„დედა ამაყობს, რომ მისი ოცნებების განხორციელება შევძელი“ - გზაპრესი

„დედა ამაყობს, რომ მისი ოცნებების განხორციელება შევძელი“

პროფესიით ფინანსისტია, თუმცა, რამდენიმე თვეა კერვაზე გადაერთო და ქმნის ნაჭრის ჩანთებს, რომელიც ბოლო პერიოდში ჩვენს რეალობაში ძალიან აქტუალური გახდა. სხვადასხვა დიზაინისა და ფორმის ქსოვილების ჩანთებს ყველა ასაკის მომხმარებელი ჰყავს და ამას ასეთი პროდუქტის ერთ-ერთი შემქმნელი, 32 წლის ირინა ლაშხირიძეც ადასტურებს.

- როდის და როგორ გადაწყვიტეთ, თქვენი მთავარი პროფესია გვერდით გადაგედოთ და კერვა დაგეწყოთ?

- წლების განმავლობაში, ჩემი პროფესიით ბევრ ადგილას ვიმუშავე, მაგრამ ყოველთვის ძიებაში ვიყავი. არ მაკმაყოფილებდა სამუშაო პირობები, ანაზღაურება და განვითარების კუთხითაც წინ ვერ მივდიოდი. ჭრა-კერვის ნიჭი გენეტიკურად მაქვს, დედა მკერავია და ბავშვობაში ნემსთან და ძაფთან ურთიერთობა სულ მქონდა. საკმაოდ დიდი ვიყავი, როცა თოჯინებს კაბებს ვუკერავდი, მაგრამ ვინაიდან სკოლაში კარგად ვსწავლობდი, კერვას თავი დავანებე და განათლების მიღება ფინანსების განხრით გადავწყვიტე. პანდემიის დაწყებამდე ვფიქრობდი, ჭრა-კერვის კურსები გამევლო, მაგრამ კორონავირუსის გავრცელებამ ამ გადაწყვეტილებაში ხელი შემიშალა. დაახლოებით წელიწად-ნახევრის წინ, ეს სურვილი მაინც შევისრულე. სწავლის დასრულების შემდეგ, რამდენიმე თვე ვფიქრობდი, რა შეიძლებოდა მომხმარებლისთვის მიმეწოდებინა. მინდოდა პროდუქტი განსხვავებულიც ყოფილიყო და ხელმისაწვდომიც. ახლობლის რჩევით ტილოს, ნაჭრის ჩანთების შეკერვა დავიწყე. სხვათა შორის, პირველივე ჩანთას რომ ვქმნიდი, ვიცოდი, გაამართლებდა და ასეც მოხდა. თითოეულ ნივთში მთელ სულსა და გულს ვდებ, ამას მომხმარებელიც გრძნობს. დადებით შეფასებას ხშირად ვიღებ, ეს მოტივაციას მაძლევს და ახალი იდეებიც მოდის. თვალს ვადევნებ ქართველი დიზაინერების ნამუშევრებს, რომ იდენტური არ შევქმნა. თავდაპირველად სხვადასხვა ზომის ჩანთა დავამზადე, რომელთა სარჩულიც ერთ ფერში იყო. შემდეგ სადა ჩანთებს გასახალისებლად ჭრელი სარჩული გავუკეთე. ვფიქრობ გაამართლა და მოწონებაც დაიმსახურა. მეტი მოთხოვნაა დიდი ზომის ჩანთებზე. მაქვს ტილოს, მოხარშული ტილოს და გობელინის ქსოვილები. ზაფხულში უფრო მეტად ფერადი ჩანთებით ინტერესდებიან. ვფიქრობ, სეზონების მიხედვით მოდელებიცა და ქსოვილებიც შევცვალო. საერთოდ, ფერები ძალიან მიყვარს. მგონია, ადამიანის განწყობაზე დადებითად მოქმედებს და ასეთი მრავალფეროვნებით ვცდილობ მათი ცხოვრება გავახალისო.

3-copy-1692598175.jpg

- თქვენმა პროდუქციამ თავიდანვე ინტერესი გამოიწვია?

- დიახ, როგორც კი სოციალურ სივრცეში ჩემი ჩანთების გვერდის ამუშავება დაივიწყე, იმ დღიდან ნივთებს აქტიურად ვყიდი, როგორც დედაქალაქში, ისე რეგიონებში. სტანდარტული ზომის ჩანთები არ მაქვს, ვითვალისწინებ მომხმარებელთა სურვილებს. უკვე 6 თვეა ამ საქმეს ვაკეთებ და ისეთი დაინტერესებაა, შეკერვას და დაწყობას ვერ ვასწრებ. აქვე იმასაც ვიტყვი, რომ ყველაფერს მე ვაკეთებ და ყველაფერზე პასუხისმგებელიც ვარ. საკუთარი თავის უფროსობა მომწონს. მინდა დილით ადრე ვიმუშავებ, მინდა ღამით, გვიანობამდე და ეს ჩემთვის დიდი კომფორტია. ამ ეტაპზე მოთხოვნებს ვუმკლავდები, მაგრამ შემდეგ ალბათ სხვასაც დავასაქმებ. თუ თანამშრომელს დავიმატებ, მერე უკვე საბავშვო ხაზზეც ვიმუშავებთ.

6-copy-1692598216.jpg

- თავად თუ ატარებთ თქვენი ხელით შექმნილ ნივთებს?

- ყველა ჩანთა ძალიან მიყვარს და სულ ვაპირებდი ჩემთვის შეკერვას. როგორც იქნა, ორი მოდელი ჩემთვისაც შევიკერე და დიდი სიამოვნებით ვატარებ. მიყვარს ნახელავის გაჩუქებაც და მსურს, ჩემს საახლობლოში ყველას ჰქონდეს ჩემი ხელით შეკერილი ჩანთა.

5-copy-1692598204.jpg

- დედა როგორ აფასებს თქვენs საქმიანობას?

- ჩემი ნამუშევრები მხოლოდ ფოტოებით აქვს ნანახი. ისრაელშია, მაგრამ უახლოეს მომავალში ჩამოვა და ჩემს შეკერილ ნივთებს უკვე ახლოდანაც ნახავს. მას ისეთ დროს მოუწია ცხოვრებამ და თავისი საქმის კეთებამ, რომ იმ პერიოდში კერვა ნაკლებად იყო დაფასებული, ამიტომ არ მირჩევდა ჭრა-კერვის მიმართულებით მეფიქრა. კურსებზე რომ შევედი, მერე ვუთხარი. დღეს ჩემი წარმატება ძალიან უხარია. ამაყობს და ბედნიერია, რომ მისი ოცნებების განხორციელება მე შევძელი. ეს ყველაფერი მისი დამსახურებაა. მინდა დედაჩემს - ნუნუ ინასარიძეს დიდი მადლობა გადავუხადო.

4-copy-1692598191.jpg

- სტატიაც სიურპრიზად დახვდება და ალბათ, ამითაც გაახარებთ. წარმატებას გისურვებთ!

- დიდი მადლობა.

ანა კალანდაძე