დათუნა მგელაძე დაძლეულ რთულ პერიოდზე, ადამიანების ენერგეტიკასა და მამობრივ სიყვარულზე - გზაპრესი

დათუნა მგელაძე დაძლეულ რთულ პერიოდზე, ადამიანების ენერგეტიკასა და მამობრივ სიყვარულზე

"როცა მომავალზე ვფიქრობ, ვფიქრობ ჩემს შვილზე, მის მომავალზე. მარტო რომ ვიყავი, მაშინ ვერც წარმოვიდგენდი, ოდესმე ამ სიტყვებს თუ ვიტყოდი. შვილი ყოფილა ყველაზე დიდი სიმდიდრე და ცხოვრების აზრი", - ამბობს მომღერალი დათუნა მგელაძე. რა პერიოდს ამოშლიდა საკუთარი ცხოვრებიდან, ვინ აყენებს მას ყოველთვის კარგ ხასიათზე, რა ესმის ყველაზე ხშირად საკუთარ თავზე და რის გამო იღებს საყვედურებს? - ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.

- დაბადების თარიღი...

- ...1986 წლის 16 ივლისი.

- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...

- ...ცნობილი მომღერალი. ეს ჩემი ოცნება იყო, რომელიც შეიძლება ითქვას, ავისრულე. ბავშვობიდან სცენაზე ვდგავარ და ვაკეთებ საქმეს, რომელიც მიყვარს.

- ჩემზე ამბობენ...

- ...რომ ვარ ცოტათი ჯიუტი, ფიცხი და ამავე დროს - კარგი მეგობარი.

- მართლა ჯიუტი და ფიცხი ხარ?

- ზომიერად, სულ ტყუილადაც არ იტყოდნენ.

- ცხოვრებას თავიდან რომ ვიწყებდე...

- ...იმავენაირად ვიცხოვრებდი, მხოლოდ 2007-2009 წლebის პერიოდს შევცვლიდი. ჩემი ცხოვრებიდან იმ წუთს და იმ წამს ამოვშლიდი, როცა საჭესთან დავჯექი და ავარიაში მოვყევი და ასე დაკარგულ 2 ძვირფას წელს დავიბრუნებდი. ჩემი დანარჩენი ცხოვრებით კმაყოფილი ვარ.

- ჩემი პირველი წარმატება იყო...

- ...2009 წელს, როდესაც ტრავმებისა და დაკარგული წლების შემდეგ, თითქოს იმედიც რომ იყო ამოწურული, გავედი და სცენაზე დავდექი. როცა ვფიქრობდი, ყველაფერი დასრულდა-მეთქი, თურმე ყველაფერი მაშინ იწყებოდა. ჩემი წარმატების გზა იმ პირველი სატელევიზიო ეთერიდან დაიწყო,

- ალბათ მაშინდელი განცდებიც გახსოვს, არა?

- ეს იყო ბედნიერება, საკუთარი თავი ვიპოვე.

- ჩემს წარმატებაში ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვით...

- ...ოჯახის წევრებს.

- ბედნიერი ვარ, რომ...

- ...დავიბადე, რომ მყავს ასეთი მშობლები, მეუღლე და შვილი, რომ ვაკეთებ საქმეს, რომელიც ყველაზე მეტად მიყვარს.

- ჩემი სავიზიტო ბარათია...

- ...ჩემი ბგერა და ჩემი ხმა.

- ყოველთვის მაქვს სურვილი...

- ...გავაკეთო სიკეთე, დავეხმარო ადამიანებს, ვისწრაფოდე წინ და წინ.

- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს...

- ...ადამიანების სიყვარული შემიძლია.

- თვისება, რომელიც არ მომწონს და ვცდილობ გამოვასწორო...

- ...ზოგჯერ წამიერი სიფიცხე მჩვევია. ხომ შეიძლება, ადამიანმა რაღაცები გაატაროს და არ აღელდეს, მე ეს არ შემიძლია. სულ ვცდილობ, თავი მაქსიმალურად შევიკავო, მაგრამ რობოტი ვერ გავხდები. თავს იმით ვიწყნარებ, რომ ეს უმიზეზოდ არასდროს ხდება.

- საკუთარ შეცდომებზე ვისწავლე...

- ...ისეთი რამ აღარ გავაკეთო, რაზეც ცხვირი ერთხელ უკვე წავიმტვრიე. საკუთარ შეცდომებზე გავიზარდე და ბევრ რამეს მივხვდი.

- პატიება შემიძლია...

- ...ნახევარ საათში (იცინის). უბოროტო, დაუგეგმავი, უნებლიე შეცდომების პატიება მარტივად შემიძლია.

- თავად პატიების თხოვნა, ბოდიშის მოხდა გიჭირს?

- თუ მივხვდი, რომ შემეშალა, ზღვარს გადავედი, ბოდიშის მოხდა პრობლემა არ არის.

- ბოლოს ბოდიში ვისთან ან რის გამო მოიხადე?

- (პაუზის შემდეგ) ვერ ვიხსენებ.

- როცა მომავალზე ვფიქრობ...

- ...ვფიქრობ შვილზე, მის მომავალზე. მარტო რომ ვიყავი, მაშინ ვერც წარმოვიდგენდი, ოდესმე ამ სიტყვებს თუ ვიტყოდი. შვილი ყოფილა ყველაზე დიდი სიმდიდრე და ცხოვრების აზრი. 2 წლის წინ იmaვე წინადადებას სულ სხვაგვარად დავასრულებდი.

- ვიბნევი...

- ...ხანდახან. ეს უმეტესად მაშინ ხდება, როცა სათანადოდ არ ვარ მომზადებული. ზოგჯერ ტექსტიც მავიწყდება, მაგრამ სხვა სიტყვებით ვანაცვლებ (იცინის) და დაბნეულობას იმწამსვე ვასწორებ.

- ამ წუთში ძალიან მინდა...

- ...ვიყო ჩემს ოჯახთან ერთად. გასტროლზე ვარ და ჩემი შვილის ჩახუტება, მოფერება მინდა.

- ...წონასწორობიდან ჩემი გამოყვანა შეუძლია...

- ...უსამართლობას, არასწორ მიდგომას. ადამიანი თვალებში რომ გიყურებს, რომ ჰგონია, სწორად გატყუებს და შენ ყველაფერს ხვდები. ამ დროს სრულიად უკონტროლო ვარ.

- შენი რეაქცია უხეშია?

- ძალიან პირდაპირი. აუცილებლად ვაგრძნობინებ, რომ სხვაგან მოხვდა.

- სიყვარული ეს...

- ...ყოფილა ყველაფერი. სიყვარულისთვის მოვევლინეთ ამ ქვეყანას.

- პირველად რომ შემიყვარდა...

- ...პატარა ვიყავი და დიდ ხანs არ მეძინა.

- ყოველთვის შეუძლია კარგ ხასიათზე დამაყენოს...

- ...ყველაზე უხასიათო დილით ვარ, როცა თვალებს ვახელ. ჩემი უხასიათობიდან გამომყვანი არის შვილი - ვატო, რომელიც გვერდით მიწევს. ის ჩემზე ადრე იღვიძებს. მე უჟმური თვალს რომ ვახელ და ის მიღიმის, კარგ ხასიათზე ვდგები. ცოტათი უხერხულია, შვილზე ამდენს რომ ვლაპარაკობ. ჯერ მხოლოდ 9 თვის არის, მაგრამ უზარმაზარია სიყვარული, რომელიც მისმა დაბადებამ მომიტანა, წარმოუდგენელია ავცდე და სხვაგვარად ვილაპარაკო.

- ვრისკავ...

- ახლა უფრო თავშეკავებულად, მაგრამ წარსულში დაუფიქრებლადაც არაერთხელ გამირისკავს. მადლობა ღმერთს, ხშირ შემთხვევაში მიმართლებდა. ახლა ყველაფერს გააზრებულად ვაკეთებ, სხვაგვარი პასუხისმგებლობა მაქვს.

- ჩემი ყველაზე დიდი სისუსტე...

- ...მიმნდობი ვარ.

- ამის გამო, ადამიანებს გული ხშირად უტკენიათ?

- უტკენიათ, მაგრამ ეს ხშირად არ მომხდარა. მჯერა, ცხოვრებაში რასაც გასცემ, სამყაროსგანაც იგივე გიბრუნდება.

- როცა საჯაროდ მაქებენ...

- ...ორნაირი განცდა მაქვს: სიხარულის და უხერხულობის.

- შიში მაქვს...

- ...არ მეგონა, XXI საუკუნეში, ადამიანები ისევ ერთმანეთის ხოცვას თუ დაიწყებდნენ. დღეს ეს ყველაფერი ძალიან მაშინებს.

- ხშირად მსაყვედურობენ...

- ...უყურადღებობის გამო.

- მართლა ასეთი ხარ?

- უყურადღებო არ ვარ, მაგრამ ზოგჯერ ასე ჩანს. ძალიან დიდი სამეგობრო წრე მყავს, მაქვს ჩემი პირადი საქმეები და ყველას რომ სიყვარული ვუზიარო, ზოგჯერ ამდენი დრო არ მაქვს.

- დღემდე ვერაფრით ვისწავლე...

- ...უცხო ენები ისე, როგორც საჭიროა, რომ ვიცოდე.

- ვიტყუები, როცა...

- ...არ მინდა ადამიანს ვატკინო. მატყუარა არ ვარ.

- დღემდე ვერაფრით გავბედე...

- ...და ალბათ ვერც ვერასდროს გავბედავ პარაშუტით გადმოხტომას.

- საქმის კეთების დროს, ყველაზე დიდი სტიმულია...

- ...აუდიტორია; ის მსმენელი, რომელიც ყოველი გამოსვლის დროს, ყველაზე დიდ ენერგეტიკას მაძლევს და "რესტარტს" მიკეთებს.

- ძალიან ბევრი ფული რომ მქონდეს...

- ...ბევრი ადამიანი იქნებოდა ბედნიერი. ვიმუშავებდი გენიალურ კომპოზიტორებთან, ხმის რეჟისორებთან, არანჟირების ავტორებთან, რომლებმაც ეპოქა შექმნეს და აუცილებლად დავუკვეთდი რამდენიმე სიმღერას ვიდეოკლიპიებით და ა.შ.

- როდესაც დაძაბული პერიოდი მაქვს...

- ...მოგზაურობა არის საუკეთესო გამოსავალი. აუცილებლად მეგობრებთან ერთად უნდა ვიყო. მარტოობა არ მიყვარს. ხალხთან ურთიერთობის გარეშე არ შემიძლია. ზაფხული იცი, რატომ მიყვარს? ადამიანებს ამ დროს უფრო ბედნიერი სახე აქვთ, დასასვენებლად დადიან, იღიმიან, კარგი ენერგეტიკა მოდის. ზოგი ერთობა, ზოგს ახალი შესაძლებლობები ეხსნება, ახალ ურთიერთობებს იწყებენ და ეს ენერგეტიკა ჩემთვის ძალიან საგრძნობია. როგორც ცუდ ენერგიას, ასევე კარგს მარტივად ვიღებ.

347140140-630348285634515-1497220889378486005-n-1691479213.jpg

- ყოველთვის ასეთი მგრძნობიარე იყავი?

- მთელი ცხოვრება ასეა. არ მიყვარს ქარი და ზამთარი. მიყვარს მზე, სითბო, ღიმილიანი სახეები.

- დაბოლოს, გეტყვით...

- ...გავუფრთხილდეთ ერთმანეთს. ბოროტება და შური დავივიწყოთ, რაც ცხოვრებას ამწარებს, ცხოვრება კი ძალიან მშვენიერია!

თამუნა კვინიკაძე