საქორწინო მოგზაურობა - უფროსების მეთვალყურეობის გარეშე გატარებული პირველი საზაფხულო არდადეგები
გადავწყვიტეთ, ზაფხულის არდადეგებთან დაკავშირებით, ბავშვობიდან პოპულარულ ირმა სოხაძესთან გვესაუბრა. თუ რის გამო სწყდება გული, სად ამჯობინებს დასვენებას და რატომ არ ყიდულობს სამოსს კონკრეტულ მაღაზიებში, ამ და სხვა თემებზე თავად ქალბატონი ირმა გვესაუბრება...
- ბავშვობიდან, ზაფხული ჩემთვის წელიწადის ყველაზე საყვარელი და ნანატრი დროა, რადგან პირველ რიგში, ცხელა - სიცივეს ვერ ვიტან. არდადეგებზე ჯერ მთაში, მივდიოდით, შემდეგ კი - ზღვაზე. ძალიან მიხაროდა... როცა გავიზარდე, არდადეგები შვებულებამ ჩაანაცვლა. ახლა უკვე შვილებთან და შვილიშვილებთან ერთად ვატარებ აგვისტოს: დაახლოებით 2 კვირით ზღვაზე მივდივართ. ეს დიდი სიამოვნებაა. ახალი წლის დღესასწაულებზე ვცდილობთ, მთელი ოჯახი ერთად ვიყოთ. ჩემი უფროსი ქალიშვილი - სალომე და მისი ოჯახი პრაღაში ცხოვრობს. ბოლო წლებში, მათთან ჩვენ ჩავდივართ. ძალიან კარგ დროს ვატარებთ, მაგრამ ახალ წელს პრაღაში თოვს, ცივა... სიცივე დისკომფორტს მიქმნის. ზაფხულს სულ სხვა სილაღე აქვს. სიცხის გამო, ზოგი ვერ იტანს, მე კი ერთი სული მაქვს, ზაფხულის მზიანი და თბილი ამინდი როდის დადგება.
- უფროსი ადამიანების მეთვალყურეობის გარეშე გატარებული პირველი არდადეგები გახსოვთ?
- მოსწავლეობის პერიოდში, ბანაკები სტუმრად მეპატიჟებოდნენ. თვე-ნახევარი იქ ბავშვებს ძალიან საინტერესო ცხოვრება ჰქონდათ, მაგრამ მამაჩემი კატეგორიულად, არსად მიშვებდა. ამიტომ მშობლების გარეშე პირველი არდადეგები საქორწინო მოგზაურობაში გავატარე. კონსერვატორიაში რომ ვაბარებდი, იმ დროს მთელი ოჯახი კიკეთში ვისვენებდით. ჩაბარების შემდეგაც, აგვისტო კიკეთში გავატარე. რეზო (ახლა უკვე ჩემი მეუღლე) ამოდიოდა, ვქეიფობდით, გადასარევ დროს ვატარებდით... პირველი კურსი რომ დავამთავრე, გავთხოვდი: 14 ივლისს დიდი ქორწილი გადავიხადეთ (ახლახან ქორწინებიდან 48 წელი შეგვისრულდა) - 3 დღე ვიქეიფეთ, შემდეგ კი ჯერ კიევში გავემგზავრეთ, მერე - ბულგარეთში, ლენინგრადში... საქორწინო მოგზაურობამ ზუსტად 2 თვეს გასტანა.
- მომდევნო წლებში, ზაფხულს როგორ ატარებდით?
- მაისში უკვე სალომე შეგვეძინა. ივლისის ბოლოს, 1 თვით კიკეთში წავედით... სანამ სალომე პატარა იყო, სულ მთაში ვისვენებდით. თან მახსოვს, ბავშვს ცოტათი ახველებდა და ექიმის რეკომენდაციით, ბაკურიანში, წინათ "მეოთხე სამმართველოს ტერიტორია" რომ ერქვა, იქ წავედით - კოტეჯები იყო. ჩასვლისთანავე სალომეს ხველამ გაუარა. იქ ხომ ფანტასტიკური მიკროკლიმატია, არა?.. კიდევ, ლიკანი ძალიან მიყვარდა - ხშირად ვსტუმრობდით. ხანდახან ზღვაზეც მივდიოდით... თავად, სანამ მცირე ასაკის ვიყავი, სულ აფხაზეთში ვისვენებდი. ბიჭვინთა ჩემი საყვარელი ადგილი იყო... რატომღაც, დასასვენებლად ჩემი შვილები აჭარაში მაშინაც დამყავდა, როცა აფხაზეთში ჯერ კიდევ ყველაფერი კარგად იყო. აფხაზეთი ჩემს შვილებს ნანახი არა აქვთ. ამის გამო, ახლა გული მწყდება... ბათუმში მამაჩემის და რეზოს მეგობრები გვეპატიჟებოდნენ და ზაფხულობით ბავშვები უფრო იქ დამყავდა... მას მერე, რაც დიდი უბედურება მოხდა და აფხაზეთი დაგვაკარგვინეს, ბათუმსა და შეკვეთილში დასასვენებლად უფრო ხშირად დავდივართ. ზაფხულში დასვენებისთვის ჩემი საყვარელი ადგილი გურიაა. წელსაც ვაპირებ, იქ დავისვენო...
- შვილებთან ერთად დასვენება კომფორტული იყო? სრულფასოვნად დასვენებას ახერხებდით?
- ჩემს შვილებს შორის ასაკობრივი სხვაობა 9 წელზე ცოტა მეტია. სანამ მხოლოდ სალომე მყავდა, ძირითადად, დასასვენებლად დედაც ჩემთან ერთად მოდიოდა, მაგრამ მაგალითად, ბაკურიანში მხოლოდ მე და სალომე ვიყავით, რადგან დედა შორს ვერ მომყვებოდა - ოჯახი მისახედი იყო... ბაკურიანში შაბათ-კვირას რეზო მაკითხავდა. ძირითადად, ლიკანში ვისვენებდი. იქ რას უნდა დავეღალე? სასადილო იქვე იყო. მხოლოდ ბავშვები უნდა გამესეირნებინა, მათთვის რაღაცები მომეყოლა... შვილებთან ერთად დასვენება ყოველთვის მიყვარდა და დღესაც მიყვარს. ჩემი ასაკის ქალები შვილიშვილებთან ერთად ვერ ისვენებენ, პირადად მე კი ნამდვილად არ მღლიან. ვერ მოვიტყუები, წყნარები არიან და ჩუმად სხედან-მეთქი, პირიქით - გიჟებივით დარბიან, ჩხუბობენ, ჭიდაობენ, ხანდახან გაშველებამდე და ხმამაღალ რეპლიკებამდეც კი მიდის საქმე, მაგრამ მათთან ყოფნა, დასასვენებლად წასვლა მსიამოვნებს. ახლა მე, უმცროსი ქალიშვილის ოჯახი და რეზო შეკვეთილში წავალთ, კარგ დროს გავატარებთ. ჩვენი მეგობრების სასტუმროს ვეწვევით. უკვე 12 წელია, ზაფხულობით მათთან დავდივართ.
- ჩემოდნის ჩასალაგებლად რამდენი დრო გჭირდებათ?
- ძალიან ცოტა, განსაკუთრებით - ზაფხულში. წინათ ჩემოდნის ჩალაგება უფრო ძნელი იყო, რადგან ბავშვების ჩანთაც უნდა ჩამელაგებინა. პატარები გაიზარდნენ, შვილიშვილებს კი ჩანთებს დედები ულაგებენ. ჩემი ნივთების ჩალაგება 15 წუთში შემიძლია. ჩემოდანში სულ 5-7 ნივთს ვდებ, მაგრამ შემიძლია 12 დღის განმავლობაში სხვადასხვა "ლუქი" მეცვას, რადგან ყოველთვის ერთმანეთთან კომბინირებული სამოსი მიმაქვს - ფერთა გამა ერთმანეთს კარგად ერწყმის... შარფები მიყვარს. შარფით ყოველთვის შეიძლება შავი ან თეთრი სადა სარაფანი გაახალისო. ისე, შავი და თეთრი ჩემი საყვარელი ფერებია, ასევე - შაბიამნისფერი, ფირუზისფერი, ყვითელი ტონები... ყოველთვის "მარტივად" მაცვია, განსაკუთრებით - ზღვაზე.
- ზღვაზე დროს როგორ ატარებთ? გართობის თქვენი სტილი იმ ადამიანებისას თუ ემთხვევა, ვისთან ერთადაც ისვენებთ?
- ემთხვევა თუ არა, ჩემთვის მნიშვნელობა არა აქვს. მაგალითად, ვგიჟდები, ზღვა ისე მიყვარს, ჩემი ოჯახის წევრებს კი აუზი მოსწონთ, თუმცა შვილიშვილები ჯერ ზღვაზე მოდიან, ნახევარი საათი ვიცურავებთო, მერე კი აუზზე მიდიან. მე "ზღვის ადამიანი" ვარ: თუ ზღვა არის, არავითარი აუზი არ მინდა. ამიტომ ჩვენი გართობის სტილი თუ ემთხვევა, გასართობად ერთად მივდივართ; თუ არ ემთხვევა, ჩემთვის ვარ... საერთოდ, უპრობლემო ადამიანი ვარ. ჩემი ოჯახის წევრებიც ასეთები არიან. მიმაჩნია, რომ ადამიანები დისციპლინით არ უნდა დაღალო, მით უმეტეს - დასვენებისას, მაგალითად, მოდი, სადმე აუცილებლად ერთად წავიდეთო. დასვენება გულისხმობს, რომ ყველაფრისგან უნდა დაისვენო: დისციპლინისგან, ჩარჩოებისგან, რუტინისგან... ამიტომ ყველა ისე ვისვენებთ, როგორც გვინდა.
- საზაფხულო გარდერობის განახლება გჩვევიათ?
- წლების განმავლობაში იმდენი ტანსაცმელი დამიგროვდა, რომ ყველაფერი მაქვს - ყველა ზომის, მოდელის... ექსტრავაგანტური სამოსი აქამდე არ ჩამიცვამს და ახლაც არ ჩავიცვამ (იცინის). ასე რომ, საკმაოდ კარგი გარდერობი მაქვს, სამოსის ხარისხითაც და რაოდენობითაც. შესაბამისად, თავს აღარ ვიწვალებ, რომ ზღვაზე წასასვლელად სპეციალური შოპინგი ჩავატარო. 2 ჩემოდანი მაქვს - ზაფხულის სარაფნებით, ტუნიკებით, პარეოებით... თუ რამე განსაკუთრებულად მომეწონება, ვიყიდი. ბევრი ბიუჯეტური მაღაზიაა. ძვირფას და "გაპრანჭულ" მაღაზიებში ფეხს არ ვადგამ, რადგან ძალიან ამორალურად მეჩვენება, რომ მაგალითად, ქვედაბოლოში 500 ლარი ან მეტი გადავიხადო. ზოგ მაღაზიაში სამოსს ისეთი მაღალი ფასები აქვს, მეცინება და გამოვდივარ. ტანსაცმელი საერთოდ რომ არ მქონდეს, ასეთ მაღაზიებში არ ვიყიდი. იმ თანხას ბევრად საინტერესოდ და სასარგებლოდ გამოვიყენებ, ვიდრე 1 კაბის ყიდვაა, რომელსაც ორჯერ ჩაიცვამ ადამიანი და შეიძლება, დაგავიწყდეს კიდეც, რომ გაქვს. ასე რომ, ტანსაცმელში ბევრი ფული არ უნდა გადავყაროთ - ესაა ჩემი დევიზი.
- ზაფხულში სადაქალოს ერთად დაგისვენიათ?
- რამდენჯერმე გოგოები ბათუმში, ჩემს სახლში 5 დღით წავიყვანე. ხანმოკლე "გასვლები" გვქონდა... 2-3 წლის განმავლობაში, ზაფხულობით, მე და რეზოს მეგობრების ცოლები (იგივე ჩემი მეგობრები) - მანანა და ლილიკო თურქეთში დასასვენებლად მივემგზავრებოდით ხოლმე. რეზო მოგვყვებოდა. მათ ქმრებს ამ ტიპის დასვენება არ უყვართ, რეზო კი ჩემსავით გიჟდება, ისე უყვარს მზე, ზაფხული, წყალი... მგონი, ერთხელ არ წამოგვყვა, მაგრამ ძირითადად, ჩვენი კომპანიონი ის გახლდათ. პირადად მე, ძალიან მიყვარს, როცა ვიღაცას მივყავარ და მოვყავარ, ყველაფერი ჩემი მოსაგვარებელი არ არის.
- განსაკუთრებულ საზაფხულო არდადეგებს ხომ არ გაიხსენებდით?
- ყველა ასაკს თავისი პეწი აქვს. სკოლის მოსწავლეობის პერიოდში კიკეთში ვისვენებდით, სადაც სახელმწიფო აგარაკები იყო. ქვედა კიკეთში, ერთ-ერთი აგარაკით ბაბუაჩემი სარგებლობდა წლების განმავლობაში. ზემო კიკეთში, სადაც ჩემი ბევრი მეგობარი ცხოვრობდა, კინოთეატრი იყო. საღამოობით იქ მივდიოდით. ეს მთელი რიტუალი და დიდი ცხოვრებისეული გამოცდილება იყო (იღიმის). ვერ ვიტყვი, რომ მშობლები კინოთეატრში ყოველდღე მიშვებდნენ, მაგრამ ხანდახან როცა კარგი ფილმი გადიოდა, გოგოები ვიკრიბებოდით და მივდიოდით... ზოგჯერ ბავშვობის შთაბეჭდილებებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, თუნდაც - პიროვნული, მსოფლმხედველობრივი ჩამოყალიბებისთვის, ურთიერთობებისთვის... 13-14 წლის მოზარდი, რომელმაც ჯერ ბევრი არაფერი ვიცოდი, კინოთეატრში მარტო მივდიოდი და მეგონა, სხვა ქალაქისკენ მივემართებოდი. არადა, 1 კმ უნდა გაგვევლო (იღიმის). უკან დაბრუნებული ჩაის გეახლებოდით, ბებო "ძილი ნებისას" მისურვებდა... მოკლედ, ზღაპრული ბავშვობა მქონდა. თან ჩემი კონცერტები გამუდმებით იმართებოდა და როგორ შეიძლება, ამით კმაყოფილი არ ვიყო? თუმცა, არც "დიდობა" მაქვს ნაკლებად საინტერესო (იღიმის)...
ეთო ყორღანაშვილი