რა სიახლეა ანი ყიფშიძის პირად ცხოვრებაში და რატომ ეხვევა ხოლმე შარში უნებურად
ანი ყიფშიძემ ჟურნალის "გზა" მკითხველისთვის საზაფხულო არდადეგებზე ისაუბრა და პირად ცხოვრებასთან დაკავშირებული სიახლეც გაგვანდო...
- ჩემთვის ზაფხული ბევრ სიახლესთან ასოცირდება. რაღაცნაირად, თითქოს ამ დროს სამყარო ჩემთვის გაფერადებულია. საერთოდ, ზაფხული ძალიან მიყვარს. ამ სეზონზე თითქოს ყოველთვის, ჩემს ცხოვრებაში სიახლეები შემოდის - რაღაც ისეთი ხდება, რაც მამახსოვრდება...
- წელს ასეთი ამბები უკვე მოხდა?
- მაგალითად, ისეთი ხალხი გავიცანი, რომლებიც ჩემს სასურველ ადამიანებად შემიძლია მივიჩნიო. შეიძლება ითქვას, რომ იდეალური ზაფხულია.
- სად ისვენებ?
- ჯერჯერობით, ზაფხულს ბათუმში ვატარებ. კარგად ვერთობი. მეგობრულ გარემოში ვარ...
- დროს როგორ ატარებ, როგორ ერთობი?
- ზღვაზე დიდად არ გავდივარ. როგორც ყოველთვის, ღამის ცხოვრებით ვცხოვრობ. მივდივარ კლუბებში, ვცეკვავ, ბათუმის სილამაზეს ვათვალიერებ... სხვა რა შეიძლება, ადამიანმა ბათუმში გააკეთოს?
- გარუჯვა არ გიყვარს?
- არა. ჩემს კანს ვუფრთხილდები. მინდა ყოველთვის ახალგაზრდა ვიყო. არ მსურს, მზის სხივებმა ჩემი სილამაზე შეიწიროს.
- გარუჯვასთან დაკავშირებით, ყოველთვის ასეთი დამოკიდებულება გქონდა?
- კი. უბრალოდ, "პრაიმ ჰაუსში" ყოფნისას "ვინუჟდენში" ვიყავი, აუზზე გავსულიყავი (იცინის)...
- მოდის ტენდენციებს თვალყურს ადევნებ?
- როგორც ვიცი, წელს ღია ფერებია მოდური: ღია ვარდისფერი, თეთრი... ძირითადად, ტანსაცმელს დიზაინერები მიკერავენ. როგორც ყოველთვის, ჩემს ჩაცმულობაზე დედა ზრუნავს. რატომღაც, წელს გარდერობს ვარდები შევმატე - სამოსის ვარდებით გაფორმება მომწონს...
- როგორი სტილის საცურაო კოსტიუმს ამჯობინებ?
- ვერ ვიტან, როცა მუცელი დაფარული მაქვს, მაგრამ ყველანაირ საცურაო კოსტიუმს მოვირგებ, რადგან იდეალური სხეული მაქვს.
- კარგად ცურავ?
- ვცურავ, მაგრამ დიდ ტალღებთან თამაში უფრო მიყვარს... მაგარია!
- ცურვისას, ტალღებთან თამაშისას საფრთხეში აღმოჩენილხარ?
- არა, ზღვასთან დაკავშირებული ინციდენტი არ მომსვლია, რადგან იშვიათად შევდივარ... საფრთხეს რაც შეეხება, მაგალითად, პლაჟზე დაკარგული ბავშვი ტირილ-ტირილით მაშველებთან ბევრჯერ მიმიყვანია - მშობლებს შვილის პოვნაში დავხმარებივარ.
- ჩემოდნის ჩალაგება რამდენ ხანში შეგიძლია, რომ დასასვენებლად გაემგზავრო?
- თუ დედა გვერდით მყავს, შემიძლია, ჩემოდანი 15 წუთში ჩავალაგო, მაგრამ თუ დედა არაა, დილის 7 საათზე უნდა ავდგე, რომ დაახლოებით დღის 2 საათისთვის მზად ვიყო (იცინის).
- ბავშვობაში ზაფხულის არდადეგებს როგორ ატარებდი?
- მანგლისში, ბებოსთან და ბაბუსთან აგარაკზე მივდიოდი. თან მიმქონდა ტამტამი, რომელზეც ვუკრავდი ხოლმე. მერე, მეგობრები სახურავზე ტიტვლები დავწვებოდით, ვიღაც მეზობელი გამოვიდოდა და ვაბრაზებდით (იცინის)... ბებო და ბაბუ რომ დაიღლებოდნენ და მოვბეზრდებოდი, შემდეგ დედას 2 კვირით ურეკში მივყავდი. ჩვენი ყოველწლიური რუტინა ასეთი იყო... კიდევ, ბებოსთან (მამის დედასთან) თურქეთში მივდიოდი - 3 თვე იქ ვისვენებდი: ზღვაზე მივდიოდი, შინ დაღლილი ვბრუნდებოდი, ბებო მაჭმევდა, მასმევდა... საღამოს კლუბებში მივდიოდი... მაგრად ვერთობოდი. მერე, ხასიათის შესაბამისად, ავტომობილს ვქირაობდი და მანქანით ვსეირნობდი. ბევრი რამ ხდებოდა... მაშინ უკვე 17-18 წლის ვიყავი. 11 წლის როცა გახლდით, კომპიუტერთან ვიჯექი და ასე ვერთობოდი. ბებო გასართობ პარკებში წამიყვანდა ხოლმე... საერთოდ, "ხულიგანი", თავისუფალი ბავშვი ვიყავი: რაც მინდოდა, ყოველთვის იმას ვაკეთებდი და სადაც მინდოდა, იქ მივდიოდი, ვინც მინდოდა, მას ვემეგობრებოდი და ა.შ. ანსამბლთან ერთად, "პაეზდკებში" დავდიოდი...
- ეს რაღაც ახალი ინფორმაციაა შენს შესახებ...
- კი, 2 ანსამბლში - "შავნაბადასა" და "ილიონში" დავდიოდი. საქართველოს ფარგლებს გარეთ, პირველად სწორედ გასტროლით გავემგზავრე. ანტალიაში ვიყავით, სადაც სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებიც იყვნენ, მათ შორის - ოკუპანტი ქვეყნის. 10 დღეში ისე ვიმხიარულეთ და შევიყვარეთ ერთმანეთი, რომ დამშვიდობებისას, ჩვენი შემხედვარე პედაგოგები ამბობდნენ, - ეს ბავშვები ოკუპანტებს რომ აჩვენო, იტყვიან, - სიყვარული მართლა არსებობსო.
- პირველად დამოუკიდებლად როდის წახვედი დასასვენებლად?
- აი, თურქეთში, ბებოსთან... 17 წლიდან უკვე დამოუკიდებლად დასვენება და ცხოვრება დავიწყე. ბებო გვერდით მყავდა, მაგრამ მასთან კომუნიკაცია მოკითხვის დონეზე მქონდა. თუ რამე გამიჭირდებოდა, ჩემ გვერდით იყო, მაგრამ არ გამჭირვებია. თავისუფლად ვიყავი... ჩემი მშობლები და გარშემო მყოფები ყოველთვის ცდილობენ, ფეხი არსად წამოვკრა და თუ მაინც წამოვკარი, უცებ მიშველონ. ცოტათი შარიანი ვარ: წარმოიდგინე, გარეთ გავდივარ, არაფერს ვაშავებ, მაგრამ შარი თავად მოდის, დედას გეფიცები!..
- მაგალითად?
- ერთხელ ქუჩაში მივდიოდი. ტიპი მომიახლოვდა, - იცოდე, გოგო დაგვიბრუნე, თორემ არ ვიცით, რას გიზამთ! მთელ ოჯახს ამოგბუგავთო!.. აღმოჩნდა, რომ ვიღაც გოგო გაიტაცეს, მე კი ვიღაცაში ავერიე - ეგონათ, იმ საქმეში ვიყავი... ანუ შარი თავისით მოვიდა, რა (იცინის)!..
- ანი, საერთოდ, ზაფხულობით დასვენებას სად ამჯობინებ?
- სადმე ისეთ ადგილას, სადაც სიწყნარეა, მაგალითად - ბათუმში. სადაც უნდა წავიდე (გინდა მთა იყოს, გინდა - ზღვა), მთავარია, სიწყნარე, სიმშვიდე იყოს, ტვინს არავინ ბურღავდეს...
- ბათუმში ბევრი ტურისტია?
- ტურისტები არიან, მაგრამ აგვისტოში მეტი ჩამოვა. იტყუება, ვინც ამბობს, - შავ ზღვაში ადამიანის ხელები და ფეხები დაცურავსო. რეალურად, ძალიან სუფთა წყალია - მედუზებს ვხედავ... უცხოელები აქ ისვენებენ - იციან, კარგი რა არის, მაგრამ ქართველები შეშინებულები არიან და არ ჩამოდიან.
- თავად შავი ზღვის დაბინძურების საფრთხის შესახებ ინფორმაციამ თავდაპირველადაც არ შეგაშინა?
- ხომ იცი, რაღაცებს წინასწარ ვგრძნობ ხოლმე, არა? დარწმუნებული ვიყავი, რომ ბათუმში არაფერი "ისეთი" არ იყო, რადგან ისე გამოდის, რომ ღმერთი ყოველთვის კარგ ადგილას მიშვებს.
- ზაფხულის არდადეგებს შვილთან ერთად არ ატარებ?
- ახლა - არა, მაგრამ ნატალისთან ერთად, ზაფხულის 1 თვეს აუცილებლად გავატარებ. ალბათ ურეკში წავიყვან. ბებოსთან, თურქეთშიც წამიყვანია. ბავშვებისთვის იქ ბევრი გასართობი ცენტრია. დავსეირნობთ ხოლმე, რაღაცებს ვათვალიერებთ, ზღვაზე, აუზზე ვერთობით, ბოულინგს ვთამაშობთ...
- ბავშვთან ერთად დასვენება შენთვის კომფორტულია?
- ნატალი ჩემი ნაწილია. ურთიერთობაში ჰარმონია და კომფორტი გვაქვს. ერთმანეთს ვუგებთ. მეგობრულად ვცხოვრობთ.
- დასვენებისას ყურადღების ცენტრში ყოფნა დისკომფორტს არ გიქმნის?
- სიმართლე გითხრა, ჩემ მიმართ საზოგადოებას ისეთი გულთბილი დამოკიდებულება აქვს, რომ დისკომფორტი ვერანაირად ვერ შემექმნება და აგრესიული ვერ ვიქნები. მოდიან და მეუბნებიან, - ძალიან გვიყვარხარ, მაგარი ქალი ხარო (იცინის)... ბედნიერი ვარ, რომ ხალხს ვუყვარვარ. ფეხი რომ გადამიტრიალდეს, გულგრილად არ დამტოვებენ...
- უცხოეთში დასვენებაზე რას გვეტყვი?
- ავიაკომპანიებისგან შემოთავაზებები მაქვს, რის გამოც, გინდა თუ არა, უცხოეთში დასასვენებლად უნდა წახვიდე ადამიანი, მაგრამ მოგზაურობა და მასთან დაკავშირებული თემები ძალიან მეზარება, არ შემიძლია... ბათუმში ჩამოსულიც იმას ვფიქრობ, თბილისში დაბრუნებისას ბარგის ჩალაგება როგორი ტვინის ბურღვაა... ყველაფერი მზამზარეული "მევასება". იმედია, ტელეპორტაციის დანერგვას მოვესწრები (იცინის).
- საკურორტო რომანებზე რას გვეტყვი?
- საერთოდ, რომანტიკის გარეშე ხომ ლამაზი ვერ ვიქნები, არა? როცა გიყვარს, ლამაზი ხარ, თვალები გიბრწყინავს, ბედნიერი ხარ... ახლა სიყვარულის ბუშტი ძალიან გამისკდება, რა გინდოდა (იცინის)?!.
- შეყვარებული ხარ?
- არა, "შევასებული" ვარ (იცინის).
- ეს "შევასება" ზაფხულში დაიწყო?
- არა, არა... ძალიან კარგი, "გამგებიანი" ურთიერთობაა. მგონია, ამ ადამიანს იმაზე დიდი ხანია ვიცნობ, ვიდრე აქამდე ვინმეს ვიცნობდი (იღიმის)...
ეთო ყორღანაშვილი