"ბებიის სიტყვა ჩემთვის დღემდე კანონივითაა" - გზაპრესი

"ბებიის სიტყვა ჩემთვის დღემდე კანონივითაა"

გიორგი დიასამიძე, იგივე დიასა "პრაიმ ჰაუსის" ერთ-ერთი ფინალისტი გახლდათ, რომელმაც ხალხის განსაკუთრებული სიყვარული დაიმსახურა. მართალია, რეალითი შოუში ვერ გაიმარჯვა, მაგრამ თავს გამარჯვებულად, ხალხის რჩეულად მიიჩნევს, რადგან უამრავი ადამიანისგან გულთბილ დამოკიდებულებას გრძნობს... გადავწყვიტეთ გაგვერკვია, პროექტის დასრულების შემდეგ დიასა თავს როგორ გრძნობს, რა გეგმები აქვს და გოგონებთან დაკავშირებულ ინტრიგებში რეალურ ცხოვრებაშიც თუ აღმოჩენილა...

- პროექტში ყოფნისას, მესიჯებიდან და კომენტარებიდან ხალხის გულთბილ დამოკიდებულებას ვგრძნობდი, მაგრამ რეალურ ცხოვრებაში ამას კარგად ვერ აღვიქვამდი: კვირის განმავლობაში, პროექტიდან 1 დღით კი გვიშვებდნენ, მაგრამ ბევრს ვერაფერს ვასწრებდი... ახლა, გარეთ გამოსულს ყოველი მეორე ადამიანი, დიდი თუ პატარა მეხუტება, ავტომობილებიდან ჩემს სახელს ყვირიან... სასწაული შეგრძნებაა! უბედნიერესი ვარ, რომ ამდენ ხალხს ვუყვარვარ. ყველა მცნობს, ჩემი დანახვა ახარებთ...

- გამარჯვებასთან ძალიან ახლოს იყავით. გული არ დაგწყდათ?

- მე გამარჯვებული, ხალხის რჩეული ვარ! ამას ყოველთვის ვიტყვი... გული იმის გამო კი არ დამწყდა, რომ ვერ მოვიგე, არამედ იმიტომ, რომ ხალხს, ვინც 24/7-ზე წვალობდა, რომ ჩემთვის ხმა მოეცა, იმედი გავუცრუე, მაგრამ ჩვენ მაინც გავიმარჯვეთ!

- პროექტში ყოფნისას ბებიას, დედას ხშირად ახსენებდით. მოისიყვარულეთ ოჯახის წევრები?

- კი, აბა რა! პარასკეობით ბევრ რამეს ვერ ვასწრებდი. ახლა, როცა პროექტი დასრულდა, პირველი 2 დღე სახლიდან არ გავსულვარ. ბებია სიხარულით ჭკუაზე არ იყო!.. ყოველდღე საჭმელს მახვედრებს, - ბებო, რა გინდა, რა გესიამოვნებაო (იღიმის)?..

- დიას, რა გინდოდათ ამ პროექტისგან?

- უბრალოდ, ბავშვობიდან რეალითი შოუში ყოფნა მინდოდა. თუ გახსოვთ, წლების წინ "ჯეობარი" გადიოდა. მაშინ პატარა ვიყავი და შოუში არც ამიყვანდნენ... მერე სულ მინდოდა, რეალითი შოუში თავი გამომეცადა... დავრწმუნდი, რომ ძლიერი ვარ და თურმე, ფინალამდე მისვლა შემძლებია. ეს ყველაფერი უზომოდ ძნელია. როცა ასეთ პროექტში შედიხარ, ფსიქოლოგიურად მზად უნდა იყო.

- თუ მცირე ასაკიდან რეალითი შოუში მონაწილეობა გინდოდათ, თქვენი სტრატეგიაც გექნებოდათ შემუშავებული, არა?

- არა, არანაირი. როგორსაც შოუში მხედავდით, ცხოვრებაშიც ასეთი ვარ. პროექტში შესულს ადაპტირება გამიჭირდა. საერთოდ, ძალიან მეგობრული გახლავართ, ადაპტაციას მალე გავდივარ, ადამიანებთან კომუნიკაციაში მალე შევდივარ... არ ვიცი, ჩემში რა მოხდა, რომ "პრაიმ ჰაუსში" შესვლიდან თვე-ნახევრის განმავლობაში ძალიან "დავიკარგე" - ადაპტაცია ვერ გავიარე, რასაც ძალიან ვნანობ.

- კიდევ რა გაინტერესებდათ ბავშვობაში? როგორ გარემოში გაიზარდეთ?

- ბებია, ბაბუა, დედა და მე ვცხოვრობდით. 17 წელი დედა ემიგრანტი იყო... ბებია-ბაბუის ხელში გავიზარდე. ძალიან მძიმე ბავშვობა მქონდა. გაჭირვების პერიოდი იყო. ალბათ, ყველას უჭირდა, მაგრამ ჩვენ - განსაკუთრებულად. ამ თემაზე საუბრისას ცუდად ვხდები, რადგან ყველაფერი მახსენდება...

- როგორც ვიცი, 13 წლიდან ალკოჰოლს მიეძალეთ. ეს როგორ მოხდა, გვითხარით, თუ საჭიროდ მიიჩნევთ...

- ალბათ, ეს ყველაფერი სწორედ იმიტომ დაიწყო, რომ გვიჭირდა. თან, ვმუშაობდი... მეგონა, ალკოჰოლით ამ სტრესს დავძლევდი და ვუშველიდი, თუმცა ცუდს ვაკეთებდი - უფრო და უფრო შევყევი, ალკოჰოლზე ძალიან დამოკიდებული გავხდი. არ არსებობდა დღე, ფხიზელი ვყოფილიყავი. ამასთან ერთად, ნასვამი სულ ვმუშაობდი. ბოლოს ბაბუამ ეს სიტყვები მითხრა: როგორ მაინტერესებს, შენგან კაცი თუ დადგებაო... მაშინ ბევრ რამეზე დავფიქრდი, - რამდენ რამეს ვკარგავ-მეთქი?!. ალკოჰოლისთვის თავის დანებების შემდეგ, ჩემს ცხოვრებაში ბევრი რამ შეიცვალა... მინდა ყველას ვუთხრა: ალკოჰოლზე დამოკიდებულება საშინელებაა. ამის გამო ცხოვრებაში ბევრ დროს და ენერგიას კარგავ ადამიანი. ბედნიერი ვარ, რომ თავი დავანებე. ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა - შავ-თეთრიდან ფერადი გახდა. მეტად თავდაჯერებული ვარ, მეტ რამეს ვაკეთებ...

- პრობლემის დაძლევა დამოუკიდებლად მოახერხეთ?

- კი, დამოუკიდებლად, რადგან უკვე ვფიქრობდი - თუ რამე მომივა, დედა და ბებია მარტო დარჩებიან-მეთქი. ამ ყველაფერმა ერთად ჩემზე ძალიან იმოქმედა. მძიმე 2 კვირა გადავიტანე, მაგრამ პრობლემა დავძლიე და ბედნიერი ვარ.

- მამა თქვენ გვერდით რატომ არ იყო?

- 3 წლის ვიყავი, როცა მშობლები ერთმანეთს დაშორდნენ. მამა რუსეთში გაემგზავრა, მას მერე პირადად არ მინახავს. "სკაიპით", მობილურით გვისაუბრია... რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა. გული მწყდება, რომ პირადად ვერ ვნახე და ვერ გავიცანი, მეტი არაფერი...

- პროექტში მონაწილეობამდე რას საქმიანობდით?

- ბოლო პერიოდში ტურიზმის მენეჯმენტში ვმუშაობდი. სასტუმროებს მენეჯმენტს ვუკეთებდი, "დატრენინგებულ" "სტაფს" ვუტოვებდი... დღესდღეობით, მე და ჩემი მეგობარი გონიოში მდებარე სასტუმროს ვმართავთ.

- შესაბამისი განათლება გაქვთ მიღებული თუ?..

- არა, თვითნასწავლი ვარ. სამწუხაროდ, ჩემს ოჯახს ისე უჭირდა, რომ სწავლის გასაგრძელებლად ვერსად ჩავაბარე. სკოლაშიც მხოლოდ 9 კლასი დავამთავრე, რადგან სულ ვმუშაობდი და სწავლას ვერ ვახერხებდი... 4 ენაზე ვლაპარაკობ. დამოუკიდებლად ძალიან ბევრ რამეს მივაღწიე. თამამად შემიძლია, ვთქვა, რომ ნებისმიერ თემას, საქმეს ადვილად ვუღებ ალღოს, რადგან თურმე, ამის ნიჭი მქონია.

- წარმატებისკენ მიმავალ გზაზე თქვენი პირველი ნაბიჯების შესახებ გვიამბეთ...

- უბრალოდ, ცხოვრებაში მიზანი მქონდა და ვამბობდი: ღმერთმა 2 ხელი, ფეხი, თვალი, ყური მომცა. სხვას თუ შეუძლია, მე რატომ ვერ შევძლებ-მეთქი? მიზანს რომ დავისახავდი, არ არსებობდა, არ გამომსვლოდა - გამორიცხული იყო! ჩემთვის დიდი მოტივაცია იყო, რომ დასახული მიზნისკენ სწორი გზით მევლო. ადამიანობის ფასად, ცხოვრებაში არაფერი გიღირდეს: სხვისი უბედურებით შენი ბედნიერება არასდროს უნდა აიწყო...

- რაც შეეხება გოგონებს...

- ვაიმე!..

- პროექტში პატარ-პატარა ინციდენტები იყო, რომ თითქოს რომანტიკული ურთიერთობები გქონდათ...

- ეგ ყველაფერი დადგმული იყო... ახლა ურთიერთობაში არ ვარ. 4 წელი შეყვარებული ვიყავი. დაახლოებით 2 წელია, რაც დავშორდი. ამჟამად სერიოზული ურთიერთობა არ მაქვს. ჯერჯერობით, არც არავის ვხვდები, რადგან "პრაიმ ჰაუსიდან" გამოსული ჯერ კარგად ვერაფერს აღვიქვამ - საერთოდ, რა ხდება (იღიმის)?.. პროექტში მყოფი გოგონების თემას რაც შეეხება, ძალიან გამაბრაზეს: ისეთი რაღაცები "ამიგდეს", შოკში ვიყავი.

- ანუ პროექტის მონაწილეებთან პარალელური ურთიერთობები არ გქონიათ?

- არა, არა! გაგიჟებული ვიყავი. ამ თემაზე ნერვიულობის გამო, წონაში 15 კილო დავიკელი. როგორია, ხალხს აუხსნა და დააჯერო, რომ ისე არ იყო, როგორც ამბობდნენ?!

- რეალურ ცხოვრებაშიც განერვიულებენ გოგონები?

- არა, მაგდენს ვერ ბედავენ (იცინის).

- როგორი გოგონები მოგწონთ?

- ჭკვიანი, მხიარული. ჩემთვის მნიშვნელოვანია, ეჭვიანი არ იყოს, რადგან თავად ძალიან ეჭვიანი ვარ. ეჭვიანობის საბაბს არ მივცემ, მაგრამ არის გოგონების კატეგორია, რომელიც სარეკლამო მესიჯის მოსვლაზეც კი რეაგირებს. ასეთი ეპიზოდები მქონია. საშინელება იყო... უბრალოდ, გოგონა ეჭვიანი არ იყოს და ჩემს ხელში ბედნიერი იქნება.

- თქვენი სერიოზული ურთიერთობის დასრულების მიზეზი ეჭვიანობა იყო?

- არა. უბრალოდ, ურთიერთობა დაძმურში გადაგვივიდა... 4 წელი ძალიან ბევრია. ამ დროში დაოჯახება უნდა მოასწრო, თორემ ურთიერთობა მეგობრულ-დაძმურში გადავა...

- დღეს ისეთია თქვენი ცხოვრება, როგორზეც ოცნებობდით?

- დღეს ბებია-ბაბუების, მშობლების მიმართ თითქოს ისეთი გულთბილი დამოკიდებულება აღარ აქვთ ადამიანებს, როგორიც ჩემს ბავშვობაში ჰქონდათ. უბრალოდ, მინდოდა, ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის მეჩვენებინა, როგორი სითბოს მოცემა შეუძლიათ ბებიებს, ბაბუებს... მაყურებლებმა ეს დაინახეს. მეუბნებიან, - გიო, მეც ასე მიყვარს ბებო და ბაბუო!.. ეს დიდი ბედნიერებაა! რაღაც კარგი გავაკეთე... ბავშვებს თავი დავამახსოვრე. პატარებს პერსონაჟები ტყუილად არ უყვარდებათ, თუ რაღაც განსაკუთრებული არ დაინახეს. საბავშვო ბაღის ასაკის ბავშვი ტელევიზორში შენს დანახვაზე ეკრანს რომ კოცნის და ამბობს, - დი, დიო, რამხელა ბედნიერებაა, ხალხო!..

image00001-copy-1689579478.jpg

- ბებია-ბაბუასთან, დედასთან ყოველთვის შეხმატკბილებული ურთიერთობა გქონდათ თუ რთული პერიოდიც იყო?

- ყოველთვის! ცხოვრებაში, მათთან საუბრისას ხმისთვის არ ამიწევია. ბებიის სიტყვა ჩემთვის დღემდე კანონივითაა. მის აზრს ყოველთვის ვითვალისწინებ, რადგან მისი აღზრდილი ვარ. დიდი ძალა და სითბო აქვს ჩემს აღზრდაში "ჩადებული"... ბაბუამ მამობა გამიწია. ჩემი ბავშვობიდან ერთი ეპიზოდი განსაკუთრებულად მახსოვს: მცირე ასაკის ვიყავი. ბავშვები ეზოში ვთამაშობდით. საღამოს მამები შინ ბრუნდებოდნენ. ერთმა მეზობელმა ბავშვმა მკითხა, - მამაშენი სად არისო? უცებ პაპაჩემი დავინახე, - აი, მამაჩემი-მეთქი!.. ბაბუამ დიდი შრომა "ჩადო" ჩემს გაზრდაში...

- მოესწრო თქვენი ცხოვრების იმ ეტაპს, როცა სწორ გზაზე დადექით?

- ვერა. ზუსტად ამაზე მწყდება გული, რომ ვერ მოესწრო, მაგრამ ვგრძნობ, ამ ყველაფერს ხედავს... ცხოვრება ძალიან მოკლეა. არ ვიცით, ხვალ რა იქნება. ამიტომ ერთმანეთს პატივი ვცეთ, მშობლები, ბებია-ბაბუები გვიყვარდეს, მათ მეტი დრო დავუთმოთ... ცხოვრებაში იყავით ის, ვინც რეალურად ხართ!..

- საზაფხულო და საერთოდ, სამომავლო გეგმების შესახებ რას გვეტყვით?

- პროექტში 5 საგზური მოვიგე. ჯერ ნელ-ნელა ვხვდები, რომ უკვე გარეთ ვარ. ივლისის ბოლოს ტურებში წასვლას დავიწყებ. ძალიან მინდა, რომ ტელევიზიაში დავრჩე - ამ თემაზე მოლაპარაკება მიმდინარეობს... ასევე, ბევრი სარეკლამო, ბარტერული შემოთავაზება მაქვს. ცნობადობა ბევრ რამეში მეხმარება...

ეთო ყორღანაშვილი