"ერთ დროს ლაღ, თამამ ბიჭს ისეთი რაღაც გამიჩალიჩეს, შინ ჩავიკეტე" - გზაპრესი

"ერთ დროს ლაღ, თამამ ბიჭს ისეთი რაღაც გამიჩალიჩეს, შინ ჩავიკეტე"

მომღერალი კუსა ღადუა თავის დროზე პოპულარული ბიჭი იყო სამეგრელოში, კონკრეტულად კი ქალაქ ხობში. მერე ერთ-ერთ პროექტში მონაწილეობა შესთავაზეს, დათანხმდა და... ფიქრობს, რომ ეს თანხმობა მის ცხოვრებაში ყველაზე დიდი შეცდომა იყო, რადგან ამის შემდეგ ქუჩაში ყველა ეკითხებოდა: "კუსა, რა გიქნეს? ასე რატომ მოგეqცნენ? რა დაგემართაო"?.. კარგა ხანს ებრძოდა დეპრესიას, mere მეგობრების წყალობით ფეხზე მყარად დადგომა მოახერხა და წლების შემდეგ დიდ სცენაზე გასვლაც გარისკა...

- ხობში გავიზარდე. პატარაობიდან ვმღეროდი, ფესტივალებში ვმონაწილეობდი და როცა წამოვიზარდე, უკვე ჩემი მსმენელი მყავდა. მერე თავად დავიწყე კონცერტების, შემდეგ კი - სილამაზის კონკურსების მოწყობა. ჩემი სიმღერა იმ დროს რადიოშიც "ტრიალებდა"... მაგრამ ერთხელაც ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი თავდაყირა დადგა და ერთ დროს ლაღ, თამამ ბიჭს ისეთი რაღაც გამიჩალიჩეს, შინ ჩავიკეტე; სიმღერა კი არა, მეგობრებთან შეხვედრაც აღარ მინდოდა. საშინელი დეპრესია მქონდა, არაფერი მახარებდა...

- ასეთი რა მოხდა?

- 2011 წელს პროექტის - "ნიჭიერი" წარმომადგენლები გადამეკიდნენ, - გინდა თუ არა, სცენაზე უნდა გაგიყვანოთ. ნუ გეშინია, ყველაფერში მოგეხმარებით, ოღონდ დაგვთანხმდიო. იმ სიმღერის შესრულებაზე, რომელიც ძალიან მიყვარდა, უარი მითხრეს და ინგლისურენოვანი სიმღერა შემირჩიეს. ტექსტი არ ვიცოდი და თვითონ დამიწერეს ქართული ასოებით, რომ მესწავლა. ერთი სიტყვით, გვიან მივხვდი, რომ გამიჩალიჩეს და ჩემზე შოუ დადგეს. ვერაფერს ვიტყვი, ნამდვილად კარგი შოუ "გააკეთეს" სათავისოდ, ჩემთვის კი ეს ტრაგედია იყო, დიდი დარტყმა მომაყენეს და იმ დღეს სცენა როგორ დავტოვე, ისიც არ მახსოვს. ამ ადამიანების მხარდაჭერის იმედი მქონდა და წამებში ყველაფერი თავზე დამემხო. ძალიან ცუდად ვიყავი, ხობში ჩავედი და კარგა ხანს გარეთ არ გავსულვარ. რაც მანამდე მქონდა, ყველაფერი წამებში დავკარგე. საკუთარ თავსა და შესაძლებლობებში დარწმუნებულ ბიჭს მრავალწლიანი შრომა წყალში ჩამიყარეს... დეპრესია დიდხანს გამყვა, ხალხთან ურთიერთობა არ მინდოდა, მათი მრცხვენოდა...

- საინტერესოა, როგორ გიპოვეს?

- ხობში ჩამოვიდნენ და კასტინგისთვის ხალხს ეძებდნენ. თეატრში გაუწევიათ ჩემთვის რეკომენდაცია. მოვიდნენ და გამესაუბრნენ. იქვე მითხრეს, უეჭველი გადახვალ მომდევნო ტურშიო. მინდოდა მეგრული სიმღერა შემესრულებინა, მაგრამ სასტიკი უარი მივიღე. წარმოიდგინეთ, იმ წელს გოლეთიანმა გაიმარჯვა, თუ გახსოვთ, "ჰერიო, ბიჭებო" შეასრულა და მეც რომ ქართული ან მეგრული მემღერა, რა მოხდებოდა? ყველაზე მაგარი ვიყავი და გავიმარჯვებდი-მეთქი, ამას არ ვამბობ. ბოლოს და ბოლოს, იმიტომ გადავწყვიტე პროექტში მონაწილეობა, რომ დიდ სცენას შევჩვეოდი და რაღაც გამოცდილება მიმეღო. მათ კი ყველაფერი გააკეთეს საიმისოდ, რომ ჩემი გამოსვლა დასამახსოვრებელი ყოფილიყო, ოღონდ ცხადია, ცუდი კუთხით დასამახსოვრებელი...

- იმ პერიოდში ხობში ძალიან პოპულარული იყავი. უკვე აღნიშნე, რომ კონცერტებს და სილამაზის კონკურსებსაც მართავდი. საამისოდ სახსრები საიდან გქონდა?

- თუ დამიჯერებთ, როცა საქმის კეთებას ვიწყებდი, არასდროს მქონია ფული. ჩემი გამოცდილებით, ადამიანი თუ მიზანს დაისახავს და ბევრს იშრომებს, ყველაფრის მოგვარებას შეძლებს... პროექტში მონაწილეობის მცდელობის შემდეგ, რაღაც პერიოდი სტიქაროსანი ვიყავი. სამწუხაროდ, იმ პერიოდში ჩემი გამზრდელი ბებია ცუდად გახდა. ამან თითქოს გამომაფხიზლა და ეგრევე "დავიკიდე" ყველაფერი; რადგან მას მოვლა სჭირდებოდა, დეპრესიის დრო არ იყო... ბებიაზე ვგიჟდებოდი, მაფანატებდა, ის ჩემთვის ყველაფერი იყო. მასზე ზრუნვის გარდა, საერთოდ არაფერი მაინტერესებდა. წარმოიდგინეთ, ხელებში ჩამაკვდა... ჩემი ოცნებაა, ოდესმე მას შევხვდe. სულ ვგრძნობ, რომ ჩემ გვერდითაა...

- ბებიამ გამზარდაო და, მშობლებზე რას გვეტყვი?

- მამა აღარ მყავს. ის ავტორიტეტი იყო. მისი სახელი დღემდე "მომყვება". დიდ პატივს სცემდნენ. დედა მყავს, ასევე ძმა და დეიდები... წარმოიდგინეთ, სამი დეიდა და ერთი ბიძა მყავდა, ოჯახი არც ერთს არ ჰქონდა შექმნილი და ყველა ჩემზე ზრუნავდა. ერთმა დეიდამ ხომ საერთოდ, მთელი თავისი ცხოვრება შემომწირა და დღემდე ჯიგრულად მიდგას მხარში. დედა არაჩვეულებრივი ადამიანია. ის ჩემთვის საუკეთესო მეგობარი უფროა, ვიდრე მშობელი...

- მოკლედ, რაღაც პერიოდის შემდეგ დეპრესიa დაძლიე. ამაზე გვიამბე, ეს როგორ მოახერხე? თან, სცენაზე, მსმენელის წინაშე გასვლა არ იქნებოდა იოლი, იმ ცუდი გამოცდილების შემდეგ...

- კომპლექსი გამიჩნდა, მეგონა ყველა ჩემზე ლაპარაკობდა. რა დაგემართა იქ, რა გიქნესო? - მოურიდებლად მეკითხებოდნენ და ამას გავურბოდი, ამ სიტყვების მოსმენა ძალიან მტკივნეული იყო ჩემთვის... წლების შემდეგაც, ნამდვილად ძალიან ძნელი იყო მიკროფონის ხელში აღება, საოცრად ავნერვიულდი...

სულს მიფორიაქებდა სიმღერის სიყვარული, მაგრამ სცენაზე დგომას ვერასდროს გავრისკავდი, რომ არა ჩემი მეგობარი, რომელსაც ფოთში რესტორანი აქვს. შემიჩნდა და მასთან მუშაობა დავიწყე. საბედნიეროდ, ხალხს მოეწონა ჩემი შესრულება, ვიგრძენი, რომ ისევ შემიყვარეს და ეს ყველაფერი ფეხზე დადგომაში დამეხმარა. რაღაც პერიოდის შემდეგ, როცა რესტორნის სტრუქტურა შევისწავლე, ავდექი და მეც გავხსენი. დღეს ვფიქრობ, ფოთში ერთ-ერთი სერიოზული რესტორანი მაქვს. ახლახან ურეკშიც გავხსენი რესტორანი, ასევე მაღაზია. ვშრომობ და რაღაც გამომდის.

- ამასობაში ბიზნესმენი გამხდარხარ...

- კი, ასეა. იცი, ყოველთვის მინდოდა სიმღერის ჩაწერა, მაგრამ ჩემთვის ეს ძალზე ძვირი სიამოვნება იყო, ვერ ვახერხებდი. ახლა უკვე შემიძლია, თავს ამის უფლება მივცე. უკვე 8 სიმღერა მაქვს და მალე სოლო კონცერტის გამართვასაც შევძლებ. რაც მთავარია, ხალხმა მიმიღო. მოგეხსენებათ, თბილისის მერიამ ამ დღეებში კონცერტები გამართა, რომლებშიც მეც მიმიწვიეს. ამ შანსისთვის მადლობა მინდა გადავუხადო იმ ადამიანებს, რომლებიც მხარში ამომიდგნენ, რომლებსაც გავახსენდი...

- შენი სიმღერების პრემიერები უკვე რადიოშიც გავიდა. რამდენიმე ტელეარხმა მიგიწვია ეთერში სასაუბროდ და სამღერად...

- ასეა და ეს ძალიან მახარებს...

- როგორ ფიქრობ, დაცემამ ხომ არ გაგაძლიერა?

- თავისთავად. ვაღიარებ, მანამდე ვიყავი ბიჭი, რომელსაც თავში ჰქონდა ავარდნილი თავისი პოპულარობა და ეს ძალიან ცუდი იყო, ამას ვაცნობიერებ. დაცემის შემდეგ სწორად ფიქრი დავიწყე. ცხოვრებამ მაჩვენა სწორი გზა და ნელ-ნელა ყველაფერი დალაგდა. პანდემიის დროს, როცა რესტორანი დაიხურა, უსაქმოდ ყოფნა აღარ შემეძლო და ფერმერობას მოვკიდე ხელი. დათომ ამაშიც ძალიან შემიწყო ხელი, გვერდში დამიდგა... წარმოიდგინეთ, ფოთში, ბინაში ვცხოვრობდი, რომლის ეზოშიც 80 ქათამს ვზრდიდი. მერე ავდექი და ვიყიდე დიუროკის ჯიშის უზარმაზარი ღორი, რომელიც დამწყვდეული უნდა გყავდეს და ძმაკაცს, რომელსაც ზღვისპირას დაკეტილი სახლი ჰქონდა, ვთხოვე, იქნებ დროებით დამითმო, ფერმას ავაშენებ-მეთქი. უარი არ უთქვამს და სიტყვა საქმედ ვაქციე. ხის კონსტრუქციით ფერმისთვის შენობა ავაგებინე და ცოტა ხანში ძროხებიც ვიყიდე. ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ მერე ერთი მეზობელი გამომიხტა, აქ სუნი იქნება, ახლავე დატოვე აქაურობაო და ატყდა ამბავი. არადა, როგორ გამეყიდა ყველაფერი?.. როცა ბიძაშვილმა შეიტყო ჩემი გასაჭირი, შემომთავაზა: "ციცინათელასთან" დაკეტილი ფერმა მაქვს და გათხოვებო. წავედით მე და დათო, იქაურობა მოვაწესრიგეთ, ცხოველები და ფრინველები გადავიყვანეთ და იქ უკვე მართლა სერიოზულად შევუდექი საქმიანობას. მერე დეიდამ ჭალადიდში მიყიდა სახლი და ჩემი ცხოველები, ფრინველები იქ გადავიყვანე... ასე გადავიტანეთ პანდემიის პერიოდი, მერე ყველაფერი რომ ამუშავდა და სიმღერა დავიწყე, ამხელა მეურნეობას მარტო ვერ ვუძღვებოდი და ახლა ძალიან ცოტა შინაური ცხოველი თუ ფრინველი მყავს, მათ შორისაა 8 ლეკვი, რომლებზეც ვგიჟდები, ისე მიყვარს.

განებივრებულად გაზრდილი კი ვიყავი, მაგრამ პასუხისმგებლობის გრძნობა ყოველთვის მოჭარბებულად მქონდა და შემეძლო, ფერმა ისევ მქონოდა, მაგრამ სამუშაოდ წასულს მათ უპატრონოდ ან სხვის იმედად ვერ მივატოვებდი, ცხოველებსაც სჭირდებათ ზრუნვა... ახლა ისეთი რაღაცები მყავს, რისი მოვლაც დიდ ძალისხმევას არ მოითხოვს და როცა მაგალითად, თბილისში მიწევს წამოსვლა, მათ ჩემი ძმაკაცები აქცევენ ყურადღებას. აი, ასეთი მაგარი მეგობრები მყავს მე - ცხოვრებაზე ხელჩაქნეულს მოსვენება დამაკარგვინეს და ისევ დამიბრუნეს ცხოვრების ხალისი... იცი, რას მივხვდი? ზოგჯერ ადამიანებს მოსწონთ "დაცემულის" ყურება. აი, ხომ შეიძლებოდა, რაც არ ვიცოდი, ვინმეს ესწავლებინა? სწორი რჩევა მოეცა? ამის ნაცვლად, ძალიან ცუდი რამ გამიკეთეს. ჰოდა, მინდა ასეთ ადამიანებს მივმართო: ვინ მოგცათ უფლება, სხვისი შვილი დააბულინგოთ და ცხოვრება გაუმრუდოთ? ხალხო, ადამიანობა უმთავრესი რამაა და სინდისის დაკარგვა არანაირი თანხის გამო არ ღირს...

345262554-625534749472827-4019326790552918426-n-1689581228.jpg

- სიმღერებს თავადაც წერ?

- ადრე ვწერდი, მაგრამ ზემოთ ხსენებულმა ამბავმა იმ დონემდე დამაბულინგა, რომ წერის კომპლექსიც გამიჩნდა... ახლახან ისევ გამიჩნდა წერის სურვილი და დავწერე სიმღერა, რომელსაც ჩემი თაყვანისმცემლები სექტემბერში მოისმენენ და გპირდებით, ისეთი გამოვა, რომელიც აუცილებლად გაჰიტდება.

ჩემს ცხოვრებაში ბევრნაირი სასწაული მომხდარა. ახლა მჯერა, რომ ყველაზე ხელჩაქნეულ ადამიანსაც შეუძლია გამოცოცხლდეს. ცუდია, ამ ქვეყანაში ყველაფერი ფულზე რომაა დამოკიდებული. თავის დროზე ბევრ რამეში უფულობამ დამხია უკან და ახლა ზუსტად ვიცი, ყველას დავეხმარები, ვისაც ეს დასჭირდება; ყველა ნიჭიერ ადამიანს შეძლებისდაგვარად გავუმართავ ხელს.

- ცოტა რამ პირად ცხოვრებაზეც მიამბე...

- ახლა ჩემი გული თავისუფალია... ზოგადად კი, როცა შეყვარებული ვარ, არანორმალურად მიყვარს. აღარ ვარ პატარა ბიჭი და დიდი სურვილი მაქვს, აწი ის შემიყვარდეს, ვინც ჩემი ცხოვრების მეგზური გახდება...

რაც შეეხებათ თაყვანისმცემლებს: მეც ყველა მიყვარს, ვინც უსმენს და პატივს სცემს ჩემს შემოქმედებას. მეგრულმა სიმღერამ განსაკუთრებით პოპულარული გამხადა და ეს მაბედნიერებს. ხომ ამბობენ, "ცნობადობა" დამღლელიაო? სისულელეა! არ მესმის, როგორ უნდა დაგღალოს იმან, როცა შენ მიმართ სითბოსა და სიყვარულს გამოხატავენ? ნეტავ ჩემს ცხოვრებაში სულ ასე იყოს. უკვე ვიცი, ხალხს მოსწონს ჩემი ნამღერი და მეც სხვა რა მინდა, არ გავჩერდები და მწამს, ყველაფერი გამომივა. მთავარი შრომაა, ეს კი ნამდვილად არ მეზარება.

ლიკა ქაჯაია