ქართველი კომპოზიტორი ქალბატონისა და ჩეხი გენერლის სიყვარულის სიმბოლო - გზაპრესი

ქართველი კომპოზიტორი ქალბატონისა და ჩეხი გენერლის სიყვარულის სიმბოლო

კომპოზიტორი ნანა (ნანული) კობალაძე წლებია, ჩეხეთში ცხოვრობს. მისი მეუღლე ირჟი ნეკვასილი საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის პირველი ელჩი იყო - საელჩო გაიხსნა 2000 წელს. მათი გზები იმ წელს გადაიკვეთა და დღესაც ისეთივე გრძნობა აქვთ ერთმანეთის მიმართ, როგორიც მაშინ. ზაფხულის ცხელ დღეებს წავკისში ატარებენ. ცოლ-ქმარმა თავისთან მიმიწვია და ბევრი საინტერესო რამ მიამბო.

ირჟი:

- ჩვენ მუსიკამ დაგვაკავშირა. საქართველოში ელჩად რომ დამნიშნეს, უფრო ზუსტად, სამივე რესპუბლიკის (საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი) ელჩი ვიყავი, ცენტრი გახლდათ თბილისში და ჩეხეთის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად კონცერტის გამართვა მინდოდა. ისე მოხდა, რომ საორგანიზაციო საკითხების მოსაგვარებლად სწორედ ნანას შევხვდი, ჩემს მომავალ მეუღლეს. მერე გავიცანი მათი ტრიო, ჩვენთან - საელჩოში დაუკრეს საზეიმო საღამოზე. სხვათა შორის, პირველი შეხვედრიდანვე გაიბა ჩვენ შორის სიყვარულის სიმები და ძალიან მალე ერთად დავიწყეთ ცხოვრება. დავქორწინდით 2004 წელს. ჩვენი სიყვარულის სიმბოლოა ერთი წითელი ვარდი, რომელიც პირველად 18 ნოემბერს მივართვი და მას შემდეგ ამ დღეს ყოველთვის წითელი ვარდით აღვნიშნავთ.

- საქართველოზე რა იცოდით?

- ძალიან ცოტა რამ. გამიხარდა, როცა აქ გამომგზავნეს, 3-4 ქართველს კი ვიცნობდი. მოსკოვში ჩემთან ერთად სწავლობდნენ ქართველები, სომხები და აზერბაიჯანელები. მე უფრო ქართველებთან ვმეგობრობდი... საქართველოში რთული პერიოდი იდგა, როცა ჩამოვედი, მაგრამ ყველაფერი იყო ლამაზი იმიტომ, რომ ნანა გავიცანი. მერე ის მაჩვენებდა და მიხსნიდა ყველაფერს, რეგიონებშიც დავდიოდით, ხალხიც ახლოს გავიცანი. ძალიან მომწონს წავკისი, აქ სახლი ვიყიდეთ 20 წლის წინ. მაშინ სოფელი სხვანაირი იყო, არც მჯერა, ამდენი დრო თუ გავიდა. მიყვარს ქართული მუსიკა, ფილმები - განსაკუთრებით: „არ იდარდო“, „მიმინო“, „მონანიება“, „შეყვარებული კულინარის 1001 რეცეპტი“. ძალიან მომწონს სიმღერა კინოფილმიდან „შეწყვეტილი სიმღერა“ („ჩიტი გვრიტი მოფრინავდა“) და ხშირად ვისმენ. ელჩობის პერიოდში ვისწავლე ქართული ანბანი და კითხვა, თუმცა ენის შესწავლა ვერ მოვასწარი, შემდეგ წლებში კი დროც აღარ მქონდა.

- რა შეცვალა მეუღლემ თქვენში მუსიკის კუთხით, სიმღერის ნიჭი ხომ არ აღმოაჩინა ან ერთად ხომ არ მღერით?

- არა, ერთად არ ვმღერით, არც პიანინოზე ვუკრავ. ისე, ცდილობდა, რომ ესწავლებინა. მომწონს, როცა ის მღერის ან უკრავს. რა თქმა უნდა, მუსიკა მიყვარდა, თუმცა დიდი ცოდნით ვერ დავიკვეხნიდი, ნანამ მასწავლა მუსიკის უფრო ღრმა ანალიზი. სხვა ადამიანების მსგავსად, ჩვეულებრივად, მეც ვესწრებოდი კონცერტებს, ოღონდ იშვიათად. პროფესიით სამხედრო ვარ და როცა ჩეხეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსი გავხდი (მას აქვს უმაღლესი რანგის გენერლის წოდება. - ავტორი), თავად ვიწვევდი სტუმრებს სხვა ქვეყნებიდან და კონცერტებსაც უკვე ხშირად ვესწრებოდი.

- შვილები გყავთ?

- საერთო არა, ერთად კი 5 შვილი გვყავს, ნანას ერთი, მე - 4.

ნანა:

- როცა ელჩი იყო, დაცვის გარეშე დადიოდა, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ცუდი დრო იდგა. ყველას უკვირდა, რა თავისუფლად დადის, არ ეშინიაო? არ დამავიწყდება, ალავერდში ვართ და რაღაც მომენტში თვალი ვეღარ მოვკარი, დავკარგე. მერე დავინახე, მომლოცველების ჯგუფთან ერთად ზის, კახური ქუდი ახურავს და ქეიფობს. არადა, ენის ინჩიბინჩი არ იცის (იცინის). ძალიან თბილი ადამიანია, უყვარს ხალხთან ურთიერთობა... დიდია მისი დამსახურება იმაში, რომ ჩეხეთი და ბალტიისპირეთის ქვეყნები ნატოს წევრები გახდნენ. ჩვენ ერთად მიგვიწვიეს ლიეტუვაში, სადაც სამივე ქვეყნის სახელით მადლობა გადაუხადეს გაწეული შრომისთვის და მედალი გადასცეს. საქართველოში დიპლომატიური ვადის გასვლის შემდეგ მონღოლეთში გადაიყვანეს, იქაც პირველ ელჩად.

alaverdi-copy-1691997823.jpg

- გაცნობის დღე და პირველი ემოციები გაიხსენეთ.

- კომპოზიტორთა კავშირში მუსიკალურ-საინფორმაციო ცენტრის რედაქტორად ვმუშაობდი, როცა დამირეკეს და მითხრეს, რომ ჩეხეთის საელჩო საზეიმო საღამოს აწყობს, მუსიკალური ნომრები სჭირდებათ და იქნებ მიიღოთ მონაწილეობაო. 2000 წელია, არც შუქია, არც წყალი... ტელეფონიც შემთხვევით ჩაირთო. მახსოვს, გაბრაზებული ტონით ვთქვი: რა დროს ზეიმია-მეთქი? მაშინ ფილარმონიასთან არსებული ჩვენი ინსტრუმენტული ტრიო „ბრავო“ ახალი ჩამოყალიბებული იყო. ჩემი კოლეგები გერმანიაში ერთი კვირით მიდიოდნენ, ამიტომ შეხვედრაზე მე უნდა წავსულიყავი. სამსახურში შუქი არ გვქონდა, სტუმარს ვერ მივიღებდი. გამოვედი რკინიგზელთა სახლთან, სადაც „დვიჟოკზე“ მომუშავე მხოლოდ ერთი ნათურა ბჟუტავდა. იქ იდგა მანქანა, გადმოვიდა კაცი, ვიცი, რომ ელჩია და მძღოლმა გამაცნო. მინდა ჩვენი ტრიო წარვუდგინო, ნოტებით-პროგრამით-ბუკლეტით მივედი, მაგრამ უხერხულია ქუჩაში საუბარი, „დვიჟოკიც“ გრუხუნებს. ავუხსენი, რატომ ვერ მიმყავდა სამსახურში და მოვუბოდიშე. - საქმიან ვახშამზე გეპატიჟებით, ხვალ ან ზეგ დაგირეკავთ და შევხვდეთო, - ამაზე შევთანხმდით. თბილისის ერთადერთ რესტორანში წავედით და იქ მომართვა წითელი ვარდი. ეს ჟესტი ძალიან მომეწონა. ვისაუბრეთ... იმ დღეს ისე გამიხსნა გული, რომ თავადაც გაკვირვებული დარჩა, ეს რატომ გავაკეთეო? რაღაც დაბნეული ჩანდა, მეუღლის გარდაცვალება ახსენა, განცდებში იყო. მერე, კარგად როცა გავიცანი, ძალიან ცოტას ლაპარაკობდა თავის თავზე, იმ დღეს კი თითქოს ამოხეთქა ყველაფერი, რისი თქმაც უნდოდა. მოკლედ, ჩვენმა ტრიომ დაუკრა ჩეხეთის საელჩოში იმ საღამოზე. კონცერტის მერე მოვიდა და მადლობის, ქების სიტყვები არ დაიშურა.

- ხელის მოწერის ამბავიც მაინტერესებს.

- პრობლემა იყო საბუთების მოგვარება, ორი თვე თბილისში დავრბოდი სხვადასხვა ინსტანციაში. ისეთი საბუთები უნდა ამეღო, რომლებიც ჩეხეთში ხელის მოსაწერად გამომადგებოდა. გავბეზრდი რიგებში დგომით და ირჟის ვუთხარი: არ მინდა ეს გათხოვება, თავი გამანებე-მეთქი (იცინის). უკვე მონღოლეთში გადადიოდა სამუშაოდ და 4 წელი ცალ-ცალკე ხომ არ ვიქნებითო? - ეს იყო მისი არგუმენტი. ერთი სიტყვით, საბუთების დასტით ხელში მივფრინავ და რას ვხედავ, დამხვდა პირდაპირ თვითმფრინავის კართან უფროს ქალიშვილთან ერთად. გოგონამ ყვავილები მომართვა. შევედით VI განყოფილებაში და იყო ერთი ზარ-ზეიმი. წავედით სახლში, მერე დაიწყო კაბის შერჩევის პროცესი. არ მინდოდა ამ ასაკში საქორწინო კაბა, მაგრამ მაინც წამიყვანა მაღაზიაში, სადაც სასაცილო რამ მოხდა: კონსულტანტის შერჩეული ლამაზი ქვედაკაბა ჩავიცვი და ის გოგო იძახის, - "უჟასნი", "უჟასნი" (საშინელი)... გადავთარგმნე რუსულიდან ეს ნაცნობი სიტყვა და ცრემლები ღაპაღუპით წამომივიდა. - კი ბატონო, ნორჩი არა ვარ, მაგრამ თავს ვერ შეიკავებს-მეთქი? თურმე ეს სიტყვა ჩეხურად ნიშნავს „გადასარევია“.

dsc-0099-copy-1691997808.jpg

- მამა მეტალურგი იყო, დედა - სტომატოლოგი. მუსიკა ვინ შეგაყვარათ?

- კობალაძეების ოჯახში ყველა მღეროდა, განსაკუთრებით ხალხური სიმღერები უყვარდათ... სამი თვის ვიყავი, როცა ჩემი მშობლები ტრაგიკულად დაიღუპნენ, ბებიამ გამზარდა. ჩემთვის დედის ტოლფასი იყო ბებია, რომელიც მუსიკაზე გიჟდებოდა და ოცნებობდა, მუსიკოსი გავმხდარიყავი. მუსიკა მიყვარდა, მაგრამ მუსიკოსობა არ იყო ჩემი ოცნება. ბებიას ინიციატივით ჯერ მუსიკალური შვიდწლედი დავამთავრე ფორტეპიანოს განხრით, შემდეგ ცნობილი მესამე სამუსიკო სასწავლებელი, რომლის დირექტორი იყო ქსენია ჯიქია. მუსიკალურ სკოლაში ზედმეტად მკაცრ პედაგოგთან, საფაროვასთან მოვხვდი და მიუხედავად იმისა, რომ ფრიადოსანი ვიყავი, ჩემი ერთი შეცდომა და ამ ქალის კივილი ერთი იყო. ამიტომ ვოცნებობდი კეთილ, მშვიდ მასწავლებელზე. ასეთად მიმაჩნდა ამავე სკოლის პედაგოგი მაჭავარიანი, რომელსაც ერთხელ პირდაპირ ვთხოვე, რომ მასთან ვივლიდი გაკვეთილებზე. ლამაზად ამიხსნა, რომ ეს არ შეიძლებოდა. მუსიკალური სკოლა დავამთავრე, გავძელი 7 წელი და უარი ვთქვი სწავლის გაგრძელებაზე. ბებიამ მთხოვა: მოდი, ერთ ქალბატონთან მივიდეთ და ვნახოთ, რას იტყვის. თუ მერეც უარზე იქნები, არაფერს დაგაძალებო. წამიყვანა ლენინგრადის ქუჩაზე ფიდელმანების და რაზამატების ოჯახში, რომლის წევრებიც იმ სამუსიკო სასწავლებელში მუშაობდნენ, სადაც მერე ჩავაბარე და რთული კონკურსიც გავიარე. ძალიან მომეწონა ასაკოვანი დარბაისელი ქალბატონი. მისი ქალიშვილი, სიძე და შვილიშვილიც ასევე მუსიკოსები იყვნენ. იდგა მშვიდი და თბილი ატმოსფერო, ჩემთვის უჩვეულო. ამ ოჯახის წევრები არა მარტო ჩემი პედაგოგები გახდნენ მუსიკალურ სასწავლებელში (სხვადასხვა საგანს მასწავლიდნენ), ოჯახის წევრად მიმიღეს. მათი მადლიერი ვარ.

- მონღოლეთის კულტურის დამსახურებული მოღვაწე ხართ, ე.ი. აქტიური მუსიკალური ცხოვრება გქონდათ...

- ჩემთვის დაუვიწყარი და შთამბეჭდავი წლები იყო. ოპერის თეატრის დირექტორმა როცა გაიგო ჩემი განათლება, დახმარება მთხოვა - საჭირო იყო გუნდის წევრების სოლისტებად მომზადება. მომამაგრეს რამდენიმე ახალგაზრდა და ისეთი კარგი შედეგი მივიღეთ, რომ ერთმა ბიჭმა საერთაშორისო კონკურსზე მესამე ადგილი აიღო. ის დღეს კორეაში მოღვაწეობს. შარშანაც დამირეკა, დღემდე მადლობებს მიხდის. მონღოლეთში რამდენჯერმე სხვა ელჩებმაც მომმართეს, რომ ამა თუ იმ ღონისძიებისათვის გამეწია ორგანიზება. გარდა ამისა, ოპერის თეატრის სცენაზე გამოვედი, როგორც მომღერალი და საკუთარი სიმღერები შევასრულე. ჩემი ხმის დახვეწაში, კლასიკურ ხმად ჩამოყალიბებაში უზარმაზარი წვლილი მიუძღვის ქალბატონ ლამარა გოგლიჩიძეს, კონსერვატორიის კათედრის გამგეს. საოცრად მდიდარი სულის პიროვნებაა, უაღრესად განათლებული, მასთან ურთიერთობით ბედნიერი ვიყავი.

სხვათა შორის, მონღოლეთში მაჩუქეს ცხენი. ყოველ შაბათს მივდიოდი ქალაქგარეთ ჩემს ცხენთან, სახელიც დავარქვი - „ჩოკო“, შოკოლადისფერი იყო და ამიტომ.

მონღოლური ცხენი არ მიგიკარებს, ისეთი ველურია, პატრონიც მახლდა, მაგრამ მაინც. მერე თითქოს მომეჩვია, თუმცა ახლა ცხენი უკან-უკან გარბოდა და ვერ ვიმორჩილებდი. ავდექი და სიმღერა დავიწყე. რა მომივიდა აზრად? „რა მადლიანად ანათებს...“ სხვა ვერაფერი შევარჩიე, ბაში-აჩუკი გამახსენდა. მეცინება, მაგრამ ცხენმა ყურების პანტური დაიწყო და რიტმს ფეხი მშვენივრად აუწყო. მერე ისე მივეჩვიეთ ერთმანეთს, რომ პატრონს უკვირდა, - რა უქენი ამ ცხენს, არც მე მიკარებს და არც სხვასო. მონღოლეთში მეგობრები არ მყავდა და წარმოიდგინეთ, ცხენი გახდა ჩემი მეგობარი. მენატრებოდა, სანამ ვნახავდი.

- მრავალმხრივი შემოქმედი ხართ: კომპოზიტორი, პედაგოგი, შემსრულებელი (ფორტეპიანო, ვოკალი), წერთ სხვადასხვა ჟანრის ნაწარმოებს... კონსერვატორიის საფორტეპიანო ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ, საკომპოზიციო ფაკულტეტზე ჩააბარეთ. რომელ კომპოზიტორებთან გქონდათ ურთიერთობა?

- სანამ ჩავაბარებდი, ჩემი სიმღერები ვაჩვენე სულხან ნასიძეს. მან მითხრა: ეს კარგია, მაგრამ საგამოცდოდ სხვა რამ გჭირდებაო. უდიდესი პიროვნება იყო, დიდი კვალი დატოვა ჩემს ცხოვრებაში... მერე თენგიზ შავლოხაშვილთან გავიარე კონსულტაცია. ჩავაბარე მისაღები გამოცდები და მოვხვდი ოთარ თაქთაქიშვილის კლასში. მასთან უნდა დამერეკა, რომ ინდივიდუალური გაკვეთილის თარიღი ეთქვა, მაგრამ ვერ ვბედავდი. ვფიქრობდი, ასეთ ბუმბერაზ პიროვნებას როგორ დაველაპარაკო-მეთქი? ბოლოს, როგორც იქნა, დავრეკე და ყურმილში მესმის ისეთი სათნო ხმა, თითქოს მელაპარაკება მამა, ბაბუა, ახლობელი... მახსოვს, კინაღამ ვიტირე. დამინიშნა დრო. მივედი და ეს კაცი შემიყვარდა, როგორც გასაოცარი პიროვნება და დიდი ადამიანი. მერე გამაოგნა მისმა ნიჭმა. რაღაც ნამუშევარს მივუტანდი და შეიძლება ის ნაწარმოები კარგა ხანს აღარ ენახა. ერთი თვის შემდეგ მეტყოდა: აბა, ერთი, ის, მაჩვენეო. მოისმენდა და მეკითხებოდა: აი, ამ ტაქტში თქვენ გქონდათ დავუშვათ, ერთი ბგერა (ის ახსოვდა) და სად წავიდაო? უნიკალური ნიჭი ჰქონდა. სამწუხაროდ, მეორე კურსზე ვიყავი, როცა ოთარ თაქთაქიშვილი გარდაიცვალა. ისეთი ტკივილი და იმდენად დიდი დანაკლისი იყო ეს სტუდენტისთვის, რომ ზოგიერთი მე მისამძიმრებდა.

gia-yancheli-1691997791.jpg

გადამიყვანეს ალექსანდრე შავერზაშვილის კლასში, რომელსაც ვემადლიერები. მას დიდი წვლილი მიუძღვის ჩემს განათლება-დასაქმებაში. ჩემთვის დაუვიწყარია შოთა მილორავა, პარტიტურის კითხვა მან მასწავლა, ძალიან კარგად ვუგებდით ერთმანეთს. უსაზღვროდ ადამიანური იყო. ბებია გარდამეცვალა და შავებში რომ დამინახა, ცრემლები წამოუვიდა, მეც ახლახან დედა გარდამეცვალა და როგორ მესმის თქვენიო. გამიკვირდა ამდენი სითბო და ემოცია. ანდა უსაყვარლესი ოთარ გორდელი, პოლიფონიას გვასწავლიდა. დავწერე ნაწარმოები, რომელიც მის განხრას ეხებოდა, მოეწონა და ხელი ჩამომართვა, - კარგიაო. გია ყანჩელი რუსთაველის თეატრში ესწრებოდა კონცერტს, სადაც ჩემი ვოკალური ნაწარმოები მანანა ეგაძემ შეასრულა (მაშინ პირველ კურსზე ვსწავლობდი). ბატონი გია მოვიდა, ხელზე მაკოცა და მითხრა: თქვენ გაქვთ მომავალიო. ეს იყო შოკი!

- ქალაქ ბრანდისის ხელოვნების სკოლის პედაგოგს სექტემბერში რა გეგმები გაქვთ?

- სამ წელიწადში ერთხელ კონკურსი იმართება რომელიმე მიმართულებაში. ამას ადგენს განათლების სამინისტრო, მაგრამ ისე გამოდის, რომ ყოველ წელს ერთ-ერთი განხრის რიგია. ეს არის საპასუხისმგებლო და დამღლელი საქმე. თან სხვადასხვა ქალაქში გვიწევს ჩასვლა. ოქტომბერში ვგეგმავთ საერთო კონცერტს პრაღის საოპერო თეატრის სოლიტ მარინა ვისკვორკინასთან ერთად. ის წარმოშობით ოდესიდანაა და 20 წელია ჩეხეთში მოღვაწეობს. შესრულდება ჩემი ნაწარმოებები და ამავე დროს, თანხლებას გავუწევ მის რეპერტუარს. შარშან ბრანდისში ჩემი საგუნდო ნაწარმოები „ტირიან სანთლები“ უკრაინის ომისადმი მიძღვნილ საღამოზე შესრულდა. დარბაზში ხალხი ტიროდა... ამას მოჰყვა კიდევ მსგავსი რამდენიმე ღონისძიება, სადაც ჩემი სხვა ნაწარმოებებიც აჟღერდა.

- დაბოლოს, თქვენს მეუღლეს ვკითხავ: ბატონო ირჟი, რას უსურვებთ საქართველოს?

- მშვიდობას და აყვავებას! თუ მშვიდობა იქნება, დანარჩენს ადამიანები შეძლებენ. აქ ლამაზი და სასიამოვნო ხალხი ცხოვრობს. მინდა ბედნიერები იყოთ.

ნანული ზოტიკიშვილი