა, რომელმაც დამიმალა, რომ მასზე ბევრად უფროს, საეჭვო რეპუტაციის მამაკაცს მოსწონდა. საოცრად ნიჭიერი გოგონა იყო და ბევრჯერ მიფიქრია, რომ მისი მონაცემების წყალობით, პარიზის მოდის კვირეულზეც სიამოვნებით მიიღებდნენ. მასზე ათი საფეხურით დაბლა მდგომ ადამიანს გაჰყვა ცოლად და მოხდა ის, რაც ასეთ დროს ხდება ხოლმე - როცა მამაკაცი გრძნობს, რომ ცოლი ბევრი რამით აღემატება, მის შეზღუდვას და დათრგუნვას იწყებს. მიუხედავად იმისა, რომ 2 შვილი გააჩინეს, მაინც დაშორდნენ... გული მწყდება, რომ ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო, გამორჩეული მოსწავლის ბედი ასე წარიმართა: მან კარიერაც დაკარგა და ნაჩქარევად შექმნილი ოჯახიც დაენგრა. ის მართლა გამორჩეული გოგონა იყო, როგორც სულიერად, ასევე გარეგნობით და ჩემთვის რომ გაემხილა, პირდაპირ ვეტყოდი: არ შეიძლება ცხოვრების მეგზურად აირჩიო წამალდამოკიდებული, უსაქმური ადამიანი, რომელიც თავისი კომპლექსებით და ეჭვიანობით მთელ ცხოვრებას დაგიმახინჯებს... ეს ამბავი დღესაც ცუდად მახსენდება, თუმცა, ჩემს აღზრდილებს შორის წარმატებულებიც ბლომად არიან.

358159037-850850450014857-3234837991628470588-n-1688975276.jpg

- ყველაზე პოპულარული მაინც ვინ არის?

- ყველას რა ჩამოთვლის? - ბევრმა ოჯახი შექმნა და პოდიუმს ჩამოშორდა, ზოგი ისე პოპულარული აღარ არის, მაგრამ ვინც ცნობადობა დღემდე შეინარჩუნა, თიკა ფაცაცია და ანუკი არეშიძე არიან. მიხარია, რომ ჩემი მოსწავლეები მთელ მსოფლიოში არიან გაფანტული: ზოგი ამერიკიდან მწერს, ზოგი - იტალიიდან, ზოგი საფრანგეთიდან და მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან. ურთიერთობა დღემდე არ გაგვიწყვეტია. უკვე გითხარით, რომ მე მათთვის მეგობარი ვიყავი და ეს მეგობრობა დღესაც გრძელდება.

- ჟურნალისტიკა არ გენატრებათ?

- გამოგიტყდებით, რომ ზოგჯერ ჟურნალისტიკაც მენატრება და თუ დავბრუნდები, მინდა ისევ ტელევიზიაში დავბრუნდე, როგორც პროდიუსერი. შესაძლოა ბევრს გაუკვირდეს, მაგრამ როგორც ჟურნალისტი, ომშიც ვარ ნამყოფი: 90-იან წლებში, როცა ცხინვალის ომი იყო, რედაქციიდან ორი გოგონა გაგვიშვეს, რა თქმა უნდა, ჩვენივე სურვილით. ახლა ვფიქრობ, რამ წამიყვანა, მაგრამ ეტყობა მოხევურმა გენებმა თავისი გაიტანა. ჩემი დებიც მოხევეები არიან, მაგრამ ძალიან ფრთხილები და მოზომილები, მე კი ყოველთვის უზომოდ ცელქი ვიყავი, დედაჩემი "უკუღმართს" მეძახდა, რადგან ჩემი მოხევური ხასიათი პატარაობიდანვე მეტყობოდა. ცოლადაც ისეთ ადამიანს გავყევი, რომელსაც არ უნდა გავყოლოდი და მთელი ოჯახი ამის წინააღმდეგი იყო - ჩუმად გავიპარე, ოჯახში არაფერი მითქვამს. რისკის და ექსცესების გარეშე ჩემი ცხოვრება მოსაწყენია. ახლა უკვე პატარა ბავშვი აღარ ვარ და ვცდილობ, ამ ჩემს ხასიათს სწორი კალაპოტი მივცე, ამიტომ, თავგადასავლების სიყვარული მოგზაურობაში გადავიტანე. მოგზაურობა ყველაზე მეტად მიყვარს, რადგან ეს ჩემთვის ახალი განცდებისა და დაუვიწყარი შთაბეჭდილებების წყაროა.

- როგორი სტილის მამაკაცები მოგწონთ?

- ალბათ, ყველა ქალს, ასაკის მატებასთან ერთად ეცვლება გემოვნებაც და შეხედულებებიც. არც ერთ ქალს არ მოსწონს ისეთი მამაკაცები, როგორიც 17-18 წლის ასაკში მოსწონდა. მეც, ახლა უკვე ჩამოყალიბებული, თავდაჯერებული და რეალიზებული მამაკაცები მომწონს. ზრდასრულ მამაკაცს თავისი საქმე, პროფესია უნდა ჰქონდეს და კიდევ: აუცილებლად უნდა იყოს ერუდირებული, დიდსულოვანი. ამ სიტყვას 20 წლით ადრე არც ვახსენებდი, რადგან მაშინ ჩემთვის სულ სხვა თვისებები იყო პრიორიტეტული.

dsc-9559-1688975262.jpg

- დაბოლოს, ბევრი ქალისთვის მტკივნეული შეკითხვა უნდა დაგისვათ: ზედმეტ კილოგრამებს როგორ ებრძვით?

- არასდროს მიშიმშილია, მაგრამ ჩემს ოჯახში არის არსება, რომელიც მაიძულებს, სულ ფორმაში ვიყო. ეს არის ჩემი საყვარელი მეტისი - მოლი, რომელიც ქუჩიდან მყავს აყვანილი და მე კი არ ვასეირნებ, თვითონ მასეირნებს. მისი წყალობით ძალიან ბევრს დავდივარ და სულ ფორმაში ვარ, რადგან დღეში რამდენჯერმე, ნებისმიერ ამინდში მიწევს მისი სასეირნოდ გაყვანა. საერთოდ, ძალიან ზარმაცი ვარ, არ ვვარჯიშობ და ვერანაირ რეჟიმს ვერ ვიცავ, მაგრამ მოლი სხვა გზას არ მიტოვებს. მეორე მიზეზი იმისა, რომ წონას ვინარჩუნებ, ჩემი პროფესიაა: ჩვენ გვაქვს ძალიან საინტერესო - სიმაღლეში ზრდის პროგრამა, რომელიც 12 წლის წინ, ჩვენი მოდელებისთვის ჩამოვიტანეთ. ეს პროგრამა არაერთმა ცნობილმა მოდელმა გაიარა, რომელიც თინეიჯერულ ასაკში ჩვენთან დადიოდა. სიმაღლეში ზრდის დაჩქარება მხოლოდ მოზარდობის ასაკში შეიძლება, როცა ძვლები ჯერ კიდევ არ არის ჩამოყალიბებული. მე ამ პროგრამის ინსტრუქტორი ვარ, რაც სერიოზულ ფიზიკურ დატვირთვას მოითხოვს. ასე რომ, ორიგინალური არ ვიქნები თუ ვიტყვი: ფორმის შენარჩუნებისთვის ყველაზე კარგი საშუალება ფიზიკური აქტივობა და მოძრაობაა.

ხათუნა ჩიგოგიძე