ფერთა "მოთვინიერება" - გზაპრესი

ფერთა "მოთვინიერება"

გერმანელი ფილოსოფოსი არტურ შოპენჰაუერი წერდა: ქალები არ არიან მიდრეკილნი არც პოეზიის, არც მუსიკის, არც სახვითი ხელოვნების მიმართ; და საერთოდ, ამის არაფერი გაეგებათო. - არადა, მისი დედა - იოჰანა და ღვიძლი და ადელი აღიარებული მწერლები იყვნენ, რაც იმ დროისთვის დიდ იშვიათობას წარმოადგენდა. გასაკვირი არც იყო, რომ ამგვარი დამოკიდებულების გამო, ბევრი მხატვარი თუ მწერალი ქალი კაცის ფსევდონიმით სარგებლობდა. გასული საუკუნის შუა წლებამდე, მრავალი არტ-დილერი უბრალოდ არც თანხმდებოდა, გაეყიდა "ქალის ნამუშევარი". მას მერე, საბედნიეროდ, დამოკიდებულება შეიცვალა. ქართული სახვითი ხელოვნების კონტექსტში, მაშინვე ყველას გაახსენდება: ელენე ახვლედიანი, ქეთევან მაღალაშვილი, ნათელა იანქოშვილი, ვერა ფაღავა და სხვანი. თუმცა, ფართო აუდიტორია ნაკლებად იცნობს ჩვენი დროის ძალიან საინტერესო და თვითმყოფად მხატვარ ქალებს, რომელთაგან ერთ-ერთ გამორჩეულთან - თამუნა მელიქიშვილთან ინტერვიუს გთავაზობთ.

- როცა ყველა დროის გენიალურ მხატვარ ქალებზე საუბრობენ, ცოტა იკარგებიან, რადგან ჩამონათვალი არცთუ შთამბეჭდავია და აზრი, რომ კაცებმა სრულად შეავსეს ეს ნიშა, ჯერჯერობით, ხელოვნების მკვლევრებს არ ტოვებს. რამდენად ეთანხმები ამ აზრს?

- სახვითი ხელოვნების ისტორიაში ნამდვილად იყო გრძელი პერიოდი, როცა კაცები არა მხოლოდ დომინანტობდნენ, არამედ თითქმის აბსოლუტურ უმრავლესობას წარმოადგენდნენ. ამას თავისი სოციალურ-ისტორიული ფაქტორები აქვს. საბედნიეროდ, მე-19 საუკუნის ბოლოდან სურათი იცვლება და ქალთა ემანსიპირება საგრძნობია. როცა ჩვენი პირველი რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივით 4 მხატვარი მიავლინეს საფრანგეთს, რათა არ გვქონოდა სტილისტურ-თემატური ჩამორჩენა მეზობელ ევროპასთან, აქედან 2 ქალი იყო - ელენე ახვლედიანი და ქეთევან მაღალაშვილი. ეს ფაქტი თითქოს, არითმეტიკულად გამყარდა მომდევნო ეპოქაშიც და დღეს უკვე ამაზე საუბარი უსაფუძვლო მგონია.

362199083-999520501180065-4923847209756568319-n-1692597951.jpg

- ვიცი, რომ ხელოვნების მიმართ სიყვარული ბავშვობიდან დაიწყო... თუმცა, მხატვრობამდე ჯერ ქიმიკოსობა აირჩიე...

- პროფესიის დაუფლების თუ გარკვევის გზაზე ქიმიკოსობის სურვილი იყო ერთ-ერთი პირველი. ხატვით მუდამ ვხატავდი, ბავშვობის ატრიბუტად არ დარჩენილა ეს ლტოლვა და ვფიქრობდი, რომ პროფესია უფრო სერიოზული რამაა, ვიდრე ხატვა. თუმცა, ერთი წელი საკმარისი აღმოჩნდა, რომ ვნება ვერ მეგრძნო, ვნების გარეშე კი ყველაფერი უინტერესო მგონია. ამიტომ ხელოვნების ისტორიკოსობა გადავწყვიტე, პარალელურად კი ისევ ხატვა. დღემდე ვფიქრობ, რომ ტექნიკური განათლება მეტად ავარჯიშებს ტვინს, ვიდრე ჰუმანიტარული და მეტად შეიძლება მაქსიმუმი გადმოსცე მინიმალური საშუალებებით.

ერთი რამ, რაც ბავშვობიდან კარგად მახსოვს, საერთოდ არ მეშინოდა მარტო ყოფნის, ანუ მუდამ ვირთობდი თავს. სოფელში როცა მივდიოდი, მიყვარდა ბალახოვანი მცენარეების თესლების შედარება. მათ პირამიდებივით ვაწყობდი ფერის გრადაციის მიხედვით. რაც შეიძლება მეტი ტონალობის მწვანე უნდა მიმეღო. ახლა ვფიქრობ, ეს ვარჯიში გაცილებით ადრე მოხდა, ვიდრე პალიტრაზე დავდებდი ფერებს... ამიტომ ფერების შეხამებას "შიგნით" ვიწყებ და არა ტილოზე.

- ყველა მხატვარს თავის შემოქმედებაში გარკვეული პერიოდები აქვს. მახსოვს გზის დასაწყისში შენი ნატურალიზმით გატაცება, შემდეგ დაიწყო დიდი ძიების გზა... საიდან იღებ ინსპირაციას?

- ეგ ძალიან ირაციონალური ამბავია. ზოგჯერ მანქანის სარკეში გაკრთება სინათლე და გინდა დაიჭირო. როცა სერიაზე ვფიქრობ, ვაკეთებ ჩანახატებს და ვართულებ თემას, რომ გასცდეს ჩარჩოებს. ადამიანების ურთიერთობის სირთულეები მომწონს... უფრო სწორად, ამის ჩვენება თუ დაფარვა... ეს ერთი და იგივეა ჩემთვის.

- ე. ი. ადამიანის ფსიქოლოგია? მაგრამ შენ ადამიანი ფიზიკურადაც გაინტერესებს. შიშველი სხეულების გამოსახვა მოგწონს. ზოგადად, სიშიშვლეში ადამიანურ გახსნილობას ან უმწეობას გრძნობ თუ ეს მხატვრული კომპოზიციის ორგანული კომპონენტია?

362240163-999520591180056-288636275986948458-n-1692597969.jpg

- ადამიანი ფიზიკურადაც მაინტერესებს, ის ხომ უნდა დავხატო. როცა შიშველს ვხატავ, ეს არ ნიშნავს, რომ მის გრძნობებსაც ვაშიშვლებ... უფრო ეროტიზმის და ბუნებრიობის შერწყმაა. ჩვენი სხეულები მეტყველებს ჩვენზე... ბევრი არ მიფიქრია ამაზე, თავისთავად გამოდის. კარგი შეკითხვაა, უნდა დავფიქრდე მომავალში, რა დოზით ვიყენებ ეროტიკას. ეს ჩემი ანალიზის მიღმაა.

- ძალიან თავისებური და საინტერესოა სახარების შენეული ინტერპრეტაცია. რამ მიგიყვანა წმინდა წერილით დაინტერესებამდე?

- სახარების იკონოგრაფიას გადასარევი ლექტორები მასწავლიდნენ, ოღონდ ჩვენს დროს ემილ ნოლდეს და გოგენს მაინც ვერ გავცდით... უორჰოლმა რატომ გააკეთა შხამიანი ყვითელი სერობა, ამაზე უკვე აკადემიის დამთავრების მერე დავფიქრდი. მილენიუმის მერე გავეთამაშე ამ თემებს. ხარება ვაშლით დავხატე და ევასთან წავიდა ანალოგიები. თან, ანგელოზს ხელოვნური ფრთები ეკეთა და მარიამს ცალი ფეხი ჩემოდანზე ედგა. მოკლედ, შევცურე ინტერპრეტაციების ზღვაში. აქ ორთოდოქსული ჰაერია ჯერ კიდევ, მაგრამ დიდი სივრცეცაა ახლებური კონცეფციებისთვის. ჩემს შემთხვევაში, ჯერჯერობით პრობლემა არ მქონია მაყურებლის დოგმატიზმთან. იმედია, ასეც გაგრძელდება.

- როგორ "დაიბადა" მშვენიერი "ულტრამარინი"?

- ულტრამარინი მოცემულობაა. სტუდენტობისას, როცა ალბერ კამიუ აღმოვაჩინე, მომეწონა, როგორ წერდა ლურჯ - როგორც ყველაზე იდუმალ ფერზე. მაშინ გონებით დავეთანხმე... მერე კი ჩემი "ლაბორატორიით"... თან ზღვის სიმბოლოა, ყველაზე ბედნიერი და ტრაგიკული ისტორია ზღვასთან მაკავშირებს...

- ცოტა პრივატულ თემასაც რომ შევეხოთ: ორი შვილი გყავს - ქალ-ვაჟი. როგორი დედა ხარ?

- ჩვეულებრივი დედა ვარ, დილაობით "ყიყლიყოს" მომზადებით და "თბილად ჩაიცვის" ძახილით. უბრალოდ, ერთად ვცხოვრობთ სახლში, სადაც სულ ვხატავ, გარშემო კი საღებავის და ლაქის სუნია. ამის გარეშე მათ არ უცხოვრიათ. თინა პატარა რომ იყო, რეალურ მინიკიდობანს ვაშენებდი რაღაც ინსტალაციისთვის და გამოაცხადა: აღარ შემიძლია გემიან სახლში ცხოვრებაო. კომენტარსაც აკეთებენ ხოლმე დაუმთავრებელ ნამუშევრებზე და ვერ ვიტყვი, რომ არ მაინტერესებს მათი აზრი. ძალიან განვსხვავდებით და საინტერესოა ჩემთვის. როცა დიდი ტილოების გადატანა-გადმოტანა უწევს, ნიკოს საყვარელი ხუმრობაა: "გამოსულიყავი რა მწერალი". ერთმანეთის პირად ცხოვრებაში არ ვერევით, მხოლოდ იდეებში...

362262101-999520824513366-3430278085383030461-n-1692597981.jpg

- შენი პერსონალური გამოფენა სხვადასხვა საგამოფენო სივრცეში ხშირად იმართება. მონაწილეობ ჯგუფურ გამოფენებშიც. ერთი სიტყვით, აქტიურ შემოქმედებით ცხოვრებას მისდევ. საინტერესოა, საქართველოს ფარგლებს გარეთ თუ გქონია გამოფენა და სად?

- ისრაელში, მოსკოვის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში, გერმანიაში, ერევნის ბიენალეზე და ბეიჯინგის ბიენალეზე. მიხარია, რომ ბევრი ქვეყნის კერძო კოლექციაშია ჩემი ნამუშევრები... სამყარო ერთიანია, მთლიანი... ჩინელმა კოლექციონერმა ჩემს "მეთევზეში" საკუთარი ბავშვობა დაინახა, - ასეთი პატარა ნავით გავდიოდით მე და დედა დილაობით სათევზაოდო... "მეილზე" მომწერა და ამით საოცარი იდენტიფიცირების მოწმე გავხდი.

- პედაგოგიურ საქმიანობასაც ეწევი. როგორ ფიქრობ, არის თუ არა მომავალი თაობების ინტერესი ხელოვნების და კერძოდ, მხატვრობის მიმართ ჩვენს ციფრულ საუკუნეში? როგორ ხედავ ამ დარგს მომავალში?

- ახლა აღარ ვასწავლი. ჩემს მოსწავლეებს არ აშინებდათ ტექნოლოგიები, პირიქით. თუმცა, ტრადიციული მასალები - ქაღალდი, ფანქარი, ტილო, აკრილი, ზეთი - არა მგონია, ოდესმე გადავიდეს. უბრალოდ, შიდა ტრანსფორმაციებს განიცდის და მომწონს ეს პროცესი. კომპიუტერს ძირითადად მაშინ ვიყენებ, რაღაც ვერსია თუ მინდა მოვსინჯო და ჯერ ეკრანზე ვხატავ. პირადად მე, მაინც უნიკალურობის მომხრე ვარ, ანუ ერთადერთი ხელით შექმნილი ნამუშევრის... მე ხომ წინა საუკუნიდან მოვდივარ.

- რა გამოწვევების წინაშე დგას დღეს ხელოვანი და კერძოდ, შენს შემთხვევაში, მხატვარი ქალი?

- მთავარი გამოწვევა მგონია დროის და სივრცის ზუსტი შეგრძნება. იმის მიუხედავად, აწყობ თუ არა გასვლით გამოფენებს, არ უნდა შემოგეპაროს განცდა, რომ მოვლენების მიღმა ხარ... დილით, როცა ყავასთან ერთად შეგიძლია "შეისეირნო" მაგალითად, ბაზელის "არტფეარზე" და ნახო პავილიონებში რა ხდება. შენი ხელოვნებაც დროის ადეკვატური უნდა იყოს. ამიტომაც, ახალგაზრდა თაობას არანაირი უფსკრული და გაუცხოება არ აქვს წამყვან, "მეინსტრიმულ არტთან". ენა ერთია, განსხვავდება გენეტიკურ-გეოგრაფიული კონტექსტი, რაც კარგია. ერთი სიტყვით, რომ შევაჯამო, სამყაროს ნაწილად უნდა ვიგრძნოთ თავი. ქალი მხატვარი, კაცი მხატვარი... რაშია სხვაობა? მე ვერ ვხედავ. და თუ არის, ეგეც საინტერესოა. თუმცა, ეს უკვე სხვა სფეროს კვლევის საგანია.

- რას ნიშნავს მხატვრისთვის კრიტიკა და როგორი უნდა იყოს ის, რომ თავისი ფუნქცია გაამართლოს?

- კრიტიკა ყოველთვის სასარგებლოა, თუ ჭკვიანი ადამიანისგან მოდის. როცა ისინი გაკრიტიკებენ, ვისი მსოფლმხედველობაც მიუღებელია შენთვის, ე.ი. სწორ გზაზე დგახარ. ხშირად ვითვალისწინებ და განსაკუთრებით, თუ ტექნიკურ მხარეს შეეხება - ზომებს, ექსპოზიციას, მასშტაბს. ექსპოზიციის ცოდნა, ნამუშევრების განთავსების გემოვნება - საერთოდ სხვა საგანია და მიყვარს პროფესიონალების მოსმენა. ასევე, მიყვარს სხვა პროფესიის ადამიანთა აზრის გაგება. განსაკუთრებით ლიტერატორების, არქიტექტორების და ფილოსოფოსების. უი, მთავარი დამავიწყდა: ძალიან ვენდობი კოლეგების გულწრფელ შეფასებას. ოღონდ, უნდა მომწონდეს მათი შემოქმედება.

- შენი ბოლო გამოფენა, რომელიც შედგა გალერეა "ვერნისაჟში", წარიმართა სათაურით - "მოთვინიერება", რასაც თან შთამბეჭდავი ტექსტიც ახლდა: "ჩვენ მოვათვინიერეთ მიწა, თიხა და წყალი. ვერ გავუმკლავდით ფესვებს, მთვარეს და ცრემლებს... ჩვენ მოვიშინაურეთ ცხენი, სიმინდი, ცეცხლი. ვერაფერს გავხდით ნისლთან, ვნებასთან, დუმილთან. მე მოვარჯულე რუხი, ოქრა და უმბრა... ულტრამარინი დავტოვე ხელუხლებლად", - რამაც უდავოდ დიდი ინტერესი გამოიწვია... რა არის შენთვის თავისუფლება?

- ტილოს ზედაპირი ჩემთვის ყველაზე ცხელი წერტილია დედამიწის ზურგზე. ამ პატარა და ამ დროს უსაზღვრო სივრცეში იბადება ჩემი თავისუფლება.

ირინა ჯანდიერი