"არანორმალური, უპირობო და საინტერესო სიყვარული შემიძლია, უამრავი თავგადასავლით" - გზაპრესი

"არანორმალური, უპირობო და საინტერესო სიყვარული შემიძლია, უამრავი თავგადასავლით"

სახელი, გვარი: დეა ხიდეშელი.

ასაკი: 24 წლის.

განათლება: დაამთავრა საქართველოს უნივერსიტეტის სტრატეგიული კომუნიკაციების ფაკულტეტი.

ამჟამინდელი საქმიანობა: ბლოგერი, გაყიდვების სპეციალისტი, ტანსაცმლის ბრენდის დამფუძნებელი.

ჰობი: მუსიკა, ხატვა.

ცხოვრების დევიზი: "გახსოვდეს, საიდან და რატომ დაიწყე".

- როცა სარკეში იყურები, ვის ხედავ?

- იმ შედეგს ვხედავ, რისთვისაც ბრძოლა ღირდა! ჩემს სარკეს ბევრნაირი ვახსოვარ: მოღიმარი, ბედნიერი, თვალცრემლიანი, გაბრაზებული და მომაკვდავიც... ორივემ ვიცით, ყოველდღიურად რა გზებს გავდიოდით, როგორ გვეშინოდა ერთმანეთის პირისპირ ყოფნის - არ მინდოდა დამეჯერებინა, რომ სიცოცხლე არაფრად ღირდა, მაგრამ დღეს საუკეთესო მეგობრები ვართ. გვიხარია, როცა ერთმანეთს ვხედავთ. ჩვენ ეს შევძელით - გადავრჩით (იღიმის)... როდესაც სარკეში ვიყურები, ყოველთვის ჩემს გამარჯვებას ვხედავ - საკუთარ თავსა და ადამიანებზე, რომლებიც უსამართლოდ მომექცნენ. ისინი ყოველთვის ბრუნდებიან... თუკი დღეს, სარკეში ჩახედვისას, ადამიანი "სისუსტეს" ხედავ, მენდე: შენში სისუსტე მაშინ მოკალი, როდესაც გაბედე და საკუთარ თავს თვალი გაუსწორე! ახლა დროა, საკუთარი თავისთვის იბრძოლო; მიზნისთვის, რომელიც გადაგარჩენს და ყველას დაანახვებს, რაოდენ გასაოცარი ხარ! არავის აქვს შენნაირი ანარეკლი! არავინ გგავს და ეს არის შენი გამორჩეულობა, განსაკუთრებულობა. ირწმუნე ეს (იღიმის)!..

- რატომ - ბაგირა?

- ბაგირა ჩემი ფსევდონიმი იმის გამო კი არ არის, რომ ცეცხლოვანი, სექსუალური და ველური ცხოველია, რეალურად, საკმაოდ სევდიან ისტორიასთანაა დაკავშირებული... რაც მეტ ადამიანს ვიცნობ, მით უფრო მეტად ვცდილობ, "დეა" დავმალო და "ბაგირა" ვიყო. დეა ძალიან ემოციური და მიამიტია, ბაგირა კი - რადიკალურად განსხვავებული. ორივე სახელის ქვეშ მოიაზრება ბევრი დადებითი თვისება, მაგრამ ბაგირა ძალიან საშიშია...

- როცა ადამიანს ხედავ, პირველ რიგში, მისი გარეგნობის რა დეტალი იქცევს შენს ყურადღებას?

- ყოველთვის - თვალები, სახის ოვალი, თმის ფერი... პირველად სწორედ ამ მიზეზით შემიყვარდა (იცინის)...

- შენთვის კომფორტის ზონა რა არის?

- საყვარელი ადამიანების გარემოცვაში ყოფნა ჩემთვის ყველაზე დიდი კომფორტია. არაფერს აქვს მნიშვნელობა, არც - ლოკაციას, არც - შინაგან განწყობას. მთავარია, ვგრძნობდე, რომ ჩემ გვერდით ჩემი ადამიანია (იღიმის).

- საკუთარი გვარ-სახელი "დაგიგუგლავს"?

- რამდენჯერმე. ეს ძალიან სახალისოა (იცინის). უამრავი სტატია, ფოტო, ვიდეო "ამომიგდო", ასევე - "სკეტჩები" ჩემი პაროდიებით (იცინის). აშკარად, ნაწყენი არც ყვითელი პრესა დამიტოვებია - მათთვის კარგი მასალა ვარ. მადლობა, რომ ჩემს ცხოვრებაში კიდევ უფრო მეტად არ "იქექებიან". ვხალისობ ხოლმე... ბოროტი სტატია არასდროს შემხვედრია და ამისთვისაც მადლობა (იცინის).

- მოძიებული ინფორმაციის საფუძველზე, როგორ ფიქრობ, როგორი ონლაინრეპუტაცია გაქვს?

- სხვა ადამიანის როლის თამაში არასოდეს მიცდია. ძალიანაც რომ მოვინდომო, შეუძლებელია, მუდმივად "სხვა" იყო. მომწონს, რომ ყველაფერ ამას საზოგადოების დიდი ნაწილი ხედავს და აფასებს. ბევრს ჩემი იუმორი მოსწონს, ზოგს - ის, რომ ჩემი მშობლიური მხარე მიყვარს და ვაფასებ, ზოგს კი უბრალოება. ჩემთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელებშიც მუდამ მსგავსი კომენტარები მხვდება. როცა ქუჩაში გავდივარ, თითქმის ყველა თაობის ადამიანი ისე უშუალოდ, შინაურულად მხვდება, რომ ვგრძნობ, გულთან ძალიან ახლოს მიმიშვეს. ამიტომაც ხდებიან ჩემი მეგობრები (იღიმის)... "ინფლუენსერა" და "პერო" არ ვარ. ის ფაქტი, რომ 3 თვის განმავლობაში, ყოველდღე სატელევიზიო (და არა მხოლოდ) სივრცეში ვიყავი, იმას არ ნიშნავს, რომ თავს ვინმეზე მეტად მივიჩნევ.

- შენი ხასიათის რომელი თვისება გეამაყება?

- ბრძოლისუნარიანობა და შრომისმოყვარეობა.

- რომელი ზებუნებრივი ძალის ფლობას ისურვებდი?

- ზებუნებრიობა არ მჭირდება. ძალიან ბევრი ფული მინდა, რომ უამრავ ადამიანს დავეხმარო, უსახლკარო ცხოველებს თბილი კერა მივცე, საქართველოში მცხოვრებ ბევრ ნიჭიერ ახალგაზრდას კი აქ ცხოვრების და მოღვაწეობის მოტივაცია.

- რა მავნე ჩვევა გაქვს?

- არ ვეწევი, არ ვსვამ...

- სკოლაში როგორი მოსწავლე იყავი?

- მასწავლებლის შვილი ვარ. სხვა მოსწავლეებისთვის ყოველთვის მაგალითი უნდა ვყოფილიყავი. სკოლა მაღალ ქულებზე დავამთავრე. რამდენიმე საგანს "ძალით" ვსწავლობდი, მაგრამ ჰუმანიტარულ საგნებს ყოველთვის ვწყალობდი. უნივერსიტეტშიც გრანტით ჩავაბარე. მახსოვს, 70%-იანი გრანტი რომ ავიღე, ჩემი ოჯახის წევრები დარჩენილ 30%-ს იმ ფაქტს აბრალებდნენ, რომ ჩემს შინაურ ცხოველებს ვუვლიდი (იცინის).

- რომელ სერიალს უყურებ?

- American Horror Story da Penny Dreadful ჩემი საყვარელი ორი სერიალია, რომელსაც არასდროს მოვიბეზრებ. დღემდე ვიმეორებ.

- ოქროს თევზის ამბავი რეალური რომ იყოს, რომელი 3 სურვილის ახდენას სთხოვდი?

- ცხოვრებაში 3 ძირითადი მიზანი მაქვს, რომლის შესახებაც მალე გაიგებთ. თუკი ამ მიზნებს მარტივად მივაღწევდი, რატომაც არა (იცინის)?! მიყვარს ინტრიგა...

- მედიით გავრცელებული ინფორმაცია, რომელმაც ბოლოს შენი ყურადღება მიიპყრო...

- ტელევიზორს იშვიათად ვუყურებ, თუმცა ბოლოს ჩემი და ჩემი მეგობრის ბრენდის კოლაბორაციის შესახებ მომზადებულ სიუჟეტს ვუყურე. საკუთარი თავით ძალიან ვიამაყე.

img-1217-1690135355.jpg

- ერთ დღეს ესთეტიკური მედიცინის ყველა ცენტრი რომ გაქრეს, შენთვის ეს დიდი დანაკლისი იქნება?

- ყველა ნამდვილმა ქალმა იცის, საკუთარ თავს როგორ მოუაროს. მთავარია, მოტივაცია გვქონდეს და ჩვენში ქალურობა არ მოკლან. ყველაზე გამოუვალ სიტუაციაშიც კი შეგვიძლია, ვიპოვოთ გზა, რომ ლამაზად და მუდამ სასურველად გამოვიყურებოდეთ.

- როგორ ფიქრობ, მეორე ნახევრის გარეშე შესაძლებელია, ადამიანი ბედნიერი იყოს?

- მომწონს, როდესაც შეყვარებული ვარ და ვიცი, ჩემ გვერდით ძლიერი მამაკაცია. მენდეთ, არანორმალური, უპირობო და ძალიან საინტერესო სიყვარული შემიძლია, უამრავი თავგადასავლით (იცინის). ადამიანს მხოლოდ ერთხელ და ნამდვილად გიყვარდება. როგორ ფიქრობთ, ვის შეუძლია ამ ყველაფერზე უარის თქმა (იცინის)?

- როგორი მამაკაცი ვერ იქნება შენ გვერდით ვერასდროს?

- უპრინციპო, უსაქმური და სუსტი!

- შენს პირად ცხოვრებაში რა ხდება, გყავს რჩეული?

- უკომენტაროდ...

- უცებ დამისახელე ერთი ქართველი, ღირსეული, მოქმედი პოლიტიკოსი და რატომ მიგაჩნია ღირსეულად?

- პოლიტიკოსი - არა, მაგრამ ნიკა გვარამია მიყვარს და ვაფასებ. სიამოვნებით გავიცნობდი და პირადად გადავუხდიდი მადლობას. მიხარია, რომ დღეს თავისუფალია და ისევ აკეთებს ქართულ საქმეს, კიდევ უფრო დიდი შემართებით.

- როგორ სიზმრებს ხედავ?

- მთელი დღის განმავლობაში, ისეთი გადატვირთული ვარ, ჩემს ბალიშს ვნატრობ. ასე რომ, სიზმრები - ნაკლებად... ბალიშს რომ ვხედავ, უკვე მძინავს.

- ოდესმე უსარგებლო ადამიანად გიგრძნია თავი?

- არასოდეს! საკუთარი თავისთვის დანებების უფლება არასოდეს მიმიცია. ცუდი დღეებიც ყოფილა, მაგრამ დღეს ვიცი, რა მინდა, როგორ და რა საშუალებებით უნდა მივაღწიო. ისიც კარგად მაქვს გააზრებული, რომ მიზანი არ ამართლებს საშუალებებს. მართალია, დიდი ძალისხმევით, მაგრამ ყველაფერს ჩემივე შრომით ვიღებ.

- ცხოვრებაში შენს ქმედებებს რა მთავარი ფასეულობა განსაზღვრავს?

- დავრჩე ადამიანად, რომელმაც იცის, საიდან, რატომ და რისთვის დაიწყო...

ეთო ყორღანაშვილი