"საზღვარგარეთ დასვენების დაგეგმვისას დანაშაულის გრძნობა მიჩნდება" - გზაპრესი

"საზღვარგარეთ დასვენების დაგეგმვისას დანაშაულის გრძნობა მიჩნდება"

მსახიობ ანა ხაჩიძეს ჯერ კიდევ აქტიური სამუშაო რეჟიმი აქვს, თუმცა პერიოდულად განტვირთვას მაინც ახერხებს. ახლახან "ახალი შაბათის შოუს" გოგონების განტვირთვის ამსახველი იუმორისტული ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა და საზოგადოება გაამხიარულა...

- ჩემთვის ზაფხული მთელი წლის განმავლობაში დახარჯული ენერგიის აღდგენასთან ასოცირდება, რადგან ფაქტობრივად, ხანგრძლივი პერიოდით, მხოლოდ ზაფხულში ვისვენებ.

- უკვე დაიწყე ენერგიის აღდგენა?

- ჯერ ვერა. გადაღებები მაქვს, კერძო სკოლაშიც ვმუშაობ... ყველა სამსახურში დასვენება ერთდროულად მიწევს. ენერგიის აღდგენას აგვისტოში დავიწყებ (იღიმის).

- ამჟამად ზაფხულის სიცხეს სად აფარებ თავს, სად განიტვირთები?

- სანამ შვებულებაში გავალ, შაბათ-კვირას ქალაქგარეთ მივდივარ ან თბილისშივე ვახერხებ დასვენებას: მეგობრებთან ერთად ხან აუზზე ვარ, ხან - ერთმანეთს ვსტუმრობთ...

- ახლახან სოციალურ ქსელში გაჩნდა ვიდეო - "ახალი შაბათის შოუს" გოგონები აუზზე როგორ ერთობით, რაც თქვენი ცნობილი "სკეტჩის" გაგრძელებასავით იყო: თითქოს შენი პერსონაჟის - მადონას მიერ გაძარცული ბანკის ფულით ჰფარავდით დასვენების ხარჯებს...

- ბოლო პერიოდში ისე დაემთხვა, რომ მათთან ერთად სადმე განსატვირთად წასვლას ვერ ვახერხებდი. მგონი, არასამუშაო გარემოში ერთად პირველად გავედით. მათთან ერთად როგორც მუშაობაა კომფორტული, ისევეა - დასვენებაც (იღიმის)... შაბათ-კვირა სურამში, სასწაულ ადგილას გავატარეთ: ტყე, სიმშვიდე... პატარა "სკეტჩი" ექსპრომტად დავდგით. თავადაც გავერთეთ და სხვებიც გავახალისეთ.

- შვებულების დროს დასვენებას სად ამჯობინებ?

- მთაც და ზღვაც თანაბრად მიყვარს. მთების გარემოცვაში, ბორჯომში ისედაც ბევრ დროს ვატარებ - იქ დავიბადე, გავიზარდე... ვცდილობ, ყოველ ზაფხულს ზღვაზე წასვლაც მოვახერხო და მთაშიც... მაგალითად, წელს მეგობრებთან ერთად სვანეთში წასვლა ძალიან მინდა, რადგან იქ ნამყოფი არ ვარ. საერთოდ, საქართველოში ბევრ ადგილას არ ვყოფილვარ. საზღვარგარეთ დასვენების დაგეგმვისას დანაშაულის გრძნობა მიჩნდება ხოლმე, - იქნებ, ჯერ ჩვენი ქვეყნის კუთხეები მენახა-მეთქი (იღიმის)?.. ამას აუცილებლად გამოვასწორებ... ბათუმი ისე მიყვარს, რომ მხოლოდ ზაფხულში კი არა, წლის ნებისმიერ დროს სიამოვნებით ვსტუმრობ, როგორც კი ამის შესაძლებლობა მაქვს. ბორჯომზე ლაპარაკიც ზედმეტია - იქ დროს დიდი სიამოვნებით ვატარებ...

- ალბათ ეკრანზე გამოჩენის შემდეგ, ბორჯომში ხალხის ყურადღებას განსაკუთრებულად იქცევ. დასვენების მხრივ, ყურადღების ცენტრში ყოფნა კომფორტულია?

- ძალიან სასიამოვნოა. არ მეგონა, თუ ასეთი სასიამოვნო იქნებოდა. ხალხისგან დადებითი მუხტი "მოდის". ზოგს ჩემთან მოსვლა ერიდება... ამ მხრივ ბავშვები უფრო თამამები არიან. მაგალითად, აუზზე ყოფნისას, გუშინ მქონდა შემთხვევა, როცა ბავშვმა შემომხედა და მაშინვე მეორე ბავშვს უთხრა, - ჩქარა, ტელეფონი მომიტანეო! თან, ნებართვას მთხოვდა - შეიძლება, თქვენთან ერთად ფოტო გადავიღოო? შეიძლება კი არა, პირიქით - მადლობელი ვარ, რომ ასეთ სიყვარულს მაგრძნობინებენ და თუნდაც, ჩემთან ერთად ფოტოს გადაღება უნდათ. როცა მეგობრებთან ერთად ვარ, ჩემთან ერთად ფოტოს გადაღების მსურველებს ჩემი მეგობრები უფრო ამჩნევენ და ეუბნებიან, - მიდით, ნუ გერიდებათ, ფოტოები გადაიღეთო... თითოეული მათგანის ღიმილი ჩემთვის პატივია. ბორჯომში ყოფნაც სასიამოვნოა, მით უმეტეს - წარმოშობით იქიდან ვარ და ჩემი დანახვა ბორჯომელებსაც სიამოვნებთ.

- უფროსების მეთვალყურეობის გარეშე, პირველად როდის და სად დაისვენე?

- ძალიან კარგად მახსოვს: აბიტურიენტი ვიყავი. ეროვნულ გამოცდებს ვაბარებდი. მშობლებმა პირველად მომცეს უფლება, ჩემს უფროს დასა და დეიდაშვილთან ერთად ზღვაზე წავსულიყავი (შეზღუდულები მანამდეც არ ვყოფილვართ, მაგრამ უსაფრთხოების მიზნით, ყოველთვის მშობლებთან ერთად ვისვენებდით), ოღონდ - ერთი პირობით: რა დროც უნდა ყოფილიყო, სატელეფონო ზარისთვის უნდა გვეპასუხა. გაგვაფრთხილეს, - ზღვაში რომ ჩახვალთ, ერთ-ერთი თქვენგანი აუცილებლად ნაპირზე დარჩეს, რომ ტელეფონთან ვინმე იყოსო (იღიმის). წინააღმდეგ შემთხვევაში, უკან დაბრუნება მოგვიწევდა... ძალიან დასამახსოვრებელი და კარგი ზაფხული იყო. ყველაფერმა მშვიდობიანად ჩაიარა...

- მშობლებთან ერთად გატარებული არდადეგებისგან რით განსხვავდებოდა? რას აკეთებდით?

- რომ არ მოგატყუოთ, განსხვავებულს - არაფერს. საერთოდ, მშობლები არაფერში გვზღუდავდნენ, არც - გართობაში, არც - გადაწყვეტილებების მიღებაში... არჩევანის თავისუფლებას გვაძლევდნენ. დღემდე გვენდობიან...

- კარგად ცურავ?

- მეგონა, კარგად ვცურავდი, რადგან ბორჯომში, ბავშვობიდან დეიდაშვილებთან და მეგობრებთან ერთად, ზაფხულობით აუზის ხშირი სტუმარი ვიყავი... მიუხედავად იმისა, რომ ბათუმი ძალიან მიყვარს, ზღვაში ცურვა არ მომწონს. გარკვეული პერიოდი აღარ ვცურავდი, - ვიღლები-მეთქი. აღმოჩნდა, რომ თურმე ცურვა საერთოდ არ მცოდნია და ზუსტად ამიტომ ვიღლებოდი. ჩემი ძალიან კარგი მწვრთნელის - სოსო მასწავლებლის დახმარებით, ახლახან სწორად ცურვა ვისწავლე - აუზზე ინტენსიურად დავდიოდი და ვვარჯიშობდი. სოსო მასწავლებელიც დამეთანხმება, რომ ახლა შედარებით უკეთ ვცურავ და ეს პროცესი სიამოვნებას მანიჭებს. ყველას ვურჩევ, შვილებს სწორად ცურვა ასწავლონ, რადგან ჩემს მშობლებსაც ეგონათ, რომ ცურვა ვიცოდი. მერე ვუთხარი, - ტყუილად გეგონათ-მეთქი... ბავშვები ცურვის რამდენიმე გაკვეთილზე მაინც მიიყვანონ, რომ მწვრთნელმა ასწავლოს. პირადად მე, ბავშვობაში ცურვა დამოუკიდებლად ვისწავლე - მეგობრებს ვუყურებდი, როგორ ცურავდნენ.

- ბევრ ქვეყანაში ხარ ნამყოფი?

- ბევრში - არა. ამ მხრივ, ჩემი და ძალიან აქტიურია. საქართველოში დასვენება არ უყვარს. ურჩევნია, საზღვარგარეთ დაისვენოს, რადგან აქ დასვენება ძალიან არაბიუჯეტურია. სიმართლე გითხრათ, თავად უცხოეთში დასვენების სურვილი არც მქონია. ზაფხული რომ იწყებოდა და საქმე საქმეზე მიდგებოდა, მაშინ ვამბობდი, - კი, საზღვარგარეთ გამგზავრება კარგი იქნებოდა-მეთქი, მაგრამ ამისთვის არც ფული მქონდა შეგროვებული... თან, ჩემი დების დასვენების დღეებს ვერასოდეს "ვემთხვეოდი": ძირითადად აგვისტოში ვისვენებ, ისინი კი შვებულებას მაშინ იღებენ, როცა უნდათ... მერე მეც გადავწყვიტე, საზღვარგარეთ მოგზაურობა დამეწყო, ამისთვის მოვმზადებულიყავი... მაგალითად, წელს ესპანეთში მივდივარ. მხოლოდ საზღვაო კურორტზე დასვენება და სულ მზის გულზე წოლა არ მიყვარს. ბათუმში დასვენების დროსაც, შეიძლება, პლაჟზე მხოლოდ რამდენჯერმე გავიდე. ქალაქები, მათი ქუჩები მიყვარს. ჩემი ინტერესის სფერო ქუჩები, ხალხი, არსებული სიტუაციის გაცნობაა. მუზეუმები და ღამის ცხოვრებაც მიყვარს.

- ჩემოდნის ჩასალაგებლად რამდენი დრო გჭირდება?

- ამ საკითხში ძალიან მარტივი ადამიანი ვარ (იცინის). ჩემოდნით წასაღებად ბევრი არაფერი მჭირდება. მაგალითად, ჩემს უფროს დას ყველაფერი გათვლილი აქვს, რომელ დღეს რა უნდა ჩაიცვას, რომელ ქუჩაზე როგორი ფოტო გადაიღოს... ყველაფერი ზუსტად იცის. მნიშვნელობა არ აქვს, საქართველო იქნება თუ სხვა ქვეყანა, ყველაფერი წინასწარ შესწავლილი აქვს. პირადად მე, ასე ვთქვათ, დინებას მივყვები. ტანსაცმელს რაც შეეხება, მაქსიმალურად კომფორტული უნდა იყოს, ასევე - ფეხსაცმელიც. იმაზე არ ვფიქრობ, ამა და ამ ქუჩაზე ფოტოს გადასაღებად როგორი "ლუქი" მინდა (იცინის). ძალიან დიდი ჩემოდანი არ მაქვს...

- ზაფხულობით შენი თმის მოვლის რუტინა იცვლება?

- ამ მხრივ ახლა ცოტათი რთული პერიოდი მაქვს. აუზზე სიარულისას, ქლორიანი წყალი მაინც თავისას შვრება - თმა ძალიან გამომიშრება ხოლმე. ამ ფაქტს განვიცდი, მაგრამ ვახერხებ, რაღაცნაირად, შემოდგომამდე თმა გადავარჩინო. ზაფხულში ყურადღებას დიდად ვერ ვაქცევ. სამაგიეროდ, თმა 1 თვის წინ შევიჭერი. ახლაც ვაპირებ, გამომშრალი ბოლოები შევიჭრა და საშუალება არ მივცე, თმის მთლიანი ღერები გააფუჭოს.

img-3259-1690134336.jpg

- საკურორტო რომანები შენთვის საინტერესოა?

- საკურორტო რომანების მოყვარული არ ვარ. ამ თემაში დიდად ძლიერიც არ გახლავართ, არც - ზაფხულში და არც სხვა პერიოდში (იცინის).

- გარდერობის სეზონური განახლება გჩვევია?

- მე და შოპინგი ერთმანეთისგან "შორს" ვართ. ძირითადად, საჭიროების გამო "ვშოპინგობ". რაც მჭირდება, ონლაინ ვყიდულობ. ჩემთვის მაღაზიებში სიარულიც ძალიან დამღლელია. მით უმეტეს, თუ ის ვერ ვიპოვე, რისი ყიდვაც მინდა, ვბრაზდები... ჩემს გარდერობში, ზაფხულობით ახალ ტანსაცმელს ვამატებ. მაქსიმალურად ფერად სამოსს ვარჩევ, რადგან მუქი ფერები დიდად არც მიყვარს... ზაფხულის დასაწყისში, დებთან ერთად, გარდერობიდან ყველაფერს გადმოვყრი ხოლმე. თუ ისეთი ტანსაცმელი გვაქვს, რომელიც 1 წლის განმავლობაში არ ჩაგვიცვამს, ეს იმას ნიშნავს, რომ მერეც აღარ ჩავიცვამთ და გასაჩუქებლად გადავდებთ, კარადებს ვათავისუფლებთ, რადგან მოგეხსენებათ, როცა გოგოები ერთად ცხოვრობენ, კარადაში უამრავი ტანსაცმელია - თავისუფალი ადგილის პრობლემაა.

- არდადეგებზე თანამგზავრს როგორ არჩევ?

- ყოველთვის ზუსტად ვარჩევ. ამ საკითხთან დაკავშირებით პრობლემა არ შემქმნია. ახლა უმცროს დასთან ერთად მოგზაურობას ვაპირებ. მასთან ერთად დასვენება კომფორტულია... აი, უფროს დასთან ერთად მოგზაურობას არ ვისურვებდი (იცინის) - ფოტოებზე, ჩაცმაზე დამოკიდებულია. მასთან ერთად მოგზაურობა ყოველდღე მილიონი ფოტოს გადაღებას უკავშირდება, მე კი უამრავი ფოტოს გადაღებას მირჩევნია, არდადეგებით ვისიამოვნო...

ეთო ყორღანაშვილი