"ქალს თავის დაცვა უნდა შეეძლოს, ამიტომ, კარგად ვისვრი" - გზაპრესი

"ქალს თავის დაცვა უნდა შეეძლოს, ამიტომ, კარგად ვისვრი"

"შოპინგს ან დაქალთან ერთად კაფეში ყოფნას მირჩევნია სადმე მთაში წავიდე, ცხენით ვისეირნო და ბუნებაში დავისვენო. ეს ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, რომელიც მაბედნიერებს", - გვითხრა პარლამენტის წევრმა თეონა აქუბარდიამ, რომელიც საქართველოს პარლამენტში "სტრატეგია აღმაშენებლის" სიით მოხვდა:

- საქართველოში ბევრ გოგონას ბავშვობიდანვე ჩარჩოებში აქცევენ და სტერეოტიპებით ზრდიან...

- სტერეოტიპები ნამდვილად გვაქვს, მაგრამ ჩემს ოჯახში ასეთი სიტუაცია არ ყოფილა: ჩემთვის არასდროს უთქვამთ, ეს გოგოს საქმე არ არისო... 10-11 წლის ვიყავი, როდესაც სკოლაში კარატეს ჯგუფი გახსნეს და იქ სიარული გადავწყვიტე. იმ ჯგუფში ერთადერთი გოგო მე ვიყავი, მაგრამ ოჯახის წევრებს არ უკითხავთ - რატომ აირჩიე კარატე და არა ცეკვის გაკვეთილებიო?.. ჩემი გამზრდელი ბებია გეგეჭკორის ქალი იყო, იმასაც კი არ უთქვამს საყვედური, მიუხედავად იმისა, რომ ხშირად მიმეორებდა: რაც უნდა ბევრს მიაღწიოს, ქალი მაინც ოჯახითა და შვილებით ფასდებაო. ბებიამ, ლამარა გეგეჭკორმა ჩემს ცხოვრებაში გასაკუთრებული როლი შეასრულა. მისთვის პირველი შვილიშვილი ვიყავი და ძალიან ვუყვარდი. "ბაბალო" დავარქვი და მერე ათივე შვილიშვილი ასე ეძახდა. ოჯახში მე ვიყავი პირველი ქალი, რომელმაც თავისი მომავალი თავდაცვის სფეროს დაუკავშირა, მაგრამ არ მახსოვს, ამის გამო საყვედური გამოეთქვათ, სხვათა შორის, არც ბებიას.

- ამბობთ, რომ ადრე დაოჯახდით...

- მაშინ ასე არ ვფიქრობდი, მაგრამ ამ გადმოსახედიდან ძალიან ადრე გავთხოვდი. 20 წლის ვიყავი, როცა უკვე პირველი შვილი მყავდა. მეუღლე ჩემი კლასელი იყო, რომელსაც ბაღიდან ვიცნობდი. ისე მოხდა, რომ ყველაფერი ერთად მოვასწარი, მაგრამ ორმაგი შრომის და ძალისხმევის ფასად. უნივერსიტეტში სწავლა შვილის გაზრდის პარალელურად, ძალიან რთული იყო. მიუხედავად ამისა, თსუ მაინც წარჩინებით დავამთავრე. როგორ შევძელი? - ორმაგი თუ სამმაგი შრომის, უძილო ღამეების და მუდმივი სტრესის ფასად. ქალს ოჯახში ისედაც დიდი პასუხისმგებლობა აწევს და წარმოიდგინეთ, როცა ამას სწავლა, სამსახურიც ემატება. ახლა ორი შვილის დედა ვარ - ჩემი უფროსი გოგონა 23 წლისაა, ხოლო უმცროსი - 15-ის. ამავდროულად, ორ უნივერსიტეტში ვკითხულობ ლექციებს და პარლამენტის წევრიც ვარ. კარგად ვიცი, რა დონის ძალისხმევა უწევთ ქალებს, რომ პროფესიაში წარმატებას მიაღწიონ, რადგან ჩვენ ჯერ კიდევ ვერ მივაღწიეთ ქალისა და კაცის თანასწორობას ოჯახში: კარგად მახსოვს, როცა ჩვენს კლასში მშობელთა კრება იმართებოდა, იქ სულ დედები ისხდნენ, მამა მარტო ჩემთან და ერთ კლასელთან მოდიოდა, მაგრამ ეს არავის უკვირდა. კიდევ კარგი, დღეს უკეთესი მდგომარეობაა და სტერეოტიპები ნელ-ნელა ინგრევა, მაგრამ ქალებს მაინც სჭირდებათ მხარში დგომა, დახმარება.

iaragit-1690878720.jpg

- რამდენად რთულია ქალისთვის პოლიტიკაში ყოფნა?

- ქართულ პოლიტიკაში ქალის ყოფნა გაცილებით რთულია, ვიდრე თავდაცვის სფეროში, სადაც წლების განმავლობაში ვმუშაობდი. გამოგიტყდებით: ჩემთვის სამხედროებთან ურთიერთობა ყოველთვის უფრო ადვილი იყო, ვიდრე პოლიტიკოსებთან. ამ სფეროში ქალსა და კაცს შორის უთანასწორობა კიდევ უფრო მკაფიოდ ჩანს, რადგან პოლიტიკა ის სფეროა, სადაც უპირატესობა ყოველთვის მამაკაცებს ეკუთვნოდათ.

- ოდესმე გიფიქრიათ, რომ პარლამენტის წევრი გახდებოდით?

- საერთოდ, პოლიტიკასთან ახლოს ყოველთვის ვიყავი, რადგან დედა, ლია ბედოშვილი დისიდენტი იყო და აქტიურად მონაწილეობდა საბჭოთა კავშირის დაშლის პროცესში. მამა, დავით აქუბარდია ტელეკომპანია "კავკასიის" დამფუძნებელია. ჩემი მშობლები 9 აპრილის მონაწილეები იყვნენ, დედა იქ კიდეც მოიწამლა და ერთი წელი მკურნალობდა. ისინი ყოველთვის მონაწილეობდნენ მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში. დედა და მამა თავისუფალი არჩევანის უფლებას მაძლევდნენ. ერთადერთი რჩევა, რაც მახსოვს, აბიტურიენტობის დროს, მამისაგან მივიღე: სკოლა რომ დავამთავრე, არ ვიცოდი, სად ჩამებარებინა. ჰუმანიტარული საგნები კარგად ვიცოდი, მაგრამ ოჯახში მაინც ვიკითხე, საბუთები სად შემეტანა. 1996 წელი იყო, ჯერ კიდევ გვქონდა შუქის პრობლემა, ჩვენი ოჯახიც ე.წ. კერასინკაზე თბებოდა და მეცადინეობა ხშირად სანთლის შუქზე მიწევდა. შეიძლება ვიღაცას ეგონოს, რომ მამაჩემი ტელევიზიის დამფუძნებელი იყო და უკეთეს მდგომარეობაში ვიყავით, მაგრამ ასე არ ყოფილა... თანატოლების მსგავსად, პურის რიგშიც ვიდექი და ბევრი პრობლემა მქონდა, მაგრამ სწავლის გაგრძელება მაინც მინდოდა. მამაჩემმა მირჩია, ისტორიის ფაკულტეტზე ჩამებარებინა, ოღონდ, საერთაშორისო ურთიერთობების და დიპლომატიის ისტორიის მიმართულებაზე, რომელიც მაშინ ახალი გახსნილი იყო. მეც დავუჯერე და 1996 წელს თსუ-ში ჩავირიცხე. საკმაოდ კარგი განათლება მივიღე, რომელიც გამომადგა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში მუშაობის დროს. უნივერსიტეტის შემდეგ, მაგისტრატურა ინგლისში გავიარე საერთაშორისო უსაფრთხოების მიმართულებით. ოჯახისგან შეზღუდვა არც ამ დროს მქონია, მაგრამ თავისუფლებას ყოველთვის დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდებოდი.

- როდესაც პარლამენტში ჩხუბი და არეულობაა, თქვენ როგორ იქცევით - გარიდებას არჩევთ თუ ცდილობთ მოვლენების ეპიცენტრში იყოთ?

- როცა ჩვენს სკოლაში ჩხუბი იწყებოდა, გოგოები სულ ვცდილობდით გაგვეშველებინა. პარლამენტშიც ეს ფუნქცია ვიკისრე: ქალები შუაში ვდგავართ და ამ დროს, ჩვენ ირგვლივ ხელჩართული ბრძოლა მიმდინარეობს. რასაკვირველია, პარლამენტში ჩხუბი და დავიდარაბა მოსაწონი არ არის და არც პოლიტიკური კულტურის მაჩვენებელია. საწყენია, რომ თანამედროვე ქართულ პოლიტიკაში ფიზიკური ძალადობა ჩვეულებრივი მოვლენაა. მიმაჩნია, რომ ეს საზოგადოებაში დაუსჯელობის სინდრომს აძლიერებს.

- თუმცა, ზოგიერთი პარლამენტარი ამტკიცებს, ჩხუბს ხშირად ქალები იწყებენო...

- როგორ შეიძლება ხელჩართულ ჩხუბს ქალი იწყებდეს? - ქალს კონფლიქტის ჩახშობა შეუძლია და არა გაღვივება. პარლამენტარმა ქალებმა დიდი როლი შეასრულეს, როცა ხელისუფლება რუსული კანონის მიღებას აპირებდა. ამ კანონის უკან გაწვევა მეტწილად სწორედ პარლამენტარი ქალების დამსახურება იყო. მიუხედავად იმისა, რომ ქართულ პოლიტიკაში ქალის ყოფნა ადვილი არ არის, ჩვენ მაინც ვახერხებთ საქმე ვაკეთოთ. შევძელით, რომ ქალი პოლიტიკოსების მიმართ ნდობა გაზრდილიყო. კიდევ ერთ ასპექტს გამოვყოფ - პარლამენტარ ქალებს ერთმანეთთან თანამშრომლობა შეგვიძლია, ოპოზიციონერი ქალებიც უფრო ადვილად ვახერხებთ გაერთიანებას, ვიდრე მამაკაცები, ალბათ იმიტომ, რომ ჩვენში მამაკაცური "ეგო" არ არის. დაპირისპირებულ მხარესთან საუბარი, ნდობის აღდგენა და სამშვიდობო პროცესებში მონაწილეობა ქალებს რომ უფრო გვეხერხება, ამაში ალბათ, მკითხველიც დამეთანხმება.

- ალბათ, ყველა ქალი ყოფილა ასეთი არჩევანის წინაშე - ოჯახი თუ კარიერა... დათმობდით თქვენს კარიერას ოჯახის და სიყვარულის გამო?

- საბედნიეროდ, მე არ მყოლია ისეთი მეუღლე, რომელიც ამ მხრივ შემზღუდავდა. პირიქით, მხარს მიჭერდა. ჩვენ არ გვქონია სტერეოტიპული ოჯახი, სადაც ადამიანებს გენდერული ნიშნით ასხვავებენ. ჩემთვის წარმოუდგენელი და მძიმედ აღსაქმელია ოჯახური ძალადობის ფაქტები, რომელიც ჩვენ თვალწინ, 21-ე საუკუნეში ხდება! მით უმეტეს, რომ საქართველოში ქალის პატივისცემა ყოველთვის იცოდნენ. მიხარია, რომ ის კაცები, ვისთანაც მუშაობა მომიხდა, ყოველთვის მხარში მედგნენ და მამხნევებდნენ, განსაკუთრებით, როცა ახალბედა ვიყავი. წლების წინ, პარლამენტის თავდაცვის კომიტეტთან ვმუშაობდი, რომელსაც "ახალი მემარჯვენეების" ლიდერი დავით გამყრელიძე ხელმძღვანელობდა. მან, გიორგი თავდგირიძემ და აწ გარდაცვლილმა კახა კაციტაძემ ძალიან ბევრი რამ მასწავლეს. ამ ადამიანებს დღემდე ვემადლიერები, რადგან თავდაცვის საკითხებში ფანტასტიკური ცოდნა ჰქონდათ და ეს ცოდნა მეც გამიზიარეს.

studentebi-1690878735.jpg

- სოციალური ქსელებიდანაც ჩანს, რომ თქვენს ცხოვრებაში მოგზაურობას, ცხენოსნობას და სპორტს განსაკუთრებული ადგილი უკავია. ამის დროს როგორ პოულობთ?

- დედაჩემი ძალიან კარგი ცხენოსანი იყო და ხშირად დადიოდა იპოდრომზე. მისი გატაცება მეც გადმომედო და ახლა ცხენით სისტემატურად ვჯირითობ. ხშირად მივდივარ მთაში და ეს ჩემთვის განტვირთვის ყველაზე კარგი გზაა, ისევე, როგორც იარაღის გამოყენება. მიმაჩნია, რომ ქალს თავის დაცვა უნდა შეეძლოს, ამიტომ, კარგად ვისვრი და მიზანს ყოველთვის ვახვედრებ. შესაძლოა, ბევრმა არ იცოდეს, რომ ეს ძალიან კარგი თერაპიაა, იარაღის გამოყენების დროს დიდი ოდენობით ადრენალინი გამოიყოფა... რაც შეეხება სპორტს, ლისის ტბაზე ველოსიპედით ხშირად დავდივარ და ეს დასვენების საუკეთესო საშუალებაა. რომ არა განტვირთვის ეს ხერხები, ჩემთვის საქმიანობის გაგრძელება რთული იქნებოდა. მიყვარს მოგზაურობა და საქართველოს თითქმის ყველა კუთხე-კუნჭული მოვლილი მაქვს. შემიძლია დღის განმავლობაში 20 კილომეტრი გავიარო, ეს დიდ სიამოვნებას მგვრის. დროს როგორ ვპოულობ? - შოპინგს და დაქალთან ერთად კაფეში ჯდომას მირჩევნია, სადმე ბუნებაში, მთებში გავიდე და იქ დავისვენო. ამას არც დიდი ფული სჭირდება და არც ფუფუნება... ხშირად დამიძინია კარავში, საძილე ტომარაში. უდიდესი ბედნიერებაა, როცა კარვიდან გამოდიხარ და ულამაზეს მთებს, ხეობებს გადახედავ... იმედი მაქვს, რომ დადგება დრო, როცა ქართველი პოლიტიკოსები და თანამდებობის პირები, ევროპელების მსგავსად, სამსახურშიც ველოსიპედით ივლიან და ეს არავის გაუკვირდება.

- დაბოლოს, როგორ წარმოგიდგენიათ ჩვენი სამშობლო 15-20 წლის შემდეგ?

- ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რადგან ვიცი: საქართველოს ისტორიაში გაცილებით რთული პერიოდები ყოფილა. ყოველდღე ვხედავ ახალ თაობას, რომელიც ბევრად განათლებული და თავისუფალია, ვიდრე ჩემი თაობა მათ ასაკში იყო. მართალია, ბევრი გამოწვევა გვაქვს და ურთულეს გზაგასაყარზე ვდგავართ, მაგრამ მაინც მჯერა, რომ დადგება დრო, როცა ჩემი შვილები და შვილიშვილები ევროპულ ქვეყანაში იცხოვრებენ, როცა საქართველო მოწინავე სახელმწიფო იქნება და ბევრი ქართველი, რომელიც დღეს ემიგრაციაშია, სამშობლოში დაბრუნებას და აქ ცხოვრებას მოისურვებს.

ხათუნა ჩიგოგიძე