თეკო ჩუბინიძე შემოქმედებით პაუზაზე, ახალ როლსა და ადამიანზე, ვისი აზრიც მისთვის მნიშვნელოვანია
მსახიობი თეკო ჩუბინიძე ფართო საზოგადოებამ სერიალიდან "შუა ქალაქში" გაიცნო, შემდეგ იყო "ჟამი ყვავილობისა", "ქაღალდის ტყვია", "რუსული სამკუთხედი" და შემდეგ შემოქმედებითი პაუზა, სხვა ინტერესები... ახლახან სერიალში "ჩემი ცოლის დაქალები" მარის როლში მოგვევლინა. მარის მეუღლე პარლამენტის წევრია, აქტიური პოლიტიკური ცხოვრებით გამორჩეული. როგორ შექმნა ეს პერსონაჟი და რა განცდაა წლების შემდეგ, გადასაღებ მოედანზე დაბრუნება? - ამის შესახებ თეკო თავად გვესაუბრა.
- ეკრანზე დიდხანს აღარ ჩანდი. ამ შემოქმედებით პაუზაზე რას გვეტყვი?
- დიახ, დიდი ხანია გადაღებები აღარ მქონია, თეატრშიც 2019 წლამდე ვთამაშობდი. ამ ხნის განმავლობაში ჩემი შემოქმედებითი საქმიანობა სხვა მიმართულებით წავიდა, კასტინგის მენეჯერი ვიყავი, გადაღებებზე ვმუშაობდი, ფილმებისთვის, რეკლამებისთვის ვარჩევდით მსახიობებს. ბოლო ფილმი, რომელზეც ვიმუშავე, სოსო ბლიაძის "ოთარის სიკვდილი" იყო. ბოლო დროს დავინტერესდი ფსიქოლოგიით, შემდეგ - ფსიქოდრამით, რომელიც ჩემს პროფესიასთან ირიბად კავშირშია. მოვინდომე, ამ მიმართულებით განათლება მიმეღო და სასწავლებლად გერმანიაში წავედი.
ახლა საქართველოში ვარ, რადგან კასტინგი გავიარე და "ჩემი ცოლის დაქალებში" მარის როლზე დამამტკიცეს. პერიოდულად ჩავდივარ გერმანიაში, მაგისტრატურაში მინდოდა სწავლის გაგრძელება, მაგრამ აქ გადაღებები აქტიურად დამეწყო და ეს გეგმა დროებით დავაპაუზე. ასევე ჩართული ვარ სოციალური თეატრის საქმიანობაში. ვფიქრობ, ეს საქართველოსთვის ძალიან საინტერესო იქნება. სოციალური თეატრი ინტერაქტიურია, მაყურებელი თავად ერთვება ამ პროცესში, თავად ჰყვება ამბებს და შემდეგ იმპროვიზებულად ხდება გათამაშება. თერაპიის ეფექტიც კი აქვს. ეს მიმართულება ძალზე მაინტერესებს და ბედნიერი ვიქნები, საქართველოში თუ დაფუძნდება და განვითარდება. ახლა მთლიანად "ჩემი ცოლის დაქალებზე" ვარ გადართული.
- შენს პერსონაჟს მარი ჰქვია. მის შესახებ მიამბე, როგორც მსახიობისთვის, ეს პერსონაჟი რითაა საინტერესო?
- საინტერესო იმით არის, რომ ეს ადამიანი ჩემგან სრულიად განსხვავებულია. მსახიობებს კი ასეთი როლები მეტად გვაინტერესებს. მარი ცოტათი შტერი გოგოა, ცოტათი ამბიციური, მიამიტიც, გამაღიზიანებელიც. ფუფუნებაში ნაცხოვრები ქალის სიტუტუცე სჭირს; ცოტათი დაუფიქრებელიც არის, ზედაპირული, რაღაც მომენტში მიუღებელიც და ამ ყველაფრით ძალზე საინტერესოა. ოქროს შუალედის პოვნაა საჭირო ამ პერსონაჟის თამაშისას, მისი ეს თვისებები რომ გამოიკვეთოს, მაგრამ ძალიან შტერი და სულელიც არ გამოჩნდეს.
- როდესაც სცენარი გადმოგიგზავნეს, ბუნებრივია, პერსონაჟის სახე წარმოსახვაში ჩამოგიყალიბდა, მუშაობის პროცესი როგორ დაიწყე? მისი მანერები, საუბრის სტილი, პოლიტიკოსების ოჯახებს დააკვირდი? აქვე გკითხავ, მარის რეალური პროტოტიპი ჰყავს?
- სცენარის წაკითხვისთანავე ჩემი ერთი ნაცნობი ქალბატონი გამახსენდა. ის ყოველთვის საოცარ შეკითხვებს მისვამდა, ლაპარაკობდა ჩემთვის ძალიან უცნაურად და მიუღებლადაც კი; იყო გათამამებული, შეძლებული ფენიდან. გამახსენდა მისი მანერა, გამოხედვა, ცოტათი შტერული შეკითხვები, რომელიც მისთვის ღრმა და შინაარსიანი იყო. ასეთი ადამიანები შეიძლება ნახო ტელევიზიით, ფილმებშიც, ინსპირაცია აიღო მოყოლილი ამბებიდან, წაკითხულიდან... მარი ამ ყველაფრის ნაზავია, თუმცა ის ჩემი ნაცნობი მაინც დომინანტია ამ პერსონაჟში (იცინის). ამ სერიალზე მუშაობა იმიტომ მომწონს, რომ მაყურებელმა ადვილად შეიძლება დაინახოს, როგორი ადამიანები არსებობენ ჩვენს რეალობაში. ზოგიერთმა იქნებ საკუთარი თავიც აღმოაჩინოს, სხვა თვალით შეხედოს და არ მოეწონოს.
- გამოხმაურება როგორია?
- გამოხმაურება ბევრნაირი იყო. ახლობლებმა, ოჯახის წევრებმა შემაფასეს, რამდენად შევძელი როგორც მსახიობმა ამ პერსონაჟის განსახიერება. მიხარია, რომ ბევრი დადებითი შეფასება მოვისმინე, თუმცა თავად რომ ვუყურებ, ვთვლი, უკეთესად თამაშიც შეიძლებოდა. ერთი მეგობრისგან კარგი რჩევა მივიღე. მითხრა, არ წაიკითხო, ვინ რას დაწერს, ზოგიერთი ძალიან სასტიკია, დაუნდობელი, ბოროტიც და გული არ გეტკინოსო.
- როგორ ფიქრობ, ხომ არ გაგინაწყენდებიან ის ადამიანები, ვისაც ეს სტატუსი რეალურად აქვს ცხოვრებაში?
- მგონია, მარისნაირი ადამიანები ვერც ხვდებიან, რომ ასეთები არიან და სწორედ ამიტომაც არიან ასეთები.
- საკუთარი თავის ამოცნობა გაუჭირდებათ?
- ზოგიერთი შეიძლება მიხვდეს კიდეც. ჩემთვის წარმოუდგენელია, ხვდებოდე, ასეთი რომ ხარ და ასე ცხოვრებას აგრძელებდე.
- როგორია შენი და ეკრანული "მეუღლის" - ზვიად დოლიძის ტანდემი?
- ზვიად დოლიძე, გარდა იმისა, რომ კარგი მსახიობია, არის არაჩვეულებრივი პარტნიორი. ის თამაშს მიმარტივებს, ძალიან ბუნებრივია. ჩემი აზრით, ჩვენი სცენები ძალიან ორგანულია და არა - ხელოვნური. ხშირად მიწევს მზია გეწაძესთან დიალოგი. ის მსახიობი არ არის და ეს რომ გავიგე, თავიდან თითქოს დავიძაბე, მაგრამ მას შემდეგ, რაც ვნახე, როგორ კონტაქტობს გადასაღებ მოედანზე, რამდენად ადვილად აუღო ალღო, რამდენად მარტივად ითვისებს რეჟისორის მითითებას, ეს დაძაბულობა მომეხსნა. შეიძლება ითქვას, პარტნიორებში გამიმართლა.
- კადრს მიღმა სახალისო ამბები ხშირად ხდება?
- კადრს მიღმა დარჩენილი ამბები ძალიან მიყვარს. განსაკუთრებით სახალისოა, როცა მსახიობს იუმორის გრძნობა აქვს. ეს თამამად შეიძლება ითქვას ზვიადზე და თავადაც არ ვუჩივი ნაკლებობას. ზოგჯერ გადაღება რომ სრულდება, სულელურად წამოცდენილ ფრაზაზე ხუმრობას მერეც ვაგრძელებთ. ნიჭიერ ადამიანებთან ურთიერთობა ამიტომ მიყვარს.
- თავიდანვე აღნიშნე, მარი ჩემგან რადიკალურად განსხვავებული ადამიანიაო, მასთან საერთოს ვერაფერს პოულობ?
- (ფიქრობს) ძალიან მიჭირს, შეიძლება რაღაც მომენტში მეც ფეთქებადი ხასიათი გამოვავლინო და მერე დავმშვიდდე, მხოლოდ ეს უმნიშვნელო მსგავსებაა. ეს ქალი საერთოდ სხვაგან არის, მხოლოდ თავის სივრცეს ხედავს, საკუთარი კეთილდღეობის იქით არაფერი აინტერესებს. არც ის ადარდებს, როცა მეუღლე შეურაცხყოფას აყენებს, მხოლოდ იმის გამო, რომ იმ მომენტში გაცხარებულია. ეს ჩემი პერსონაჟისთვის ნორმაა და მისაღებია. მაყურებელი ამ პრობლემას სწორად თუ შეხედავს, ეს კარგი იქნება.
- შენს რეალურ ოჯახზე რას გვეტყვი?
- ერთი შვილი მყავს, ნიკოლოზი. უკვე 20 წლის არის. მეუღლესთან დაშორებული ვარ, ჩემი იდუმალი პირადი ცხოვრება მაქვს. მაყურებელს ყოველთვის აინტერესებს მსახიობების პირადი ცხოვრება, მაგრამ გადავწყვიტე, არ მოვყვე.
- ნიკოლოზზე რას გვეტყვი?
- ნიკოლოზი არის ჩემი ბედნიერება. ძალიან კარგი, ნიჭიერი ბიჭია და ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ ის ჩემი შვილია. მან გადაწყვიტა რეჟისურაში იმუშაოს, სცენარებსაც წერს, ახლახან მოკლემეტრაჟიანი ფილმი გადაიღო. ძალიან ღრმა და დაკვირვებულია, მაგრამ რაც ყველაზე მეტად მახარებს, ისაა, რომ კარგი ადამიანია, ეს კი უმთავრესია.
- მისგან როგორი შეფასება მოისმინე?
- ძალიან კრიტიკული და მომთხოვნია, ამავე დროს დიპლომატიც. დადებით შეფასებასთან ერთად კრიტიკაც მოვისმინე, სათქმელის ყველა დეტალი სწორად მომაწოდა, რაც უკვე გავითვალისწინე და დამეხმარა. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემი შვილის შეფასებაა, რადგან მას სხვაგვარი ხედვა, სხვანაირი ცოდნა აქვს და სხვაგვარად ვითარდება, ერთ პრიზმაში არ იყურება.
- მითხარი, ნიკოლოზმა მოკლემეტრაჟიანი ფილმი გადაიღოო. ამ ფილმზე რისი თქმა შეგიძლია?
- ეს ფილმი საკუთარი სცენარით გადაიღო, საზღვარგარეთ იმ უნივერსიტეტში გადაგზავნა, სადაც აბარებდა და უნივერსიტეტში ამ ფილმით ჩაირიცხა. მნიშვნელოვანია, რომ მას ყოველთვის მხარში უდგას მამა, - ბაჩო მებურიშვილი, ისიც ამ სფეროში საქმიანობს.
- ნიკოლოზისგან, როგორც მსახიობი, შემოთავაზებას რამდენად ელოდები?
- დიდი ინტერესით ველოდები. სხვათა შორის, პირველი შემოთავაზება უკვე მქონდა, ინგლისურ ენაზე გახმოვანებაზე იყო ლაპარაკი, მაგრამ უცხო ენა იმ დონეზე კარგად არ ვიცი, როგორც საჭირო იყო, ამიტომ უარი ვუთხარი.
- გადაღებების პარალელურად კიდევ რას საქმიანობ და შენი სამომავლო გეგმა როგორია?
- გადაღებების პარალელურად გახმოვანებაზე, დუბლირებასა და აუდიოწიგნებზე ვმუშაობ. დიდი სურვილი მაქვს, მხატვრულ ფილმში ვითამაშო. სერიალს სხვაგვარი სპეციფიკა აქვს, მხატვრულ ფილმზე მუშაობას - სხვაგვარი.
- ბოლო დროს, ამ მიმართულებით, ნაკლებად აქტიურობდი, არა?
- მართალია, მსახიობი ძალიან აქტიური უნდა იყოს, მე პასიური უფრო ვარ. ბევრი წელი მარჯანიშვილის თეატრში მიწვეული მსახიობის სტატუსით ვიყავი, სხვა თეატრებთანაც ვთანამშრომლობდი. მერე პანდემიამ რეპერტუარი შეაჩერა. ფსიქოლოგიით იმდენად დავინტერესდი, ამ საქმემ ისე გამიტაცა, ვფიქრობდი, ამ პროფესიას ხომ არ შევეშვა-მეთქი? მაგრამ აღმოჩნდა, რომ არასწორად ვფიქრობდი. პირველი სერია ეთერში რომ უნდა გასულიყო, ისე ვნერვიულობდი, სახლიდან შორს, მეგობრებთან გავიქეცი.
- ახლა პროფესიული ინტუიცია რას გეუბნება?
- მეუბნება, რომ ჩემი პერსონაჟის გარშემო მოვლენები საინტერესოდ უნდა განვითარდეს, ეს ამ სერიალისთვის დამახასიათებელიც არის და აქ რომ ვარ, ეს მიხარია. ჩემი საქმე და გადასაღებ მოედანზე ყოფნა ძალიან მომნატრებია.
თამუნა კვინიკაძე