ექსკლუზივი - ლიზი ავსაჯანიშვილის წარმატებებით სავსე ცხოვრების გზა - გზაპრესი

ექსკლუზივი - ლიზი ავსაჯანიშვილის წარმატებებით სავსე ცხოვრების გზა

თბილისის ბალეტის ფესტივალი წელს ჩვენს იმ თანამემამულეებს მასპინძლობს, რომლებიც მსოფლიოს პრესტიჟულ სცენებზე დგანან... ახლახან ფესტივალს ესტუმრა ლიზი ავსაჯანიშვილი, ბერლინის სახელმწიფო ბალეტიდან. მან გალა-კონცერტში მიიღო მონაწილეობა თბილისის თეატრის წამყვან სოლისტთან - ეფე ბურაკთან ერთად პა დედეს ბალეტიდან "სილფიდა"...

ცნობისათვის, ლიზიმ ბალეტის შესწავლა თბილისის ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის ქორეოგრაფიულ სასწავლებელში ნინო ანანიაშვილის მეთვალყურეობის ქვეშ დაიწყო, შემდეგ სწავლა ვაგანოვას სახელობის რუსული ბალეტის აკადემიაში რექტორის - ნიკა ცისკარიძისა და პედაგოგ-რეპეტიტორ ლიუდმილა კოვალიოვას ხელმძღვანელობით გააგრძელა. 2020-2022 წწ. სანqტ-პეტერბურგის მარიას თეატრში ცეკვავდა, 2022 წლიდან კი ბერლინის სახელმწიფო ბალეტშია...

მიუხედავად გადატვირთული რეჟიმისა, მსოფლიო ბალეტის ვარსკვლავი ვრცელ ინტერვიუზე დავითანხმეთ...

- არ მახსოვს, ბალერინობა როდის მომინდა. მგონია, ძალიან ბატარა ასაკიდან, რადგან სულ ვახსენებდი ბალეტს... შემდეგ ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის ქორეოგრაფიულ სასწავლებელში ჩავაბარე, მერე იაპონიაში პირველი ოქროს მედალი მოვიგე და სწავლა ვაგანოვას სახელობის რუსული ბალეტის აკადემიაში განვაგრძე.

- როგორ გახსენდებათ ის პერიოდი, როდესაც ჭაბუკიანის სახელობის ქორეოგრაფიულ სასწავლებელში სწავლობდით?

- ამ სასწავლებელში ხუთი წელი გავატარე... დასაწყისი ცოტა რთული იყო, გარკვეულ მომენტებში კლასელებთან ცოტაოდენი უთანხმოება მქონდა, რატომღაც ამ პატარა ბავშვებში კონკურენცია ძალიან იგრძნობოდა. ცოტა რომ წამოვიზარდეთ, ყველას შესაძლებლობები გამოიკვეთა. შემდეგ პირადად ქალბატონ ნინოსთან მომიხდა მუშაობა.

11 წლისამ პირველი ვარიაცია ვიცეკვე. როცა ქალბატონმა ნინომ რეპეტიცია ჩემთან ერთად "აიღო", მაშინ უკვე ვიგრძენი, რომ ანანიაშვილმა შემამჩნია, ჩემში რაღაც შესაძლებლობები დაინახა. ქორეოგრაფიულ სასწავლებელში ბევრი მიდის, პატარებს პაჩკა, პუანტები ახარებთ, მაგრამ მახსოვს, ჩემი ქორეოგრაფიულის კლასელების მშობლებიც დედას ეუბნებოდნენ, ლიზა გამორჩეულიაო. ჩემი მშობლებისგან არასოდეს მიგრძნია, რომ რაიმეთი გამორჩეული ვიყავი, საქებარ სიტყვებს ახლა უფრო ხშირად მეუბნებიან.

- საქართველოში სცენაზე პირველად გასვლა, ქართველი მაყურებელი როგორ დაგამახსოვრდათ?

- ქართულ სცენაზე ძალიან პატარამ ვიცეკვე და ის ემოციები აღარ მახსოვს. რა თქმა უნდა, კარგი იქნებოდა... ქართულ სცენაზე ჩემი დაბრუნება რამდენიმე დღის წინ მოხდა. ქალბატონმა ნინომ ბალეტის ფესტივალის გალა-კონცერტში მონაწილეობის მისაღებად მომიწვია. ზრდასრულ ასაკში დავბრუნდი და შემიძლია ვთქვა, რომ ეს იყო დღე, როცა ქართულ სცენაზე ქართველი მაყურებლისთვის პირველად ვიცეკვე. ნამდვილად განსაკუთრებულია აქ ცეკვა, სულ სხვა ემოციაა, სხვა პასუხისმგებლობა.

- იაპონიაში კონკურსი ძალიან პატარამ მოიგეთ...

- დიახ, იაპონიაში გამართულ ამ კონკურსს ვაგანოვას სახელობის სასწავლებლის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მათ შორის იმყოფებოდა ნიკოლოზ ცისკარიძე, რომელიც ახლა აკადემიის რექტორია. მათ სურვილი გამოთქვეს, სწავლის გასაგრძელებლად პეტერბურგში გადავსულიყავი. თავიდან ძალიან ვტიროდი, წასვლა არ მინდოდა. ჩემი ოცნება იყო პეტერბურგის ვაგანოვას სახელობის სასწავლებელში მესწავლა, მაგრამ ჯერ მხოლოდ 15 წლის ვიყავი და შიში მქონდა, მშობლები აქ როგორ დავტოვო და იქ მარტო ვიყო-მეთქი... ბოლოს ისე მოხდა, რომ მეც და ჩემმა მშობლებმაც ეს ნაბიჯი გადავდგით. მიბიძგეს, აუცილებლად უნდა წახვიდე, თუ შენს კარიერაში უმაღლეს საფეხურზე ასვლა გსურსო. დღეს ჩემი მშობლების მადლიერი ვარ.

ამ სასწავლებელში ასიდან ერთი თუ მოხვდება, იმდენად დიდი სიმკაცრეა. ხშირად იქ მოხვედრის ათასამდე მსურველიც ჰყავთ, მაგრამ მაქსიმუმ 15 ბავშვი მიიღონ. მე დოკუმენტებიც კი არ მქონდა შეტანილი, ყველანაირი კონკურსის გარეშე მიმიღეს. მაშინ ჩემს თავს ვუთხარი, რომ არც საკუთარი თავისTvis და არც იმ ადამიანებისთვის იმედი არ უნდა გამეცრუებინა... რუსული ენა არ ვიცოდი, მაგრამ ვცდილობდი ყველაფერი გამეგო, დამენახა. ვაგანოვას სასწავლებლის ინტერნატში ოთხ რუსს გოგოსთან ერთად ვცხოვრობდი. ძალიან რთული იყო მათთან კომუნიკაცია, რადგან ინგლისური არ იცოდნენ... ახლაც მტკივნეულად მახსოვს ის მომენტი, როცა მშობლებმა დამტოვეს და ოთახში ჩემოდნების ამოსალაგებლად ავედი, ტირილი დავიწყე...

ნიკოლოზ ცისკარიძე სულ მეჩხუბებოდა, მემუქრებოდა, - თუ ისე არ გააკეთებ, როგორც საჭიროა, უკან გაგგზავნიო. ახლა ვხვდები, რომ ეს სიყვარულით იყო გამოწვეული. მოტივაციას მაძლევდა, რომ ფარ-ხმალი არ დამეყარა. ხან ხელზე, ხან ზურგზე მჩქმეტდა. მისი ყოველთვის მეშინოდა, დღეს კი არაჩვეულებრივი ურთიერთობა გვაქვს... იმ ყვირილისა და შენიშვნების ფონზე ყოველთვის სოლო პარტიებს მაძლევდა. 16 წლის ვიყავი, როცა იმ პარტიებს ვცეკვავდი, რასაც 18 წლის ბალერინები. ამბობდა, - ეს როლი ლიზiს მიეცით, ცდის და შეასრულებსო... ბალეტის გარდა, აკადემიაში სხვა საგნებს ვსწავლობდით. სხვა ენაზე საგნების სწავლა და გამოცდების ჩაბარება კიდევ ცალკე სტრესი იყო... აკადემიის დამთავრების შემდეგ მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან, მარიას თეატრში მიმიწვიეს, სადაც თითქმის სამი წელი დავყავი.

- გასტროლებზეც იმყოფებოდით?

- გასტროლები ჯერ კიდევ აკადემიაში სწავლისას გვქონდა საბერძნეთში, იაპონიასა და ინგლისში. სამწუხაროდ, მარიას თეატრიდან გასტროლები ვეღარ მოხერხდა, რადგან პანდემიის პერიოდი დაემთხვა.

- პანდემიის პერიოდი ყველაზე რთულად გადასატანი ხელოვანებისთვის იყო...

- დიახ, პანდემია რომ დაიწყო, იმ პერიოდში სასწავლებელს ვამთავრებდით... თებერვალში ძალიან დიდი კონკურსი იმართებოდა, რომლის მონაწილეც უნდა ვყოფილიყავი, სადაც აკადემიის და საქართველოს სახელით უნდა გავსულიყავი. ეს კონკურსი გადაიდო და შემდეგ ორი კვირით რომ ჩაგვკეტეს, დარბაზები არ გვქონდა, მაგრამ მაინც ვვარჯიშობდით. ამ ორ კვირას ერთი თვე მიემატა, ყველაფერი გართულდა. სწავლის ბოლო წელი იყო და ისიც არ ვიცოდით, გამოცდები გვექნებოდა თუ არა. ინტერნატში, ამ ერთ ოთახში გატარებული სამი თვე მართლაც საშინელება გახლდათ... აღმოჩნდა, რომ გამოცდები ონლაინ, "ზუმით" უნდა ჩაგვებარებინა. წარმოიდგინეთ სახასიათო ცეკვის შესრულება ოც კვადრატულ მეტრ ოთახში, "ზუმით". ეს მართლა სასწაული იყო. დუეტის შემთხვევაში, ბიჭებს სკამი უწევდა პარტნიორობას... მამაჩემს ვეუბნებოდი, აქ რომ მყავდე, გამოცდის ჩაბარებაში დამეხმარებოდი-მეთქი. მამაჩემი - ზურა ავსაჯანიშვილი მსახიობია, ხელოვნებასთან აქვს შეხება, მაგრამ ბალეტთან არანაირი. კი ვიცი, რომ ამწევს, თუმცა, პროფესიონალურად ვერაფერს შეასრულებს.

რთული პერიოდი იყო, მაგრამ როგორღაც შევძელით და გამოცდები ჩავაბარეთ. უბრალოდ, მე იმიტომ არ მეშინოდა, რომ ყოველთვის სოლო პარტიებს ვცეკვავდი და ხელმძღვანელებს, ვინც ამ კონკურსს ესწრებოდნენ, შემჩნეული ვყავდი.

თუ მარიას თეატრში ცეკვავ, მხოლოდ შენი საქმით უნდა იცხოვრო. დღეს დილადრიანად იწყებ და სახლში ძალიან გვიან ბრუნდები. რთული რეპერტუარი, ახალი პარტიების მომზადება. თეატრში ჩემთვის ყველაფერი კარგად მიდიოდა, კარიერული ზრდა მქონდა, ჩემი ტექნიკა იხვეწებოდა, ხელმძღვანელებს უკვე შემჩნეული ვყავდი... თუმცა ბალეტი ის ხელოვნებაა, სადაც მხოლოდ ერთ ადგილას ყოფნა არაფერს იძლევა, შემოქმედებითად აუცილებლად უნდა გაიზარდო.

- ევროპაში ამიტომ გადახვედით?

- ევროპაში კასტინგზე ჩავედი, რომლის წარმატებულად გავლის შემდეგ რამდენიმე წამყვანი თეატრიდან მივიღე მოწვევა. ბერლინის სახელმწიფო თეატრი ავირჩიე, რადგან იქ ის პირობები იყო, რომელიც ძალიან მაწყობდა, რათა კიდევ უფრო "გავზრდილიყავი". თეატრში კლასიკური ბალეტის გარდა, ბევრი თანამედროვე დადგმაა, მოდერნი და ა.შ. მუშაობა ბევრ ქორეოგრაფთან შეგიძლია. სრულიად შეიცვალა ჩემი მსოფლმხედველობა ჩემი კარიერის მიმართ, რადგან იმ ქორეოგრაფებთან პირადად ვიმუშავე, ვის სპექტაკლებსაც ვესწრებოდი, ონლაინ ვუყურებდი. ახლა მათთან პიროვნული, მეგობრული ურთიერთობა მაქვს. ეს მართლაც სასწაულია.

თანამედროვე დადგმების გარდა, ჩემთვის კლასიკა უმნიშვნელოვანესია. ბერლინის სახელმწიფო თეატრში, მარიას თეატრთან შედარებით, რეპერტუარში უფრო ცოტაა ის კლასიკური დადგმები, რომლებსაც ვცეკვავდი. ამიტომაც მქონდა შეგრძნება, რომ ვაიმე, ეს არ მყოფნის, დისბალანსია-მეთქი... დღემდე ვთვლი, რომ კლასიკური მოცეკვავე ვარ. კლასიკური განათლება მაქვს მსოფლიოს საუკეთესო სკოლაში მიღებული... თუმცა, როცა თეატრიდან გამოდიხარ და აანალიზებ, რომ თურმე შენს სხეულს სხვა რამეც შეუძლია, მაშინ ფიქრსაც სხვანაირად იწყებ. ძალიან შემიყვარდა მოდერნი და თანამედროვე დადგები. სხვადასხვა კუნთი მუშაობს, სხვა ემოციებია და სხვანაირად იღლები. დღეს ევროპაში თანამედროვე დადგმები ძალიან მოთხოვნადია. თუმცა კლასიკა არასოდეს იკარგება.

img-0839-copy-1689581054.jpg

- როგორი ქვეყანაა გერმანია ბალერინისთვის?

- ძალიან კარგი! ბერლინში ყველაზე დიდი საბალეტო დასია და მე დასის პირველი ქართველი მოცეკვავე ვარ. ქართველები ძირითადად, რუსეთში მიდიოდნენ და როგორც ვიცი, ნინო ანანიაშვილი იყო პირველი, ვინც ამერიკაში მოღვაწეობდა. შემდეგ წამოვიდნენ ქართველი ბალერინები, ვინც დღეს ევროპაში ცნობილები არიან... გახარებული და ბედნიერი ვარ, რომ ბერლინის სახელმწიფო თეატრში თავის წარმოჩენა შევძელი.

- რა არის ის, რაც საქართველომ მოგცათ როგორც ბალერინას და დღემდე მადლიერი ხართ?

- რთული კითხვაა... უპირველესად, ეს არის ნინო ანანიაშვილთან კარგი კონტაქტი. რომ არა ნინო, პატარა ლიზი ავსაჯანიშვილი ასე ვერ გაიზრდებოდა. ძალიან დიდი ბიძგი მომცა საიმისოდ, რომ წინ წავსულიყავი... საქართველო სულ მახსენდება, მშობლები აქ მყავს, ყველაფერი სამშობლოსთან არის დაკავშირებული; მიყვარს საქართველო, ჩვენი ხალხი და კულტურა... ძალიან სტუმართმოყვარე, ლაღი ადამიანები ვართ. მინდა ჩვენი ქვეყანა ყველას გავაცნო. ყველგან ვახსენებ, ქართველი ვარ-მეთქი... მიხარია, როცა საქართველოს წარვადგენ და კონკურსსა თუ ფესტივალზე აუცილებლად საქართველოს სახელით გავდივარ!

- როგორია თქვენი ცხოვრება სცენის მიღმა?

- იცით, არაფრის კეთებით უფრო ვიღლები. აუცილებლად რაღაცას უნდა ვაკეთებდე, დაკავებული ვიყო. ბევრი რამ მიტაცებს, მაგრამ თავისუფალ დროსაც კი, რაღაც კუთხით, ბალეტს ვუკავშირებ. სხვათა შორის, ბერლინში ფოტოგრაფიამ გამიტაცა. პოლაროიდის ტიპის კამერით რაღაცების დაფიქსირება ჩემი ჰობი გახდა. ბერლინი გამორჩეული, ჭრელი ქალაქია საზოგადოების, კულტურის მხრივ. იქ ყველანაირ ადამიანს შეხვდები.

მუსიკაც ძალიან მიტაცებს. ყოველთვის კლასიკური მუსიკა მიყვარდა, მაგრამ ახლა თანამედროვე ვარიანტებიც მომწონს - ისეთი, რომელიც ძალიან მაღალ დონეზე არის გათანამედროვებული, სადაც კლასიკა დაკარგული არ არის. ძალიან საინტერესოა ასეთი მუსიკის ფესტივალები. ასევე მიყვარს სამხატვრო გალერეებში სიარული...

- როცა ჩამოდიხართ, საქართველოს სხვადასხვა კუთხეს სტუმრობთ ხოლმე?

- ყაზბეგიდან ვარ, მოხევე და ხასიათი მართლაც მოხევის მაქვს. ვინმემ რომ ზედმეტი მითხრას, ალბათ არ დავინდობ... სხვათა შორის, ამ ხასიათმა ძალიან ბევრი რამ გამიფუჭა და გამიკეთა კიდეც...

ნამყოფი ვარ კახეთში, გურიასა და იმერეთში. როცა საქართველოში ჩამოვდივარ, ზღვაზე მივდივართ, რადგან ზღვა დედაჩემს ძალიან უყვარს. მე კი მთა მირჩევნია და ჩემი უცხოელი მეგობრები თუ მსტუმრობენ, ისინი ყაზბეგში მიმყავს. მინდა მათ საქართველოში ყველაფერი ვანახო, რადგან მართლა საოცარი ქვეყანა გვაქვს. ჩემს უცხოელ მეგობრებს აქ ჩამოსვლა უყვართ. მეც მათთან ერთად, სამშობლოს ტურისტივით ვათვალიერებ.

img-0674-polarr-copy-1689581034.jpg

- როგორია თქვენებური თავის მოვლის წესი, სილამაზის საიდუმლო და თუ მიმართავთ დიეტებს?

- მიყვარს, როცა კარგად გამოვიყურები. მგონია, რომ ასეთ დროს ყველა საქმეს გავართმევ თავს. დილით მაკიაჟი, თმა, ფრჩხილები თუ კარგად გავიკეთე, კარგ განწყობაზე ვდგები.

რაც შეეხება დიეტას, გარკვეული რამ რაციონიდან ამოვიღე. თუმცა ვერ ვიტყვი, რომ დიეტას ინტენსიურად ვიცავ. როცა დედას ვეუბნები, ოდნავ უნდა შევიფერთხო-მეთქი, აუცილებლად მეხმარება. შეიძლება ითქვას, ჩემი კვების ინსტრუქტორია. ჩემთვის ყველაზე მომგებიანია, როდესაც მის შედგენილ რაციონს მივყვები ან მის მომზადებულს მივირთმევ. წონასთან დაკავშირებით რამე განსაკუთრებული არასოდეს მჭირდება, რადგან ინტენსიურად ვვარჯიშობ. საკვებიც ხელს მიწყობს, სულ ცილებს, ხილს და ბოსტნეულს მივირთმევ. ვეგეტარiანელი ვარ, ხორცს არ ვჭამ.

- დღეს მაღალი ხელოვნება მსოფლიოში ძველებურად დაფასებულია თუ სოციალურმა ქსელებმა გადაფარა?

- სოციალურ ქსელებს უზარმაზარი ზეგავლენა აქვს და ვთვლი, რომ რაღაც კუთხით გვეხმარება კიდეც... დიახ, მაღალი ხელოვნება ცოტა არ იყოს, სოცქსელებმა გადაფარა, მაგრამ მაღალ ხელოვნებას თუ ვეძებთ, ვიპოვით კიდეც. გალერეაში მივდივარ და ნამუშევრებს, ქანდაკებებს ვათვალიერებ. ანუ თუ გვინდა, ხელოვნებაში ხელოვნება დავინახოთ, გამოგვივა კიდეც.

მანანა გაბრიჭიძე