კახა გოგიძის თავისუფლება, ზღვა, გემი და ბეღურები - გზაპრესი

კახა გოგიძის თავისუფლება, ზღვა, გემი და ბეღურები

"დაშვებულ შეცდომებზე ვისწავლე, რომ საკუთარ პრინციპებს, თავს და ოცნებას არასდროს უნდა ვუღალატო", - ამბობს მსახიობი კახა გოგიძე. რა ვერ ისწავლა დღემდე, რის გამო იღებს საყვედურებს, რა ესმის ყველაზე ხშირად საკუთარ თავზე და რას ნანობს? - ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.

- დაბადების თარიღი...…

- ...30.09.1970.

- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...

- ...არქეოლოგი. ძიების, ძებნის პროცესი, ლამაზი ნივთების, არტეფაქტების მოპოვება მიყვარს.

- ეს პროფესია რატომ არ აირჩიეთ?

- თეატრში დავიბადე და გავიზარდე, შეიძლება ითქვას, ჩემი მომავალი პროფესია თავიდანვე განსაზღვრული იყო. დაბადებიდან 1 კვირის შემდეგ, კულისებში ვიყავი. არქეოლოგიისადმი ინტერესი ადვილად დავთმე, მაშინ ვფიქრობდი, ჯერ მსახიობი გავხდები, შემდეგ - არქეოლოგიასაც შევისწავლი-მეთქი და ჩემში ამ არქეოლოგიურ წიაღსვლებს ასე მოვრჩი.

- ჩემზე ამბობენ...

- ...რთული ხასიათი აქვსო.

- ეთანხმებით?

- ვეთანხმები.

- ხასიათის სირთულეს თავად როგორ ახსნით?

- ყველას უნდა ისეთი ვიყო, როგორიც მათ უნდათ. მე ვარ ისეთი, როგორიც ვარ და ვერავის სურვილით ვერ შევიცვლები. ხომ იცით, ნათქვამია, - კაცს ისეთს, როგორიც არის, მხოლოდ სამხედრო სამსახური და მიწა იღებსო. ვერავის სურვილისამებრ ვერ გადავკეთდები. რამე თუ მეშლება, თავად ვხვდები, თუმცა შენიშვნასაც ვითვალისწინებ. ისე მოვიქცე, რომ ყველას ესიამოვნოს, გამორიცხულია, ჩემი პრინციპის საწინააღმდეგოდ ვერ წავალ.

- ცხოვრებას თავიდან რომ ვიწყებდე...

- ...ამ გამოცდილებით? 5-6 უცხო ენას ვისწავლიდი და კიდევ რამდენიმე უნივერსიტეტს დავამთავრებდი, წლებს გაცილებით ნაყოფიერად გამოვიყენებდი, უფროსებს მეტად დავუჯერებდი. მათ გავლილი აქვთ ცხოვრება და ხშირად, სასარგებლო რჩევებს გვაძლევენ.

- ჩემი პირველი წარმატება იყო...

- ...ამქვეყნად დაბადება.

- ბედნიერი ვარ, როდესაც...

- ...ვაკეთებ ჩემს საქმეს, ვდგამ სპექტაკლებს, ვთამაშობ ფილმებში. შემოქმედებით პროცესში სრულად ბედნიერი ვარ.

- ჩემი სავიზიტო ბარათია...

- ...ფრაზა - "იმედი ნუ გაქვს, დაიწყე". ადამიანებს ხშირად აქვთ ფუჭი მოლოდინი. ფიქრობენ, დღეს თუ არაფერია, არა უშავს, ხვალ იქნება ან ზეგ... "რაღაც იქნება" არ უნდა იფიქრო, შენ უნდა დაიწყო აქ და ახლა. ფუჭ იმედებს იქმნიან და არ მოქმედებენ. ეს ხშირად ხელების ჩამოშვების და სიზარმაცის გამართლებას გვაძლევს.

- ყოველთვის მაქვს სურვილი...

-...ჩემი სურვილები ყოველთვის ცვალებადია. კონკრეტული მიღწევის შემდეგ, სხვა სურვილი მიჩნდება, მაგრამ რისი სურვილიც უცვლელია, ის არის, რომ ბევრი ენა ვიცოდე. რაღაცას რომ ვსწავლობ, მერე უფრო მეტად ვხვდები, არაფერი ვიცი და სწავლის სურვილი მიჩნდება.

- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს...

- ...ინტროსპექცია, ანუ საკუთარ თავზე დაკვირვება, ანალიზი და საკუთარი სიმართლის გადამოწმება.

- თვისება, რომელიც არ მომწონს და ვცდილობ გამოვასწორო...

- ...ასეთი უფრო მეტია.

- ყველაზე მეტად რა გაწუხებთ?

- პერფექციონიზმი.

- დაშვებულ შეცდომებზე ვისწავლე...

- ...საკუთარ პრინციპებს, თავს და ოცნებას არასდროს ვუღალატო, ეს არ შეიძლება.

- მსგავსი შეცდომები დაგიშვიათ?

- რა თქმა უნდა, ეს უმეტესად ახალგაზრდობაში მომხდარა. საკუთარ ოცნებას არ უნდა უღალატო, მერე ის აღარ გაპატიებს.

- პატიება შემიძლია, თუ...

- ...ადამიანი გულწრფელად მიხვდება, რომ ჩემთან რაღაც დააშავა. თან ისე ვაპატიებ, რომ ბოდიშის მოხდისას, დისკომფორტი არ შეექმნას. ზოგჯერ ასეც ხდება: ადამიანი გაიფიქრებს, ამ შეცდომას დავუშვებ, არა უშავს, მერე მივალ და ბოდიშს მოვუხდი. ეს თუ შევამჩნიე, არავითარ შემთხვევაში აღარ ვაპატიებ. ამ საქციელს ვირეშმაკობა ჰქვია, რომლის პატიებაც არ შეიძლება. განა იმიტომ, რომ ვბოროტდები, ვიცი, ადამიანმა ერთხელ თუ დაგეგმა, მომავალში იმავეს გააკეთებს.

- ვიბნევი...

- ...არც ისე ხშირად, მაგრამ შემიძლია, ამ დროს ჩემი თავი კარგად შევნიღბო, ეს ხშირად არ ხდება.

- ვნანობ...…

- ...სკოლაში ოროსანი რომ ვიყავი (იცინის), ამას ყოველთვის ვინანებ. ადამიანებს ბევრი სანანებელი გვაქვს, ალბათ ცხოვრებაც ეს არის, მაგრამ ისეთი არაფერი უნდა ჩაიდინო და მერე ინანო, რომელმაც შეიძლება გადაგიყოლოს, თუმცა ამისგანაც დაზღვეული არავინ არის.

- ამ წუთში ძალიან მინდა...…

- ...ვიყო ბათუმში. ახლაც ბათუმში ვარ, მაგრამ მხოლოდ გავლით, მინდა 15-20 დღე დავისვენო. ბათუმი ჩემი საოცნებო ქალაქია. მინდა აქ სახლი მქონდეს. ბათუმი თავისუფლების სიმბოლოა. გემს რომ ვხედავ, მიხარია; ღუზას რომ ვხედავ, გული მისკდება. იალქანი თავისუფლებაა.

- ...წონასწორობიდან ჩემი გამოყვანა შეუძლია...…

- ...უზრდელობას, ვირეშმაკობას, უხეშობას, ფამილიარობას და ყველაზე მეტად წონასწორობას მაშინ ვკარგავ, როდესაც ადამიანი არასერიოზულად აღმიქვამს.

- თქვენი იმ წუთიერი განცდების გამოხატვის ფორმა როგორია?

- საკმაოდ უხეში, ამიტომ ყოველთვის ვცდილობ, საკუთარი თავი არ დავკარგო. როცა ვმუშაობ და ვიღაც კითხვებით მოდის, მასაც უხეშად ვიშორებ.

- მეზარება...

- ...როდესაც თავისუფალი დრო მაქვს, ამ დროს აბსოლუტურად უმაქნის და უსარგებლო ადამიანად აღვიქვამ თავს. ცოტა ხნის წინ დასვენებაზე კი გელაპარაკე, მაგრამ ეს დასვენება ახალი ენერგიის მიღების საშუალებაა. ამ დროს სამომავლო გეგმებსაც ვსახავ. მეზარება ის პერიოდი, როცა საქმე არ მაქვს.

- სიყვარული ეს...

- ...არის საკუთარი თავის სხვაში იდენტიფიცირება, როდესაც შენ უყურებ სხვას და ხედავ საკუთარ თავს. სიყვარული არის "შენ რა გინდა" და არა - "მე რა მინდა". სიყვარული უპირობოა. შენ თუ ასე იზამ, მერე მე ამას გავაკეთებ და მსგავსი შეთანხმებები სიყვარული აღარ არის, ვაჭრობაა.

- პირველად რომ შემიყვარდა...…

- ...ბაღში ვიყავი, ემოციასაც სულელურად, ბავშვურად გამოვხატავდი.

- მაკვირვებს...

- ...აინშტაინის ფრაზას გავიხსენებ: "რა კარგია გაუნათლებელი რომ ხარ, ყველაფერი იცი"; ისევ აინშტაინს დავესესხები: "ქვეყანაზე ორი რამ არის უსასრულო, ადამიანების სიბრიყვე და სამყაროს უსასრულობა, თუმცა მეორეში ცოტათი ეჭვი მეპარება". მაოცებს ადამიანების ფანატიზმი. უმეტეს შემთხვევაში, ფანატი გაუნათლებელი ადამიანია. ალბათ არის საკითხები, რომლებზეც თავადაც ბრიყვული შეხედულება მაქვს. სწორედ აქ მეხმარება საკუთარი თავის გადამოწმების უნარი, ინტროსპექცია.

- ყოველთვის შეუძლიათ კარგ ხასიათზე დამაყენონ...

- ...ბეღურებმა. ისინი ძალიან მიყვარს და რომ ვხედავ, მიხარია.

- რასთან ასოცირდება, თქვენთვის რისი სიმბოლოა?

- ეგეც თავისუფლების სიმბოლოა. ბეღურა არ ექვემდებარება გალიას, დამონებას, ეგრევე კვდება, რადგან მისთვის უცხო გარემოა. ბეღურა ერთგულების სიმბოლოც არის, თბილ ქვეყანაში არ მიფრინავს. სამყარო შეიცვლება, მაგრამ ბეღურა არასდროს. მაცხოვარი სახარებაში ამბობს, შეხედეთ ბეღურებს, როგორი სრულყოფილები არიანო.

- ვრისკავ...

- ...ჩემი ნაბიჯი სიცოცხლის რისკს თუ არ შეიცავს. საკითხი სამშობლოს თუ ეხება, სიცოცხლის რისკზეც შემიძლია წასვლა.

- ჩემი ყველაზე დიდი სისუსტე...

- ...ის არის, რომ ადამიანები მიყვარს, ოღონდ ცალ-ცალკე და შეიძლება მარტივად ისარგებლონ ჩემი ამ თვისებით, ახლა საკუთარ საიდუმლოს ვამხელ, მაგრამ... ადამიანების ყოველთვის მჯერა, მოტყუების მცდელობაც ყოფილა. ტყუილზე მეტად, სიყალბე მამწარებს, ამიტომ ვერ ვიტან ვირეშმაკობას.

- ვამაყობ...

- ...ხშირად მიწევს საზღვარგარეთ სპექტაკლების "გაკეთება", შენიშვნებს ქართულად ვწერ და უცხოელი მსახიობები ჩვენს ანბანს რომ უყურებენ, ვამაყობ ჩვენი დამწერლობით. ზოგადად სიამაყის გრძნობა არ მიყვარს, რაღაცნაირად მამშვიდებს, თითქოს უუნაროს მხდის, კმაყოფილებას იწვევს, კმაყოფილება კი ყველაზე მეტად არ მიყვარს, მაჩერებს.

- როცა საჯაროდ მაქებენ...

- ...უხერხულობის გრძნობა აჭარბებს სიხარულს. კომპლექსები მეც მაქვს, როგორც ყველას.

- შიში მაქვს...

- ...ისე არ წავიდე ამ ქვეყნიდან, სრულიად ვერ ამოვწურო ჩემი შესაძლებლობები. ფსიქოთერაპევტ აბრაჰამ მასლოუს სიტყვებია: "ადამიანი თუ არ გახდა ის, რაც შეუძლია გახდეს, ყოველთვის უბედური იქნება". მეც ეს შიში მაქვს.

- ხშირად მსაყვედურობენ...

- ...რომ მოსმენა ბოლომდე არ ვიცი. როდესაც ჩემთვის არსი ნათელია, დეტალები აღარ მჭირდება. მესამე სიტყვაზე ვხვდები, რა უნდა ადამიანს ჩემგან; 3 წუთში ვიგებ 3 დღის სალაპარაკოს. მეორე მხრიდან ჩემი საქციელი უკულტურობად აღიქმება. მართლებიც არიან, მაგრამ რა ვქნა, ჩემს თავზე ბევრჯერ ვიმუშავე და არ გამომივიდა.

- ვუფრთხილდები...

- ...ადამიანებს გული არ ვატკინო, ადამიანის დაკარგვა არ მიყვარს, კატასტროფაა.

- დღემდე ვერაფრით ვისწავლე...

- ...ჩემი უცხოელი მეგობრები ამბობენ, რომ ძალიან დიპლომატიური ვარ, მაგრამ თავად ვთვლი, რომ ვერაფრით ვისწავლე გაჩუმება უსამართლობაზე.

- ამის სწავლა საჭიროა?

- შეიძლება საჭირო იყოს, მაგრამ ადვილი არ არის.

- ვიტყუები, როცა...

- ...არ მინდა ადამიანს გული ვატკინო, ტყუილის თქმა არასდროს გამომდის.

- თავისუფლება არის...

- "...ის, რაც მშვიდობაზე მეტია", - ამ სიტყვების ავტორი რეიგანია. თავისუფლება ჩემთვის ყველაფერია. თუ თავისუფალი არ უნდა ვიყო, მირჩევნია მოვკვდე.

- დღეს თავად ისეთივე დოზით ხართ თავისუფალი, როგორსაც ისურვებდით?

- ჯერ არა. თავისუფლებას სულ გააფთრებით უნდა იცავდე. ხომ გითხარით, ადამიანის დაკარგვა არ შემიძლია-მეთქი. დასაკარგად იმ შემთხვევაში არ მენანება, თუ მისი მხრიდან თავისუფლების შეზღუდვის მცდელობაა. წაკითხული მაქვს, ღმერთს უყვარდა ჩიტები და ხეები შეუქმნა, ადამიანს უყვარს ფრინველები და მათთვის გალიები გამოიგონაო. თუ გინდა შენი ვიყო, მაშინ გამიშვი და არსად წავალ. თუ დამიჭერ, ვერასდროს მნახავ.

- ძალიან ბევრი ფული რომ მქონდეს...

- ...ცხოვრების წესს და ნირს არ შევიცვლიდი, მაგრამ ბევრ უსარგებლო ნივთს შევიძენდი. კაჭკაჭივით ვარ, დღეს ჩიბუხი ვიყიდე, არ ვეწევი, არ მჭირდება, მაგრამ მაინც ვიყიდე. ჩემს სახლში რომ შემოხვიდეთ, ისეთ ნივთებს ნახავთ, რომლებიც ალბათ არც არასდროს დამჭირდება, მაგრამ ხარისხიანი ნივთები მიყვარს.

- დღემდე ვერაფრით გავბედე...

- ...პარაშუტით გადმოხტომა, მაგრამ ზუსტად ვიცი, აუცილებლად გავბედავ. შეიძლება ჰაერში გული წამივიდეს, მაგრამ მაინც გადმოვხტები.

- ექსტრიმი გიზიდავთ?

- ადრენალინი ნაკლებად, ასეთი თავგადასავლების მერე, თავი უფრო მაგარი ტიპი მგონია, საკუთარ თავს (სხვას - არა) რაღაცას რომ ვუმტკიცებ, ეგ მომწონს.

125102791-3440008266035815-8090725666521673926-n-1690135152.jpg

- როდესაც დაძაბული პერიოდი მაქვს...

- ...უებარი წამალი მარტოობაა. ფიქრი, ანალიზი მჭირდება, გამოსავალი რომ ვიპოვო.

- დარიგება, რომელიც არასდროს დამავიწყდება...

- ...ჩემი უფროსი მეგობარი სასულიერო პირია. ერთხელ მითხრა; კახა, ნურაფრის იმედი ნუ გექნება, ღმერთი და შენო.

- ეს სიტყვები ხშირად გახსენდებათ?

- კი, განა იმიტომ, რომ ადამიანები ცუდები ვართ, ჩვენ სუსტები გახლავართ. კიდევ ერთი დარიგება მახსოვს, რომელიც მგონია, რომ შვილს ყველა მამამ უნდა უთხრას: მე ყოველთვის შემიძლია, ჩემი შვილების მაგივრად მოვკვდე, მაგრამ მათ მაგივრად ვერ ვიცხოვრებ, ამიტომ თავიანთ ცხოვრებას და სიცოცხლეს თავად უნდა მიხედონ.

- დაბოლოს, გეტყვით...

- ...სხვის ცხოვრებას თავი დაანებეთ და საკუთარი ისე ააწყვეთ, რომ სხვებმა იკითხონ თქვენ შესახებ!

თამუნა კვინიკაძე