მზია გეწაძე: "რად გვინდა ისეთი ტრადიცია, რომელიც ადამიანს ბედნიერებაში უშლის ხელს?" - გზაპრესი

მზია გეწაძე: "რად გვინდა ისეთი ტრადიცია, რომელიც ადამიანს ბედნიერებაში უშლის ხელს?"

ხალისიან, ენერგიულ მომღერალ მზია გეწაძეს ცხოვრების ურთულესი გზა აქვს გამოვლილი. ის თავის პროფესიასა და ცხოვრებაზე გულახდილად გვესაუბრა:

- რა ასაკიდან მიხვდით, რომ ცხოვრებას მუსიკას დაუკავშირებდით?

- პატარაობიდანვე ვიცოდი, რომ მომღერალი გავხდებოდი. პირველად ქუთაისის ოპერის თეატრის სცენაზე, ბაღის ზეიმზე გამოვედი - ალბათ, 4-5 წლისა ვიქნებოდი, მაგრამ ეს გამოსვლა გუშინდელივით მახსოვს. ისიც მახსოვს, რა დიდი მომეჩვენა ქუთაისის ოპერის თეატრი და თავიდან ცოტა ავღელდი, მაგრამ მერე ჩვეულებრივად შევასრულე სიმღერა. ყველა ამჩნევდა, რომ მუსიკის ნიჭი მქონდა, ამიტომ მშობლებმა მუსიკალურ სკოლაში შემიყვანეს, პარალელურად სკოლის გუნდშიც ვმღეროდი. ქუთაისში ცხოვრობს ძალიან კარგი ლოტბარი - სულიკო ვეფხვაძე, რომელიც ამ გუნდს ხელმძღვანელობდა და მისგან ბევრი რამ ვისწავლე. სხვათა შორის, მისი გამორჩეული, საყვარელი მოსწავლე ვიყავი. გუნდის რეპეტიციები დილის 8 საათზე გვქონდა, 9-ზე კი გაკვეთილები გვეწყებოდა. რეპეტიციაზე არასდროს ვაგვიანებდი, რადგან გუნდის სოლისტი ვიყავი, პარალელურად მუსიკალურ სკოლაშიც ვსწავლობდი, რის შემდეგაც მოვხვდი ძალიან კარგ ბიგ-ბენდში "ალიონი". მისი ხელმძღვანელი ნიკოლოზ ებრალიძე იყო. საბოლოოდ, სწორედ ამ ანსამბლში ყოფნისას გადავწყვიტე, რომ მუსიკის შესწავლა უნდა გამეგრძელებინა. მუსიკალური სასწავლებლის შემდეგ თბილისის კონსერვატორიაში ჩავაბარე და ჩემი მომავალი საესტრადო მუსიკას დავუკავშირე.

- ქუთაისმა უამრავი ნიჭიერი ხელოვანი აჩუქა საქართველოს. რას ნიშნავს თქვენთვის ეს ლამაზი, ძველი ქალაქი?

- მე ამ ქალაქში დავიბადე და გავიზარდე... ქუთაისი მეგობრობის, პატივისცემის და სიყვარულის ქალაქია. იქ ძალიან თბილი და მოსიყვარულე ხალხი ცხოვრობს, განსაკუთრებული ინტელიგენცია ჰყავს, რომელთან ურთიერთობაც ყოველთვის მსიამოვნებს. მსახიობები, პოეტები, მხატვრები - ყველა უბრალო, უშუალო და გულწრფელი ხალხია. ამის კარგი მაგალითია თუნდაც ლოტბარი სულიკო ვეფხვაძე ან ნიკოლოზ ებრალიძე - ამ ადამიანებმა თაობები აღზარდეს. 3-4 თაობა მარტო "ალიონში" გაიზარდა. ჩვენი ბიგ-ბენდი ხშირად დადიოდა გასტროლებზე.

- გამორჩეული მუსიკოსი ან მომღერალი ვინ არის თქვენთვის?

- ახლა ვერავის გამოვარჩევ, მაგრამ ბავშვობაში ძალიან მომწონდა მანანა თოდაძე. წლების შემდეგ მას პირისპირ შევხვდი, მის კონცერტებზეც გამოვდიოდი. საერთოდ, ჯაზის მოყვარული ვარ და უცხოელებს შორის, უფრო ჯაზის მომღერლები მომწონს, ქალებში ელა ფიცჯერალდია ჩემი სიმპათია, ხოლო მამაკაცებში - ელ ჯერო.

- ჩვენს ქვეყანაში ჯაზი დღემდე რჩება ელიტურ მიმდინარეობად, რომელსაც უფრო ხშირად, მუსიკოსები უსმენენ. ეს რისი ბრალია?

- ალბათ იმის, რომ ჯაზი ქართველების ხასიათში არ ზის. ჯაზი სრული თავისუფლება და ერთგვარი სიგიჟეა და ალბათ, სრული თავისუფლება ჩვენთვის უცხოა, ამიტომ, მასამ ვერ მიიღო, თუმცა, არა უშავს! - მე მაგალითად, როცა საშუალება მაქვს, ჩემს სიმღერებში აუცილებლად ვურევ ჯაზის ელემენტებს. ჯაზი - ეს ჩემი შინაგანი ბუნების გამოხატულებაა.

- თქვენს ერთ-ერთ ინტერვიუში წავიკითხე, რომ ოჯახი სრულიად შემთხვევით შექმენით, ეს როგორ მოხდა?

- 1994 წლის დეკემბერში გავთხოვდი. ეს შემთხვევითი ქორწინება იყო, როცა იცი, რომ ან გაგიმართლებს, ან - არა. იმ ოჯახში სტუმრად ვიყავი და დამიტოვეს, მეც დავრჩი, მიუხედავად იმისა, რომ ეს უსიყვარულო ქორწინება იყო... ოჯახი 3 წლის შემდეგ დამენგრა, მაგრამ მაინც ბედნიერი ადამიანი ვარ: მყავს არაჩვეულებრივი შვილი, რომლის გარეშე ჩემს ცხოვრებას აზრი არ ექნებოდა და 4 წლის შვილიშვილი, რომელიც ყოველდღე მაოცებს.

- რა იყო მეუღლესთან დაშორების მიზეზი?

- როგორც გითხარით, ეს ქორწინება ჩემთვის სრულიად მოულოდნელი იყო, თანაც, ჩემი ქმარი ერთი წლით საზღვარგარეთ წავიდა. ისედაც არ გვქონდა იდეალური ურთიერთობა და ამ დაშორებამ ყველაფერი გააცივა. ახალმოყვანილ ცოლს ერთი წლით რომ მიატოვებ უცხო, ქალაქში, უცხო ხალხში, ეს კარგი ნამდვილად არ არის. სამი წელი ვცხოვრობდი რუსთავში, მეუღლის ოჯახში, მერე კი ერთმანეთს დავშორდით და ქუთაისში დავბრუნდი. ყველაზე უსიამოვნო ეტაპი ჩემს ცხოვრებაში ამის შემდეგ დაიწყო.

- რატომ?

- ბევრმა მესროლა დაუმსახურებელი ტალახი და ჩემმა ნათესავებმაც არ მიიღეს ის ფაქტი, რომ ოჯახი დავანგრიე. თანაც, ეს ხდებოდა 90-იან წლებში, როცა ქალის უფლებები საქართველოში საერთოდ დაუცველი იყო და ოჯახში ქმარს გაშორებული შვილის, დის ან ახლობლის ყოფნა არავის უნდოდა, მით უმეტეს, ისეთ ტრადიციულ ქალაქში, როგორიც ქუთაისია: იქ დღესაც დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ, რას იტყვიან მეზობლები, ნათესავები, ნაცნობები... იმ წლებში გათხოვილი ქალის წამოსვლა ქმრის ოჯახიდან დიდ სირცხვილად მიაჩნიათ. ამის გამო გავძელი მეუღლის ოჯახში 3 წელი, მაგრამ როცა მივხვდი, იქ აღარ დამედგომებოდა, გავცილდი. ეს ჩემთვის დიდი სტრესი და განსაცდელი იყო, რომელიც რთულად გადავიტანე: დამემართა დეპრესია, ნევროზი, სახლიდან ვეღარ გამოვდიოდი და ურთულეს სიტუაციაში ვიყავი. წლების განმავლობაში ვერ მოვიცილე ის ლაქა, რომელიც სხვების თვალში მქონდა და ვერც ქმარს გაცილებული ქალის ნიშა, რასაც ქუთაისში დიდ ყურადღებას აქცევდნენ. თბილისში ასე არ ხდება: ქალი ქმარს გაშორდება და ცხოვრებას ჩვეულებრივად აგრძელებს, მე კი ეს ტრავმა წლების განმავლობაში გამყვა. სანამ სპეციალისტს არ მივმართე და ფსიქოლოგმა მდგომარეობიდან არ გამომიყვანა, ძალიან ცუდად ვიყავი.

7-copy-1690135578.jpg

- დღევანდელ ახალგაზრდებს ქალის უფლებები სხვაგვარად ესმით, სხვების აზრს დიდ ყურადღებას არ აქცევენ. მოგწონთ ეს?

- მართლა ძალიან მიხარია, რომ ახალგაზრდებს ეს კომპლექსები აღარ აქვთ, მაგრამ ჩემი ასაკის ხალხში და უფროსებში ეს ტრადიცია ჯერ კიდევ ფესვგადგმულია. დღესაც მომდის ამბები, - ამან შენზე ის თქვა, იმან ეს თქვაო... ისეთ მესიჯებს მწერენ, მიკვირს, რატომ ილანძღებიან?! არ მესმის, ასეთი რა დავაშავე! რამდენმა მომწერა, - არ გრცხვენიაო?! მამა ახალი გარდაცვლილი მყავდა, როცა ამ შინაარსის მესიჯი მომივიდა. ვეღარ მოვითმინე და მივწერე: თავხედო, დამაცადე მამის გლოვა, რამდენიმე დღით მაინც მომასვენეთ-მეთქი... ადამიანი არ მიცნობს და მლანძღავს! არ ვიცი, რას მერჩიან: შვილი არ მიმიტოვებია და სხვისთვის არ მიმიგდია, არც ქმარი წამირთმევია ვინმესთვის და არც სხვისი ოჯახი დამინგრევია. ნორმალურად ვიცხოვრე, წამოვიყვანე ეს ჩემი შვილი, გავზარდე, ფეხზე დავაყენე და ყველანაირი პირობები შევუქმენი. არ მიქურდია, არავინ გამიმწარებია და დღემდე ასე მოვედი.

- მეორედ ოჯახის შექმნა აღარ გიცდიათ?

- აღარ გავთხოვდი. ვფიქრობდი: მეორედ რომ გავთხოვდე და ისევ არ გამიმართლოს, ეს ხალხი საერთოდ ქარს გამატანს-მეთქი... ასეთი ტრადიციები დღესაც არის ბევრ რეგიონში. ზოგჯერ ვფიქრობ: რად გვინდა ისეთი ტრადიცია, რომელიც ადამიანს სიცოცხლესა და ბედნიერებაში ხელს უშლის? არ ფიქრობენ, ამ საშინელ სიტყვებს ისედაც ტრავმირებული ადამიანი რომ წაიკითხავს, რა დაემართება, ხომ შეიძლება სუიციდზეც იფიქროს? ერთხანს ამაზე მეც ვფიქრობდი: როცა მლანძღავდნენ და მეუბნებოდნენ, შვილს წაგართმევთო, ღამით ვერ ვიძინებდი! ვფიქრობდი, შვილს არავის დავუთმობ, გულში ჩავიხუტებ, თეთრ ხიდთან გავალ და მდინარეში გადავხტები-მეთქი... რაც ბიჭის დედა გავხდი, სულ ვფიქრობდი, ისეთი ნაბიჯი არ გადამედგა, რომ მისთვის ზიანი მიმეყენებინა. ქუთაისში წლები დამჭირდა, რომ რეპუტაცია აღმედგინა, მაგრამ ვიცი, ჩემზე დღემდე ლაპარაკობენ. რაც შეეხება მეორედ გათხოვებას, ამ ნაბიჯს მხოლოდ მაშინ გადავდგამ, თუ ღირსეული, კარგი ადამიანი შემხვდება ცხოვრების გზაზე. რაც თავი მახსოვს, სულ ვშრომობ და ვცდილობ, შვილი უზრუნველყოფილი მყავდეს: 2000 წლიდან რესტორანში დავიწყე მუშაობა, როგორც მომღერალმა და უზრუნველად წუთით არ ვყოფილვარ. მეც ხომ ქალი ვარ, ადამიანი და ბედნიერების უფლება მეც მაქვს! საკმაოდ რთული გზა გამოვიარე, მაგრამ არ ვნანობ, რადგან მხარში შვილი მიდგას...

- მოგვიყევით თქვენს შვილზე, შვილიშვილზე...

- ბაქარი ბავშვობიდან მუსიკოსებს შორის იზრდებოდა: ჩემი ძმაც მუსიკოსია - მევიოლინე, ის ძალიან კარგად ფლობს ვიოლინოს და ფორტეპიანოს. ბაქარი რომ წამოიზარდა, ერთ მშვენიერ დღეს გამომიცხადა: დიდი ბიჭი რომ გავიზრდები, ბიძაჩემზე მაგრად დავუკრავ "სკრიპკასო". თანდათან, ვიოლინოზე დაკვრა მისი მთავარი გატაცება გახდა. ნიჭი შევნიშნე და მუსიკალურ ათწლედში შევიყვანე, სადაც კარგად სწავლობდა და რამდენიმე სოლო კონცერტიც გამართა. მერე ქუთაისის კონსერვატორიაში ჩააბარა, მეორე წელს კი თბილისში გადმოვიდა, გაცვლით პროგრამაში მიიღო მონაწილეობა და დანიის სამეფო აკადემიის სტიპედიატი გახდა. დანიიდან ჩამოსვლის შემდეგ, მაგისტრატურაში გააგრძელა სწავლა და ისევ გაცვლითი პროგრამით, უნგრეთში წავიდა სასწავლებლად. თბილისის კონსერვატორიის სრული კურსი დახურა და ახლა "თბილისის ახალგაზრდულ ორკესტრში" მუშაობს. კარგი მევიოლინეა და მუშაობა არასდროს დაზარებია: რესტორანშიც დაუკრავს, ბარშიც, რეკლამებშიც და გადაღებებზეც... ჩემი რძალიც სტუდენტია, სამხატვრო აკადემიაში სწავლობს.

- როგორი დედამთილი ხართ?

- ძალიან კარგად ვიცი, როგორი არ უნდა იყოს დედამთილი, ამიტომ, საერთოდ არ ვარ მკაცრი და პრეტენზიული. ჩემს რძალს აბსოლუტური თავისუფლება მივეცი, მათ საქმეში არ ვერევი და ჩემს შვილს სულ ვთხოვ, ცოლს გაუგოს და მოუაროს. ბაქარი თავიდანვე ასე გავზარდე - ქალის პატივისცემა ვასწავლე. ჩემი შვილი ძალიან ეკლესიურია, ყოველ კვირას დადის ტაძარში, ეზიარება. 4 წლის შვილიშვილი მყავს - ევა ღიბრაძე. ისიც მიჰყავს და აზიარებს ხოლმე. როგორიც უნდა იყოს კლასიკოსი მევიოლინე, ზუსტად ისეთია: ჭკვიანი, გაწონასწორებული და მის აზრს ბევრ რამეში ვითვალისწინებ.

6-copy-1690135566.jpg

- შვილიშვილს მუსიკის ნიჭი თუ გამოჰყვა?

- ეს ის შემთხვევაა, როცა გენეტიკამ თავისი გაიტანა: ჯერ 4 წლისაა და მალე მეც გამასწრებს და ბაქარსაც. კოჭებში ეტყობა, რომ ან მომღერალი გახდება, ან - მსახიობი. 2 წლის და 3 თვის იყო, როცა ქუთაისში, მამასთან ერთად კონცერტზე გამოვიდა, ბაქარი უკრავდა, ის კი მღეროდა. მეც, ბაღის ასაკიდან ვმღეროდი, მაგრამ შვილიშვილმა 2-3 წლით მაჯობა-მეთქი, ვხუმრობ... ყველა ჩემი სიმღერა ზეპირად იცის და სულ მღერის. ოჯახში პატარა სოლო კონცერტებს მართავს ხოლმე: ხან ერთ კაბას ჩაიცვამს, ხან მეორეს, ვითომ "სცენაზე" გამოდის და სიმღერას რომ დაასრულებს, აუცილებლად ტაში უნდა დავუკრათ, ამის გარეშე არ იმღერებს.

- დაბოლოს, რა ხდება ამჟამად თქვენს შემოქმედებით ცხოვრებაში?

- ჩემს შემოქმედებით ცხოვრებაში სასიამოვნო სიახლეებია: 7 ივლისს პრემიერა მქონდა - როგორც მსახიობმა, პირველად მოვსინჯე ძალები "ჩემი ცოლის დაქალებში". გადაღების პროცესი მომეწონა და მგონი, ყველაფერი კარგად გავაკეთე. მიხარია, რომ კინოში მოვხვდი და მომავალშიც სიამოვნებით გავაგრძელებ "ჩცდ"-სთან თანამშრომლობას. ჩემი პერსონაჟი ცოტათი ჭორიკანაა, რომელმაც მთელი კორპუსის ამბავი იცის, მაგრამ რაც მთავარია, ბოროტი არ არის. გადაღების პროცესი შრომატევადია, ვიღლები, მაგრამ პატარა ბავშვივით მიხარია, რომ ძალიან კარგ ხალხში ვარ. რა თქმა უნდა, სიმღერასაც ვერ ვთმობ. ახლახან იყო პრემიერა სიმღერისა "დედაო ღვთისავ", რომელიც 1988 წელს დამიწერა კომპოზიტორმა ნუგზარ ედილაშვილმა და 18 წლის ასაკში ვმღეროდი. ცხოვრების გზაზე ბევრი რამ ჩვენგან დამოუკიდებლად ხდება. მაგალითად: სულ პატარა ვიყავი, როდესაც კინომსახიობობაზე ვოცნებობდი და ჩემი ოცნება ასე გვიან ასრულდა. იმედი მაქვს, მომავალში უფრო მეტს შევძლებ და მეტ ოცნებას ავისრულებ.

ხათუნა ჩიგოგიძე