"ამ თემაზე ლაპარაკი ადამიანებმა ტაბუდადებული და სამარცხვინო გახადეს" - გზაპრესი

"ამ თემაზე ლაპარაკი ადამიანებმა ტაბუდადებული და სამარცხვინო გახადეს"

მსახიობი ეთო გუგავა სერიალში - "ცვალებადი ნიშნები", რომელიც სტუდენტების ცხოვრებისა და თავგადასავლების შესახებ გვიყვება, ნენეს დედის როლს ასრულებს. სერიალში, აგრესიას იმ პერსონაჟის მიმართ ავლენს, ვის როლსაც თავისი რეალური შვილი - ნია გუგავა თამაშობს. ახლახან საზოგადოებაში "ცვალებადი ნიშნების" ერთ-ერთმა ეპიზოდმა დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია - მაყურებლების ნაწილი შემოქმედებით გუნდს ერის გარყვნაშიც კი ადანაშაულებდა... ჩვენთან ინტერვიუში ეთო იმ საკითხებზეც გულახდილად გვესაუბრა, რაც საზოგადოების ნაწილმა ხისტად მიიღო...

- სერიალში ჩემი მონაწილეობა ძალიან კომიკური ამბავია: ჩვენს სახლთან ძალიან ახლოს, სერიალის - "ცვალებადი ნიშნები" გუნდი ღამის სცენას იღებდა. ჩემს შვილს - ნიაკოს, რომელიც სერიალში ნატას როლს ასრულებს, მაღალქუსლიანი ფეხსაცმელები ეცვა. ღამის 2 საათი იყო, როცა მთხოვა, - გადაღებას მალე ვამთავრებთ. თუ შეგიძლია, სახლიდან რამე კომფორტული ფეხსაცმელი ჩამომიტანოო?.. როცა ჩავედი, ეპიზოდის გადაღებას ასრულდებდნენ. გავიცანი ბავშვებიც, რეჟისორიც... როდესაც ნენეს როლის შემსრულებელთან - ანუკი ბუბუტეიშვილთან ერთად ვიდექი და ვესაუბრებოდი - ერთმანეთს ვეცნობოდით, უცებ შევნიშნე, რომ რეჟისორი ცოტათი გაოცებული გვიყურებდა, შემდეგ კი - ჩვენკენ დაიძრა. დავიძაბე. ვიფიქრე, გადაღების დროს კადრში ხომ არ შევედი-მეთქი? მოვიდა და მკითხა, - სერიალში მონაწილეობა არ გინდათო? ჩემთვის მოულოდნელი შეკითხვა იყო. ვუპასუხე, - კი, რატომაც არა?! დიდი სიამოვნებით-მეთქი (იღიმის)... მეორე დღესვე დამირეკეს, კასტინგი გავიარე, 2-3 კვირის შემდეგ კი მაცნობეს, - აყვანილი ხართო. არ ვიცი, ამდენი დრო რატომ დასჭირდათ - უკვე იმედი გადაწურული მქონდა...

- ვინ არის თქვენი პერსონაჟი და თქვენთვის რამდენად საინტერესოა ამ როლის თამაში?

- ჩემი პერსონაჟი ნენეს დედაა. ეს როლი ჩემთვის მართლა საინტერესო აღმოჩნდა, რადგან მანამდე ჩემ მიერ განსახიერებული ყველა პერსონაჟი ძალიან მოწესრიგებული, გაპრანჭული, დახვეწილი, თანამედროვედ ჩაცმული ქალი გახლდათ. დრამატული როლი მართლა არასოდეს მითამაშია. ასე ვთქვათ, ამ ჟანრში დებიუტი მაქვს.

- ასეთი განსხვავებული როლი სამუშაოდ იოლი იყო?

- რთული იყო იმ თვალსაზრისით, რომ პასუხისმგებლობას ვგრძნობდი, როგორც საკუთარი თავის და ფილმის შემოქმედებითი გუნდის წინაშე, ასევე - ნიას მიმართაც. თავისთავად, გადაღებას ღელვა ყოველთვის ახლავს, მაგრამ ამ შემთხვევაში, ისიც დაემატა, რომ მინიმუმ, ჩემი შვილის "თამასა უნდა დამეჭირა" (იღიმის). გადაღებებზე ისე ვღელავდი, რომ გარკვეულ სიტუაციაში გავჩერდით კიდეც, რადგან ვგრძნობდი, ძალიან მიჭირდა - შიშმა ამიტანა. ავნერვიულდი - რაღაც ისე რომ ვერ გავაკეთო, როგორც საჭიროა? რომ ვერ შევძლო? როლის შესრულებას რამე არ დავაკლო ან გადავამეტო-მეთქი... კიდევ კარგი, იმ დროს ნიაკო გადასაღებ მოედანზე არ იმყოფებოდა...

- თქვენსა და ნენეს როლის შემსრულებელს შორის მსგავსებაზე მაყურებლებიც საუბრობენ... თქვენ შორის მსგავსება თავად როდის შენიშნეთ?

- პირადად მე, მსგავსებას დიდად ვერ ვხედავ, მაგრამ ჩვენ შესახებ ადამიანი იტყვის, - "ტიპაჟურად" ერთმანეთს ჰგვანანო. ვინმე რომ მოვატყუოთ, - დედა-შვილი ვართო, დიდად ეჭვს არ შეიტანენ (იცინის)... ღამით, როცა რეჟისორმა მე და ანუკის დედა-შვილის თამაში შემოგვთავაზა, მას მერე გავხედეთ ერთმანეთს "რაღაცნაირად" და დავაფიქსირეთ - ღამის 3 საათზე სოსოს ეს იდეა რატომ გაუჩნდა (იღიმის).

- თქვენი პერსონაჟი იმ გმირს ლანძღავს, რომელსაც თქვენი შვილი ასახიერებს, რაც მაყურებლების ხუმრობის საგანიც გახდა...

- კი, ჩემი პერსონაჟი მაქსიმალურად ცდილობს, თავისი ქალიშვილი არ გაუშვას, ცალკე ცხოვრების ინიციატორი კი ნატა გახლავთ, ვის როლსაც ჩემი შვილი თამაშობს. ამიტომ მის მიმართ მცირე აგრესიას "ვავლენ", რაც ძირითადად, სატელეფონო საუბრებისას ხდება. მომდევნო ეპიზოდებში, მე და ჩემი შვილი ერთმანეთს ვხვდებით. სცენარში ეს გათვალისწინებული არ იყო, მაგრამ რეჟისორმა ნამდვილ დედა-შვილს სადებიუტო კადრი გაგვიკეთა - მე და ნიაკო ერთად გამოვჩნდებით...

- ამ ეპიზოდის გადაღებისას როგორი განცდა დაგეუფლათ?

- ძალიან უცნაური. წარმოიდგინეთ, ორი გოგონა დგას. ერთი მათგანი ჩემი რეალური შვილია, მაგრამ თავად მეორე გოგონას დედის როლს ვთამაშობ. ჩემს რეალურ შვილს ჩემი პერსონაჟი ვერ იტანს, მაგრამ ეს დამოკიდებულება არ უნდა აგრძნობინოს (იცინის)...

- თუ სწორად ვიცი, პირველი შემთხვევა არაა, როცა ნიასთან ერთად ითამაშეთ, არა?

- უბრალოდ, ერთ სცენაზე ვმდგარვართ, მაშინ ნიაკო მცირე ასაკის იყო. არ მახსოვს, იმ სპექტაკლში ტექსტი ჰქონდა თუ არა...…

- "ცვალებად ნიშნებში", ია ფარულავასა და ნიას მონაწილეობით გადაღებულმა ეპიზოდმა, რომელშიც "ფეიკ" ორგაზმზე საუბრობენ, დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. ამ ეპიზოდის მიმართ თქვენი დამოკიდებულება როგორია?

- დედების იმ კატეგორიას არ მივეკუთვნები, რომელსაც მიაჩნია, რომ ამ თემაზე არ უნდა ისაუბროს. არ ვიცი, რატომ შეიქნა პრობლემა და ხალხი ამით რატომ გაოცდა, რომ სერიალში ბებია და შვილიშვილი სექსთან დაკავშირებულ თემაზე საუბრობენ. თუკი მამა-შვილს გარკვეულ ინტიმურ საკითხებზე საუბარი, მამას ვაჟისთვის რჩევა-დარიგების მიცემა შეუძლია, ქალს ამაზე საუბრის უფლება რატომ არ აქვს?! წინათ ბიჭი გარკვეულ ასაკს რომ მიაღწევდა, ბიძას ქალებთან უნდა "გაეტარებინა", რაც მაშინაც ცუდად მხვდებოდა ყურში... რატომღაც, ეს საქციელი დღემდე მიღებულია... რეალურად, სერიალში ნაჩვენებია, რომ ოჯახის წევრები ინტიმურ თემებზე ჩვეულებრივად საუბრობენ. ჩემთვის ამაში გასაკვირი არაფერია: ასეთ საკითხებზე მე და ნიაც ვსაუბრობთ. გამოცდილმა გამოუცდელს უნდა ასწავლოს, მოუყვეს, გამოცდილება გაუზიაროს, დაეხმაროს... ეს ნორმალურად მიმაჩნია. დიახ, სექსუალური განათლება ყველა მოზარდმა აუცილებლად უნდა მიიღოს, რომ თუნდაც, "ფეიკ" ორგაზმის პრობლემა მოიხსნის. კომპლექსების გამო, ადრინდელი თაობის წარმომადგენელ ქალებს ეს პრობლემა მასობრივად ჰქონდათ. რაც უფრო მეტი დრო გადის, ამ თემაზე ვსაუბრობთ, ვსწავლობთ, ვიგებთ, ვაანალიზებთ და კომპლექსებისგან ვთავისუფლდებით. პრობლემაც ნელ-ნელა გვარდება. არ მინდა, ჩემს შვილს და საერთოდ, გოგონებს ეს პრობელმა ჰქონდეთ. ნიასთან ასეთი თემები ჩვეულებრივად, "გახსნილი" მაქვს. მიმაჩნია, რომ სერიალშიც ზუსტად იგივეა ნაჩვენები: ბებია შვილიშვილს ეუბნება, რომ გოგონამ პრობლემა უნდა მოაგვაროს. თუ როგორ რჩევებს აძლევს - პარტნიორი გამოცვალე თუ ვიბრატორი გამოიყენეო, არ მესმის, რა პრობლემაა (იცინის)?! ადამიანმა ტყუილში რატომ უნდა იცხოვროს? ისეთ პარტნიორთან რატომ უნდა იყოს უბედური, რომელთანაც სრულყოფილი ურთიერთობა არ აქვს? სრულყოფილება ინტიმურ ცხოვრებასაც სჭირდება... კი, შეიძლება, საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა ეს ეპიზოდი ხისტად მიიღო, მაგრამ ეს სიხისტეც საჭიროა, რომ ამ თემაზე საუბარი ტაბუდებული აღარ იყოს.

- თქვენი მოზარდობის პერიოდში, ინტიმურ საკითხებთან დაკავშირებით, გოგონები რამდენად თავისუფლები იყავით? სწორი ინფორმაცია თავად როგორ მიიღეთ?

- ამ თემებზე საუბარი ჩუმად გვიწევდა, რომ შემთხვევით მშობლებს არ გაეგოთ, რადგან ასეთი საკითხები საზოგადოებაში აგრესიას ახლაც იწვევს, 90-იან წლებში კი განსაკუთებულად დიდი პრობლემა იყო. მახსოვს, 12-13 წლის ვიყავი. ჩვენი მეზობელი გოგონა ძალიან პატარა ასაკის გახლდათ, როცა გათხოვდა. მან თქვა, რომ "პირველი ღამის" ძალიან ეშინოდა, ეს რაღაც კოშმარი და უბედურება იყო... მის გარშემო შეკრებილები გაფაციცებული ვუსმენდით. ყველას შიში ჩაგვრჩა გონებაში. დიდი ბოროტებაა, რომ ამ თემაზე ლაპარაკი ადამიანებმა ტაბუდადებული და სამარცხვინო გახადეს - რაში გაინტერესებს? შენი საქმე არაა! გაიზრდები და გაიგებო... მიმაჩნია, რომ ასეთი დამოკიდებულება შეცდომაა. დარწმუნებული ვარ, ამის გამო ბევრმა ადამიანმა დიდი ტრავმაც მიიღო. "ფეიკ" ორგაზმების საფუძველიც ესაა: შიში, კომპლექსები... ვისაც უნდა, რომ იმ "ბნელეთიდან" ამოვიდეს, გარკვეული თემების გარჩევა სამარცხვინოდ არ უნდა მიაჩნდეს, მით უმეტეს - ოჯახის წევრებთან.

- შვილებთან ურთიერთობა როგორ წარმართეთ? მაგალითად, ფსიქოლოგთან კონსულტაცია ხომ არ გაიარეთ? ხომ არ გქონიათ რთული პერიოდები?

- ნიაკოსთან მცირე ასაკიდანვე მეგობრული ურთიერთობა ჩამომიყალიბდა. გარდა იმისა, რომ დედამისი ვარ, მისი მეგობარი, მესაიდუმლეც გახლავართ. ვეცადე, ნიაც ჩემი მესაიდუმლე გამხდარიყო: ჩემი თინეიჯერობის პერიოდის ამბებს, შეცდომებს, საიდუმლოებებს ვუყვებოდი, გამოცდილებას ვუზიარებდი... მინდოდა, მას საკუთარ შეცდომებზე კი არა, ჩემს შეცდომებზე, ჩემ მიერ მოყოლილი ამბების საფუძველზე ესწავლა... ნიაკომ ეს ინფორმაცია სწორად გამოიყენა. ასაკის მატებასთან ერთად, მეტ ინფორმაციას ვაწვდიდი. მის ცხოვრებაში ჩემ მიერ გაზიარებული გამოცდილებები გროვდებოდა. ორივე ისე შეხმატკბილებულად, კომფორტულად გავიზარდეთ, რომ ჩვენ შორის არ არსებობს საკითხი, რომელზეც არ გვისაუბრია; არ არსებობს, ჩემთვის რამე დაემალა ან შეკითხვის დასმის მორიდებოდა. ეს გამოცდილება უმცროს ქალიშვილთან - მელანიასთან ურთიერთობაშიც მეხმარება. ზუსტად იმავე გზით მივდივართ: ასაკის შესაფერის თემებზეც ვსაუბრობთ. რა თქმა უნდა, დღეს მოზარდებისთვის ყველა ინფორმაცია ხელმისაწვდომია. შესაბამისად, შეკითხვებსაც სვამს. მაგალითად, როდესაც ბავშვი დაინტერესდა, თუ რა არის ლგბტ თემი, ავუხსენი. მელანია უკვე 9 წლის არის და იცის, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ცხოვრებაში სხვადასხვა ინტერესი აქვთ, რაც ჩვეულებრივი ამბავია. მკვეთრი რეაქცია არ უნდა ჰქონდეს, როდესაც თუნდაც, ტრანსგენდერ ქალს დაინახავს - ნახე, ბიჭი კაბით დადისო! მან ყველა ადამიანს პატივი უნდა სცეს, როგორიც უნდა იყოს ის...

- სერიალში - "ცვალებადი ნიშნები" დედა-შვილი ერთმანეთის სამსახიობო ნამუშევარს როგორ აფასებთ?

- ნიასთვის ყველაზე დიდი და მოურიდებელი კრიტიკოსი ვარ. თუ რამეს შევამჩნევ, ნიუანსებს პირდაპირ ვეტყვი. სიმართლე გითხრათ, ასეთი ნიუანსები სერიალშიც ვეძებე, მაგრამ დიდად ვერაფერი ვიპოვე... როდესაც ჩემი მონაწილეობით გადაღებული სერია გამოქვეყნდა, ნია შინ არ იმყოფებოდა - გადაღებები ჰქონდა. სერიას გვიან ღამით უყურა. მისგან მესიჯი რომ მივიღე, მახსოვს, როგორ ნელა "გავხსენი", რადგან უკვე ზუსტად ვიცოდი, როგორ შემაფასებდა: ნიასაც არ მოერიდებოდა - რამე რომ არ მოსწონებოდა, მაშინვე მეტყოდა. ძალიან პირდაპირი ადამიანია, მით უმეტეს - ჩემ მიმართ. შემაქო, რამაც გამაბედნიერა და დიდი სტიმული მომცა (იღიმის)...

dsc6953-1690879227.jpg

- ხალხის არაერთგვაროვან გამოხმაურებებზე როგორ რეაგირებთ?

- აბსოლუტურად ყველა კომენტარი წაკითხული გვაქვს. თან, ამისთვის მე უფრო მეტი დრო მაქვს - ყველაფერს ვკითხულობ, მაინტერესებს... შეფასებებით მართლა აღფრთოვანებული ვარ. ნიაკოს სულ ვეუბნები, - როდესაც ქალს ქალები აღიარებენ, ეს ყველაზე დიდი მიღწევაა-მეთქი. უღრმესი მადლობა ყველას, რომ მისთვის საოცარ კომენტარებს არ იშურებენ. პირად შეტყობინებებშიც სულ სიყვარულს უხსნიან, ეფერებიან. აღნიშნავენ, თუ როგორი ლამაზი და ნიჭიერია... მცირე რაოდენობით კრიტიკული კომენტარებიც არის, მაგრამ უშუალოდ პერსონაჟის მიმართ...

- როგორ ფიქრობთ, თქვენ და თქვენი შვილი ამ სერიალში რომ არ მონაწილეობდეთ, დღეს "ცვალებადი ნიშნების" მაყურებელი იქნებოდით?

- კი!.. საერთოდ, ყველაფერ ქართულზე ვგიჟდები, ისე მიყვარს, რძის პროდუქტი იქნება, ხელნაკეთი ნივთები, ფილმი თუ სერიალი... როცა ნიას ასაკის ვიყავი, მაშინ საქართველოში კინოინდუსტრია არ არსებობდა. სულ ვოცნებობდი, ამ სფეროს განვითარება დაწყებულიყო... დღეს ყევლა ქართულ ფილმს ვუყურებ: დოკუმენტურს, მოკლემეტრაჟიანს, სერიალს და ა.შ. თავისთავად, "ცვალებად ნიშნებსაც" ვნახავდი, არ გამომეპარებოდა. საერთოდ, ისეთი ფილმები და სერიალები მიყვარს, სადაც სათქმელს თამამად ამბობენ...

ეთო ყორღანაშვილი