"ფრთხილი ხასიათი რომ მქონდეს, ეს მოგონებები აღარ მექნებოდა" - გზაპრესი

"ფრთხილი ხასიათი რომ მქონდეს, ეს მოგონებები აღარ მექნებოდა"

"ჩემს სახელს ან გვარს თუ ვერ დაიმახსოვრებენ, "ბედნიერი გოგო" ყველას ახსოვს", - ამბობს ნინი ზერეკიძე - გოგონა, რომელიც ტელემაყურებელმა "ნიკოს შოუდან" გაიცნო. რაზე ოცნებობს, რა ესმის ყველაზე ხშირად საკუთარ თავზე, რა ვერ ისწავლა დღემდე და რა ახარებს ყველაზე მეტად? - ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.

- დაბადების თარიღი...

- ...2004 წლის 20 იანვარი.

- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...

- ...ძაღლი (იცინის).

- სწორად გავიგე? რა უცნაურია.

- ეს სურვილი ადრეულ ბავშვობაში მქონდა. ვფიქრობდი, რომ ძაღლები ყველაზე მეგობრულები და საყვარლები იყვნენ, ჩვენი ბედნიერებისა თუ უბედურების გაზიარება შეეძლოთ და დღესაც ამ აზრზე ვარ, შინ სამი ძაღლი მყავს და სამივე მიყვარს.

- ჩემზე ამბობენ...

- ...ცოტათი ვერ არისო.

- ასე რატომ ფიქრობენ?

- სულ ბედნიერი და პოზიტიური ვარ. ფიქრობენ, შეუძლებელია, სულ ასეთი იყოს, თამაშობსო. მართლა სულ ბედნიერი ვარ, ეს განცდა ეუცხოებათ.

- თავად რას ფიქრობ, როგორი ხარ?

- პოზიტიური. როცა ჩემს ცხოვრებაში რაღაც ცუდი ხდება, იმ ცუდშიც კი დადებითს ვეძებ, რადგან არ არსებობს ქვეყნად არაფერი, რასაც ორი მხარე არ აქვს და ცუდზე რატომ ვიფიქრო? კარგზე ვიფიქრებ. ჩემში ეს პოზიტივი ძალიან მომწონს.

- ცხოვრებას თავიდან რომ ვიწყებდე...

- ...იმავე გზას გავივლიდი, მნიშვნელოვან ცვლილებებს არ შევიტანდი, რადგან დაშვებულ შეცდომებზე ბევრი ვისწავლე, ახლა ყველაფერი კარგადაა.

- ჩემს წარმატებაში ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვით...

- ოჯახს და მე თავად. შრომისმოყვარე ვარ, იღბლიანიც. სულ ვცდილობ, რაღაც ახალი ვიპოვო, რაღაც ახალი გავიგო, მივაღწიო წარმატებას.

- ბედნიერი ვარ...

- ...როცა ჩემი საყვარელი ადამიანები ბედნიერები არიან.

- ჩემი სავიზიტო ბარათია...

- ..."ის გოგო სულ რომ ბედნიერია". ჩემს სახელს ან გვარს თუ ვერ იმახსოვრებენ, "ბედნიერი გოგო" სულ ახსოვთ.

- ყოველთვის მაქვს სურვილი...

- ...გარშემო მყოფი ადამიანები გავაბედნიერო და გავამხიარულო.

- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს...

- ...ადამიანებს ცუდად ყოფნის უფლებას არ ვაძლევ, სტრესული მდგომარეობიდან გამომყავს. არაერთხელ უთქვამთ, ამ დროს ჩემ გვერდით რომ არ ყოფილიყავი, არ ვიცი, რა და როგორ იქნებოდაო.

- თვისება, რომელიც არ მომწონს და ვცდილობ გამოვასწორო...

- ...მარტივად შემიძლია საქმეზე ხელი ავიღო. არის შემთხვევები, როცა ბევრს ვშრომობ, ვწვალობ, ბოლოს კი სასურველ შედეგს მაინც ვერ ვიღებ. ამ დროს თავს აღარ ვიტანჯავ, მარტივად ვთმობ.

- საკუთარ შეცდომებზე ვისწავლე...

- ...რომ უფროსებს ყოველთვის უნდა მოვუსმინო. ახლაც ვცდილობ, ყველას მოვუსმინო, მაგრამ ბოლოს მაინც ისე ვიქცევი, როგორც თავად ვთვლი საჭიროდ. რაზეც მაფრთხილებდნენ, წინ ზუსტად ის მხვდება.

- როდესაც მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას იღებ, ამ დროს გულს უსმენ, გონებას, ინტუიციას იშველიებ თუ...

- ...უმეტეს შემთხვევაში, გონებას ვუსმენ, ზოგჯერ გული უფრო ხმაურობს და ამ დროს მისი კარნახით ვმოქმედებ. ნებისმიერ შემთხვევაში, ყველანაირ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვიღებ.

- პატიება შემიძლია...

- ...მარტივად, მაგრამ ჩემს საყვარელ ადამიანს ვინმემ ზიანი რომ მიაყენოს, ამის პატიება არ შემიძლია.

- როცა მომავალზე ვფიქრობ...

- ...ჩემი თავი აუცილებლად საქართველოში წარმომიდგენია და სურვილი მაქვს, ძალიან წარმატებული ვიყო.

- მრავალმხრივი ადამიანი ხარ: სწავლობ საავიაციო უნივერსიტეტში, ხარ გენერალ მაზნიაშვილის ლეგიონის ახალწვეული, გამოდიხარ იუმორისტულ შოუში... მომავალში საკუთარ თავს სად უფრო ხედავ?

- ვცდილობ საკუთარი თავი არაერთი მიმართულებით გამოვცადო, რომ მივხვდე, სად ვიყო მომავალში. ახლა ძიების პროცესში ვარ.

- ვიბნევი...

- ...არც ისე ხშირად. ერთხელ გადაცემაშიც კი დავიბენი. სიტუაციიდან გამოსავალი მარტივად და მალე შემიძლია ვიპოვო.

- ამ წუთში ძალიან მინდა...

- ...სადმე კუნძულზე დასასვენებლად ახლობლებთან ერთად ვიყო.

- სად გეგმავ დასვენებას?

- აუცილებლად ზღვაზე დავისვენებ, მერე კაბადოკიაში მინდა წასვლა.

- ...წონასწორობიდან ჩემი გამოყვანა...

- ...მარტივად შეიძლება. ხმამაღლა თუ მელაპარაკებიან, მიყვირიან, ეგრევე ცუდად ვხდები. ჩემი დამოკიდებულება ყველას მიმართ იმდენად დადებითია, სხვა რაღაც რომ ხდება, ვიძაბები: მეწყება კანკალი, ვეღარ ვსაუბრობ, სხეული მიბუჟდება. ერთი დაყვირებით კრუნჩხვებშიც კი ჩავვარდნილვარ. ამიტომ სულ ვიღიმი. მინდა ყველა იღიმოდეს და არავინ კამათობდეს. ეს მე შინაგანად ძალიან მანგრევს.

- სიყვარული ეს...

- ...რა არის ავხსნა? მთელი ცხოვრება საკუთარ თავს ამას ვეკითხები. სიყვარული ტანჯვასა და ბედნიერებას შორის არსებული შუალედია. ბედნიერი ხარ, როცა გიყვარს; ამ მდგომარეობას ცუდი პერიოდებიც აქვს, მაგრამ არსებობს საყვარელ ადამიანთან შეხვედრის ერთი წამი, რომლისთვისაც ყველაფრის ატანა ღირს.

3d2a4056-1690740275.jpg

- პირველად რომ შემიყვარდა...

- ...სკოლაში ვსწავლობდი, იმ ბიჭს არ ვუყვარდი. საჩუქრებს ვჩუქნიდი, თქმით კი არაფერს ვეუბნებოდი, მაგრამ მგონია, მიხვდებოდა. დღეს ურთიერთობა საერთოდ აღარ გვაქვს.

- ახლა შეყვარებული ხარ?

- სულ შეყვარებული ვარ, მაგრამ რასაც ახლა მეკითხები (პაუზის შემდეგ), დიახ, შეყვარებული ვარ.

- ამის სათქმელად დაფიქრება დაგჭირდა?

- ჩემში ჩემთვის მიყვარს, არც კი მინდა იცოდეს, ამ თემაზე ვერ ვლაპარაკობ.

- ყოველთვის შეუძლია კარგ ხასიათზე დამაყენოს...

- ...ეს ჩემი ბუნებრივი მდგომარეობაა. არსებობს რაღაცები, რაც ცუდ ხასიათზე მაყენებს, მაგრამ სხვა შემთხვევაში, სულ კარგ ხასიათზე ვარ.

- მაკვირვებს...

- ...ადამიანების ბოროტება, როგორ იქცევიან, ერთმანეთს რას უკეთებენ. ასეთ შემთხვევებს რომ წავაწყდები, იმდენად უცხოა, ცუდად ვხდები.

- ვრისკავ...

- ...ძალიან ხშირად. "ურისკიანესი" ვარ და ეს მომწონს, ბევრი კარგი მოგონება მაქვს. ფრთხილი რომ ვიყო, ეს მოგონებები აღარ მექნებოდა.

- როცა საჯაროდ მაქებენ...

- ...ძალიან ვმორცხვობ.

- ჩემს გარეგნობაში შევცვლიდი...

- ...არაფერს, რადგან ჩემი თავი მიყვარს ისეთი, როგორიც ვარ. ჩემნაირი მეორე არ დადის, ჩემნაირი ცხვირით, თვალით, წარბით, თმით...

- დღემდე ვერაფრით ვისწავლე...

- ...რომ ყველას არ ვენდო. სრულიად უცხოს მიმართაც კი დადებითი დამოკიდებულება მაქვს. ყველა ადამიანს სხვაც ისეთი ჰგონია, როგორიც თავად არის. სინამდვილეში, ასე არაა, თურმე როცა გიღიმიან, ამ დროს ზოგიერთი სულაც არ იღიმის.

- თავისუფლება...

- ...კავშირშია განათლებასთან. განათლება თუ არ გაქვს, თავისუფალი ვერ იქნები. თავისუფლებაა, როცა სულიერად მშვიდად ხარ და ეს მაშინ ხდება, როცა შენს თავში ღმერთს იპოვი. ბევრჯერ მიგრძნია, რომ ღმერთი ჩემთან იყო.

- რთული პერიოდების დროს?

- დიახ, რამდენჯერაც რთული პერიოდი მქონდა (ცუდად ყოფნა არავისთვის მიჩვენებია) და გავიფიქრე, აქ ყველაფერი მორჩა-მეთქი, ცოტა ხანში წამიერად მქონია შეგრძნება, რომ ყველაფერმა გაიარა და იმედით ავივსე, რომ ეს დასასრული არ არის, რომ ცხოვრება რთულ პერიოდებთან გამკლავებაა. ამ დროს მიგრძნია ღმერთი ჩემში, იმედი გულში და უსაზღვრო თავისუფლება.

- ყველაზე დიდი სტიმულია...

- ...რთული პერიოდები. ამ დროს არ მინდა ვთქვა, ამას ვერ შევძლებ. ღმერთი ისეთ განსაცდელს არასდროს გვიგზავნის, რომლის გადატანასაც ვერ შევძლებთ.

- ძალიან ბევრი ფული რომ მქონდეს...

- ...პირველ რიგში, ოჯახის წევრების და ახლობლების კეთილდღეობაზე ვიზრუნებდი, შემდეგ სხვებსაც დავეხმარებოდი. ჩემთვის რას გავაკეთებდი? ვოცნებობ პირადი ძალიან ბრჭყვიალა თვითმფრინავი მყავდეს.

3d2a1314-1690740262.jpg

- ყველაზე მეტად მახარებს...

- ...როცა ჩემი შრომის ნაყოფს ვხედავ.

- დარიგება, რომელიც არასდროს დამავიწყდება...

- ...ჩვენ ყოველთვის მარტოები ვართ, მარტო ვიბადებით, მარტო ვკვდებით, - ეს სიტყვები უცხო ადამიანმა მითხრა და ხშირად მახსენდება. საკუთარი თავის და ღმერთის გარდა, არასდროს არავის იმედი არ უნდა გვქონდეს.

- დაბოლოს, გეტყვით...

- ...ცხოვრებაში როგორი რთული პერიოდიც უნდა გქონდეთ, გაიღიმეთ! დადებითი განწყობა და ყველაფერში პოზიტივის ძებნა ყველაფერს ცვლის. მადლობა ყველას, ვინც ეს ინტერვიუ წაიკითხეთ, 100%-ით გულწრფელი ვიყავი. ბოროტება და შური ყველამ დავივიწყოთ და დავტკბეთ სიცოცხლით!

თამუნა კვინიკაძე