"ხშირად "მისებს" მოდელებთან აიგივებენ, რაც საკმაოდ უხეში შეცდომაა..." - გზაპრესი

"ხშირად "მისებს" მოდელებთან აიგივებენ, რაც საკმაოდ უხეში შეცდომაა..."

ახლახან მალაიზიაში კონკურსი გაიმართა, სადაც ქართველმა მაკუნა ამაშუკელმა მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია - იგი მეორე ვიცე, Miss Uniworld 2023 გახდა. ჯერ კიდევ პატარა იყო მაკუნა "მის საქართველოს" ტიტული რომ მოიპოვა, შემდეგ მსოფლიოს მასშტაბით მრავალ კონკურსში ჰქონდა მიღწევები, რის შესახებაც ვრცლად გვესაუბრა...

- თბილისში, მთაწმინდაზე დავიბადე და აღვიზარდე. დედა კულინარია, მამა - ეკონომისტი, და-ძმა კი ხელოვნებასთან მჭიდროდ არიან დაკავშირებულნი... ბაბუა ქართულის პედაგოგი და მწერალი იყო. ყველაზე მეტად, მისმა პიროვნებამ იქონია გავლენა ჩემზე. ყოველთვის მინერგავდა სამშობლოს სიყვარულს და იმას, რომ ქვეყნის ღირსეული წარმომადგენელი უნდა ვყოფილიყავი... ხელოვნება ბავშვობიდან ახლოს იყო ჩემთან. დავდიოდი ცეკვაზე, მუსიკაზე, სამოდელო სტუდიაში, ასევე - კარატეზე (იღიმის). სილამაზის კონკურსებით 12 წლიდან დავინტერესდი და პატარა "მის საქართველოც" გავხდი. გარდატეხის ასაკში ყველაფერს თავი დავანებე და უფრო სტანდარტული ცხოვრების წესი მქონდა. ბიზნესადმინისტრირების ფაკულტეტი დავამთავრე.

- როგორ გახსენდებათ სკოლის პერიოდი?

- გამორჩეულად ლამაზი ბავშვი არასდროს ვყოფილვარ, არც გამორჩეულად ნიჭიერი... უბრალოდ, ძალიან შრომისმოყვარე ვიყავი და რაც მიყვარდა, საათობით შემეძლო ის მეკეთებინა... სკოლის პერიოდი საკმაოდ კარგად მახსენდება, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ მორიდებული ვიყავი, არ მიყვარდა ყურადღების ცენტრში ყოფნა. მე და ჩემი მეგობრები სულ ვცდილობდით, სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებაში აქტიურად ვყოფილიყავით ჩაბმულები და სიახლეებს ვეძებდით... ვერ ვიტყვი, რომ სტანდარტული მოსწავლე ვიყავი. თუ რაიმე დამაინტერესებდა, შემეძლო მთელი წლის პროგრამა ერთ კვირაში შემესწავლა, თუ არა და, არ ვსწავლობდი.

სამწუხაროდ, ხშირად ვიყავი ბულინგის მსხვერპლიც, რამაც ბევრი კომპლექსი ჩამომიყალიბა, განსაკუთრებით გარდატეხის ასაკში... როდესაც წარმატებას მივაღწიე და პატარა "მის საქართველო" გავხდი, ბავშვების მხრიდან სკოლაში ხშირად იყო შეძახილი, რომ მახინჯი ვარ, არარაობა და ა.შ. ვფიქრობ, ეს მათი მშობლების ბრალი უფრო იყო... ამის მერე ჩავიკეტე და ყველაფერზე უარი ვთქვი, უამრავი სახის კომპლექსი და აგრესია გამიჩნდა. კარგია, რომ დღეს ბავშვებს მეტად აქვთ გამოხატვის თავისუფლება, ფსიქოლოგის საჭიროება სირცხვილად აღარ ითვლება.

- მას მერე, რაც პატარა "მის საქართველო" გახდით, არაერთ კონკურსზე მოგიხდათ გასვლა...

- ამ გამარჯვების შემდეგ "მის მსოფლიოზე" წავედი. კონკურსი თურქეთში გაიმართა. "მის ტალანტის" ტიტულიც მივიღე და ასევე გვირგვინი - "პატარა მის ინტერნეიშენალ" - მეორე ადგილი... 2015 წელს "მის საქართველოზე" გავედი და "მის მეგობრობის" ტიტული მომანიჭეს. კონკურსის ორგანიზატორებმა, რომლებიც სხვადასხვა საერთაშორისო კონკურსთან თანამშრომლობდნენ, შემომთავაზეს ჩინეთში მსოფლიო დონის კონკურსზე წავსულიყავი. დავთანხმდი. ვმონაწილეობდი სხვადასხვა ღონისძიებაში: კონფერენციებში, საქველმოქმედო საღამოებში, ჩვენებებში... კონკურსში ოთხმოცამდე ქვეყანა მონაწილეობდა... ერთი თვის განმავლობაში საკმაოდ დატვირთული გრაფიკი გვქონდა. ამ კონკურსზე გავედი ტოპთორმეტში და "მის ფოტოგენურობად" დამასახელეს. კონკურსი პეკინში, ოლიმპიურ დარბაზში ჩატარდა.

შემდეგი კონკურსი ისევ ჩინეთში იყო 3 კვირის განმავლობაში და დაახლოებით 200 პრესის წარმომადგენელი ესწრებოდა. ქალაქი მთლიანად დაიხურა ამ კონკურსისათვის. მონაწილეობდა დაახლოებით 60 ქვეყანა, მე კი ტოპხუთეულში გავედი.

შემდეგ საქართველოში მივიღე Miss Globe Georgia 2016-ის სტატუსი. სამწუხაროდ, თურქეთში მომხდარი ტერაქტის გამო, ფინალზე ჩასვლა არ მოხერხდა. თუმცა, მე აზერბაიჯანში, Miss Union 2016-ზე წავედი, რომელიც იმ წელს პირველი ლედის ეგიდით ტარდებოდა და გავიმარჯვე.

შემდეგ მონაწილეობა მივიღე Miss Universal World 2017-ზე, რომელიც ბათუმში ჩატარდა და პირველ ადგილზე გავედი...

2017 წელს წავედი განაში სილამაზის კონკურსზე, რომელიც განის დამოუკიდებლობის 60 წლის აღსანიშნავად გაიმართა. ერთთვიანი კონკურსი იყო, რომელიც გაიმართა მთავრობისა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით. ამ კონკურსზე გავხდი "კონტინენტალური გამარჯვებული (მის ევროპა)"...

2018 წელს ვმონაწილეობდი ასევე Miss Diamond of the World-ში, რომელიც ჩატარდა ქალაქ ბათუმში და ტოპხუთეულში გავედი... 2018 წელს კამბოჯაში World Noble Queen 2018 მიმდინარეობდა 10 დღის განმავლობაში და 36 მონაწილეს შორის პირველ ადგილზე გავედი. შემდეგ იყო კოვიდპანდემია და 2023 წელს მალაიზიაში გავემგზავრე Miss Uni World 2023-ში მონაწილეობის მისაღებად. კონკურსანტები შეირჩნენ 26 ქვეყნიდან, გამოცდილებისა და ტიტულების მიხედვით. მთავარი მოთხოვნა იყო, აუცილებლად ყოფილიყვნენ ნომინირებულები სხვადასხვა ნაციონალურ თუ საერთაშორისო სილამაზის კონკურსებზე. მთავარი თემა საქველმოქმედო საღამოების გამართვა იყო შშმ ბავშვების დასახმარებლად. დაახლოებით 15 ათასი დოლარი შეგროვდა მათთვის.

კონკურსანტები საკმაოდ გამოცდილები იყვნენ, ამიტომ ჩემთვის ერთგვარი გამოწვევაც იყო მასში მონაწილეობა. გამარჯვებულად დასახელდა ფილიპინების წარმომადგენელი, რომელიც ნაკლებად გამოხატული აუტიზმის სპექტრის მქონე იყო. "პირველი ვიცე" ლატვიელი გოგონა გახდა, მეორე ადგილი კი მე მერგო. კონკურსზე დიზაინერმა ჩემთვის ქართვლის დედის კოსტიუმი შექმნა. ტალანტის ჩვენებისას ვიცეკვე ჯუთა...

- დღეს საქართველოში სამწუხაროდ, კონკურსები იშვიათად ტარდება...

- დიახ და ეს ძალზე სამწუხაროა... იცით, ხშირად "მისებს" მოდელებთან აიგივებენ, რაც საკმაოდ უხეში შეცდომაა... როდესაც "მის საქართველო" ხდები, გააზრებული უნდა გქონდეს, რომ შენ რომელიმე ბრენდულ ტანსაცმელს კი არ წარმოადგენ, არამედ შენს ქვეყანას, მის კულტურას, ანუ შენი ქვეყნის ელჩი ხდები! საუბარი მაქვს მაღალი დონის კონკურსებზე. "მისი" უნდა საუბრობდეს კარგად და სხეულთან ერთად, ორატორული უნარებიც გააჩნდეს...

ნამდვილად არ ვთვლი, რომ მე ყველაზე ლამაზი ვიყავი დასახელებულ კონკურსებში. პირიქით, საკმაოდ ბევრი გარეგნული მონაცემი მაკლდა წარმატების მისაღწევად და ამ საკითხში სხვებზე ბევრად მეტი მუშაობა მომიხდა... თუმცა ალბათ, მქონდა რწმენა და ეს ყოველთვის მაძლიერებდა, რომ ჩემი თავი თუ ქვეყანა კარგად წარმომეჩინა... და კიდევ, ამ პროფესიის სიყვარული ძალიან მნიშვნელოვანია...

355157705-4415578521998162-2362673499748563866-n-1692598637.jpg

- მაკუნა, როგორია თქვენეული თავის მოვლის რუტინა?

- მას მერე, რაც ასაკი მომემატა, განსაკუთრებით მომწონს ბუნებრივი პროდუქცია; მომწონს ვარჯიში, სწორი კვება. თუმცა, რა თქმა უნდა, ზოგჯერ თავს უფლებას ვაძლევ, ის ვჭამო, რაც მინდა. ასევე მნიშვნელოვანია ვიტამინები და ბევრი მოძრაობა.

- პირად ცხოვრებაზე, თაყვანისმცემლებზე რას გვეტყვით?

- სიმართლე გითხრათ, როდესაც აქტიურად ვიყავი დაკავებული, პირად ცხოვრებაზე ვერც ვფიქრობდი. ჩემი სიყვარული თუ ემოცია მთლიანად ამ ყველაფერს ეძღვნებოდა და ამიტომ, "რთული ასატანი" ვარ (იცინის)... პირად ცხოვრებაში საინტერესო არაფერი ხდება. ვფიქრობ, ისეთი ადამიანი უნდა გყავდეს გვერდით, ვინც წინ წაგწევს, შენზე მეტად განვითარებული იქნება. როგორც ამბობენ, ქალმა უნდა იფრინოს, ხოლო ცოცხით იფრენს თუ ფრთებით, ეს უკვე კაცზეა დამოკიდებული...

ზოგადად ვთვლი, რომ ქართველმა ქალებმა, განსაკუთრებით - დედებმა ალბათ, ცუდი დროების გამო ზედმეტად ბევრი მისია იკისრეს და დროებამ რაღაცნაირად დააკნინა მამაკაცები, რაც ძალიან ცუდია. შედეგად გვყავს ძალიან ძლიერი, მაგრამ წელში გაწყვეტილი ქალები და აღარც ისე ძლიერი მამაკაცები.

- მოგზაურობა თუ გიტაცებთ?

- დიახ, მოგზაურობა, ახალი ადამიანების გაცნობა ძალიან მიყვარს... საკმაოდ საინტერესო იყო ჩემი მოგზაურობები, რადგან ხშირად მიწევდა ჩემთვის რადიკალურად განსხვავებული კულტურის მქონე ხალხთან შეხვედრა. უამრავი მეგობარი შევიძინე, რომლებიც ხშირად სტუმრობენ საქართველოს და მეც ჩავდივარ მათთან... ყველა ქვეყანას თავისებური ხიბლი აქვს. განსაკუთრებით გამოვყოფ ახლო აღმოსავლეთს, ძალიან მომწონს მათი კულტურა; აფრიკა დიდი პოზიტივით და თავისუფლებით გავსებს. ჩინეთში მივხვდი, თუ რა მნიშვნელობა აქვს ქვეყნისთვის ხალხის შრომას და დისციპლინას...

რაც შეეხება მალაიზიას, იმის მიუხედავად, რომ უზარმაზარი ცათამბჯენების ქვეყანაა, მაინც ყველგან სიმწვანეა, ხალხი ძალიან მშვიდი და მეგობრულია... აუცილებლად, ნებისმიერი დაუფარავად გეუბნება კომპლიმენტს, არა აქვს მნიშვნელობა, კაცი იქნება თუ ქალი...

- ყველაზე ექსტრემალური, შთამბეჭდავი ამბავი გაიხსენეთ.

- მაგალითად, ყოფილა შემთხვევა, როდესაც ქალაქიდან მოგვიხდა წამოსვლა იმის გამო, რომ ცუნამი გვიახლოვდებოდა. აეროპორტში მოგვიწია მთელი ღამის გატარებამ. ძალიან დიდი ხნის ლოდინის შემდეგ გამოვფრინდით პეკინში ხიამენიდან, სადაც უნდა ჩატარებულიყო ფინალური შოუ. თუმცა, ეს შოუ საშიშროების გამო, პეკინში გადაიტანეს.

ასევე გავიხსენებ ჩემს ერთ-ერთ დაბადების დღეს, რომელსაც განაში შევხვდი. გოგონებმა და ორგანიზატორებმა საოცარი სიურპრიზი და წვეულება მომიწყვეს.

ისე დაემთხვა, რომ დაბადების დღეს სცენაზე შევხვდი და კულისებში მომიტანეს ტორტი, მეორე დღეს კი წვეულება აუზთან გამართეს...

ყოფილა შემთხვევა, ბარგი დამიკარგავს ან ავად გავმხდარვარ და გოგონები შემოდიოდნენ, მივლიდნენ. ასე რომ, ვფიქრობ, ამ მხრივ ადამიანებში ძალიან მიმართლებს! სადაც უნდა წავიდე, ძირითადად კარგი ხალხი მხვდება და კონკურენტებზე მეტად, მათში მეგობრებს ვხედავ. რა თქმა უნდა, ყოფილა დაძაბული სიტუაციებიც და კონფლიქტებიც, თუმცა არც ისე მწვავე... ჩვენ ყველანი ვცდილობდით, განსაკუთრებით პატარა ქვეყნის წარმომადგენლები, რომ ჩვენი ქვეყანა და კულტურა მაქსიმალურად დადებითად წარმოგვეჩინა. ვასწავლიდით ერთმანეთს ენას და ვაგემოვნებდით ჩვენს კერძებს. დღესაც სხვადასხვა ქვეყანაში გახსნილი ჩვენებური რესტორნებიდან მიგზავნიან სურათებს, რაც სასიამოვნოა.

მანანა გაბრიჭიძე