"არ მიყვარს, როცა სპექტაკლში ჩემი მეუღლის გარეშე ვარ" - გზაპრესი

"არ მიყვარს, როცა სპექტაკლში ჩემი მეუღლის გარეშე ვარ"

ბავშვობიდან დღემდე, შთაბეჭდილებების სია მრავალთან ერთად, ემოციურად მრავალფეროვანია. თითოეული მოვლენა მეხსიერებაში ილექება და დროთა განმავლობაში რაღაცას ვივიწყებთ, რაღაც კი სამუდამოდ აგრძელებს ჩვენთან ერთად არსებობას. ახმეტელის თეატრის მსახიობ თამარ ბეჟუაშვილს ცხოვრების სხვადასხვა ეტაპიდან, ამ კუთხით გამორჩეული ეპიზოდების გასახსენებლად იმ შენობაში ვესტუმრე, სადაც სახლის შემდეგ ყველაზე მეტ დროს ატარებს.

- ქალბატონო თამარ, ბავშვობიდან დავიწყოთ. გაიხსენეთ ყველაზე დასამახსოვრებელი შთაბეჭდილება, რომელიც დღემდე მძაფრად მოგყვებათ...

- მშვიდი და წყნარი ბავშვი არასდროს ვყოფილვარ. შესაბამისად, ჩემი ბავშვობაც ბევრი თავგადასავლით იყო სავსე. ერთ-ერთი გამორჩეული მოგონება ასეთია: საბავშვო ბაღში ფილარმონიასთან მიმიყვანეს. არ მიყვარდა რძის ნაწარმი. ისეთი ჯიუტი ვიყავი, კატეგორიულად არ ვჭამდი. პირველსავე დღეს შემოიტანეს ფაფა, რომლის ზედაპირზე კარაქის ნაჭერი ტივტივებდა. ფაფა და კარაქი ჩემთვის სატანჯველი იყო და მასწავლებელს ვუთხარი, რომ არ შევჭამდი. ამის გამო მან "კარგად მომცხო". რა თქმა უნდა, ვიტირე და ვიღნავლე, მერე ჩემი წილი ფაფა სხვა ბავშვებს გავუნაწილე და მომხდარი გულში ჩავიდე. ვიჯექი და ვფიქრობდი, როგორ გადამეხადა სამაგიერო მასწავლებლისა და საბავშვო ბაღისთვის. მერე ავდექი, ავიღე პატარა ჩანთა, სადაც ბებიას გამოტანებული ჩემი გამოსაცვლელი ტანსაცმელი იდო, კარი გავაღე და ქუჩაში გავედი. ახვლედიანისა და კოსტავას ქუჩების შუაში ვცხოვრობ. გადავედი ერთ გადასასვლელზე, ვერის ბაღთან - მეორეზე და შინ მივედი. კარი ბებიამ გამიღო. რომ დამინახა, გაგიჟდა, ხელი მომკიდა და ისევ ბაღში დამაბრუნა, სადაც ჩემი გაუჩინარების ამბავი ჯერ არ იცოდნენ. ბებიამ იქ ერთი ამბავი ატეხა, ატყდა წივილ-კივილი... დღემდე ნათლად მახსოვს ის გადასასვლელი და გზა, რომელიც 4 წლისამ გავიარე. რა თქმა უნდა, ამ ამბავს ისე არ ჩაუვლია: როცა გავიზარდე, მერე გავიგე, რომ ის მასწავლებელი მოხსნეს. ჩვენი ოჯახის ახლო მეგობარი გახლდათ არაჩვეულებრივი ადამიანი და პოეტი ანზორ აბულაშვილი, რომელმაც ჩემი ბაღიდან გამოქცევის ამბავი რომ შეიტყო, არაჩვეულებრივი ლექსი დამიწერა. "თამუნია" ასე იწყებოდა: "ერთ ცისთვალა გოგოს ვიცნობ,/ ჯერ მე გეტყვით, მერე თქვენ თქვით/ - ის გოგონა როგორია,/ იმ გოგონას თამუნიას ეძახიან შინ და გარეთ,/ ჰოდა, ერთ დღეს თამუნია დილით ბაღში წაიყვანეს..." და ამას მოჰყვებოდა მთელი ის ისტორია, რომელიც გიამბეთ. დიდი ლექსი იყო, რომელიც მოგვიანებით ჟურნალ "დილაში" დაიბეჭდა. ხომ წარმოგიდგენიათ, თავი როგორი პოპულარული მეგონა, სულ იღლიაში ამოჩრილი ჟურნალით დავდიოდი... ამის შემდეგ არც ერთ ბაღში არ მიღებდნენ. ბოლოს, როგორც იქნა, ერთგან მომაწყვეს, სადაც იცოდნენ, რომ ფაფა და კარაქი არ უნდა მეჭამა და არც მაკარებდნენ.

- საკმაოდ მეამბოხე ხასიათი გქონიათ, ბავშვობაში ასეთი თამამი ნაბიჯის გადადგმა იოლი არ არის.

- დიახ, ასეთი ვიყავი. ბავშვობაში რაც მინდოდა, აუცილებლად უნდა გამეკეთებინა და ამაზე მუდმივი ბრძოლა იყო: "თამრიკო, ეს არ შეიძლება", "ეს არ გააკეთო", "არა, თამრიკო"...

- სკოლის პერიოდიდან ასევე მძაფრად რა გახსოვთ?

- მეორე კლასში მეორე ცვლაში ვსწავლობდი, როცა ერთ საღამოს სკოლაში მამამ მომაკითხა და თამრიკო არ დახვდა!.. ატყდა ერთი ამბავი, დამიწყეს ძებნა. ამ დროს მე სად ვიყავი?.. იმ საბავშვო ბაღში, რომელშიც მოგვიანებით მიმიღეს, მასწავლებელი საღამოობით დაირაზე უკრავდა და მე ვცეკვავდი. სკოლიდან გამოვედი და ბაღში საცეკვაოდ მივედი. მასწავლებელი მოვატყუე, მომიყვანეს-მეთქი. ცეკვის თემაზე შინ ხშირად ვლაპარაკობდი და როგორც ჩანს, მამაჩემს აზრად მოუვიდა, რომ შეიძლებოდა ბაღში ვყოფილიყავი. არ დამავიწყდება ის მომენტი, როცა მიდის დიმპიტაური, დაირა უკრავს, მე მაგიდის გარშემო ვცეკვავ და ამ ტაშ-ფანდურში გართული, ვიხედები და შეშლილი სახეებით მდგარ მამაჩემსა და სკოლის დირექტორს ვხედავ (იცინის)... უფროს კლასებში კი ჩემი თავნებობა უკვე იმაში გამოიხატებოდა, რომ ყურები გავიხვრიტე, რაც მაშინ არ შეიძლებოდა და სკოლის სასწავლო ნაწილის გამგე სულ ყურებზე მქაჩავდა, რომ საყურე მომეხსნა. ბაფთას არ ვიკეთებდი, სკოლის ფორმის ჩაცმაზეც სულ ჩხუბი გვქონდა. ბოლოს იმაზე შევთანხმდით - ოღონდ წინსაფარი მომერგო და შემეძლო, ისეთი შავი მაისური და ქვედაბოლო ჩამეცვა, როგორიც მინდოდა. მოკლედ, ბავშვობიდან ასეთი მეამბოხე ვიყავი. ბებიაჩემი მეუბნებოდა, ღმერთმა დაგიფაროს, ისეთი შვილები გყავდეს, როგორიც შენ ხარ. ასე რომ მოხდეს, მერე მიხვდები, ჩვენ რა დღეში ვართო. მაგრამ - არა, ჩემი შვილები არ არიან ასეთები, პირიქით, საპირისპირო ხასიათი აქვთ.

- რომელიმე ფილმის გავლენა ან სპექტაკლისგან მიღებული შთაბეჭდილება თუ იყო ის, რამაც მსახიობობა გადაგაწყვეტინათ?

- არა. ისეთ ოჯახში გავიზარდე, რომ პროფესიის არჩევისას რომელიმე კონკრეტული ფილმი და სპექტაკლი გადამწყვეტი ვერ იქნებოდა. მამა ვოკალის ცნობილი პედაგოგია, ბებია ნიჭიერთა ათწლედში მუშაობდა, ბაბუა მსახიობი მყავდა, ბიძა მომღერალი, შესაბამისად, ბავშვობიდან ვიცოდი, რომ მსახიობი უნდა გავმხდარიყავი და სხვა პროფესია არც განიხილებოდა. თეატრალურში რომ ჩავაბარე, ლილი იოსელიანის ჯგუფში მოვხვდი. მაშინ მივხვდი, თუ რა რთული ყოფილა არჩეული გზა. მიუხედავად იმისა, რომ პირველ კურსზე უკვე დიდი არტისტი გგონია თავი, ნელ-ნელა მიწაზე ეშვები.

- როდის ჩაცხრა ის სიამაყის განცდა, რომლითაც თითქმის ყველა თეატრალურში აბარებს და მაშინ თავი მსოფლიოში ნომერი პირველი მსახიობი ჰგონია?

- დიახ, სიამაყით შედიხარ და ასევე მიდიხარ თეატრში, მაგრამ მერე სურათი იცვლება. ახმეტელის თეატრში რომ მოვედი, აუფ, ვიფიქრე, მე ვარ, რაც ვარ და ახლა უკვე ჩემზე დადგა თეატრი-მეთქი (იღიმის), მაგრამ რამდენიმე წლის შემდეგ ცოტა მოვიკაკვე, ნელ-ნელა მივხვდი, რომ ეს სისულელეა.

- თუმცა წლებია, ახმეტელის თეატრის რეპერტუარის თითქმის ყველა სპექტაკლში ხართ დაკავებული...

- დიახ, ასეა, დაუკავებელი მსახიობი არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ წლები რომ გადის, ჯერ დედების როლებზე "გადადიხარ", მერე - ბებიებზე და ისეთ როლებს ვეღარ თამაშობ, როგორსაც ახალგაზრდობისას თამაშობდი. თან ბევრი რამის გადაფასება ხდება. 1989 წელს ახმეტელის თეატრში მოვედი და მას შემდეგ აქ ვარ (იღიმის). ვერ ვიტყვი, რომ პროფესიული თვალსაზრისით რამეზე გული მწყდება, რადგან წლებთან ერთად, ჩემს ცხოვრებაში სხვა ფასეულობები შემოვიდა. კი, თეატრით ვცხოვრობ, მის გარეშე ყოფნა ვერ წარმომიდგენია, მაგრამ რომ ვიხსენებ, რომ შინ 39-გრადუსიანი სიცხით ბავშვი დამიტოვებია და რეპეტიციაზე ან სპექტაკლზე წავსულვარ, ვფიქრობ - ახლა ამას არავითარ შემთხვევაში აღარ გავაკეთებ!

- ლილი იოსელიანზე ყველა მისი მოსწავლე ყოველთვის გამორჩეული სიყვარულით საუბრობს. თუ შეიძლება, მასთან დაკავშირებული თქვენთვის გამორჩეული ეპიზოდი რომ გაგვიზიაროთ.

- ლილი თავის მოსწავლეებს სულ გვეუბნებოდა, რომ ყველა ჩვენი პრობლემა შინ უნდა დაგვეტოვებინა; ყველაზე ცუდად ყოფნის დროსაც კი, სცენაზე არაფერი უნდა "შეგვემჩნია" და ა.შ. ერთხელაც, ლილის დაბადების დღეზე მე და ჩემი მეგობარი მივედით. ვთხოვეთ, ეზოში ჩავსულიყავით და ფოტო გადაგვეღო. ლილიმ იუარა, არ შემიძლიაო. გავთავხედდი და ვუთხარი, - აბა, კარგად გაიხსენეთ, თქვენ არ გვასწავლეთ, რომც კვდებოდე, ფეხზე უნდა ადგე და შეუძლებელი შეძლო; ეს რას ნიშნავს - გვატყუებდით თუ იგივე თქვენზე არ ვრცელდება-მეთქი?.. შემომხედა, ადგა, წელში გასწორდა და თქვა, - ჰმ, როგორ დაუმახსოვრებია ჩემი სიტყვები, სად გამიხსენაო!.. მერე მხრებზე შალი მოიხურა და ეზოში ფოტოს გადასაღებად წამოგვყვა.

20900956-1286790408098662-8397649595698235827-o-1688975463.jpg

- ალბათ თქვენს პროფესიაში ერთ-ერთი წარუშლელი როლი ლილი იოსელიანმა ითამაშა. კიდევ ვის დაასახელებთ, ვის გამოარჩევთ?

- აბა, რა გითხრათ?.. ასეთი ბევრი ყოფილა. მუშაობის დროს კონფლიქტური არ ვარ, ვცდილობ, რეჟისორთან საერთო ენა გამოვნახო და ასე ვთქვათ, ვუმეგობრდები. იცით, ყველას, ვისთანაც მიმუშავია და თავი კომფორტულად მიგრძნია, თავისი წილი შთაბეჭდილება მოუხდენია და წლები რომ გადის, მეხსიერებაში გრჩება. ასე მოხდა, როცა თეატრში მოსვლისას ნუკრი ქანთარიასთან ვმუშაობდი, შემდეგ იყვნენ: გოგი ქავთარაძე, დათო ანდღულაძე; ძალიან კარგი როლები გავაკეთე ახლაც - ირაკლი გოგიასთან... ასე რომ, თითოეულ პერიოდიდან მნიშვნელოვანი მოგონება დარჩა.

- სხვა თეატრებში სიარულსა და სპექტაკლებზე დასწრებას თუ ახერხებთ?

- იშვიათად. ამ ბოლო დროს, სპექტაკლებიდან გამოსვლისას, ჩემს თავს ხშირად ვეუბნები, ნუთუ ისეთი გაცივებული ვარ, რომ ჩემზე არაფერი მოქმედებს, ასეთი გულცივი რატომ გავხდი-მეთქი?!. თავიდან ამას ჩემს თავს ვაბრალებდი, მაგრამ ბევრმა მითხრა, რომ ასეთივე განცდა აქვთ და მერე მივხვდი, პრობლემა მხოლოდ ჩემში არ არის.

- "რა მინდოდა? რატომ მოვდიოდი? შინ არაფერი მიმაქვს" - მეც ხშირად მიფიქრია დარბაზიდან გამოსულს, მაგრამ ამავდროულად, იმასაც ვხვდები, რომ თეატრი მაინც მიყვარს და მინდა ვიცოდე სად რა სიახლეა.

- ზუსტად... სხვათა შორის, ოპერაში უფრო ემოციურად ვგრძნობ თავს. ჩემთვის იქ მისვლა უფრო ამაღელვებელია და დარბაზიდან გაცილებით კმაყოფილი გამოვდივარ, ვიდრე დრამატული თეატრებიდან.

- ყოველდღიურად ქუჩაში მიმავალი თუ აკვირდებით გამვლელებს, მოვლენებს და ასეთ დროს რამ შეიძლება მოახდინოს თქვენზე შთაბეჭდილება?

- შეიძლება ეს უზრდელობაა, მაგრამ ქუჩაში სიარულისას მიყვარს ფანჯრებში შეხედვა. ასეთ დროს ყოველთვის წარმოვიდგენ, ამა თუ იმ სახლისა თუ ბინის პატარა სამყაროში რა ხდება. ძველი სახლების ნახევარსარდაფებში სულ ვიჭყიტებოდი და ახლაც ვიცი ხოლმე ჩახედვა. ნანახის მიხედვით ისტორიას ვაგებ. ვფიქრობ - ვინ შეიძლება ცხოვრობდეს, ძველი მცხოვრებელია თუ ახალი გადმოსულია, რა პროფესიის შეიძლება იყოს და ა.შ. ალბათ ასეთი ინტერესი ჩემი პროფესიიდან გამომდინარეობს.

- რამდენად ემოციური ხართ? რამდენად ხშირად ტირით? და სიხარულით გამოწვეულ შთაბეჭდილებას თუ აუტირებიხართ?

- ადრე ძალიან ემოციური ვიყავი, ყველაფერზე ვტიროდი. საერთოდ, მალე ვფეთქდები და უწინ, თუ რამე არ მომწონდა, ვამბობდი, არავის ვინდობდი. ამან არაერთხელ დამაზარალა. მერე ჩემს ცხოვრებაში იმდენი რამ მოხდა და იმდენი ტკივილი ვნახე, შარშან დედა რომ გარდამეცვალა, ვერც კი ვიტირე. იმას ვერ ვიტყვი, რომ უი, დედა, რა ბებერი ვარ-მეთქი, მაგრამ ალბათ ამაში "დამნაშავე" ასაკიც არის. თითქოს კი არ "გავქვავდი", არამედ გრძნობები დამიჩლუნგდა. უმრავლეს შემთხვევაში ასეა, მაგრამ შეიძლება ფილმს ვუყურებდე, სადაც ბავშვი დედასთან მივა, აკოცებს და ტირილი ამიტყდეს... საერთოდ, დიდი სტრესისგან მე არ ვტირი, არამედ პირიქით - ცრემლი მიშრება. სტრესის მომენტში ვერაფერს შემატყობ. ჩემთვის რაც უფრო დიდია ტკივილი, მით უფრო თავს ვიკავებ, ვინახავ, რომ ჩემი განცდები არ გამოვხატო. ამის გამო დამემართა დიაბეტიც. 14 წლის წინ დიდი სტრესი მივიღე და ვიცი, ეს ყველაფერი ნერვიულობის შედეგია.

- სტრესი ოჯახს უკავშირდებოდა?

- დიახ, ჩემს მეუღლეს ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა, ძალიან ცუდად იყო და მთელი თვე საავადმყოფოში გავატარეთ. არ ვიცოდით, გადარჩებოდა თუ არა, დასჭირდა ოპერაციები და ა.შ. ძლივს გამოიყვანეს მძიმე მდგომარეობიდან. საავადმყოფოდან რომ გამოვეწერეთ, ჩემი უახლოესი მეგობარი რუსიკო ლორია ჩემ თვალწინ გარდაიცვალა. როგორც ჩანს, ეს ყველაფერი ერთად ვეღარ აიტანა ჩემმა გონებამ.

- ბოდიში, რომ ეს ამბავი გაგახსენეთ. მოდი, ახლა თქვენს მეუღლეზე - მამუკა მაზავრიშვილზე გკითხავთ. არაერთ სპექტაკლში ხართ ერთად. როგორი აღიქვამთ იმას, რომ სპექტაკლში მეუღლესთან ერთად თამაში გიწევთ?

- საერთოდ, არ მიყვარს, როცა სპექტაკლში ჩემი მეუღლის გარეშე ვარ. მაგრამ თუ ვართ, ეს არის კოშმარი (იცინის). თუ ჩემი სცენაა, ვეუბნები, - ნუ მიყურებ, გადი, იქით დაჯექი, - მაგრამ ამავდროულად, ეს ძალიან მსიამოვნებს. სანამ პრემიერა მოვა, ის ჩემზე ნერვიულობს და მე - მასზე. უკვე იმდენად ერთნი ვართ, თითქოს ერთი ორგანიზმია. 23 წელია, ერთად ვართ, დღე და ღამე, შინ და გარეთ.

ioseliani-lili-1688975450.jpg

- ნებისმიერი ეპოქიდან და ქვეყნიდან დაასახელეთ ადამიანი, რომლის დღიურის სახით გადმოცემულ შთაბეჭდილებებსაც ინტერესით გაეცნობოდით?

- მერილინ მონრო ძალიან მიყვარს, საოცარი ქალი და ტრაგიკული პიროვნება იყო. მისი დღიურების კითხვა ჩემთვის საინტერესო იქნებოდა. მის ცხოვრებაზე თითქოს ყველაფერი ცნობილია, მაგრამ სინამდვილეში არავინ იცის, მისი სულის ჭუჭრუტანაში რა ხდებოდა.

- დაბოლოს, ალბათ ბევრს აინტერესებს, გაგრძელდება თუ არა სერიალი "სიყვარულს მიღმა"?

- არ ვიცი, ვერ გეტყვით, ამის შესახებ ინფორმაცია არ მაქვს. საერთოდ, ფილმსა და სერიალში იშვიათად ვარ, ამით არ გახლავართ გათამამებული, რამდენიმე სერიაში თუ დამიძახებენ, სულ ეს არის. ჩემი საქმე თეატრია (იღიმის).

ანა კალანდაძე