"გარეგნობის მიხედვით ადამიანზე მსჯელობა უღირსი საქციელია" - გზაპრესი

"გარეგნობის მიხედვით ადამიანზე მსჯელობა უღირსი საქციელია"

ის ყოველთვის მოხდენილი და პოზიტიურია, თავისი გადაცემებიდანაც დადებით ენერგიას ასხივებს... მომხიბვლელი ტელეწამყვანი ეკო ფანგანი თავის ცხოვრებაზე გულახდილად გვესაუბრება:

- ეკო, შესანიშნავ ფორმაში ხართ, როგორ ახერხებთ წონის შენარჩუნებას?

- მთელი საიდუმლო ჩემს გენეტიკაში იმალება: არასდროს მქონია ზედმეტი კილოგრამები. ჩემს მშობლებსაც კარგი აღნაგობა აქვთ და მეც, როგორც ჩანს, მათი გენეტიკა გადმომეცა. შესაძლოა არ დამიჯეროთ, მაგრამ არასდროს ვყოფილვარ დიეტაზე და არც საკვებში ვზღუდავ თავს. უბრალოდ, ინტენსიურად ვვარჯიშობ, განსაკუთრებით, ბოლო წლებში. ისე, ვისაც გახდომა და თავისი ფორმების შეცვლა სურს, მხოლოდ ვარჯიშით ფონს ვერ გავა - სწორ კვებაზე გადასვლა ყველაზე კარგი გამოსავალია - დიახ, სწორ კვებაზე და არავითარ შემთხვევაში, დიეტაზე!

- ყოველთვის მოხდენილად გამოიყურებით, ეს თქვენი ბუნებრივი მდგომარეობაა თუ არის დღეები, როცა მოდუნება გჭირდებათ?

- ეს ჩემი ბუნებრივი მდგომარეობაა. უბრალოდ, თავს არ ვაკადრებ, სადმე მოუწესრიგებელი წავიდე. რა თქმა უნდა, ადამიანი ვარ და მეც მაქვს პერიოდები, როცა მოდუნება და დასვენება მჭირდება, მაგრამ ჩემი სამუშაო ისეთია, სულ მოწესრიგებული უნდა იყო. ხშირად მიმყავს ღონისძიება და ამ დროს, რასაკვირველია, კარგად უნდა გამოვიყურებოდე. თმას არ ვიღებავ, თანაც, საკმაოდ მორჩილია და მისი მოვლაც არ მიჭირს. ტონალურ კრემს და მაკიაჟს ყოველდღიურად არ ვიკეთებ, თუ რა თქმა უნდა, ეთერში არ ვარ. ერთადერთი, რასაც ყოველდღიურად ვისვამ, არის ტუში, რადგან ჩემი წამწამები ღია ფერისაა. მუქი წამწამები თვალის ჭრილს უხდება, ამ დროს გამოხედვაც უფრო შთამბეჭდავია და თვალის ფორმაც ლამაზი ჩანს. აქედან გამომდინარე, ტუშს თითქმის ყოველდღე ვიყენებ, თუ ზღვის ნაპირზე ან აუზზე არ ვიმყოფები. შედარებით "მძიმე" კოსმეტიკას მაშინ ვისვამ, როცა ღონისძიებაზე მივდივარ ან ტელეეთერში ვზივარ. მაქვს პატარა კოსმეტიკური ჩანთა, რომელშიც ყველაფერს ვაწყობ და საჭიროების შემთხვევაში, მაკიაჟის გაკეთება დამოუკიდებლადაც შემიძლია.

- ბევრი ადამიანი გიცნობთ, როგორც მოდელს, თუმცა, თავად ამბობთ, რომ მოდელობა თქვენი ჰობია.

- არაპროფესიონალი მოდელი ვიყავი: ჩვენებებზე 2000-იან წლებში გამოვდიოდი და ამას ხალისით ვაკეთებდი. ასაკითაც პატარა ვიყავი, ამ სფეროში ყველას ვიცნობდი, დიზაინერები ჩემი მეგობრები იყვნენ და ეს მომწონდა. ჩვენებები ხან თბილისში იმართებოდა, ხან - ბათუმში, ერთხელ მოსკოვშიც წავედით, რადგან იმ წლებში ეს ჩვეულებრივი მოვლენა იყო - ქართველი მომღერლები, მსახიობები, მოდელები იქ ხშირად ჩადიოდნენ. მე თვითონაც, სიამოვნებით ვაწყობდი ჩვენებას. მართალია, ამ სფეროში საკმაოდ აქტიური ვიყავი, მაგრამ დღესაც ვამბობ, რომ ეს ჩემი ჰობი იყო. თავს პროფესიონალ მოდელს ახლაც ვერ ვუწოდებ, მიუხედავად იმისა, რომ როგორც ფოტომოდელი, დღემდე ვმუშაობ.

- რას ურჩევთ ახალბედა მოდელებს - რა თვისებებია საჭირო, რომ ამ სფეროში წარმატებას მიაღწიო?

- სამოდელო სფეროში სტანდარტები იმდენად შეიცვალა, რომ ვერაფერს გეტყვით. ადრე რაღაც პარამეტრები იყო აუცილებელი, ახლა ესეც შეცვლილია. ამიტომ, უფრო პიროვნულ თვისებებზე გავამახვილებ ყურადღებას: უპირველეს ყოვლისა, დამწყებ მოდელს თავდაჯერებულობა და მიზანდასახულობა უნდა ჰქონდეს, რადგან ახლა სახასიათო გარეგნობაა მოდაში: სულაც არ არის აუცილებელი, თოჯინასავით აწყობილი სხეული და სახის ნაკვთები გქონდეს. სხვათა შორის, მე არასტანდარტული გარეგნობის მოდელებიც ძალიან მომწონს.

- "არასტანდარტულში" რას გულისხმობთ?

- უპირველესად, სხეულის პარამეტრებს, რომელიც ადრე მკაცრად იყო დადგენილი. შეიძლება ქალს სტანდარტული სიმაღლე და წონა არ ჰქონდეს, მაგრამ ჩემთვის მომხიბვლელი იყოს. მართალია, ჭორი ამიგორეს, რომ ე.წ. პლუს ზომის მოდელები ცუდად მოვიხსენიე, მაგრამ ეს სიმართლე არ არის. ვინც ჩემს გადაცემებს უსმენს და თვალყურს ადევნებს, დამეთანხმება: სულ იმაზე ვლაპარაკობ, რომ თითოეული ადამიანი ინდივიდია და არ არის აუცილებელი ყველა ერთმანეთს დაემსგავსოს. თვით "ჰოლივუდშიც" კი, ძალიან ბევრი სავსე ფორმების მქონე მსახიობი საქმიანობს, მათთვის გარეგნობას ხელი არ შეუშლია წარმატების მიღწევაში. მთავარია, ადამიანმა თავის სხეულს მოუსმინოს და ჯანსაღი სილამაზე შეინარჩუნოს. დღეს მთელ მსოფლიოში პოპულარულია მოწოდება - "გიყვარდეს შენი სხეული". ის სტანდარტები თუ კლიშეები, რასაც თავს გვახვევენ, ჩემთვის მიუღებელია. მიმაჩნია, რომ ჩვენ თავისუფალი ადამიანები ვართ - ეს ეხება ჩვენს გრძნობებს, ცხოვრების სტილს, შინაგან სამყაროს და თუნდაც, ჩვენს მრწამსს. ვინც როგორ გრძნობს თავს კომფორტულად, ისე უნდა იცხოვროს და თუ არაფერს მიშავებს, ნებისმიერი ადამიანის მოწონება და შეყვარება შემიძლია. ჩვენ არ გვაქვს უფლება სხვები განვსაჯოთ, ხოლო გარეგნობის მიხედვით ადამიანზე მსჯელობა უღირსი საქციელია.

- ტელეწამყვანობაც თქვენი ჰობია თუ ეს არის პროფესია, რომელიც გიყვართ?

- 10 წელზე მეტია, ტელევიზიაში ვმუშაობ და როგორ შეიძლება ეს ჩემთვის გატაცება იყოს? ეს ჩემი საქმეა, რომელიც მართლა მიყვარს და სხვაგან ჩემი თავი უკვე ვეღარ წარმომიდგენია, მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო სამართლის სპეციალისტი ვარ და პარალელურად, ბევრი ჰობი თუ გატაცება მაქვს: ხან ლექსებს ვწერ, ამას წინათ პორტრეტები დავხატე და ეს ისე კარგად გამომივიდა, ყველა შოკში ჩავაგდე. 19 წლისა უკვე საკონსტიტუციო სასამართლოში ვმუშაობდი. ბევრი რამ მომწონს, მაგრამ მუსიკა - ყველაზე მეტად. შემიძლია ნებისმიერი ჟანრი მოვისმინო, რომელიც ჩემთვის მისაღებია. ბევრი პროფესიული კურსი მაქვს გავლილი, იტალიაში, უნივერსიტეტშიც ვსწავლობდი, სადაც იტალიური ენისა და კულტურის სპეციალისტის სტატუსი მივიღე. კარგა ხანს ვმუშაობდი პიარის მიმართულებითაც. მოკლედ, მრავალმხრივი ადამიანი ვარ. მთავარია, რაღაც მინდოდეს და მიზანს აუცილებლად მივაღწევ.

- ესე იგი, თქვენს ხასიათში სვანური სიმტკიცე ჭარბობს?

- მართლაც ასეა და სვანებზე ვგიჟდები! სვანეთი არის ადგილი, სადაც ჩვენი საგვარეულო სახლია, იქ ზაფხულში ყოველთვის ჩავყავდით მამას და ბაბუას. მართალია, თბილისში ცხოვრობდნენ, ჩვენც აქ დავიბადეთ და გავიზარდეთ, მაგრამ ცდილობდნენ, ფესვები არ დაგვეკარგა. ჩემთვის იქ გატარებული ყველა ზაფხული უბედნიერეს მოგონებად რჩება.

- კიდევ რა თვისებები გამოგყვათ სვანებისგან?

- სვანებს აქვთ ერთი უმნიშვნელოვანესი თვისება, რაც შეიძლება ადამიანს ჰქონდეს - ეს ერთგულებაა; თვისება, რომელიც ჩემში ბოლომდეა გამჯდარი. ჩემთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რამდენად ერთგულია ადამიანი თავისი მეგობრების, ოჯახის, საქმის და ქვეყნის, პრინციპების... ერთგულება მარტო თვისება კი არა, ღირსებაა, რომელიც ჩვენს გენეტიკაში ღრმად არის ფესვმოკიდებული: ბაბუაც ასეთი მყავდა, მამაჩემიც ასეთია და მეც მათ ვგავარ. ალბათ, ერთგულების ბრალია, რომ რაღაც ასაკის შემდეგ, მთაში ცხოვრებას ვაპირებ - წავალ ჩემს მშობლიურ კუთხეში და იქ ვიცხოვრებ. უკვე წარმოდგენილი მაქვს, როგორი იქნება ჩემი სიბერე: ალბათ შვილიშვილებს თხილამურებზე მდგომი შევხვდები, ბევრი ცხოველი მეყოლება და ცხენზე ჯირითსაც არ მოვიშლი. აი, ასეთი, ყოჩაღი ეკო ბებო ვიქნები (იცინის).

- რა ხდება ამჟამად თქვენს პირად ცხოვრებაში და როგორ უთავსებთ მას ყოველდღიურ რუტინას?

- ალბათ იცით, რომ პირადზე ხმამაღლა არასდროს ვსაუბრობ. საერთოდ კი, სიყვარულს ჩემს ცხოვრებაში ყველაზე დიდი ადგილი უკავია. აბა, რა აზრი აქვს ჩვენს ცხოვრებას სიყვარულის გარეშე? არ იფიქროთ, რომ მხოლოდ ქალისა და მამაკაცის სიყვარულს ვგულისხმობ, რადგან სიყვარული ყველაფერია. სიყვარულია ნებისმიერი ურთიერთობის საფუძველი. როცა ადამიანი ამ ქვეყნიდან მიდის, რას ტოვებს? - ვერაფერს სიყვარულის, ურთიერთობების და მოგონებების გარდა. ჩემს ცხოვრებაშიც არაფერია ისე მნიშვნელოვანი, როგორც ურთიერთობა მეგობრებთან, საყვარელ ადამიანთან, ოჯახის წევრებთან, ახლობლებთან და თუნდაც, კოლეგებთან.

- როგორ ფიქრობთ, ადამიანს ბევრი მეგობარი უნდა ჰყავდეს თუ რამდენიმე და ნამდვილი?

- მე ძალიან ბევრი მეგობარი მყავს და ყველა მათგანი დროში გამოცდილია. როცა ამბობენ, უმჯობესია, ერთი-ორი ნამდვილი და უღალატო მეგობარი გყავდესო, არ მესმის: მე ბევრი ნამდვილი მეგობარი მყავს და ამით ბედნიერი ვარ.

- როგორი დასვენება გიყვართ?

- ზღვაც მიყვარს და მთაც, ტყეც, ტბაც და მდინარეც... ერთნაირად მომწონს აქტიური და პასიური დასვენება. მაგალითად: გუშინ თბილისის ზღვაზე ვიყავი და მთელი დღე წყლის სკუტერით ვსრიალებდი. სადმე, ოკეანის პირას რომ ვცხოვრობდე, ალბათ, სერფერი ვიქნებოდი. მთაში რომ ვცხოვრობდე, ალბათ სულ ცხენით ვიჯირითებდი, მაგრამ ერთ რამეს აუცილებლად შევინარჩუნებდი - ყველგან ჯანსაღი ცხოვრებით ვიცხოვრებდი.

ek-1690879372.fangani_1.jpg

- როგორია ეკო ფანგანის "წარმატების ფორმულა"?

- ჩემი აზრით, "წარმატების ფორმულა" ასე ჟღერს: შრომა და მონდომება აუცილებელია, მაგრამ ზოგჯერ იღბალიც საჭიროა. არიან ადამიანები, რომლებიც ყველაფერს დიდი შრომის ფასად აღწევენ, მაგრამ არიან ისეთები, რომლებიც არც ისე ბევრს შრომობენ, არც იმდენად ნიჭიერები არიან, მაგრამ მიზანს მაინც აღწევენ - ისინი უბრალოდ, ბედნიერ ვარსკვლავზე გაჩნდნენ და თავიანთ საწადელს მალე აღწევენ. რაც უფრო მეტს შრომობს ადამიანი, მიზნის მიღწევა მისთვის უფრო ტკბილია. თუმცა, იღბალი და წარმატებაც კარგია.

- ესე იგი, მიზნის მიღწევა შრომის გარეშე ვერ წამოგიდგენიათ?

- რასაკვირველია: თავდაუზოგავი შრომა ყოველთვის იძლევა სასურველ შედეგს. როდესაც რაღაცას მარტივად აღწევ, იმდენად ვერ აფასებ და შეიძლება წარმატება ხელიდან გაგისხლტეს. ხომ გაგიგონიათ, ქარის მოტანილს ქარი წაიღებსო?! - ამიტომ, რაც უფრო მეტი შრომით მოდის წარმატება, მით უფრო სასურველი და ტკბილია ის. ამის მაგალითად "ცეკვავენ ვარკვლავები" უნდა მოვიყვანო - იქ რომ მივედი, ცეკვა საერთოდ არ ვიცოდი, ბავშვობაშიც კი არ მისწავლია, მაგრამ ბევრი ვიშრომე და რასაც მივაღწიე, ეს მოკლე ხანში შევძელი. ყოველთვის მჯეროდა და ახლაც მწამს, რომ ადამიანს ყველაფერი შეუძლია. შეიძლება რაღაც არ გავაკეთო, მაგრამ ჩემთვის არ არსებობს სიტყვა - "ვერ"...

ხათუნა ჩიგოგიძე