მომღერლის დასრულებული კარიერა და პირველი წარმატებული ნაბიჯები სპორტში - გზაპრესი

მომღერლის დასრულებული კარიერა და პირველი წარმატებული ნაბიჯები სპორტში

41 წლის რიმა თანდილაშვილი სცენაზე განსხვავებულ ამპლუაში დაბრუნდა: თუკი წინათ სიმღერის კონკურსებში იმარჯვებდა, ახლა ჯერ თბილისის ბოდიბილდინგისა და ფიტნესის ღია ჩემპიონატზე დაიკავა მესამე ადგილი, შემდეგ საქართველოს ჩემპიონატზე... სირთულეებით სავსე, საკმაოდ მრავალფეროვანი ცხოვრების შესახებ რიმა თავად გვესაუბრება...

- შარშან, ოქტომბრის ბოლოს, თბილისის, ბოდიბილდინგისა და ფიტნესის ღია ჩემპიონატში პირველად ვმონაწილეობდი (ბიკინის კატეგორიაში). ძლიერი კონკურენცია იყო. კარგი გოგონები, გამოცდილი სპორტსმენები მონაწილეობდნენ. ვნერვიულობდი, რადგან შეჯიბრებისთვის მზადება ახალი დაწყებული მქონდა. თან, ფეხი გადამიბრუნდა და ამაზეც ვინერვიულე... მეგონა, ჩემპიონატზე ჩემი პირველი გასვლა კრახით დასრულდებოდა. როცა მესამე ადგილი დავიკავე, თითქოს სიცოცხლის ხალისი მომემატა (იცინის)... შემდეგ, მეტი მოტივაციით საქართველოს ჩემპიონატისთვის მზადება დავიწყე. რთული ცხოვრებისეული პერიოდი დამემთხვა. მეგონა, ჩემპიონატზე ვერც გავიდოდი, რადგან ძალიან დასტრესილი ვიყავი. ვარჯიშის ძალაც არ მქონდა, კვების რეჟიმსაც ვარღვევდი... მწვრთნელს არაფერს ვეუბნებოდი. წარმატების იმედი მართლა არ მქონდა. ჩემი ნომერი და გვარ-სახელი რომ გამოაცხადეს, ვერ დავიჯერე. ეს ბედნიერების პიკი იყო! სცენაზე მდგომი ცრემლებს ძლივს ვიკავებდი, რადგან თითოეულ შეჯიბრებას დიდი მნიშვნელობა აქვს: თბილისის ჩემპიონატზე რომ გადიხარ, ეს არის "ბილეთი" საქართველოს ჩემპიონატზე გასასვლელად; საქართველოს ჩემპიონატზე სამეულში რომ შედიხარ, ეს ნიშნავს, რომ 1 წლის განმავლობაში, ევროპის ნებისმიერ ქვეყანაში, ნებისმიერ კომერციულ ან ელიტარულ შეჯიბრებაში მონაწილეობა შეგიძლია, რასაც ჩემთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. ახლა მეტი მოტივაციაა, მეტად მონდომებული ვარ!.. შეჯიბრებისთვის მომზადებაში დამეხმარა საქართველოს ეროვნული ბოდიბილდინგისა და ფიტნესის ფედერაციის პრეზიდენტი - ბატონი კონსტანტინე მაცაბერიძე. ეს ადამიანი რომ არ ყოფილიყო, ჩემი პრობლემების გამო, შეჯიბრებაზე მართლა ვერ გავიდოდი...

- შეგიძლიათ გვითხრათ, რა მოხდა, რა ოჯახური პრობლემები გქონდათ?

- მამამ ინფარქტი გადაიტანა და ოპერაციის მერე რეაბილიტაცია რთულად გაიარა. კიდევ რაღაც პრობლემები იყო... ამ ყველაფერმა ჩემზე ძლიერად იმოქმედა. სტრესის გამო, ბოლოს მივხვდი, რომ ძალა აღარ მქონდა. სპორტსმენებისთვის შეჯიბრებისთვის მზადება ადვილი საქმე არ არის. სპეციალური კვება, ყოველდღე ენერგიის დახარჯვა, სიმშვიდე და ძალა გვჭირდება. ბოლო დროს უკვე გამოფიტული ვიყავი. პირად ცხოვრებაშიც პრობლემები მქონდა. ყველაფერი ერთმანეთს დაემთხვა... ჩემთვის მშობლები უპირველესია. დანარჩენი პრობლემები დიდად არ მაინტერესებდა... უფალს ვევედრებოდი - უბრალოდ, სცენაზე გამიყვანე, მერე კი როგორი შედეგიც გინდა, ისეთი იყოს-მეთქი. თან, სცენის არ მეშინია: 6-დან 22 წლამდე დიდ სცენაზე ვიდექი, სიმღერების კონკურსებში ვმონაწილეობდი. 1998 წელს, სოჭის კონკურსის ლაურეატი გავხდი. დიდ სცენაზე თავს ისე ვგრძნობ, როგორც თევზი - წყალში. სცენის გარდა არაფერი მაინტერესებდა, ამით ვსუნთქავდი და ვცხოვრობდი. მომღერლობა მსურდა. სკოლაში კარგად ვსწავლობდი, მაგრამ სულ კონცერტები მქონდა. განათლება 2 მიმართულებით მივიღე. მკაცრი მშობლები მყავდა. უნივერსიტეტებში რომ ვაბარებდი, მშობლებს ვუთხარი, - ჩავაბარებ, მაგრამ ერთი პირობით: სიმღერას თუ ამიკრძალავთ, სწავლას თავს დავანებებ-მეთქი. იცოდნენ, ამას გავაკეთებდი. ჩვენს მომღერლებთან (აჩიკო მეფარიძე, თამუნა ამონაშვილი...) ერთად, მთელი საქართველო გასტროლებით მაქვს მოვლილი... შემდეგ ისე მოხდა, რომ მამას ბიზნესი "ჩაუვარდა", მე კი "ჰაერში დავრჩი". ჩემი სპონსორები, პროდიუსერები მშობლები იყვნენ. საქართველოში შოუბიზნესი მაშინაც თითქმის არ არსებობდა. იმ დროს (2001-2002 წლებში), ჩემმა კომპოზიტორმა ჩემი მუსიკალური დისკი ალა პუგაჩოვასთან გაგზავნა. პუგაჩოვამ ძალიან დიდი თანხა მოითხოვა. - კი ბატონო, გადაიხადოს, ჩამოვიდეს და 1 დღეში ვარსკვლავად გაიღვიძებსო. სამწუხაროდ, იმ დროს თანხა არ მქონდა. რომ მქონოდა, ყველაფერს თავად გავაკეთებდი. მოკლედ, ჩემი მომღერლის კარიერა ასე დასრულდა. სიმართლე გითხრათ, მას შემდეგ თავს ვერ ვპოულობდი. ბევრ ადგილას ვმუშაობდი. ჩემი პირველი მიზანი იყო, კარგ ადგილზე მემუშავა, ბევრი ფული მეშოვა, რომ მომღერლის კარიერა გამეგრძელებინა. არტისტობა და სპორტსმენობა გენებში მაქვს... მოკლედ, ვმუშაობდი, ხელფასიც მქონდა, მაგრამ აქ შოუბიზნესი კვდებოდა. მეც ასე დავრჩი... 2014 წლიდან ვვარჯიშობ. ჩემი სხეულის ფორმებს, შესაძლებლობებს რომ ვუყურებდი, გადავწყვიტე, შეჯიბრებაში მონაწილეობა თავადაც მიმეღო. ასე ვთქვათ, 22 წლის მერე სცენაზე დავბრუნდი, ოღონდ - სხვა ამპლუაში (იცინის).

- უნივერსიტეტებში რა განათლება მიიღეთ, პროფესიით ვინ ხართ?

- სკოლის დამთავრების მერე 2 უნივერსიტეტში ჩავაბარე: ერთში - იურიდიულ ფაკულტეტზე, მეორეში - ინფორმატიკის. რაკი ორივეში მოვხვდი, იურიდიული ავირჩიე, რადგან პროკურორობა მინდოდა. სამოქალაქო სამართალი და ადვოკატობა "ჩემი" არ არის. ძალიან სამართლიანი და მკაცრი ვარ (ტექნიკურ უნივერსიტეტში პროგრამირებას "დაუსწრებელზე" ვსწავლობდი). 1 წელი დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში, სტაჟირებას გავდიოდი გამომძიებლად. უკვე შტატში უნდა ჩავესვი - ერთი ფეხი პროკურატურაში მქონდა, მამას ახლობლები ჰყავდა... მერე ქვეყანაში სიტუაცია აირია და დავრჩი ასე... ახლობლებიც აღარ იყვნენ... ჩვენთან ხომ ყველაფერი ახლობლობით ხდება, არა? "სივის" კი ვგზავნიდი, მაგრამ არავინ მირეკავდა...

- ფიტნესით დაინტერესებამდე რას საქმიანობდით? კარიერაში 2 იმედგაცრუების შემდეგ, როგორ იპოვეთ ძალა, ცხოვრება გაგეგრძელებინათ?

- ძალიან რთული იყო... ჩემთვის პირველი ცხოვრებისეული დარტყმა იყო, როცა სცენა დავკარგე... თავს ვერსად ვპოულობდი. ძირითადად, უცხოურ კომპანიებში ვმუშაობდი, რადგან ინგლისური და რუსული ენა ვიცი. მართალია, სიმღერა ვერ გავაგრძელე და ვერც გამომძიებელი ან პროკურორი გავხდი, მაგრამ იცით, რამ მიშველა? სცენაზე ყურადღების ცენტრში ყოფნას ხომ მიჩვეული ვიყავი, არა? უცხოელებთან მუშაობისას ჩემი შრომა, პიროვნება დაფასდა. თავს საჭირო ადამიანად ვგრძნობდი, ყურადღების ცენტრში ვიყავი. ეს ცოტათი დამეხმარა და ცხოვრება გავაგრძელე - სხვა გზა არ მქონდა... მერე გავთხოვდი, მაგრამ არ გამიმართლა. მეუღლესთან დაშორებაც რთულად გადავიტანე. ჩემმა დაქალმა 1 თვით თავისთან, გერმანიაში წამიყვანა, რომ ცოტათი აზრზე მოვსულიყავი... საქართველოში დაბრუნებულმა ცხოვრება თავიდან დავიწყე. მუშაობას ვაგრძელებდი... 2012 წელს სიტუაცია ისევ შეიცვალა. ტექნიკურ უნივერსიტეტში, ადმინისტრაციაში მუშაობა დავიწყე. საპასუხისმგებლო სამსახური იყო. ჩემი საქმე მიყვარდა. ახალგაზრდებთან კონტაქტი მქონდა და თავს მეც ახალგაზრდად ვგრძნობდი. სტუდენტები სწავლას რომ ასრულებდნენ, შემდეგ მესიჯებს მწერდნენ, - რიმა, როგორ ხარ? ძალიან მომწონდი. დეკანატში შენ გამო მოვდიოდიო. - შვილო, თავი დამანებე. ადრე რომ გავთხოვილიყავი, შენხელა შვილი მეყოლებოდა-მეთქი, - ვპასუხობდი (იცინის)... საერთოდ, ბავშვობიდან ჩემი მაქსიმალური წონა 92 კგ. იყო - სიმსუქნისკენ მიდრეკილება მაქვს. როცა პირველი კურსის სტუდენტი ვიყავი, დიეტოლოგის დახმარებით, წონაში დავიკელი. მეუღლესთან დაშორების შემდეგ, დიეტას თავი დავანებე და ისევ გასუქება დავიწყე. სასწორზე რომ დავდექი, 70 კილოგრამს ვიწონიდი. მივხვდი, დამოუკიდებლად წონაში კლებას ვერ ვახერხებდი და სპორტდარბაზში წავედი. სწორი კვება, მწვრთნელთან ვარჯიში დავიწყე... მას მერე ვვარჯიშობ. გავხდი, ფორმაში ჩავდექი. ვარჯიში ჩემთვის ცხოვრების სტიმული გახდა. პლუს, როცა გადაღლილი ვიყავი, სტრესთან გამკლავებაში მეხმარებოდა. ვარჯიშის გარეშე გაძლება აღარ შემეძლო. ამ საკითხს რომ ჩავუღრმავდი, გადავწყვიტე, მწვრთნელი გავმხდარიყავი. მასწავლებლობა გამომდის, რადგან 17 წლიდან დღემდე ინგლისურსა და რუსულში მოსწავლეებს ვამზადებ. თითოეულ მოსწავლესთან ინდივიდუალური მიდგომის პოვნა კარგად გამომდის. მწვრთნელობა ვისწავლე და ფედერაციის პრეზიდენტთან დღემდე ვსწავლობ. სხვებსაც ვავარჯიშებ, თავადაც ვვარჯიშობ. კარგი შედეგების შემხედვარემ გადავწყვიტე, სცენაზე გამოსვლა მეცადა. ჩემს მწვრთნელს ეშინოდა - სცენაზე პირველად ვინც გადის, "იკარგებაო". - მე და სცენის შიში?! გვირგვინი დამადგით, რადგან სცენის დედოფალი გავალ-მეთქი, ვუთხარი (იცინის)...

- სცენაზე მომღერლის ამპლუაში დაბრუნების სურვილი აღარ გაქვთ?

- სურვილი კი მაქვს, მაგრამ სამწუხაროდ, საქართველოში შოუბიზნესი არ არის, რომ თანხის გადახდა, კლიპის "გაკეთება" ღირდეს. სიმღერას სიამოვნებით გავაგრძელებდი, რადგან მართლა "ჩემია". სულ სხვა გრძნობაა, როცა სცენაზე დგახარ...

- ალბათ, თქვენთვის მაინც მღერით, მუსიკას ქმნით...

- მუსიკის შექმნა არ შემიძლია. ჩემი კომპოზიტორი ოთარ ტატიშვილი იყო, ვოკალისტი - მზია ღამბაშიძე. მუსიკა ჩემთვის იქმნებოდა, მე კი - ვმღეროდი... ახლა ჩემთვის ვმღერი, კარაოკეში ან "ტიკტოკზე", გულის ჭიას ვახარებ...

- ბევრი თაყვანისმცემელი გყავთ, არა?

- მართლა ასეა, მით უმეტეს - მას მერე, რაც ვვარჯიშობ ნებისმიერი ასაკის, სიმაღლის თაყვანისმცემელი მყავს (იცინის)...

image-6483441-1-copy-1689580802.jpg

- რა ხდება თქვენს პირად ცხოვრებაში?

- პირადი ცხოვრება მქონდა, ყველაფერი კარგად მიდიოდა, მაგრამ ძალიან ეჭვიანი იყო. თან, სპორტსმენი გახლდათ. მეგონა გამიგებდა. თავად "გახსნილი", უკომპლექსო, თავდაჯერებული და ნარცისი ვარ. "შებოჭილს", კომპლექსიანს ვერ ავიტან. ერთმანეთს ვერ გავუგეთ და დავშორდით. პირად ცხოვრებაში ძალიან მკაცრი გახლავართ. ერთმანეთი გვიყვარდა, მართლა კარგი ადამიანი იყო, მაგრამ როცა მისი სიყვარული ეგოისტურ ეჭვიანობაში გადაიზარდა, ვერ გავუძელი. წარმოიდგინეთ, მამაჩემი საავადმყოფოში ნაოპერაციები იწვა. ჩემი საყვარელი ადამიანი მთელი დღე დედაჩემთან და ჩემთან ერთად იდგა, გვამშვიდებდა, მერე კი - ღამის პირველ საათზე იმის გამო მეჩხუბებოდა, რომ საერთო ნაცნობმა სპორტსმენმა ფოტო "დამილაიქა" და მეც "დავულაიქე" - ვინ არის, რატომ "ალაიქებსო"?!. აპრილში არასწორი დიაგნოზი დამისვეს - ანალიზები აერიათ. სხვისი ანალიზის პასუხები მითხრეს და კატასტროფული დიაგნოზი დამისვეს. უკვე სიცოცხლეს ვემშვიდობებოდი... კიდევ კარგი, ამის შესახებ მშობლებს არ ვუთხარი. მეგონა, საყვარელი ადამიანი გვერდით მყავდა. აცრემლებულმა დავურეკე, - მიშველე, ვკვდები-მეთქი. იცოდა, ექიმთან მივდიოდი, მაგრამ იმის ნაცვლად, მოვეკითხე, 2 დღის წინანდელი ამბავი გაახსენდა, რაზეც ვიკამათეთ და ამის გამო მიყვიროდა. ეს უკვე ბოლო "წერტილი" იყო და დავშორდი, მაგრამ - ცუდად: უფლება არ აქვს, ჩემთან 1 კილომეტრზე ახლოს მოვიდეს... ბრძოლა ვისწავლე, რომ არავინ მაწყენინოს.

- ახლა რა გეგმები გაქვთ?

- 4 აგვისტოს დუბაიში, კომერციული შეჯიბრება ტარდება, სადაც ფულადი pრიზებია. მონაწილეობა შემომთავაზეს. შეჯიბრებაზე ჩემი გაშვება ფედერაციის პრეზიდენტსაც ძალიან უნდოდა, მაგრამ ახლა ოჯახური პრობლემები მაქვს და ფინანსურადაც "გაჭედილი" ვარ. ამიტომ უარი ვთქვი, თორემ სიამოვნებით წავიდოდი. ფედერაციის პრეზიდენტმაც გამიგო. ჩემი ამბები იცის... ახლა მოლოდინის რეჟიმში ვარ. პერსონალურ მწვრთნელობას ვაგრძელებ. თავადაც ვვარჯიშობ, რომ უფრო კარგ ფორმაში ვიყო და ველოდები როდის, სად, რა ჩატარდება, რომ სამომავლოდ შეჯიბრებაზე გავიდე...

ეთო ყორღანაშვილი