მაკა რაზმაძე: "როგორც კი შენგან განსხვავებულ აზრს მოისმენენ, მზად არიან, აგენტად გამოგაცხადონ!" - გზაპრესი

მაკა რაზმაძე: "როგორც კი შენგან განსხვავებულ აზრს მოისმენენ, მზად არიან, აგენტად გამოგაცხადონ!"

"შეიძლება ჩამქოლონ და გადამიარონ, მაგრამ ეს ჩვენი ერის ყველაზე დიდი შეცდომაა: ვსხედვართ და ველოდებით, როდის გაიზრდება ოქროს აკვანში მწოლიარე ყრმა, როდის მოვა და გადაგვარჩენს", - გვითხრა ჟურნალისტმა მაკა რაზმაძემ, რომელსაც ქვეყანაში არსებულ პრობლემებზე ვესაუბრეთ.

- როგორ ფიქრობთ, საიდან მოდის აგრესია, რომელიც დღეს ჩვენ ირგვლივ თითქმის ყველგან იგრძნობა?

- გეთანხმებით, ჩვენ ირგვლივ მართლაც ბევრი ნეგატივია, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც იმედიანად ვარ განწყობილი: ასე მგონია, ეს უფრო ჩვენი ონლაინსივრცის ბრალია. რეალურ ცხოვრებაში ნაკლებად ვაწყდები აგრესიას, ვიდრე სოციალურ ქსელებში. რამდენჯერ მომხდარა: სოციალურ ქსელში ვიღაც იგინება, ილანძღება და მეორე დღეს რომ შემხვედრია, თითქოს, სულ სხვა ადამიანია - აბსოლუტურად სხვანაირად მელაპარაკება და ჩემ მიმართ საკმაოდ კეთილგანწყობილია. ეტყობა, ამ ონლაინსივრცეში რაღაც ემართებათ, სახეს კარგავენ და ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებენ, რომ შეუძლიათ ადამიანს ყელი გამოსჭრან, თუმცა, რეალურად ასე არ არის. ყველაზე მეტად იცით, რა მიკვირს? - ყველა გაიძახის, განსხვავებული აზრის მიღება და გაგება უნდა შევძლოთო, მაგრამ როგორც კი შენგან განსხვავებულ მოსაზრებას მოისმენენ, მზად არიან, რუსეთის, იაპონიის ან ჩინეთის აგენტად გამოგაცხადონ... ათას სისულელეს დაგაბრალებენ მხოლოდ იმიტომ, რომ მის თვალსაზრისს არ ეთანხმები. არ ეთანხმები? - ე.ი. ვიღაცის აგენტი ხარ და ამით გაშანტაჟებენ.

- გამოდის, რომ სოციალურმა ქსელმა უამრავი ადამიანის ქვეცნობიერი სააშკარაოზე გამოიტანა?

- სამწუხაროდ, უნდა დაგეთანხმოთ - მართლაც ასე მოხდა.

makaa-copy-1691480332.jpg

- ხომ არ იგეგმება თქვენი გადაცემის განახლება, რომელსაც სკანდალური იმიჯი ჰქონდა...

- არ ვიცი, ეს გადაცემა განახლდება თუ არა, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ "ჩაიმ" თავისი ფუნქცია შეასრულა. მართალია, ჩვენ, ჟურნალისტებს ხშირად გვსაყვედურობენ, ხალხს რატომ აღიზიანებთო? მაგრამ ჟურნალისტის ფუნქციაც ხომ ეს არის: მან ხალხის ნერვები უნდა შეატოკოს, საზოგადოება შეაჯანჯღაროს და გამოაფხიზლოს; დაანახვოს, რა არის კარგი და რა - ცუდი. ამ გადაცემაში ვცდილობდი, ეს ყველაფერი ცოტა უხეშად, გროტესკულად მომეხერხებინა, ვიდრე სხვა გადაცემებშია. ამიტომაც იყო "ჩაი" ასეთი გამომწვევი, ზუსტად ისეთი, როგორებიც სინამდვილეში ვართ. დაჰკვირვებიხართ, ადამიანები ქუჩაში როგორ ექცევიან ერთმანეთს ან პარლამენტში როგორ ჩხუბობენ? - დეპუტატებსაც მე ხომ არ ვაჩხუბებ? გადაცემაში სტუმრად ვიწვევდი ზრდასრულ ადამიანებს და ვაჩვენებდი, როგორ შეუძლიათ მათ კამათი და მსჯელობა განსხვავებულ მოსაზრებებზე. რეალურად, ეს გროტესკული გადაცემა იყო, მაგრამ მაყურებლებს ეგონათ, ამ ადამიანებს მე ვაჩხუბებდი. უნდა გამოგიტყდეთ: მიხარია, როცა ქუჩაში მხვდებიან და მეკითხებიან, თქვენი გადაცემა როდის დაბრუნდებაო?.. თუ მისი აღდგენის საშუალება მექნება, აღვადგენ, მიუხედავად იმისა, რომ ჩხუბის დროს ერთი-ორი მუშტი მეც მომხვედრია (იცინის), ისე კი, სამწუხაროა, რომ ადამიანები ფიზიკური ძალის გამოყენების გარეშე ვერ ახერხებენ ურთიერთობას.

- თქვენი დაკვირვებით, "ჩაის" სტუმრები პოლიტიკის გამო ჩხუბობდნენ თუ სხვა საკამათო თემებიც ჰქონდათ?

- ძირითადად, პოლიტიკის გამო კამათობდნენ, თუმცა ჩხუბი სხვა საკითხებზეც ყოფილა. მაგალითად, ლგბტ თემატიკის გამო, რომელიც ჩვენს ქვეყანაში მეტისმეტად სენსიტიურია. მიმაჩნია, რომ ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ამ ქვეყანაში ცხოვრობს, თავს დაცულად უნდა გრძნობდეს, თუმცა, არის ხალხი, რომელსაც განსხვავებული ორიენტაციის ადამიანები არ მოსწონს და ამას აგრესიული ფორმით გამოხატავს. ვფიქრობ, ეს დაუშვებელია. შეიძლება შენი მეზობელი ლამარა არ მოგწონდეს, მაგრამ მუშტებით ხომ ვერ დაუპირისპირდები? - ყველაზე კარგი გამოსავალია, მასთან ურთიერთობა გაწყვიტო. ჩხუბი და მუშტი-კრივი რა საჭიროა?! კიდევ კარგი, ეს აგრესიული ხალხი, რომელიც ერთმანეთს დასდევს და შუა ქალაქში ცემა-ტყეპას მართავს, ცოტაა. საქართველოში ლოიალურად განწყობილი ადამიანები უფრო ბევრნი არიან. სამწუხაროდ, იყო შემთხვევები, როცა ლგბტ თემის წარმომადგენლები მოკლეს და ეს საშინელებაა! ამ აგრესიას ყველა წინ უნდა აღვუდგეთ, რადგან ხვალ შეიძლება ვიღაცას თქვენი შვილის პირსინგი ან თმის ფერი არ მოეწონოს, განსხვავებული ორიენტაციის ეგონოს, შეურაცხყოფა მიაყენოს და მოგიკლათ. ამიტომ არა აქვს გამართლება არანაირ ძალადობას და ცემა-ტყეპას.

- იქნებ ქართველები ვერ ვახერხებთ ჩვენგან განსხვავებული აზრის და ადამიანის მიღებას?

- ვერ დაგეთანხმებით: ქართველები ძალიან კარგად ვახერხებთ განსხვავებული აზრის და განსხვავებული ორიენტაციის მქონე ადამიანების მიღებას - ეს ხალხი ქუჩაში თავისუფლად დადის, ჩვენი საზოგადოების სრულუფლებიანი წევრია, მაგრამ არავინ დასდევს და არავინ კლავს. უმცირესობის წარმომადგენლებს საქართველოს მოქალაქეები კი არ დასდევენ, ეს არის მცირე ჯგუფი, რომელსაც სურს, პოლიტიკაში ან საზოგადოებაში თავისი ნიშა, ადგილი მოიპოვოს. მათი ქმედებების ძირითადი სტიმული სწორედ ეს არის.

- არანაკლებ მწვავეა ქართველების დაყოფა პოლიტიკური ნიშნით: ან "ნაცი" უნდა იყო, ან "ქოცი" და თუ არც ერთ მხარეს ემხრობი, "შუაშისტად" შეგრაცხავენ...

- ვინც არც ერთ მხარეს ემხრობა, ის "ოცნების" მომხრეებისთვის "ნაცია" და "ნაცებისთვის" - "ქოცი", ასე რომ, "შუაშისტი" მაინც არ გამოდის. მაგალითად, გადაცემა რომ მიმყავდა, ყველა მხარეს ვიწვევდი და ორივე მხარე მოდიოდა. მიუხედავად ამისა, კომენტარებში ჩემზე წერდნენ: ეს სულ "განაცებულა" ან სულ "გაქოცებულაო". ჩემი აზრით, ჟურნალისტისთვის ეს ყველაზე დიდი კომპლიმენტია - როცა ორივე მხარეს თავისი მოწინააღმდეგე ჰგონიხარ, ე.ი. ორივე მხარის მიმართ ობიექტური ხარ.

- როგორ შეაფასებთ ქართული ჟურნალისტიკის მდგომარეობას ახლა - ამ დაძაბულ, გაურკვეველ სიტუაციაში?

- სხვათა შორის, ჩვენს ქვეყანაში ე.წ. პოლარიზაცია და პოლიტიკური დაპირისპირება ყოველთვის იყო, მაგრამ ჟურნალისტებმა კოლეგიალობა ყველაზე რთულ სიტუაციებშიც კი შევინარჩუნეთ. ჩვენ შორის სერიოზული კონფლიქტი არ ყოფილა - იშვიათად ხდებოდა, რომ ჟურნალისტი ჟურნალისტს დაჰპირისპირებოდა, პირიქით, ერთმანეთს ვიცავდით და მხარს ვუჭერდით ყველაზე რადიკალურ სიტუაციაშიც კი... მხოლოდ ბოლო პერიოდში მოხდა ისე, რომ ჩვენი კოლეგები სხვადასხვა მხარეს აღმოჩნდნენ და კოლეგიალობა ვეღარ შეძლეს. ახლა ჟურნალისტებიც ისეთივე დაპირისპირებული არიან ერთმანეთთან, როგორც პოლიტიკოსები და თითქმის ყველა რომელიმე მხარესთან ასოცირდება: "ნაციონალური" და "სამთავრობო არხი" - ასე უწოდებენ ჩვენს ტელევიზიებს ხალხში... ასეთ დაპირისპირებულ რეალობაში ობიექტური არხები და მიუკერძოებელი გადაცემები დიდხანს ვერ ცოცხლობენ.

maka-r-copy-1691480319.jpg

- როგორ ფიქრობთ, რამ შეიძლება გააერთიანოს ჩვენი დაქსაქსული ხალხი და ქვეყანა?

- შეიძლება ჩამქოლონ და გადამიარონ, მაგრამ ჩვენი ერის ყველაზე დიდი შეცდომაა ის, რომ ვსხედვართ და ველოდებით, როდის ვიპოვით ოქროს აკვანში მწოლიარე ყრმას, რომელიც გაიზრდება, მოვა და გადაგვარჩენს. სხვის ხელებში ყურება და მუდმივად სხვაზე დამოკიდებულება ჩვენი მთავარი შეცდომაა. მხსნელის და ლიდერის ძებნა მაშინ, როცა წამოწოლილები ვართ და ვფიქრობთ: აბა, ვინ მოვა და ვინ გვიშველისო? დაუშვებელია. თუ თავად არ ვიშრომეთ, ერთმანეთს ხელი არ ჩავკიდეთ და ჩვენი ქვეყანა ერთობლივი ძალისხმევით არ ავაშენეთ, რომელ ლიდერზეა ლაპარაკი? მაინცდამაინც ვიღაცას უნდა ჩამოვკიდოთ ყველა პასუხისმგებლობა, ჩვენ კი წამოვწვეთ და დაველოდოთ? - აი, სწორედ ეს არის ლუარსაბ თათქარიძის ფსიქოლოგია. ილია ჭავჭავაძემ მისი სახე რომ შექმნა, ზუსტი მინიშნება გააკეთა: იოლი გამოსავლის ძიება - სამწუხაროდ, ეს თვისება ძალიან დამახასიათებელია ჩვენთვის. ჩემი მოსაზრება ასეთია: საზოგადოება ვერ შედგება მანამ, სანამ ერთ ლიდერს დაელოდება. დიდი უთავმოყვარეობაა, როცა სხვას უყურებ ხელებში და შენ არ ცდილობ წინ წახვიდე, განვითარდე და გადარჩე! იმავე ილია ჭავჭავაძემ "ბაზალეთის ტბა" იმიტომ დაწერა, რომ ეს ყველაფერი არის იდეა - ყველა ერთი იდეის გარშემო უნდა გავერთიანდეთ და ქვეყნის მომავალი ჩვენივე ხელებით შევქმნათ.

- თუმცა, 90-იან წლებში, ზვიად გამსახურდიამ და მერაბ კოსტავამ მთელი ერის გაერთიანება და ერთ მუშტად შეკვრა ხომ შეძლეს?

- ეს არასწორი ინტერპრეტაციაა: შეიძლება ამ ორმა ადამიანმა თავისი სახელითა და გავლენით სხვებს მაგალითი მისცა, მაგრამ მაშინ მთელი ერი ერთად დადგა, თავისუფლებაც სწორედ ამიტომ მოვიპოვეთ. მე იმ მოვლენების აქტიური მონაწილე ვიყავი და ჩემი თვალით ვხედავდი, როგორ იბრძოდა თავისუფლებისთვის დიდი და პატარა, ერი თუ ბერი. თუნდაც, 9 აპრილს, ყველამ იცოდა, რაზე მიდიოდა. იქ პატარა გოგოებიც იდგნენ. ვხედავდი, როგორ დარჩნენ მოსალოდნელი საფრთხის მიუხედავად და დაიღუპნენ! თავისუფლება მთელი ერის ბრძოლამ და შემართებამ მოიტანა და არა ერთმა ან ორმა კაცმა. თავისუფლების წყურვილი თითოეულ ადამიანში იყო და არავინ ელოდა, ერთი კაცი მოვა და გადაგვარჩენსო. ახლა კი, ზოგი იმასაც ამბობს, რად გვინდოდა 9 აპრილი, საბჭოთა კავშირი ისედაც დაინგრეოდაო! - ვერც კი ხვდებიან, რამხელა მკრეხელობაა ეს! ქართველებმა თავისუფლება ჩვენი სისხლით მოვიპოვეთ - ეს მთელმა ერმა მოახერხა. ერთიანობა - სწორედ ეს არის მთავარი მიზეზი გამარჯვებისა.

ხათუნა ჩიგოგიძე