"არ მესმის, ქართველობის რატომ რცხვენიათ" - გზაპრესი

"არ მესმის, ქართველობის რატომ რცხვენიათ"

ნატალი ჩადუნელი ამბობს, რომ წლების სიშორე ვერაფერს აკლებს სამშობლოს სიყვარულს, პირიქით, აძლიერებს და მატებს ძალას, ყოველდღიურად უფრო და უფრო მეტი აკეთოს თავისი ქვეყნის წარმოსაჩენად. ნატალი ჰოლანდიის ქალაქ უტრეხტში ცხოვრობს, ქართული თეატრის პიარმენეჯერი, ასევე ერთ-ერთი სასტუმროს ივენთმენეჯერი და ჰოლანდიაში პირველი ქართული დიასპორის თანადამფუძნებელია.

- უკვე 22 წელია, ემიგრაციაში ვარ. ჩემი შვილი პატარა დავტოვე და ისე უცებ გამეპარა დრო, ვერც მივხვდი. პროფესიით ფსიქოლოგი დღეს შეფ-მზარეული ვარ. საოცარი ქვეყანაა ჰოლანდია, ნებისმიერ ასაკში გაძლევს განვითარების შანსს. სოციალურად დაუცველი აქ არ არსებობს, ქუჩაში ვერ ნახავთ მოწყალების მთხოვნელს... თავდაპირველად იტალიაში ვაპირებდი წასვლას, მაგრამ ისე მოხდა, რომ ჰოლანდიაში ჩამოვფრინდი და დავრჩი. მეგობარს ქართული რესტორნის გახსნა უნდოდა და სამსახური შემომთავაზა. არადა, საქართველოში ყოფნისას ყავაც არ მქონდა ადუღებული. სახლში იმდენი იყვნენ, ვინ გამაკეთებინებდა სადილს? დედა და ბებია არაჩვეულებრივი მზარეულები იყვნენ და ალბათ, მათგან გამომყვა კულინარიული ნიჭი. ნუ გეშინია, ყველაფერს ისწავლიო, - მითხრა მეგობარმა და მართლაც, ასე მოხდა. ეს ის წლები იყო, როდესაც ასე ადვილი არ გახლდათ საქართველოში დარეკვა და ოჯახის წევრებთან კონტაქტი. ამიტომაც წიგნები ვიყიდე და რაკი ენაც არ ვიცოდი, ფოტოებიდან ვსწავლობდი, რა როგორ გამეკეთებინა. ასე ნელ-ნელა ჩამოვყალიბდი პროფესიონალ მზარეულად. თავიდან თუ იძულებული ვიყავი მესწავლა, მერე შემიყვარდა ეს პროფესია. საერთოდ, მომწონს იმპროვიზაციები და დიდ შრომასთან ერთად, ალბათ ამანაც განაპირობა, რომ წარმატებას მივაღწიე. მაქვს ქართული ქეითერინგი - სხვადასხვა სახის ღონისძიებას ვგეგმავ, ქორწილის დიზაინს ვაკეთებ. უკვე იმდენად ჩემია ეს სფერო, ვერც წარმომიდგენია, ამის გარეშე როგორ ვარსებობდი. არასდროს მღლის ჩემი საქმის კეთება და კიდევ, ქველმოქმედება.

358330069-659665179106125-108859616573071164-n-copy-1692599538.jpg

ყველამ იცის, რომ ქართველებისგან ფულს არასდროს ვიღებ. თუ შემიძლია, მაქსიმალურად ვეხმარები და ვუკეთებ ყველაფერს, მაგრამ თანხას არ ვართმევ. თუ რამე ქართული ღონისძიება ტარდება, ეს იქნება საელჩოების თუ ქართული დიასპორის მიერ ორგანიზებული ქართული დღეები, ყველაფერს მე ვაფორმებ.

წელს კულტურის ფესტივალი "ევროპალია" საქართველოს მიეძღვნა. ჩვენი უძველესი ისტორია და მდიდარი კულტურა წარმოდგენილი იყო ათეულობით გამოფენით, კონცერტით, ასევე თეატრალური წარმოდგენებით და ლიტერატურული საღამოებით. ბელგიაში ამ ფესტივალის გახსნას ესწრებოდნენ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი. ეს ივენთიც მე გავაკეთე, რა თქმა უნდა, სხვებთან ერთად. ყველა საქმეში გულსა და სულს ვდებ. აქაურ მეუფესაც დიდი როლი აქვს იმ ქართულ საქმეში, რასაც თითოეული ჩვენგანი აკეთებს.

სხვა ქვეყნების საელჩოების ორგანიზებული ივენთებიც არაერთხელ გამიკეთებია. ვცდილობ, ყველგან საუკეთესოდ წარმოვაჩინო ჩემი ქვეყანა, ყველას შევაყვარო საქართველო, მისი კულტურა, სამზარეულო და მიხარია, რომ ამას ვახერხებ. ჯეიმს აპატურაიმ ერთ-ერთ ქართულ ივენთზე ფხლოვანი გასინჯა, ისპანახითა და ყველით და ამის შემდეგ, სადაც დამინახავს, მწვანე ხაჭაპურსა და ჭაჭას კითხულობს. საერთოდ, აქაურებს მოსწონთ ქართული კერძები, განსაკუთრებით კი ნიგვზიანები. ჩვენ მრავალფეროვანი ვეგანური სამზარეულო გვაქვს. აქაურებს ხშირად ვუყვები უძველესი ტრადიციების შესახებ, რისთვისაც მადლობას ვუხდი გასტრონომიული კულტურის მკვლევარს, ქალბატონ დალი ცატავას. გარდა ამისა, საქართველოდან ჩამოგვაქვს ღვინო და ამითაც ვუწევთ ჩვენს ქვეყანას პოპულარიზაციას. ეს არის მიზეზი იმისა, რომ ჩემი დამკვეთების 90% ქართულ სამზარეულოს ითხოვს. სასტუმროს მენიუში აჭარული ხაჭაპური და ნიგვზიანი ბადრიჯანია. ვერ ვიტყვი, რომ ხინკალზე გიჟდებიან, მაგრამ ნიგვზიანზე ნამდვილად შემიძლია ამის თქმა.

348952156-1308519796689061-4147973512721277164-n-copy-1692599553.jpg

ჰოლანდიაში მცხოვრებმა ქართველებმა ერთად ბევრი კარგი საქმე გავაკეთეთ, მაგრამ სიმართლე გითხრათ, არ მიყვარს ამის აფიშირება, მე ეს გავაკეთე, ამას დავეხმარე და ა.შ. მირჩევნია ჩუმად ვაკეთო სიკეთე, ვიდრე მთელ ქვეყანას გავაგებინო, ისედაც ყველამ ყველაფერი იცის. ბევრს უთქვამს, მეტი საქმე არ გაქვს, ვინ გიფასებს, ამდენს რომ აკეთებო? მე მადლობის სათქმელად და დასაფასებლად არაფერს ვაკეთებ. თამამად შემიძლია თქმა, რომ უამრავ ევროპელს გადავაწყვეტინე საქართველოში ჩამოსვლა. მყავს დედობილ-მამობილი, კორინ და ფრანკ დე მირანდები. ახალი ჩამოსული რომ ვიყავი, მათ ოჯახში დავიწყე მუშაობა და იქიდან მოყოლებული, ვმეგობრობთ. 2008 წლის ომის დროს ბევრი რამ გააკეთეს ჩვენი ქვეყნისთვის. მამობილი ფლორა-ფაუნის წარმომადგენელია და არაერთი კვლევის ავტორი, პალიასტომის ტბაზეც ჩაატარა კვლევა. თავისი მეგობრებიც ჩამოიყვანა, მწვანე კონცხზე ჩიტების გადაფრენას აკვირდებოდნენ. ცოლ-ქმარ მირანდებს ისე შეუყვარდათ საქართველო, ჯვარიც მანდ დაიწერეს და ქორწილიც გადავუხადეთ. ეს იყო დაახლოებით 10 წლის წინ, ახლა კორინი 77 წლისაა, ფრანკი - 80-ის. რომელ სასტუმროშიც ვმუშაობდი, მეპატრონე თავისი ახლობლებით 2017 წელს 3 კვირით ჩამოვიდა საქართველოში და 2 წლის განმავლობაში საქართველოს ხედები ტრიალებდა მათ რესტორანში.

ჩემს მამობილს საქართველოში თამადის დიპლომი გადასცეს; ისწავლა თამადობა, თუმცა თავიდან სწორად ვერ ამბობდა ამ სიტყვას და თამარა ვარო, იძახდა. პირველ სადღეგრძელოს ყოველთვის მშვიდობისას სვამს, როგორც ასწავლეს.

- ქართული თეატრის პიარმენეჯერიც ხართ, ამის შესახებაც მომიყევით.

- ქართული თეატრის "ათინათის" დაარსება თინა ახვლედიანის იდეა იყო. სამწუხაროდ, ის ახალგაზრდა გარდაიცვალა და 2 წლის წინ მისმა შვილებმა, ნათიამ და ბაიკომ ფრთები შეასხეს ამ იდეას. მსახიობები არაპროფესიონალები არიან, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია, არაჩვეულებრივი სპექტაკლები დაედგათ. ბოლო სპექტაკლმა, "სამანიშვილის დედინაცვალი" მაყურებლების დიდი მოწონება დაიმსახურა. დაგეგმილი გვაქვს გასტროლები ბელგიაში, ლიეტუვაში. ყველაფერს ჩვენი ქვეყნის სიყვარულით ვაკეთებთ და მთელ სულსა და გულს ვდებთ იმ საქმეში, რაც საქართველოს წაადგება. ვფიქრობ, გარკვეული მისია გვაქვს თითოეულ ემიგრანტს - დავეხმაროთ სხვებს და საქართველო მთელ მსოფლიოს გავაცნოთ.

348383118-3600717010253587-9095122188389467890-n-copy-1692599566.jpg

- დაბრუნებაზე არ გიფიქრიათ?

- რა თქმა უნდა, არ არსებობს ქართველი, რომელსაც უკან დაბრუნებაზე არ ეფიქრება, ასეთ ქართველებს მე არ ვიცნობ. აქ ხომ არ ვიცხოვრებ სულ? ჯერჯერობით ვფიქრობ, აქედან უფრო გამოვადგები ქვეყანას. მე არ მესმის, ქართველობის რატომ რცხვენიათ? არასდროს გამჩენია მსგავსი გრძნობა, პირიქით, ვამაყობ, რომ ქართველი ვარ...

ნინო ჯავახიშვილი