"თავს ვალდებულებას არ ვუყენებ, რომ აუცილებლად ურთიერთობაში ვიყო"
სახელი, გვარი: ერეკლე გირგვლიანი.
ასაკი: 25 წლის.
განათლება: დაამთავრა ქორეოგრაფიული სასწავლებელი კიევში, საქართველოში კი - ბიზნესის ფაკულტეტი.
ამჟამინდელი საქმიანობა: მოცეკვავე.
განტვირთვის საუკეთესო საშუალება: ფსიქოლოგიური ჟანრის წიგნების კითხვა.
- წარმოიდგინე, რომ არავინ გიცნობს. საზოგადოებას საკუთარ თავს როგორ წარუდგენ - ვინ ხარ?
- უბრალო ადამიანი, მოცეკვავე, რომელიც თავის საქმეზე შეყვარებულია.
- დღის რომელ მონაკვეთში ხარ უფრო მეტად ენერგიული, შრომისუნარიანი?
- დილით ადრე ადგომაზე ვგიჟდები, ისე მიყვარს, რადგან ამ დროს გაცილებით პროდუქტიული ვარ. ცოტათი არ მესმის იმ ხალხის, ვინც შუადღემდე ძილს ამჯობინებს.
- დღე-ღამეში რამდენი საათი გძინავს?
- მაქსიმუმ - 4-5 საათი. ვიცი, რომ ეს ცუდია, მაგრამ სხვაგვარად ვერ ვახერხებ. სხვათა შორის, ენერგია მყოფნის. ჩემს რეჟიმს შევეჩვიე და სხვაგვარად არც შემიძლია: თუკი ისე ხდება, რომ კონკრეტულ დღეს უფრო მეტხანს ძილის საშუალება მაქვს, მაინც ადრე ადგომას ვამჯობინებ.
- შენი ხასიათის რომელი თვისება გეამაყება?
- უპირველეს ყოვლისა - შრომისმოყვარეობა, რადგან ცეკვის სფეროში, ჩემი აღმავლობის 2-წლიან პერიოდში არასდროს ვყოფილვარ ისეთი ნიჭიერი, როგორიც - ის ხალხი, ვინც მიზნის მისაღწევად ჩემთან ერთად იბრძოდა, მაგრამ ვფიქრობ, ჩემი შრომისმოყვარეობით შევძელი, დაახლოებით ის გამეკეთებინა, რისი გაკეთებაც მინდოდა.
- ბოლოს შენიშვნა ვისგან და რის გამო მიიღე?
- კონკრეტულ ფაქტს ვერ დავასახელებ, მაგრამ აუცილებელია, ჩემს ცხოვრებაში ადამიანს "დიდი წონა" ჰქონდეს, რომ მისგან შენიშვნა მივიღო. საერთოდ, ისეთი ხასიათი მაქვს, რომ მაინც ზუსტად ისე ვიქცევი, როგორც მინდა. რა თქმა უნდა, ცეკვის სფეროში ქორეოგრაფისგან, ვინც მავარჯიშებს, შენიშვნის მიღება სხვა საკითხია, მაგრამ ცხოვრებისეულ შენიშვნებს დიდად არ ვიღებ. საერთოდ, რჩევებს იმათგან ვიღებ, ვისაც ჩემზე მეტად გამოცდილად მივიჩნევ. მათი აზრი იმისთვის მჭირდება, რომ განვვითარდე.
- როცა გეფლირტავებიან, როგორ იქცევი?
- ფლირტზე ვგიჟდები! თუ იმ ადამიანთან მეც კომფორტულად ვგრძნობ თავს, ჩემგანაც ადეკვატური, შესაბამისი რეაქცია "მიდის".
- როცა არასასურველი ადამიანი გეფლირტავება?
- ვცდილობ, იმ ადამიანს მხოლოდ ის მეგობრული აურა შევუქმნა, რომელსაც მის მიმართ ვგრძნობ.
- ზაფხულის არდადეგების გასატარებლად, შენი საყვარელი ტურისტული ადგილი რომელია?
- საერთოდ, მზეზე, პლაჟზე ვგიჟდები! მთაზე მეტად, ზღვა მიყვარს. ყველაფერი, რაც ნამზეურთან, კარგ ამინდთან, მზესთან, პალმებთან ასოცირდება, მომწონს და ამიტომ, ზღვისპირა გარემოს ავირჩევ, სადაც მთელი ჩემი სხეული და ფსიქიკა დაისვენებს.
- ამ ზაფხულს უკვე დაისვენე?
- დასვენება დიდად არ მხიბლავს, რადგან ასეთ სიტუაციაში კომფორტულად არასდროს ვარ. მაქსიმუმ, 3 დღე დავისვენო, შემდეგ უკვე სამუშაო პროცესში დაბრუნება და იმ ყველაფრის გაკეთება მინდა, რომ ჩემი თავის საუკეთესო ვერსიად ჩამოვყალიბდე. ვიცი, დასვენება აუცილებელია. ამ მხრივ, საკუთარ თავთან სამუშაო მაქვს... 1 თვე საქართველოში არ ვყოფილვარ. საქმიანი ვიზიტით საზღვარგარეთ გახლდით. დასვენება დიდად ვერ მოვასწარი და ჯერჯერობით, არც ვგეგმავ. მინდა, ის საქმეები მოვაგვარო, რაც ამ 1 თვის მანძილზე დამიგროვდა...
- რომელია შენი საყვარელი კერძი?
- ბურგერები ძალიან მიყვარს! ტურნირების გამო, საზღვარგარეთ გამგზავრება ხშირად მიწევდა. ბურგერი ყველა ქვეყანაში გასინჯული მაქვს, სადაც ვყოფილვარ. ასეთ "ღორულ" საჭმელზე ვგიჟდები (იცინის)!.. აქვე აღვნიშნავ, რომ დიდად მჭამელი არ ვარ: მაქსიმუმ, დღეში ერთხელ ჭამას თუ ვახერხებ...
- რომელი ზებუნებრივი ძალის ფლობას ისურვებდი?
- ტელეპორტაციის უნარს, რადგან დროის დახარჯვა არ მიყვარს - ყოველ წუთს და წამს ვაკონტროლებ. შესაბამისად, იმ დროის დაზოგვის საშუალება თუ იარსებებს, რაც 1 ადგილიდან მეორემდე მისვლას სჭირდება, საუკეთესო იქნება!
- ოდესმე საკუთარ შესაძლებლობებზე მცდარი წარმოდგენა შეგქმნია?
- კი, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრჯერ. ვფიქრობ, ყველა ადამიანს, ვინც ვითარდება და იმ გზას გადის, რომელსაც წარმატების საბოლოო წერტილამდე მიჰყავს, შინაგანი თავდაჯერების პრობლემაც აქვს ხოლმე. განვითარებისთვის მებრძოლი ადამიანისთვის წარმატების გზაზე შემხვედრი ნეგატიური გამოცდილებები საკმაოდ ფასეული და საჭიროა. ამიტომ, შინაგანი არასრულფასოვნების განცდა მეც მქონია. მგონია, რომ საერთოდ, ადამიანები ყოველთვის ნეგატიური გამოცდილებებიდან ვსწავლობთ და არა - პოზიტიურიდან. ნეგატიური გამოცდილება გამახსოვრდება, შენს გონებაში რჩება და ფიქრობ, რა უნდა გააკეთო ისე, რომ მსგავსი რამ აღარ განმეორდეს, პიროვნულად გაიზარდო...
- ახლობლები რა მეტსახელით მოგმართავენ?
- საერთოდ, მოფერებითი სახელები არ მიყვარს. შეიძლება, ჩემი აკრძალვების გამო, მეტსახელი არ მაქვს. შემოკლებით "ეკეს" მეძახიან, სულ ესაა.
- კმაყოფილების განცდა ბოლოს რის გამო დაგეუფლა?
- მაშინ, როცა მე და ბაბიმ "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გავიმარჯვეთ. ყოველთვის თვითკრიტიკული ვარ, მაგრამ იმ დროს ვიგრძენი, სიამაყის გრძნობამ ამავსო, რადგან თავად სეზონი რთული იყო - ყველაფრის გაკეთება მოცეკვავეებს გვიწევდა (ქორეოგრაფიაზე, ვიზუალზე ზრუნვა, დრამატურგია)... ამ პროცესში, ყველაზე მეტად ის გამიხარდა და მესიამოვნა, რომ პროექტის მსვლელობისას, საკუთარი შესაძლებლობების ზღვარს იქით გადავედი - ბევრი ისეთი რამ მოვსინჯე, რაც მანამდე ჩემში "ჩაყუჩებული" იყო ან არ ვფიქრობდი, რომ ეს შემეძლო, მაგრამ საბოლოო ჯამში გამარჯვებით დაგვირგვინდა. ამ დროს თვითკმაყოფილების კი არა, სიამაყის გრძნობამ ამავსო...
- შენ და ბაბი ურთიერთობას აგრძელებთ?
- კი, ძალიან კარგი მეგობრები ვართ.
- დროში მოგზაურობა შესაძლებელი რომ იყოს, რომელ ეპოქას აირჩევდი?
- ალბათ - 80-იან წლებს, რადგან ამ დროის "ვაიბი" მომწონს.
- ადამიანებს ადვილად უმეგობრდები?
- კი. ახლა უფრო ადვილად ვუმეგობრდები. სხვათა შორის, ამაში "ცეკვავენ ვარსკვლავებმა", ხალხის დაფასებამ და გარკვეული დოზით პოპულარობამ დიდი როლი ითამაშა. ამან თავდაჯერება შემმატა. შესაბამისად, ურთიერთობებში, თუნდაც - მეგობრულში, შესვლის პროცესი გამიადვილდა. ჩემს ცხოვრებაში იყო პერიოდები, როცა ეს ყველაფერი მიჭირდა, დიდად კომუნიკაბელური არ ვყოფილვარ...
- როგორ ფიქრობ, ადამიანს შეუძლია, მეორე ნახევრის გარეშე სრულფასოვნად ბედნიერი იყოს?
- კი, 100%-ით შეუძლია. რა თქმა უნდა, ის გამოცდილებები საჭიროა, რომელსაც საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში იღებ, მაგრამ ეს რაღაც დოგმა და აუცილებლობა არ არის, რომ სრულფასოვანი, ჩამოყალიბებული და განვითარებული ცხოვრება გქონდეს.
- გყავს მეორე ნახევარი?
- ალბათ, ცხოვრებაში ისეთი ეტაპი მაქვს, რომ მინდა, მაქსიმალურად ჩემს თავზე ორიენტირებული ვიყო და ყველაფერი გავაკეთო, რაც ჩემს ადამიანურ, პროფესიულ რესურსს შეუძლია; იმაზე ორიენტირებული არ ვიყო, რომ "ვიღაც" ვეძებო. უბრალოდ, მსურს, ის საქმე ვაკეთო, რაც მიყვარს, პროცესს მივყვე და ალბათ, "სწორი" ადამიანი საჭირო დროს საჭირო ადგილას გამოჩნდება. ერთადერთი, რაშიც დინებას მივყვები, ესაა - არავის ვეძებ და ჩემს თავს ვალდებულებას არ ვუყენებ, რომ აუცილებლად ურთიერთობაში ვიყო.
- ცხოვრების ამ ეტაპზე, შენს მთავარ მიღწევად რას მიიჩნევ?
- იმ სირთულეების გადალახვას, რომელიც ჩემს ცხოვრებაში იყო და ამის მიუხედავად, ენთუზიაზმის შენარჩუნებას იმ საქმისადმი, რომელსაც ვაკეთებ და იმ პიროვნული თვისებებისადმი, რომელიც ჩემთვის უმნიშვნელოვანესია. როგორც აღვნიშნე, ნეგატიური გამოცდილებები აუცილებელი და მთავარია, რომ არჩეულ გზას არ გადაუხვიო და არ ეცადო, რაღაც როლი მოირგო - იყო ის, ვინც ხარ და პიროვნულად განვითარდე...
- საქართველოში არსებული სტერეოტიპებიდან განსაკუთრებულად რომელი გაღიზიანებს?
- მგონია, "ცეკვავენ ვარსკვლავებმა" დიდი როლი ითამაშა, რომ ჩვენს სპორტში - სამეჯლისო-სპორტული ცეკვების სფეროში - კაცის ქალურობასთან დაკავშირებული სტერეოტიპი გამქრალიყო. ეს სტერეოტიპი სრულ აბსურდად მიმაჩნია. ვერ ვიტყვი, ვღიზიანდებოდი-მეთქი, - ჩვენი მენტალიტეტის გამო, გასაგები იყო... ჩემი აზრით, მაყურებელიც კარგად ხედავს და ამჩნევს, რომ ერთ-ერთი ყველაზე მამაკაცური და სექსუალური სპორტია.
- საკუთარი გვარ-სახელი "დაგიგუგლავს"?
- კი, სხვათა შორის (იცინის). ეს "ცეკვავენ ვარსკვლავებში" მონაწილეობამდეც გამიკეთებია და შემდეგაც. რადიკალურმა სხვაობამ ჩემში სიამაყის პატარა შეგრძნება გააღვიძა. სუპერვარსკვლავი არ მგონია თავი, რა თქმა უნდა - ჩვეულებრივი ადამიანი ვარ, რომელიც კიდევ და კიდევ ვითარდება...
- როგორი გოგო ვერ იქნება შენ გვერდით ვერასდროს?
- აუცილებელია, ურთიერთობაში ორივე ადამიანი თანაბრად ინაწილებდეს ზრუნვის, გვერდით დგომის და ბევრ სხვა პასუხისმგებლობას. ურთიერთობაში ჩემთვის უმნიშვნელოვანესია მხარდაჭერა, სულიერი თანადგომა, რომელიც ჩემი აზრით, ორივე პარტნიორს სჭირდება. ურთიერთობა ვერც ჩამოყალიბდება, თუკი ის ზედაპირული იქნება. ჩემი ხასიათიდან გამომდინარე, უფრო სიღრმისეულ ურთიერთობებს ვეძებ, რომელშიც მხოლოდ ვნებასა და უბრალო ვიზუალურ აღქმაზე დაფუძნებული შეხედულებები არ იქნება. ამიტომაც პარტნიორს ვიზუალურად არასოდეს ვარჩევ: თუ სულიერად მიზიდავს, მასთან თავს კომფორტულად ვგრძნობ, ყველაფერი კარგადაა. მოკლედ, მთავარია, ურთიერთობაში ორივემ კომფორტულად ვიგრძნოთ თავი...
- ცხოვრებაში შენს ქმედებებს რა მთავარი ფასეულობა განსაზღვრავს?
- პირველ რიგში - ადამიანობა, რომელსაც ყველა საქმეზე მაღლა ვაყენებ...
ეთო ყორღანაშვილი